ხვლიკები ჭამენ ტარაკნებს,
ხვლიკებს ჭამენ კატები
კატებს ჭამენ ტურები
ტურები ჭამენ კატებს
ტურებს ჭამენ დათვები
დათვები ჭამენ პატარა დათვებს ან ადამიანები.
ადამიანები ჭამენ დათვებს, ქათმებს, ღორებს, კურდღლებს;
ძროხებს, ძაღლებს, კატებს, ინდაურებს, მტრედებს, თხებს, ირმებს, ბატებს, ლოსებს, გველებს; მაიმუნებს, ბეღურებს, ვირთხებს, შაშვებს, ღამურებს
და გავაგძელებ.
ადამიანი ყველაზე განვითარებული არსებაა,
ყველა სხვა არსება მასზე სუსტს ჭამს,
ადამიანი კი მასზე სუსტებსაც და მასზე ძლიერებიც
ერთნაირად იმორჩილებს სამზარეულოს დაფაზე.
მაგალითისთვის, მას შეუძლია მოკლას ნიანგიც და ლომიც,
ან არ მოკლას, გალიაში დაამწყვდიოს და ასე გაერთოს საკუთარი უპირატესობით.
ან სულაც მოკლას და არ შეჭამოს. ესეც შეუძლია. ბეწვს გამოიყენებს.
საოცარი სილამაზეა, როცა ბუხრის წინ გდია ნანადირევი ბეწვი,
ზედ ადამიანი წევს, ბუხარი ტკაცუნებს, ის კი კითხულობს,
და კითხულობს მაგალითად ადამიანური გონის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალს, – სოკრატეს.
ადამიანი ყველაზე განვითარებული არსებაა,
და ევოლუციურად ასე იყო სულ.
იმდენად გონიერები არიან ისინი,
რომ ცივილიზაციები შექმნეს,
ერთმანეთზე უფრო ძველი და
ერთმანეთზე უფრო საინტერესო.
იმდენად განვითარდნენ, რომ ციფრულ ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს და ატომურ ბომბს ფლობენ, თუმცა უნდა ითქვას, პირამიდების საიდუმლო ჯერ ვერ ამოხსნეს. (სამწუხაროა!)
როგორც უკვე ვთქვით,
ადამიანი ისე წინწასული არსებაა,
ყველა სხვა ორგანიზმისგან განსხვავებით, მას შეუძლია
მიწაზე, მიწის ქვეშ და მიწის ზემოთ ყველაფერი შეჭამოს.
მდიდარი ადამიანები ჭამენ ღარიბ ადამიანებს, –
იყენებნ მათ უფასო ან იაფ მუშახელად
და ამგვარად ისე შეუძლიათ აითვისონ ადამიანის რესურსი,
რომ არაფერი დასალპობი და გაუხარჯავი არავინ წაიღოს იქ.
ასევეა დიდი და კარგი ქვეყნები,
ისინი გამოწურავენ ხოლმე პატარა და ღარიბი ქვეყნების რესურსებს.
მაგალითად საფრანგეთი, საოცრად კარგი ქვეყანაა,
ის საოცრად კარგად იყენებს აფრიკის წიაღისეულს,
უამრავი მონა ჰყავთ ქვეყნის გარეთ, იქ, აფრიკაში,
მონის სახელის გარეშე და უამრავი ტოლვილი ქვეყანაში ადგილობრივ მონებად.
იგი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ასევე ადამიანის უფლებების დაცვაშიც.
კიდევ ბევრი ასეთი კარგი ქვეყნის ჩამოთვლა შეიძლება,
რომელიც სამყაროს ყველაზე დიდი არსების,
ადამიანის შექმნიალია.
ადამიანი ყველაზე განვითარებული არსებაა,
და ევოლუციურად ასე იყო სულ.
ყველა სხვა არსებისგან განსხვავებით
ადამიანს შეუძლია თავის მოკვლის გადაწყვეტილება მიიღოს,
მაგრამ არც თავს მოიკლავს ის და
არც სხვას მოკლავს გაცხადებულად.
ნახავთ რა, დიდ და წარმატებული ქვეყნებს,
იქ ადამიანები თავიანთი პოპულაციის
ყველაზე წინწასული არსებები არიან,
იქ ადამიანები ღმერთმაც ვერ დაიმორჩილა,
(მხოლოდ ღარიბი და პატარა ქვეყნები შეჰყურებენ ღმერთს ქვემოდან,)
დიდი ქვეყნაბი თავად ქმნიან ცივილიზაციას
და ყველაფერს ძალიან ცივილურად ჭამენ.
