ლექსი მკითხველის ხმისთვის
ყბა მომე დასაჭრელად
მომე ყბა დასაჭრელად
მოდი და მელაპარაკე
მოდი და მერე მლაპარაკე
რაღაც გასტროლი იყო
ისევ კიბეებზე ვიყავი
მგონი გურჯაანში
ზზუსტად არც ვიცი
ზზუსტად არც მახსოვს
გარშემო სულ კვამლი იდგა
და მერე ბოლოს ვიღაცა ამბობდა
სიღნაღში გარემო საშინლადაა დაბინძურებულიო
გუშინ მოაჯირს ვღებავდით
და საღებავი არ მიიკარაო
თითქოს!
და მე რატომღაც გავიგე რო თელავი თქვა
და ვაიმე თელავში-მეთქი?
და ამაზე ჩხუბი დამიწყო
ისე მეჩხუბა
ისე მეჩხუბა რო…
და მე ძაან თავდაჯერებულად ვუხსნიდი
როგორი უზრდელი იყო
და ბნელოდა
და კაცი მეგონა
და ცოტა განათდა
და აღმოჩნდა ქალი იყო
თვალებზე ესვა ოქროსფერი
და ცისფერი ჩრდილები სხვადასხვა ზომით
და რაღაც მძივები ეკიდა კიდე საოცარი
(საოცარი ბრჭყალებში ოღონდ)
და წაგვიყვანეს იქ
და მამაჩემიც იქ იყო
დიდი და მოსიყვარულე მამაჩემი
ტანსაცმელი გავიხადეთ ყველამ
და ძაან ჩვეულებრივი იყო ეს ამბავი
(დიდი და გოროზი იყო მამაჩემი)
დავდიოდით ერთი აბაზანიდან მეორეში
დაორთქლილ კედლებს შორის
სივრცეები არ ირჩეოდა ერთმანეთისგან და
უფრო და უფრო ქვემოთ ჩავდიოდით
და სხვები წავიდნენ ვაფშე და
მარტო მე და მამაჩემი დავრჩით
და იმხელა იყო იმ წუთას მამაჩემი
მეტრი და სამოცდაათი მამაჩემი…
დავინახე რო ძაან ღრმად იყო საბავშვო აბანოები
და სულ კაზინოს ესთეტიკით
მასიური ხის კიბეებით
მწვანე ხალიჩებით და ოქროსფერი ჭაღებით
უშველებელი სივრცე იყო რომელიც უფროდაუფრო
ღრმავდებოდა და დიდდებოდა დიდდებოდა და ღრმავდებოდა და ღრმავდებოდა და დიდდებოდა და დიდდებოდა ღრმავდებოდა და თან ძაან ლმაზი იყო
რაღაცნაირად ურწმუნო ებრაელივით
მომინდა იმ წამს სურათი გადამეღო
მარა მოაჯირს ხელს ვერ ვუშვებდი
და ისე მეშინოდა
და ისე მეხვეოდა თავბრუ
გოდერძი
გოდერძი-თქო
მამაჩემს გავძახოდი
მეგონა გადავიჩეხებოდი
და ყველაფერი დამემსხვრეოდა ერთიანად იმ კიბეებზე
და იმდენი კიბე იყო თან…
მამაჩემი მრისხანედ მომძახოდა
მომე ყბა დასაჩეხად
ყბა მომე დასაჩეხად
და ამოვიღე მობილური გადასაღებად
და ჩანთა შუა კიბეზე დავდე
და ვიღაც პერსონალმა გამოიარა
და მეუბნება
ბატონო მგონი ძალიან არ გსიამოვნებთ აქ ყოფნა
და იქნებ წასულიყავით
ცუდად ხომ არ ხართო
და მე ვიყავი როგორც სიტყვა
„თ ი თ ქ ო ს“
და თითქოს არაფრით არ ვიყავი ძალიან ცუდად
და კარგად-თქო რო ვთქვა
არც კარგად
არც ცუდად
რაღაცნაირად ვიყავი
იქნებ არც ვიყავი საერთდ
ჰოდა ვუთხარი
ქვემოთ მინდა ჩასვლა-თქო
და ამ კიბეების ისე მეშინია-თქო რო
ადგილიდან ვერ ვიძვრი-თქო
მამაჩემი მომძახოდა
მომე ყბა დასაჩეხად
ყბა მომე დასაჩეხადო
თქვენ არ გეშინიათ დამსჯელი მამაჩემის – მეთქი – ვეკითხები
არ ვიციო
რა ვიციო
რაღაცნაირად ხისთავიანივით მპასუხობს
და თან მეხმარება ცოტა ზემოთ ასვლაში
ხოდა ეს ამდენი სართული სრულიად უფუნქციო იყო
აზიდული
მაღალი ტაძრების
