შოთა იათაშვილი – ანდრო დადიანის ფარული სახე
ისაა ფსევდონიმის ქვეშ შეფარული ნიღბიანი პოეტი, ვიზუალური არტისტი, პერფორმერი… პირველად ამ იმიჯით 2018 წელს გამოჩნდა, პერფორმანსზე „უფრო სქელი კანი“. მას შემდეგ ანდროს ნიღბები იცვლება, თუმცა როგორც თავად ავტორი ამბობს, იგი ცდილობს ნიღბები არ იყოს პომპეზური და არ ხდებოდეს მათი რომანტიზება, ცდილობს არ დაკარგოს ის შინაარსი, რომ ამას იდენტობის დასაფარად და სიმშვიდის შესანარჩუნებლად აკეთებს. ამიტომ მისი ნიღბები ხან კონცეპტუალურია (მოდერნული, გეომეტრიული), ხან კიდევ, უბრალოდ, სადაა და სახის დასამალადაა გამიზნული. რიგით პოეტურ რიდინგებზეც კი ის არასდროს ჩნდება დაუფარავი სახით. და ამას ცალსახად არტისტული მიზეზი არა აქვს – ჰომოსექსუალური თემატიკა ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია იმ საბურვლისა, რომელიც ანდრო დადიანმა საკუთარ თავზე მყარად მოირგო.

თუმცა ხელოვანის ასეთი პოზიცია ეგრევე შეკითხვებს აჩენს. დღეს, 21-ე საუკუნეში, ქამინგაუთის ეპოქაში, ნუთუ პოეტი შენიღბული უნდა კითხულობდეს თუნდაც ასეთ ლექსებს პუბლიკის წინაშე? ეს უკან სვლა ხომ არაა? მართალია, მისი მოქმედების ძირითადი არეალი არც შუაგული ევროპაა და არც ამერიკა და მხოლოდ და მხოლოდ ევროპისა და აზიის საზღვარზე მდგომი საქართველოა, მაგრამ მაინც… ამ საქართველოშიც კი ხომ ქამინგაუთი უკვე უცხო ხილი არაა და თუ ასეა, მსგავსი „ნახევრად თამამი“ პოეტური ქცევა შეიძლება მოსაწონი იყოს? ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ დასკვნის გამოტანას ნუ ვიჩქარებთ, სანამ იმ ესთეტიკაში არ გავერკვევით მეტ-ნაკლებად, რომელიც ანდრო დადიანის შემოქმედებას ახასიათებს.
მისი ჯერჯერობით ერთადერთი პოეტური კრებული 2020 წელს გამოვიდა, სახელწოდებით „განსაწმენდელი Purgatorio” (გამომცემლობა „კალმოსანი“). პირველივე გადათვალიერებიდან ჩანს, რომ ავტორი ექსპერიმენტულ ფორმებს იყენებს სათქმელის გამოსახატავად. არის მცდელობები, რომ ის ვერბალური ეფექტები, რაც ლექსის პერფორმანსული დეკლამაციისთვისაა ჩაფიქრებული, ტექსტუალურადაც იყოს ნაჩვენები სხვადასხვა ხერხებით – სპეციალური ნიშნების შემოტანით, შრიფტების ზომების ცვალებადობით თუ კონკრეტული პოეზიის მეთოდებით. ზოგჯერ ეს ყველაფერი წმინდა წყლის ფორმალიზმშიც კი გადადის და ავტორის მაგისტრალური ხაზი იკარგება – მისი მტკივნეული სათქმელი ქრება და განმეორებადი მოკლე ფრაზები ან სულაც დამხმარე მეტყველების ნაწილი რჩება. როგორც ნანა ტრაპაიძე ამბობს, „ეს განწმენდა, ეს დაბადება ისე ღრმად არის განცდილი, რომ განწმენდის მისტერიაში სიტყვა ბგერამდე – ხან ყმუილად, ხან დუმილად, ხან დანაწევრებულ ბგერებად – იცრიცება, როგორც იმგვარი პაროქსიზმი, რომელიც სინტაქსის, არტიკულაციის მიღმა ეძებს კალაპოტს და იმ უხსოვარ საწყისს უძებნის ფორმას, რომლისთვისაც უცხო იყო ნებისმიერი დანაწევრება, დიფერენცირება.“
ანდრო დადიანი readymade-საც იყენებს – პირად წერილებს და მათ ფოტოასლებს ლექსებად წარმოადგენს. თანაც ამ ფორმატში როცა გადადის, თბილ, ზრუნვით გაჯერებულ მომენტებს იჭერს თავისი ცხოვრებიდან და ამით თითქოს იმ მყიფე და მოწყვლად სამყაროს, რომელიც მის ლექსებშია, დამცავ გარსს აკრავს. აი, მაგალითად, ლექსი „ცხელი ბორში ლიტრიანი ქილით“
გრიბოედოვის 5 ნომერში სარდაფში რომ მაღაზიაა, იმის გვერდით, სანაგვეების ბოლოს რომ ეზოა, ჭიშკარში რომ შეხვალ, მარცხენა მხარეს II სართულზე ადის კიბე. კიბეზე რომ ახვალ, ხელმარცხნივ შუშაბანდში დგას ტრენაჟორი, ზედ კიდია წითელი პარკი შენთვის. არ გამიჯავრდე და არ გეწყინოს შიგ რაღაცაა პირადად შენთვის და წაიღე.
გკოცნი დეიდა (სახელი წაშლილია)
28.10.09.
