* (ახლა რუსთაველზე მივდივარ…)

ახლა რუსთაველზე მივდივარ,
როგორც ჰოლივუდის პავილიონში.
კი არის ეს ქუჩები გადაბრდღვიალებული,
მაგრამ მე ფეხზე მკიდია,
ან როგორც შენ იტყოდი გაქნეულზე მკიდია,
ჩემო პატარავ!..

ნეტავ შენ იყო მართლა პატარა
და მე ისე, ისე დიდი,
რომ შემეძლოს,
გაგაშორო ამ მექანიკური ცხოვრების ექოს,
ან ამ ნათურებს ვწვდებოდე,
რომ სათითაოდ ფეხქვეშ ჩავიფშვნა.
არ დაიჯერო მათი ნათება,
ისინი ჩვენზე არიან მოერთებული
და ჩვენი ჯანმრთელობა იწვის მათში.
არ დაიჯერო ეს სინათლე,
ჩვენს გასანათებლად ვის ცხელა ახლა?!
რომელი ჩინოვნიკი გამოიწვდის ხელს ამ ზამთარში
შენი ანთებული ფილტვების ჩასაქრობად?!
რომელი მღვდელი ილოცებს,
რომ ხვალ შენი თვალებიდან
ბოტკინი მანდარინებივით აღარ ამოჩახჩახდეს?!
ამათ კი არა მგონი ღმერთმაც დაგვტოვა
(თუმცა მან ქრისტე მიატოვა და…)

უფალო, გამოდი საპატრიარქო რეზიდენციიდან,
თოვლის ბაბუად გადაიცვი
და გაიარე ამ გახევებულ ქალაქში,
რომლის ჩრდილმაც წლებია გოჯით წინ ვერ წაიწია.

გამოჩნდი უფალო.

რად გვიანდები?
იქნებ ცხელ შხაპს იღებ და გაერთე?!
ქაშუეთთან ვზივარ და გელოდები.
გამოჩნდი!!
გამოდი, თორე ვიყვირებ,
პლაკატებს გამოგიკრავ, ყველგან
ვიყვირებ, რომ გათავდი და აღარ ხარ,
რომ გამოილიე საპატრიარქოში
თუ რომელიღაც მინისტრის კაბინეტში
საახალწლო სურვილების ასრულებისას.
ნუ იმალები,
თუღა ხარ გამოდი გარეთ
გამოდი გარეთ და მოგვხედე
ამ საახალწლოდ უიმედოდ დარჩენილებს,
ამ პავილიონის მასიური სცენისთვის გამწესებულებს,
სადაც ჩაისაც არავინ გვიწვდის.

*
არ დაიჯერო ჩემო პატარავ!
არ დაიჯერო,
ამ ზამთარში, ამ საშობაოდ,
ამ ნათურების ნათების,
ისინი ჩვენზე არიან მოერთებულები
და გასრესილი ციცინათელების სინათლით ანათებენ ამ პავილიონს.
არ დაიჯერო,
არ დაიჯერო ამ ნათურების ნათება
ჩემო პატარავ




გამოქვეყნებულია ინტერნეტჟურნალში
”სატურნისთავიანი ადამიანები”



სხვა ლექსები

Home   Project   Poetry   Visual art   Texts   About

One thought on “* (ახლა რუსთაველზე მივდივარ…)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *