ინტერვიუ ჟრნალთან “გზა”

ინტერვიუ ჟურნალთან “გზა”
                                                                               ესაუბრა მანანა გაბრიჩიძე

 


როგორც ვიცი ანდრო დადიანი 2017 წლიდან დაიწყეთ, მითხრათ მას შემდეგ თქვენი ნიღბით ცხოვრების შესახებ

ანდრო დადიანად ნელა-ნელა გარდაისახა ჩემი ცხოვრება, მახსოვს, თავიდან რომ მეძახდნენ ანდროს, რაღაცნაირი უხერხული განცდა მქონდა. სხვათაშორის ქვიარ თემში იშვიათი არაა, რომ ადამიანები თავიანთ დაბადებით სახელებს იცვლიან, როგორც ჩანს საკუთარი თავის ძიების და აღმოჩენების პროცესს უკავშირდება ეს. ჩემი ლექსები პირველად 2017 წელს გამოქვეყნდა, პაატა შემუგიამ გამოაქვეყნა ისინი, პაატა ჩემს საყვარელ პოეტთან ერთად ჩემი შემოქმედებითი ნათლიაცაა, – პირველი ინტერნეტ პუბლიკაცია, პირველი ბეჭვდური პუბლიკაცია, პირველი წიგნის წინასიტყვაობა და პირველი ქვეყნიდან გასვლა ყველაფერი მას უკავშირდება. თქვენ მკითხეთ როგორი იყო ჩემი ცხოვრება ანდრომდე, – ისეთი, უამრავი უკმაყოფილებით და იმედგაცრუებით სათქმელი რომ დამიგროვა, რამაც მაიძულა საკუთარი იდენტობის ყველა ნიუანსი წამეშალა, ფაქტიურად მოვმკვდარიყავი და თავიდან დავბადებულიყავი, ახალი სახელით, ახალი გვარით, ახალი ხმით, ახალი სახით – უსახობით, დღემდე ასე ვცხოვრობ, ჩემი საქმიანობის შესახებ არც ოჯახის წევრებმა, არც ნათესავებმა, თანამშრომლებმა არ იციან, მათთვის რთული გასაგები იქნება ჩემი შრომის მიზნები, ამიტომ მეც ვიცავ თავს მათგან და მათაც ვუფრთხილდები.  

სახის დაფარვა უკვე ძალიან მკაფიო რამაა თქვენს გარეგნობაში, მაგრამ ამის მიღმაც ყოველთვის საინტერესოა როგორც გამოყურებით, გვითხარით თქვენს იმიჯზე.

ხელოვანისთვის ყველაფერი თვითგამოხატვის შესაძლებლობაა, ტანსაცმელი პირველი და ყველაზე მარტივი გზაა ამისთვის. ჩემს ანდროგენულ საწყისს, რის გამოც ანდრო მქვია მგონი გამოხატავს ჩემი სამოსი. ვიზუალური ხელოვანები, რომლებიც ახალი დროების ესთეტიკას ვქმნით, მნიშვნელოვანია დავეხმაროთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს გათავისუფლებაში, რადგან ტანჯავს და ჩაგრავს ქალურ-კაცური სტანდარტები ჩვენს გარემოს. რამდენ გოგოს დასცინიან არასტანდარტულობის გამო და რამდენ ბიჭს რომ ტესტორტერონი არ გადმოსდის თვალებიდან. ამისგან გათავისუფლებას, თანასწორობას და თანაგრძნობის გაღვივებას უნდა შევუწყოთ ხელი.

ისე კი, არც შესაძლებლობა მაქვს და ტანსაცმელის ყიდვაში დროის და ენერგიის გაცემაც არ მიყვარს. ან მჩუქნიან, ან ქუჩაში ვპოულობ ტანსაცმელს და იმათ გადავაკეთებ ხოლმე. მსოფლიოში იმდენი ტანსაცმელი იწარმოება, ჩვენამდე უფასოდაც უამრავი კარგი რამ აღწევს, მთავარია სამყაროს მოწვდილს ცხვირაბზუებული არ შეხვდეთ, ხელი გაუწოდოთ. იმდენი ტანსაცმელი მაქვს, ნაცნობებსაც კი მე ვაცმევ ხოლმე. მიყვარს კერვა, გადაკეთება, ახალი ფორმების, ახალი სიცოცხლის და ახალი კონტექსტების მიცემა ნივთებისთვის. ნივთების სულის ხომ გჯერათ? სხვაგვარად ენერგეტიკაც ვერ ექნებოდათ, ჰოდა ჩემს თავს ხუმრობით გადაყრილი ნივთების პატარა ღმერთს ვუძახი, რომ ჩავივლი ქუჩაში და გადაგდებულ ნივთს წამოვიყვან, იმისგან რაღაც ახალს ვაკეთებ და დაპურებული უპატრონო ძაღლივით შემომხარიან ნივთები და ენერგიას მაფრქვევენ.

ნივთებთან ასეთი კავშირი როგორ გააბით?

როცა ადამიანები გიცრუებენ იმედს და მარტო რჩები, სამყაროში სხვა რაღაცები გიმეგობრდებიან, გელაპარაკებიან. დაახლოებით ისეთი ცხოვრება მაქვს მე, როგორც ამ გამოყრილ ნივთებს, უახლოესმა ადამიანებმა, დედამ, საყვარელმა ადამიანმა მაქცია ზურგი, ამიტომ კარგად მესმის ამ ნივთების. დიდ სიცოცხლის წყურვილს და სევდას ასხივებენ. თუ განადგურების პირას მყოფებს ისევ საჭიროდ აგრძნობიენბთ თავს, ვერ წარმოიდგენთ როგორ ენერგიას ასხივებენ და როგორ გულმოდგინედ ასრულებენ მისთვის წარმოუდგენელ ფუნქციებსაც კი და ესაა მათი მადლიერების, სიხარულის გამოხატულება. დავით ჭალიძესთან გაკეთებულ ამ ფოტოში  მაგალითად შუქურაა ეს გატეხილი სახილე, ყველაფერი ნაპოვნია რასაც უყურებთ. მნახველი კი ვერ ხვდება მიზეზს, მაგრამ კომპოზიციასთან, კადრთან და იდეასთან ერთად იმდენად დიდია ამ გადარჩენილი ნივთების ვიბრაცია, რომ მისი დასხივების ქვეშაა ადამიანი. ბევრ საერთაშორისო გამოცემაში დაიბეჭდა, მათ შორის ამერიკულ ფორბსში და ვოგიში.

დავით ჭალიძის ფოტო 


მარტოობაზე ლაპარაკობთ და პირად ცხოვრებაზე კითხვა უადგილო იქნება ალბათ…

არა, უადგილო არცერთი კითხვა არაა, მითუფრო ერთნაირსქესიანი ადამიანების სიყვარული ჩვენს ქვეყანაში სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული კონტექსტებს მთელი მარაოა. მაგრამ წლებია ურთიერთობაში არ ვარ, შეყვარებული კი ისევ. 10 წელი ვიცხოვრეთ ერთად, მერე ჩვენს შორის შავმა კატამ გაირბინა (იცინის). ირგვლივ ყველაფერი რომ პოლიტიკაა ამის შეხსენებას არ დავიწყებ, მოვლენები რომ ამოვხსნა პოლიტიკური მეცნიერებების სხვადასხვა საკითხებს ვეცნობი ხოლმე, ამასწინათ „ჰიბრიდული ომების ანატომია“ წავიკითხე, სადაც ბევრი თავია რუსეთის ჰიბრიდული ომის ტაქტიკაზე და განშორებიდან სამი წლის თავზე აღმოვაჩინე, რომ აბსოლუტურად ამ ომის ტაქტიკით დამიკარგავს საყვარელი ადამიანი ერთ რუსთან. მცოცავი ოკუპაცია; ილუზიის შექმნა, რომ ვიღაც მესამე ბედნიერების და მშვიდობის მისიითაა წყვილს შორის და არაფერი იცვლება ამით; დროში გაწელილი სტრატეგია, მოწინააღმდეგის გამოსაფიტად, მორალურად დასასუსტებლად, რომ დაგნებდეს და თავად გავიდეს მოედნიდან; ეკონომიკური, კულტურული, მენტალური, დაპყრობა და ამასთან არცერთი სიტყვა დღისწესრიგის ცვლილებაზე; უიმედობის თესვა, რომ მოძრაობას აზრი არ აქვს და აშ… ყველა ეს პროცესი სამი წლის წინ გავიარე და ახლა ვუყურებ, ზუსტად იგივე ტექნიკით ვკარგავ სამშობლოს. საყვარელი ადამიანის დაკარგვით დიდი რეპეტიცია გამატარა ცხოვრებამ იმისთვის, რაც ახლა ხდება ჩვენს თავს, ვნახოთ როგორ დამთავრდება ეს პროცესი.

თქვენს შემოქმედებაზეწარმატებებზე
ასევე თუ აპირებთ ნიღბის მოხსნას, რადგან ვფირობ, ადვილი არ უნდა იყოს ასე ცხოვრება.

ნიღაბი, რომელიც ახლა  მიკეთია ამ გარემოში გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა, მყიფე, მოუხერხებელი და სულისშემკვრელია, ამიტომაც ჩემი შრომა მთლიანად მიმართულია იმისკენ, რომ ამ მალვისგან გავთავისუფლდე. ამისთვის ჩემს ირგვლივ, მინიმუმ რამდენიმე ათეულ მეტრზე მაინც უნდა შეიქმნას მკვრივი სოციალური ეთიკა და სულიერი ჰიგიენა, რისი მოპოვება და შენარჩუნებაც ასკეტურ ფიზიკურ და სულიერ შრომას მოითხოვს.

წარმატებებებს არ ვითვლი, უხერხულიც იქნებოდა ამაზე ლაპარაკი, ჩემი მიზანი შემოქმედებითი ზრდა და უანგარო შრომაა, მჯერა ამას კარიერული წინსვლაც მოჰყვება, თუ არა, ესეც არ იქნება პრობლემა. მთავარია ჩემი გემოვნება ვითარდებოდეს და შევძლო საკუთარ გემოვნებას დავეწიო. მუშაობას ხან მოჰყვება შედეგი ხან არა, მოზაიკასავით მთლიანი სურათი ალბათ წლების მერე შეიკვრება და ვნახოთ რამდენად ხარისხიანი და შედეგების მომტანი იყო ეს პროცესი.

რამდენი წლის ხართ?

ამაზე ლაპარაკი არ მგონია მართებული, სტერეოტიპებს გავამყარებთ, რომ ახალგაზრდობაა სიცოცხლის საუკეთესო პერიოდი. ადამიანი იმ ასაკშია ცოცხალი, როცა მისი ცნობიერებაა მოძრავი. ბევრი 22 წლის ადამიანი მინახავს გაშეშებული ტვინით (ასეთებს ჩვენი ენა მკვდრადშობილებად მოიხსენიებს) და მინახავს 85 წლის ადამიანები, რომლების მათი ცხოვრების მიმართ უკმაყოფილებით და პროტექსტით სამყაროს აუნჯობესებენ. ერთ-ერთი ჩემი ბოლო ნამუშევარიც „ქვამარილი“ ამაზე იყო სწორედ, – ცომით სავსე ერთისმხრივ გობში, მეორეს მხრივ აუზში, რომელშიც არ ვინძრეოდი, ამოდიოდა ცომი და მახრჩობდა. ასეა, როცა სამოქალაქო ცხოვრებაში არ ეთვება ადამიანი, როცა „ამა ქვეყნის ძლიერთა“ გადაწყვეტილებებს უმოძრაოდ თანხმდება, აუცილებლად იხრჩობა. ბრმადმორწმუნეებზეცაა ეს ნამუშევარი (ქრისტე ამბობს, რომ მისი ხორცია პური და პური მახრჩობდა იქ უმოძრაოს), დიახ, ყველაზე კეთილშობილმა იდეამაც კი შეიძლება წაშალოს, მოახრჩოს პიროვნება თუკი კითხვებს არ სვამს, არ მოძრაობს, თუნდაც შეცდომა იყოს ზოგჯერ ეს. 

რახან ნამუშევარზე გველაპარაკეთ, გკითხავთ სამომავლო გეგმებზეც.

ადამიანური ყოფის ეს განუყოფელი ნაწილი, – მომავალზე ლაპარაკის შესაძლებლობა ჩამოგვერთვა ქართელებს, ერთი თვის იქეთ წამლეკავი ბურუსია. მე რახან წამოსკუპებული არ ვარ ამ მთავორიბის კულტურის ტორტზე, რომელიც  განსახიერებაა უკულტურობის, არაპროფესიონალიზმის, უმომავლობისა და უსიყვარულობის, ამათი გამარჯვების შემთხვევაში ან ციხეში მომიწევს წასვლა, ან ქვეყნიდან. არც ციხის მეშინია, მაგრამ ასეთ მდაბიო მეტოქეებთან ციხეში ჯდომა მორალური უპირატესობის განცდასაც კი ვერ მომგვრის, ამიტომ წავალ. მანამდე კი რამდენიმე ნამუშევარი მაქვს გამოსაშვები, ერთ-ერთი გალერეა  Window project-ში იქნება ინსტალაციის სახით, – „ღმერთო, მომეც ძალა და ღონე“, ფალიაშვილის „დაისიდან“ ავიღე ეს სათაური და ნამუშევარი ჩვენს რეალობაზეა ცოტა იუმორით, დიდი გულისტკივილით, ლოცვით და გადასარჩენად ძალის პოვნის მცდელობით გაჯერებული.

 

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალში “გზა” #36  – 5/9/2024 
ჟრნალისტი: მანანა გაბრიჩიძე  

       Home   Project   Poetry   Visual art   Texts   About

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *