ინტერვიუ – ჟურნალთან “ბომონდი”
ანდრო დადიანი უაღრესად ფაქიზი შინაგანი სამყაროთი და ამოუცნობი იდუმალებით ცდილობს, საზოგადოებამდე მიიტანოს ხმა – ადამიანის იდენტობის მნიშვნელობაზე, საკუთარი თავის ძიების და შეცნობის გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ იგი ყოველთვის ეხმიანება საზოგადოებაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს, მისი პოეზია და პერფორმანსები იმ ტკივილებს ეფუძნება, რაც ძალიან ნაცნობია სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. ანდრო პოეტია და პოეტური ხედვით გამოირჩევა მისი ხელწერაც.
_ ანდრო დადიანის დაბადება თქვენი თანამონაწილეობით განხორციელდა, სახელიც კი თავად შეურჩიეთ, სახე რატომ დაუფარეთ? როდის იგრძენით ამ აქტის აუცილებლობა, -თქვენი ცხოვრების რა ეტაპმა გადაგაწყვეტინათ ეს?
ქალში ყველაზე მეტად მშურდა, ახალი სიცოცხლის საკუთარი სხეულით გრძნობა, ტარება და შობა რომ შეეძლო, შესაძლოა ანდროს მომშობიარებაც ასეთ პროცესად აღვიქვა. 2013 წლის 17 მაისს მეც რუსთაველზე ვიყავი შეუმჩნევლად, გიჟივით ვაცეცებდი თვალებს, იმ დღის მერე სამი წელი გარეთ აღარ გავსულვარ, სამი წლის შემდეგ პირველი ლექსები გამოვაქვეყნე ამ სახელით. ანდრო ჩემი ნაწილია თუმცა ხშირად არც მივიჩნევ ანდროდ თავს, ის ისაა, მეტაფიზიკური მატერია და ბუნებრივია ალბათ, სახეც არ ჰქონდეს, მე სამეურნეო საქმეებში მისი დამხმარე სხეუილი ვარ.
_ თქვენი პოეზია, ძალიან ინტიმურია, სადაც სიღრმისეულად იკვლევთ თქვენს იდენტობას გულახდილად და დრამატულად… როგორ დაიწყო ეს ამბავი?
როგორც გითხარი 2013 წელს. კომუნალური საჭიროებების გარდა გარესამყაროსთან კონტაქტი აღარ მქონდა, მეშინოდა ყველასი და ეს შიში დღემდე მომყვება; ეჭვებით, კითხვებით, უპასუხო კითხვებითა და შიშითაა ჩემი სამყარო ნაშენები და სიმართლე გითხრა ისე შევეჩვიე ამას, რომ ახლა ყეყჩი, უშიშარი ქმედებების უფრო მეშინია ვიდრე იმის, რის სიღრმეშიც შიშის სუნია. საგარეო ლექსების წერა ჯერ არ მისწავლია, ადამიანი მარტოობისას ხან ცხვირში თითებშეყოფილია, ხან მტირალაა და ხან მაცივარშივე ჭამს, ტექსტებიც ასეთია მგონი.
_ როდის მიმართეთ პერფორმანსის ფორმას, ქუჩაში გასვლით და საზოგადოებისთვის აქტუქლური საკითხებით…
ფაქიზო არსება ვარ, სახლში სულ ვტირი, ხან ცრემლით, ხან უცრემლოდ, საგარეოდ კი მხოლოდ სიბრაზე შემრჩება ხოლმე (ამას სახლი ვერ იტევს). ჩვენ ყველა პოლიტიკური ორგანიზმები, ბიოლოგიური იარაღები ვართ, ბუნება ტყუილს ვერ იტანს და თუ არ ვტყუით მჯერა, რომ ჩვენთან გასაერთიანებლად შავმუცლიანი ღრუბლებიც კი დაიძრებიან. სახლი ჩემი კანის ზედა შრეა და როცა ჯავრისაგან შინ ვეღარ ვეტევი, პერფორმერის სხეულით, როგორც იარაღით ქუჩაში გავდივარ ხოლმე.
_ პერფორმანსებში გარდა სოციალური პრობლემებისა, ისევ ხაზგასმით ისმის თქვენი იდენტობის ხმა, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ალბათ უცხოა ეს გამოცდილება – რა იქნებოდა თქვენი გზავნილი მათდამი?
მახარებს, რომ „ჩემი იდენტობა“ ახსენეთ, ოღონდ სიმართლე გითხრათ არ ვიცი რას გულისხმობთ, ალბათ ჩემ სექსუალურ ორიენტაციას, – დიახ, ჰომოსექსუალი ვარ, მაგრამ ეს ცოტა მგონია ჩემი იდენტობის განსასაზღვრად, ზუსტად მეც არ ვიცი რა არის ჩემი იდენტობა, რადგან არც ჩემს სხეულზეა დაფუძნებული ის და არც ჩემს სექსუალობაზე, და ეს გაუგებრობა უფრო იქცა ჩემს იდენტობად, „თვითობად“, ალბათ. კიდევ კარგი პოლიტიკოსი არ ვარ, ჩვენ უფრო გვპატიობენ ასეთ რიტმიკაას, – კოლექტიური მორალიდან კი არა, ამ წამის შეგრძნების დამოუკიდებელი განცდიდან მინდა ვიყურებოდე, შეიძლება ხვალ გავუდგე ჩემს დღევანდელ სიმართლეს, მაგრამ უნდა მჯეროდეს რომ იმ წამს სამყარო იზიდავდა იმ აზრს და ახლა თუ მეუხერხულება საკუთარი წარსული ესეც დასტურია, რომ ჩემი კანი ჯერ ისევ მწვანედ შრიალებს.
_ გაიხსენეთ თქვენი პერფორმანსები და მათზე მუშაობის პროცესი, როგორ გეგმავთ და ანხორციელებთ, რა არის ის პირველად იმპულსი, რომელიც ფორმას იძენს?
პერფორმანსი პოეტური აზრის გაგრძელებაა, ანუ წყარო პოეზიაა, ამდენად მასზე ლაპარაკი ისევე რთულია, როგორც ქარისგან ტაძრის აშენება. პერფპრმანსი თუ რაიმე ტექსტის ან მოვლენის ალუზია არაა, მისი სათავის გამორჩევა ისეთივე მოუხელთებელია როგორც პოეტური აზრის.
სამუშაო პროცესი კი როგორც ყველა საქმიანობისას დამღლელი და მტკივნეულია, მაგრამ ესაა ძაბრი, სულის ფორმაში გადასაღვრელად; უცბად გაანათებს ხოლმე ნამუშევრის თვალები ან ახალდაბადებული ჩვილივით ატირდება სიცოცხლის ნიშნად, შეიძლება არც მოხდეს ასე.
_ როგორ მუშაობთ და ირჩევთ თემებს ვიდეოისტორიებისთვის „მოხელე“?
უკვე მეექვსე თვეა „მოხელეს“ „კუნსტჰალე თბილისთან“ ერთად ვაკეთებ, ეს ციკლი ყოველთვიური რუტინის გაძლება და ხელოვანის როლის ჩემებურად გადააზრების მცდელობაა. აქამდე არასოდეს მქონია კურატორთან ასე მუშაობის გამოცდილება, ყველა თემას ირინა პოპიაშვილთან და ტასა ახვლედიანთან ერთად გავდივარ, მერე სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა სივრცეებში, ადამიანებთან და პრობლემებთან მივდივარ, რომლებიც უბრალო მიმშველებელ ხელს ითხოვენ. სერიის ბოლო ვიდეო YouTube ლაივი იყო ვახტანგ ჭაბუკიანის ბინა-მუზეუმიდან, დაცვის ფუნქცია შევითავსე. ჭაბუკიანის სახელს უხერხულობანარევი, ცალყბა სიამაყით იხსენიებს ჩვენი კულტურა და ჩემთვის იქ ერთი დღით დგომა ამ ხელოვანის მნიშვნელობის დაცვის მეტაფორა იყო.
_ როგორ იმუშავეთ პერფორმანსზე „განსაწმენდელი“ – რა გზავნილს ატარებდა პერფორმანსი, რამდენად დიდ ემოციურ და ფიზიკურ ძალისმევას მოითხოვდა მისი განხორციელება, რა აღმოჩენების გაკეთების საშუალება მოგცათ ოთხდღიანმა გამოცდილებამ?
„განსაწმენდელი“ ამავე სახელწოდების საკუთარი პოეტური კრებულის პრეზენტაცია იყო, როცა „PURGATORIO“ გადავწყვიტე წიგნის სათაურად, ორი წელი ვიფიქრე პრეზენტაციის ფორმაზე მხატვარ ტატო გელიაშვილთან ერთად, თავიდან 8 ანდრო დადიანის მონაწილეობით გამართული ქორეოგრაფიული წარმოდგენა უნდა ყოფილიყო, მაგრამ რომ ვთქვი, რომ ნამუშევარი ალიგიერის და ვირგილიუსისი 84 საათიანი „განსაწმენდელში“ მოგზაურობის დროით მონაკვეთს გაიმეორებდა, შევწყვიტეთ ქორეოგრაფიაზე ფიქრი და იმ ფორმით გავაკეთეთ რაც მაყურებელმა ნახა.
სამწუხაროდ პერფორმანსზე წასვლისა და დასწრების კულტურა ჩენს ქვეყანაში არ არის, ამაზე ბევრია სამუშაო და მგონი ნაბიჯ-ნაბიჯ იცვლება ეს. ნამუშევარი, სადაც პერფორმერის სხეულის შეგრძნება ერთ-ერთი მთავარია შრეა, შეუძლებელია ფოტოთი ან ვიდეოთი მისი განცდა. „განსაწმენდელზე“ პირველად მოვიდა ხელოვნებით დაინტერესებული ადამიენების გარდა სხვებიც ჩემი ენერგეტიკის გასაზიარებლად, ლექსებს მე კი არ ვუკითხავდი მათ, ჩემი გულიდან გამოსული ხმა ესმოდათ, სხეული ვიბრირებდა. სივრცე ეუბნებოდა ადამიანს, რომ მოსულიყო და ჩამხუტებოდა, ჯერ ვერ წყვეტდნენ მოახლოებას და რომ მოვიხმობდი ისეთი დაჭიმული და გაშეშებული სხეულები ჰქონდა უმრავლესობას, რომ ტირილი მივარდებოდა, ვეფერებოდი და რამდენიმე წუთში მეტნაკლებად დუნდებოდნენ, გადაულახავი სირთულე აღმოჩნდა 35 წელს ზემოთ ჰეტეროსექსუალი მამაკაცები და რამდენიმე მორწმუნე ქალი, თუმცა ჩემნაირ ხელოვანთან მათი მოსვლაც სიხარულის საფუძველია. როცა ფიზიკური გაძლება-არგაძლების ზღვარზე ვიყავი, სწორედ ასეთი ადამიანების დარბაზში შემოსვლა მიახლებდა ენერგიას, ჩემი მთავარი სურვილიც ეს იყო, რომ სურვილი გამოეთქვა ადამიანს ჩემი გაგების, ყველაფრის საწყისი ეს მგონია, დანარჩენი დაუღალავი შრომით მოვა.
_თქვენი ხელოვნება წარმოუდგენელია იმ იმიჯების გარეშე, რომელიც შექმენით – სტილი ნიღბით და საინტერესო ფოტოინტერპრეტაციებით, თქვენ ქმნით მათ თუ ფოტოგრაფებთან ერთად?
ყველა დინამიკა ხელოვნებაში ხატ-სახეების შექმნის მცდელობაა, ასევეა ფოტოც. ერთია დადგმული ფოტოები, მეორე პერფორმანსების დოკუმენტაცია რომელსაც ჩემი უძვირფასესი ადამიანი Kerosene_on_ice აკეთებს, თუ რამე იცით ჩემი ნამუშევრების შესახებ, მისი თვალის გავლით იცით. დადგმული ფოტოებისთვის კოსტუმებს მე ვკერავ, კადრს დავდგამ და დაფიქსირებაში მეხმარებიან ხოლმე. ამჯერად თამარ რაზმაძესთან და ჩემს საყვარელ ფოტოგრაფთან, ნატა სოფრომაძესთან ერთად ვმუშაობ თავში ნახსენები კაცის ფეხმძიმობის თემაზე, მათთან თანამშრომლობა კადრზე მუშაობის ახალი გამოცდილებაა და მოუთმენლად ველი სექტემბრში დაგეგმილ გადაღებას. ძალიან მაინტერესებს დადგმული ფოტო, ბევრს ვფიქრობ ამაზე და იმედია ნელ-ნელა გარკვეულ მხატვრულ ხარისხს მივაღწევ.