ირიბი დამატება


უხერხულია ეროტიზმს დაუტოვო ტანი მხოლოდ,
მოუქნელობაა ტანი პირველ რიგში,
ტვირთი და ბარიერია და
სისტემებსაც ის ჭედავს ყოველთვის

მაშინ ტანის უნდობლობა დაიბედე,   
შუქნიშნები მოიშენე და დაისწავლე, 
რომ ენა ყველგან არ გამოგყვება,
პირველი პირში მოსმენას ენა არ სჭირდება,
ენა განახევრებაა და ციხეა ფიქრის.

სხვა დროით ცხოვრება,
დომინაცია კი არა, – მიღება,
სენსიტიურობა, უსახელობა,
უსახლობა და უსახობა.
შენ არ ხარ მსხვერპლი და არც გმირი არ ხარ,
შენ არ ხარ მაგალითი, შენი რითმები არ მოუხდება
სკამზე შემოსმულ მელექსე ბავშვებს,
არც რეპროდუქციის სამსახურში ხარ და
არც უმწიკლობის პრეზენტაცია
ნურც იყვირებ, ნურც დაიფიცებ და
ნურც თავდაცვით პოზაში დადგები,
შენ არ ხარ ამბავი.
შენი ტკივილი კოლექტიური ტკივილი არაა,
მეტიც, არც აფიშაა და არც უფრო მეტის სიმბოლო არაა იგი.

იმედების დაუბედებლად მოშორდი ყველაფერს,
საიდანაც შეიძლება ნორმები გადაიწერო
სხეული გადაიწერო, ზღვარი გადაიწერო.
ნორმები ბრმაა,
კანონები – უხილავი,
ძალაუფლება კი ჩუმად მუშაობს,
ამიტომაც უხმოდ და კატეგორიულად მოგთხოვენ,
იყო მკაფიო და იყო წაკითხვადი,
კატეგორიებს მიესადაგო და შენი თემი იპოვო,
გაჯგიმული ჩადგე იდეოლოგიურ მარშში 
მუხლი გაიმაგრო და სხვებიც გაამაგრო
მაგრამ შენ ეს არ შეგიძლია,
შენ საკმარისად სუსტი ხარ იმისთვის,
რომ ასე მაგარი არ გამოხვიდე.
შენ არ შეგიძლია იყო ასე მკაფიო,
არა ხარ ვალდებული იყო მკაფიო,
არა ხარ ვალდებული იყო კვალი,
შენ შეიძლება იყო ჩრდილი
მოსვენებისთვის, მიმართულებისთვის
მაგრამ, შენ არ ხარ მიმართულება.
ამგვარად, კიდევ უფრო შორს, 
სახელისგან, ფორმისგან,
ჟესტისგან, სარკისგან, ჩაბმისგან.
ჰიბრიდული ყოფა ყოფნა-არყოფნას შორის,
კონტროლის უსასრულო კარგვა,
ფორმის უსასრულო ლღობა,
მეტი – „თითქოს“, მეტი -“თუმცა”, მეტი -“მაგრამ”
მე ვარ მელექსე და ლექსები მენატრება,
მე ვარ ანდრო და იმავდროულად მე ის არა ვარ
თუმცა ეს არაა თანხმობა,
ეს არც ყვირილია და არც უარყოფა

 

სხვა ლექსები

Home   Visual art   Texts   

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *