ერეკლემ სამსახური იპოვა

რა კარგია,
რომ ჯერ არ მენატრება დღეგამოშვებით შენი კიჭების ჭუპაჭუპა დინო.
არ მენატრება ერეკლეც, – ბიჭი შოკოლადის ქარხნიდან.
როგორ ლექსის სათაურივით აეწყო მაგის ცხოვრებაო მეუბნება ლუბა.
წყაროზე მოსაყოლ მოთხრობას დაგიწერს ეს რო გაიგოს ეგნატემ.
ყოველ დღე გვასაჩუქრებს ბატონი ბრუსელი.
შენ ჩანთა გიპოვე და
რაღაცა კოკროჭინა ფეხსაცმელი რო ვნახეთ იმ დღეს ვიტრინაში,
ისეთი ლუბას.
კამერით უჩვენებია მესენჯერში ამას შორენასთვის.
6000 კილომეტრზე გადაურევია ქალი, აქციებიდან იცნობ შენც იმას.
დედაა საბა ვაჭარაძის.

..  ქალაქებს ვუყვარვარ მარტო რაც თავი მახსოვს.
ნუცამ შეამჩნია სხვათაშორის ეს.
ქეთათოს ეუბნებოდა უნდა ნახო ეს  ქუჩაში რაებს პოულობსო.
ირაკლიც ასე ყოფილა თურმე.
არწიომამ რო პიცის ყუთებზე დაიწყო ხატვა ეგ გამახსენდა.
ნატო გაუგიჟებია, – მე ტილოშიც აღარ ვხარჯავ ფულსო.
კოტე ღადაოდა ამაზე, ერთმანეთს ეჯიბრებიან ეგენიო.
გია ჯაჯანიძემ თქვა ერთხელ მის შტერ გადაცემაში,
შური ზოგჯერ მოტორიაო და ეგრეა ხო.
ილია დაეთანხმებოდა ისეთი რამე თქვა ამ შტერმა.
მიშას დროს იტყოდა დებილი სიბრძნეს?
ბიძინამ რა მოგვიტანაო კიდე იკითხავენ,
რა მოგვიტანა და სიტყვის თავისუფლება,
მაშ ვახტანგურად გაუმარჯოს ჩვენს ბატ. ბიძინას!
ჯეფერსონს რო შეშურდებოდა ისეთი თავისუფლებაა ხალხო ახლა,
დინოს რო დაყვლეპიებდა თვალებს და
კინტოს რო ძააღლურს ააცეკვებდა ისეთი ამბავია ეს.
აბაა! 

 

dramatis personae
დინო – სრული სახელით დინოზავრი, პატარა მამაძაღლი ძაღლი

ერეკლე – პოეტი ბიჭი, რომელმაც სამუშაო იპოვა
ლუბა – ..-ის ყველაფერში ჩახედული რუმეითი
ეგნატე – ბრიუსელის გეი ბირჟის დედამთავარი
ბრიუსელი – დიდი კაი ვინმე
შორენა – ლუბას უფროსი მეგობარი საქართველოდან
საბა – შორენას შვილი
ორი წერტილი – ავტორი
ნუცა – ..-ს მეგობარი თბილისში
ქეთათო – ნუცას მეგობარი, დედა დედოფალი
ირაკლი – ქეთათოს ქმარი, მეფე, ცნობილი მომღერალი
არწიომა – კარგი მხატვარი
ნატო – კარგი მხატვარი 2
კოტე – ნატოს და არწიომას კურატორი
გია ჯაჯანიძე – ტელეწამყვანი
ილია – ცნობილი ქართველი მწერალი, ქართული სახელმწიფოს დამაარსებელი
მიშა – საქართველოს მესამე პრეზიდენტი
ბიძინა – საქართველოს თვითგამოცხადებული მმართველი
ჯეფერსონი – აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორი
დინო – დედალი ძოქა ძაღლი
კინტო – დინოს პირველი და უკანასკნელი ვაჟიშვილი, ცალი ყვერით. იწონის 6 კილოს და 400 გრამს, არის ალბინოსი ბიშონი. დაიბადა სავარძლის ქვეშ,  2021 წლის 20 მაისს.


სხვა ლექსები

Home   Project   Poetry   Visual art   Texts   About

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *