რა კარგია,
რომ ჯერ არ მენატრება დღეგამოშვებით შენი კიჭების ჭუპა-ჭუპა დინო.
არ მენატრება ბიჭი შოკოლადის ქარხნიდან, – ერეკლე,
როგორ ლექსის სათაურივით აეწყო მაგის ცხოვრებაო მეუბნება ლუბა,
წყაროზე მოსაყოლ მოთხრობას დაგიწერს ეს რო გაიგოს ეგნატემ.
ყოველ დღე გვასაჩუქრებს ბატონი ბრუსელი.
შენ ჩანთა გიპოვე და
რაღაც კოკროჭინა ფეხსაცმელი რო ვნახეთ იმ დღეს ვიტრინაში,
ისეთი ლუბას.
კამერით უჩვენებია მესენჯერში ამას შორენასთვის და 6000 კილომეტრზე გადაურევია ის ქალი,
აქციებიდან იცნობ შენ, დედაა საბა ვაჭარაძის.
– რაც თავი მახსოვს ქალაქებს ვუყვარვარ მარტო.
ნუცამ შეამჩნია სხვათაშორის ეს.
ქეთათოს ეუბნებოდა უნდა ნახო ეს ქუჩაში რაებს პოულობსო.
ირაკლიც ასე ყოფილა თურმე.
არწომამ რო პიცის ყუთებზე დაიწყო ხატვა ეგ გამახსენდა.
ნატო გაუგიჟებია, – მე ტილოშიც აღარ ვხარჯავ ფულსო.
კოტე ღადაოდა ამაზე, ერთმანეთს ეჯიბრებიან ეგენიო.
გია ჯაჯანიძემ თქვა ერთხელ მის შტერ გადაცემაში,
შური ზოგჯერ მოტორიაო და ეგრეა ხო.
ილია დაეთანხმებოდა ისეთი რამე თქვა,
მიშას დროს იტყოდა აბა დებილი ასეთ სიბრძნეს?
ბიძინამ რა მოგვიტანაო კიდე იკითხავენ,
რა მოგვიტანა და სიტყვის თავისუფლება,
მაშ ვახტანგურად გაუმარჯოს ჩვენს ბატ. ბიძინას!
ჯეფერსონს შეშურდებოდა ისეთი თავისუფლებაა ხალხო ახლა,
დინოს რო თვალებს დააყვლეპიებდა და
კინტოს რო ძააღლურს ააცეკვებდა ისეთი ამბავია ეს.
აბაა!
dramatis personae
დინო – სრული სახელით დინოზავრი, ძაღლი, რომელიც ზედ არ უყურებს ძაღლებს
ერეკლე – პოეტი ბიჭი, რომელმაც სამუშაო იპოვა
ლუბა – ყველაფერში ღრმად ჩახედული ბრმა გოგო
ეგნატე – ბრიუსელის გეი ბირჟის დედამთავარი
ბრიუსელი? – დიდი კაი ვინმე
შორენა – ლუბას უფროსი მეგობარი საქართველოდან
საბა – შორენას შვილი
ნუცა – ავტორის მეგობარი თბილისში
ქეთათო – ნუცას მეგობარი, დედა დედოფალი
ირაკლი – ქეთათოს ქმარი, მეფე
არწიომა – კარგი მხატვარი
ნატო – კარგი მხატვარი 2
კოტე – ნატოს და არწომას კურატორი
გია ჯაჯანიძე – ტელეწამყვანი
ილია – ცნობილი ქართველი მწერალი
მიშა – საქართველოს მესამე პრეზიდენტი
ბიძინა – საქართველოს თვითგამოცხადებული მმართველი
ჯეფერსონი – აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორი
კინტო – დინოს პირველი და უკანასკნელი შვილი, ხვადი ცალი ყვერით. იწონის 6 კილოს და 400 გრამს, არის ალბინოსი ბიშონი. დაიბადა დაგლეჯილი სავარძლის ქვეშ, 2021 წლის 20 მაისს.
Sebastian Vilma Fleischhachker – ის ინსტალაციის მიხედვით
