გრავიტაციის კანონის თანახმად,
ყველაფერი რასაც წონა აქვს უნდა დაეცეს.
ასე წაიქცა ოცნება ჩვენს პატარა სახლზე –
ჰიბიკუსების სურნელებით და
აფრიკული ორნამენტებით რომ უნდა აგვეგო.
მთელი ქუჩით ვნატრობ შენი ნაბიჯების თეთრ ხმას,
შენი შავი კანის ბარხატს და ცისფერ სუნს შენსას.
ამ უიმედობასაც ხელს მოვაწერდი კიდევ ათასჯერ,
უნდა ყოფილიყო თურმე ასე და იყოს ასე.
რა დაალაგებს ახლა ამ უიმედობებს და
ამ მონატრებებს სიმეტრიულად,
არადა ამასაც ხომ გაძლება უნდა,
სისწორე და სიმყარის ცენტრი სჭირდებაო მონატრებასაც.
სულ მენატრები, სულ ვფიქრობ შენზე, სულ მენატრები როგორც სიმართლე და სულ იწერები – არ იღელვოო, სანამ ერთსადაიმავე ვარსკვლავებს შევყურებთ, ახლოს ვართ ისევ, და…
*
– და რახან ერთსადაიმავე ვარსკვლავებს ვუყურებთ,
საერთო მიწაზეც ვართ, მაშინ რას ემსახურება ევროპის ეს პოლიტიკური ეროსი?
რატომ გზავნიან ამდენ საღვთო წიგნებს აფრიკაში,
რატომ არიან ასე დაუზარლები და ასე გულუხვები
ამ სულიერი წიაღისეულის ექსპორტში,
რატომაა აფრიკელი ხალხი მიტოვებული ასე,
ქრისტეს ამარა, ან კიდევ თვითონ ქრისტე სადაა?
ტრაგიკულია სიმართლის ბედი
ლითიუმი და კობალტი,
მაგნიუმი და ქრომიტი,
ვერცხლი და ვოლფრამი,
ყველაფერი მოდის აფრიკიდან,
სიცოცხლის ფასად მოიპოვებენ ბავშვებთან ერთად მსოფლიო წინსვლის ამ საწვავს ისინი, მაგრამ მშიერია იქ ხალხი.
ისინი საკუთარი სისხლით წერენ სამყაროს უთანასწორობის ისტორიას, მაგრამ ეს ისტორიაც სისხლის გუბეებში იხრჩობა და
ესაა 21 საუკუნის კოლონიალიზმი,
სადაც მოგება რჩება დასავლეთს,
ხოლო სიკვდილი – სამხრეთს.
სამყაროს რედოზირება ვართ ჩვენ – აი ასე გვიყურებენ,
აცხადებენ, რომ ადამიანის სიცოცხლე უმთავრესი ღირებულებაა, მაგრამ ჩვენი არა, ჩვენ ადამიანებად არ ვითვლებით ადამიანის უფლებადამცველი ევროპისთვის და ამერიკისთვის.
შეხედე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ლიდერებს,
ისინი საკუთარ წიაღისეულად აღიქვამენ აფრიკასაც და აფრიკელ უფასო მუშა ხელსაც, რომლიც ჰოსპიტალიზებასაც არ იმსახურებს რომ დასჭირდება, რადგან ასე საკუთარი სიცოცხლის ღირებულებას გადააჭარბებს აფრიკელი.
ტრაგიკულია სიმართლის ბედი
უსამართლობაა რასაც ჩინეთი ჩადის მის მეზობლებთან,
უსამართლობაა ისიც რასაც რუსეთი შვრება მის მეზობლებთან,
უსამართლობაა ისიც რასაც თურქეთი, ირანი, საუდის არაბეთი, ტაივანი, ვენესუელა, ბრაზილია უშვრება მეზობელ ქვეყნებს, რადგან ჩვენ ყველას გვჭირდება თავისუფლება.
თუმცა შენს ქვეყანაში დამპყრობელი მეტროებს, გზებს, ხიდებს, სასტუმროებს და თეატრებს აშენებს. აფრიკა კი ჰოსპიტალსაც არ იმსახურებს, რადგან საკუთარი სიცოცხლის ღირებულებას გადააჭარბებს ასე აფრიკელი.
აი რას შვრება ადამიანის უფლებადამცველი ევროპა აფრიკაში, – რესურსები გააქვთ, მაგრამ სულ მცირედ სახელმწიფოებრივ ჩანასახებსაც კი არ ქმნიან ჩვენთან, რომ ცხოვრება სისტემურ კალაპოტში მოექცეს და შიმშილის გადაურჩნენ ადამიანები.
თუ ასწავლიან ხალხს, ისინი ქმედით სახელმწიფოს მოინდომებენ, დემოკრატიას, რესურსების ღირსეულად განკარგვას და გაყიდვას,
ამიტომაც აფრიკა უნდა იყოს ეწ. ცივილური სამყაროს სარდაფი, სადაც ცივილურად შიენახება მათი მშვიდი ცხოვრების რესურსები და თუ რამე იმოძრავებს იქ, სარდაფის ვირთხის ღირებულება უნდა ჰქონდეს სულ.
– – –
– ვეღარ ვიხსენებ, როგორ გრძელდება ლექსი
(ეს მახსოვს მხოლოდ, წყვდიადში ბუდობს ელვა)
- შენიშვნები:
1 – “-” – ეს ნიშანი აღნიშნავს თითო წამიან სიჩუმეს
2 – ტექსტის ნაწილი გადმოტანილია აფრიკელი ბიჭის საუბრუდან.
3 – (სიბნელეში ბუდობს ელვა.) – პატარა შრიფტი, ჩურჩულით წასაკითხი ადგილია.

21 thoughts on “შავი ყუთი”