ფალიკური ბოძებით
სარკეებით მოჭედილი თაღების ქონგურები
ერთმანეთს კვეთდნენ
და ერთმანეთს ირეკლავდნენ
და ერთიან უსასრულო სივრცეს ქმნიდნენ თითქოს და
თითქოს არაფერი იყოს ირგვლივ
კაბას ვისწორებ უხერხულად
საიდანღაც ტანზე გაჩენილს
(პერფორმანსზე რომ მეცვა იმ შინდისფერს კაბას)
და მხუთავს
და მეტმასნება ეს ბარხატი
და ყელში მიჭერს
და მარტო ქვემოთ ვიყურები
მარტო ქვემოთ ვიყურები იმიტო რო მარტო ქვემოთ იყო ის საბავშო აბანოები
და სუნი ამოდიოდა თითქოს
და მამაჩემი გამოვარდა და მომდევდა გასაჟიმად
(შიშივით დიდი იყო მამაჩემი)
და მე თვალებით ვუყეფდი ფეხებშუა
ვუყეფდი და ვუყეფდი
ვუყეფდი და ვუყეფდი
დაორთქლილ მეტლახზე მოათრევდა ცხენივით
დიდსა და აბრიქებულს
და ამ დროს შემოცივდნენ
სოდომიდან გამოსული აალებული ანგელოზები
თამარა ჩუმაშვილი და თამარ ჯიჯელავა
ვაიმე
ვაიმე
ვაიმე
ეს მეორე გოგო რა შუაშია-თქო თან ვიძახდი
და ვაიმე ყველაფერი ისე სრიალებს თან, ისე სრიალებს
მეშინია არ გადავარდნენ ცხელ აბანოებში
მოაჯირზე ხელჩაჭიდებული ვდგავარ ასე და გავყვირივარ და
ვაიმეო, ჩვენ წინა სიზმარში ხო დაგპირდით
სადმე დაგპატიჟებთო- მეუბნებიან –
ხოდა გპატიჟებთო
და მე – კაი-თქო – ვუთხარი
და ჩასახუტებლად გავვარდი მისკენ და მკლავები სიცარიელიელემ ამივსო
და ვფიქრობდი
ეს რა ჯანდაბაა-თქო
ეს რაა-თქო
ხვალვე წავალ და პარაკლისს შევუკვეთავ მამაოს-თქო
ეს რა დამესიზმრა-თქო
ეს რა სიზმარია-თქო
რა უხამსობაა-თქო
და გამეღვიძა მაშინ
ა, და ამ ყველაფერს ფონად ედო ”The winner takes it all”
კაზელას* ქავერი
მგონი
და რო გამეღვიძა მაგას ვღიღინებდი
შენიშვნა: – კაზელა – ”ღვთაებრივი კომედია”-ში დანტე ალიგიერის მეგობარია, კომპოზიტორი, საკრავების ოსტატი. დანტე განსაწმენდელში ხვდება მეგობარს, მისკენ მოსახვევად ხელგაწვდილი გაემართება და მკალავები სიცარიელეს ხვდება.
* ლექსი მკითხველის ხმისთვის, ლექსის მუსიკაში ახალი შრეების ძიების მცდელობაა. ხმის შესაძლებლობების, – ტემბრის, ტემპის, მახვილების, დინამიური ნიშნების, რეგისრების თავისუფალი ლექსის გამომსახველ ნიუანსებად გამოცხადებაა. მინდა მკითხველი საკუთარ ხმის ჟღერადობით გაერთოს, ტექსტს სტრუქტურულად ისე მიუდგეს, როგორც საოპერო არიას. გამოიყენოს ბეჭვდის დროს მითითებული მახვილები, შრიფტების მონაცვლეობა და უსმინოს ხმას, თუნდაც შინაარსის გარეშე, ისე, როგორც უცხო ენაზე მოსაუბრე ქალაქს, გლოსოლალიებს და ამ ინტონაციებში იგრძნოს ლექსის ჰარმონიაში საკუთარი ხმის განახლება და როლი.
შენიშვნა: – კაზელა – ”ღვთაებრივი კომედია”-ში დანტე ალიგიერის მეგობარია, კომპოზიტორი, საკრავების ოსტატი. დანტე განსაწმენდელში ხვდება მეგობარს, მისკენ მოსახვევად ხელგაწვდილი გაემართება და მკალავები სიცარიელეს ხვდება.
გამოქვეყნებულია 1 TV ”ელექრტოლიტზე”
Home Project Poetry Visual art Texts About