გრავიტაციის კანონის თანახმად,
ყველაფერი რასაც წონა აქვს უნდა დაეცეს.
ასე წაიქცა ოცნება ჩვენს პატარა სახლზე –
ჰიბისკუსების სურნელებით და
აფრიკული ორნამენტებით რომ უნდა აგვეგო.
მთელი ქუჩით ვნატრობ შენი ნაბიჯების თეთრ ხმას,
შენი შავი კანის ბარხატს და ცისფერ სუნს შენსას.
ამ უიმედობასაც ხელს მოვაწერ კიდევ ათასჯერ,
ასე უნდა ყოფილიყო თურმე და იყოს ასე.
რა დაალაგებს ამ უიმედობებს და ამ მონატრებებს სიმეტრიულად
არადა მონატრებასაც ხომ გაძლება უნდა,
მონატრებასაც ხომ სისწორე უნდა და სიმყარის ცენტრი,
სულ ვფიქრობ შენზე, სულ მენატრები, სულ მენატრები როგორც სიმართლე.
არ იღელვოო იწერები,
სანამ ერთიდაიმავე ვარსკვლავებს ვუყურებთ ახლოს ვართ ისევ და…
*
– და რახან ერთიდაიმავე ვარსკვლავებს ვუყურებთ,
ერთიდაიმავე მიწაზეც ვართ, მაშინ რას ემსახურება ევროპის ეს პოლიტიკური ეროსი?
რატომ გზავნიან ამდენ საღვთო წიგნებს აფრიკაში,
რატომ არიან ასე დაუზარლები და ასე გულუხვები
ამ სულიერი წიაღისეულის ექსპორტში,
რატომაა აფრიკელი ხალხი მიტოვებული ასე,
ქრისტეს ამარა, ან კიდევ თვითონ ქრისტე სადაა?
ტრაგიკულია სიმართლის ბედი
ლითიუმი და კობალტი,
მაგნიუმი და ქრომიტი,
ვერცხლი და ვოლფრამი,
ყველაფერი მოდის აფრიკიდან,
სიცოცხლის ფასად მოიპოვებენ ბავშვებთან ერთად მსოფლიო წინსვლის ამ საწვავს ისინი, მაგრამ ხალხი მშიერია იქ.
საკუთარი სისხლით წერენ ისინი სამყაროს უთანასწორობის ისტორიას, მაგრამ ეს ისტორიაც სისხლის გუბეებში იხრჩობა.
ესაა 21 საუკუნის კოლონიალიზმი,
სადაც მოგება რჩება დასავლეთს,
ხოლო სიკვდილი – სამხრეთს.
სამყაროს რედოზირება ვართ ჩვენ – აი ასე გვიყურებენ,
აცხადებენ, რომ ადამიანის სიცოცხლე უმთავრესი ღირებულებაა, მაგრამ ჩვენი არა, ჩვენ ადამიანებად არ ვითვლებით ადამიანის უფლებადამცველი ევროპისთვის და ამერიკისთვის.
შეხედე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ლიდერებს,
ისინი საკუთარ წიაღისეულად აღიქვამენ აფრიკასაც და აფრიკელ უფასო მუშა ხელსაც, რომლიც ჰოსპიტალიზებასაც არ იმსახურებს რომ დასჭირდება, ასე საკუთარი სიცოცხლის ღირებულებას გადააჭარბებს აფრიკელი.
ტრაგიკულია სიმართლის ბედი
და უსამართლობაა ისიც რასაც ჩინეთი ჩადის მის მეზობლებთან,
უსამართლობაა ისიც რასაც რუსეთი შვრება მის მეზობლებთან,
უსამართლობაა ისიც რასაც თურქეთი, ირანი, საუდის არაბეთი, ტაივანი, ვენესუელა, ბრაზილია უშვრება მეზობელ ქვეყნებს, რადგან ჩვენ ყველას გვჭირდება თავისუფლება.
თუმცა შენს ქვეყანაში დამპყრობელი მეტროებს, გზებს, ხიდებს, სასტუმროებს და თეატრებს აშენებს. აფრიკა კი ჰოსპიტალსაც არ იმსახურებს, რადგან საკუთარი სიცოცხლის ღირებულებას გადააჭარბებს აფრიკელი ასე.
აი რას შვრება ადამიანის უფლებადამცველი ევროპა აფრიკაში, – რესურსები გააქვთ, მაგრამ სულ მცირედ სახელმწიფოებრივ ჩანასახებსაც კი არ ქმნიან ჩვენთან, რომ ცხოვრება სისტემურ კალაპოტში მოექცეს და შიმშილის გადაურჩნენ ადამიანები.
თუ ასწავლიან ხალხს, ისინი ქმედით სახელმწიფოს მოინდომებენ, დემოკრატიას, რესურსების ღირსეულად განკარგვას და გაყიდვას,
ამიტომაც აფრიკა უნდა იყოს ეწ. ცივილური სამყაროს სარდაფი, სადაც ცივილურად შიენახება მათი მშვიდი ცხოვრების რესურსები და თუ რამე იმოძრავებს იქ, სარდაფის ვირთხის ღირებულება უნდა ჰქონდეს სულ.
– – –
– ვეღარ ვიხსენებ, როგორ გრძელდება ლექსი
(ეს მახსენდება სულ, სიბნელეშია დაბუდებული ელვა)
- შენიშვნები:
1 – “-” – ეს ნიშანი აღნიშნავს თითო წამიან სიჩუმეს
2 – ტექსტის ნაწილი გადმოტანილია აფრიკელი ბიჭის საუბრუდან.
3 – (სიბნელეში ბუდობს ელვა.) – პატარა შრიფტი, ჩურჩულით წასაკითხი ადგილია.