ზრუნვის მსგავსი გამოვლინებები ისე იშვიათია ამ წიგნში, რომ განსაკუთრებულ კონტრასტს ქმნის პოეტის მიერ აღწერილ გარემოსთან, რომელიც ულმობელია და თან ამავე დროს გაჯერებულია თავგანწირული, შეპყრობილი, უიმედო, გაწბილებული სიყვარულისგან ნაშობი ეროტიზმით. იგი ხანდახან უხეშ ვნებადაც იქცევა და აგრესიაში გადადის იმათ მიმართ, „ვინც ადამიანებს უდგენს / როგორ შეასრულონ სექსუალური ფუნქცია.“
მაგრამ ეს აგრესიული ვნება მაინც არაა ავტორის მთავარი მახასიათებელი. ნაზი ეროტიზმი მას უფრო სჩვევია. როგორც, ვთქვათ, აქ:
დილით ქაშუეთთან ვნახე ზანგი ბიჭი,
ჰგავდა ღვთისმშობელს,
იელები ენთო თვალებში,
მსუბუქი იყო მარტის სიოზე,
არ მიყვებოდა ქუჩის დინებას,
იდგა და წერდა ესემესებს ვინმეს,
ალბათ შორს…
როგორც უსულო, ის იდგა ქარში
და გადიოდა ქუჩა მასში,
ვითომცდა თაღში.
მე ვნახე დილით ქაშუეთთან
ღვთისმშობელივით ზანგი ბიჭი,
სქელტრაკა იყო, ყვითელთვალება.
იქნებ სახელიც კი რქმეოდა ვინმე წმინდანის,
იდგა და წერდა ესემესებს,
ეგებ ღვთისმშობელს.
მსგავსი ეროტიზმისა და სისასტიკის ეს დაჯახება ქმნის იმ განსაკუთრებულ მგრძნობელობას, რაც მის პოეზიას დიაპაზონს თავისდა უნებურად უფართოებს და არ კეტავს ვიწროდ ლგბტ პრობლემატიკაში. ეს მგრძნობელობა კიდევ უფრო მძაფრად ვლინდება, როცა ავტორი დეკლამაციებსა და პერფორმანსებში აცოცხლებს თავის ტექსტებს. და აქ ისევ უნდა დავუბრუნდეთ მისი ნიღბის თემას. როგორ მუშაობს მისი ნიღბები ასეთ დროს? ისინი არაა ტრაგიკული ან კომიკური, არ მოდის ძველბერძნული ტრადიციიდან. არც ვენეციურს ჰგავს – სახასიათოს. ანდრო დადიანი არ ცდილობს თავისი ნიღბებით ტექსტის ჟანრულობა გამოკვეთოს ანდა პროტაგონისტის ტიპაჟი. პირიქით, ის შლის სახეს და ამით აზოგადებს თავის პერსონაჟებს. და ის ფართო დიაპაზონი, რომელშიც მისი ხმა ნიღბის მიღმა მოძრაობს (ჩვენი ავტორი ოპერის მომღერალია) – ისტერიულობიდან მიმზიდველ ჩურჩულამდე – შთამბეჭდაობას და პუბლიკაზე ზემოქმედების ენერგეტიკას ზრდის. ანუ საბოლოო ჯამში, ესაა მაინც არტისტული გადაწყვეტა, ესთეტიკური ხერხი სათქმელის უფრო უკეთ მიტანის.
კარგი იქნება აღვნიშნოთ, რომ „განსაწმენდლის“ პრეზენტაცია უწყვეტ 84-საათიან პერფორმანსს წარმოადგენდა. ავტორმა მისი ვადები დაამთხვია დანტესა და ვერგილიუსის განსაწმენდელში ყოფნის ვადებს. დაიწყო 2021 წლის 10 აპრილს, ღამის 4 საათზე და დაასრულა 14 აპრილს, დღის 4 საათზე. ავტორი ხის ცხენზე იჯდა უკუღმა (ეს პატრიარქალური საზოგადოების მიერ „ცოდვილის“ ჩაქოლვის წინა ფაზაა. ასოციაციურად ეს პოზა ყველას გაახსენებს ცნობილ ქართულ ფილმს – „ნატვრის ხეს“ და მის პერსონაჟ მარიტას), და ცხენის თავი და წინა ნახევარი თითქოს შესული იყო განსაწმენდელში. ანდრო დადიანის კრებული სრულდება ლექსით, სადაც სივრცეშია გაშლილი სიტყვები “ჩამეხუტე, უფრო ჩამეხუტე, მომეკარი, უფრო მომეკარი”. ეს ფრაზა შექსოვილი იყო მუსიკაში, რომელიც ისმოდა განუწყვეტლივ, და როდესაც სივრცეში შემოდიოდა ადამიანი, ხმას მიჰყავდა იგი პერფორმერთან, რომელსაც ეხუტებოდა, ხოლო მას გულიდან ამოსდიოდა თავისი წიგნის აუდიოვერსიის ხმა და პრეზენტაციაზე მისულს პოეტის რომელიმე ლექსის ფრაგმენტი ესმოდა.
ის, რომ ამ წერილში მხოლოდ და მხოლოდ პოეტური ტექსტების ლიტერატურულ ანალიზზე ვერ ვკონცენტრირდით, ბუნებრივია. ანდრო დადიანისთვის ხომ ტექსტის დაწერა საწყისი ფაზაა, რაც თითქმის აუცილებლად ითხოვს განვითარებას, საზოგადოებრივ სივრცეში მგრძნობიარედ გაშლას სხვადასხვა ხერხებით. აღსანიშნავია, რომ მის პერფორმანსებს წმინდად პოლიტიკური პროტესტის სახეც ჰქონია. ქუჩაში, პარლამენტის წინ ჩატარებულა და არა საგამოფენო დარბაზში. ასეთი ნამუშევრების გამო ხშირად ყოფილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თვალთვალის საგანი, ახლაც ამის გამო აქვს ქვეყანა დატოვებული და ბელგიაში ლტოლვილადაა ჩაბარებული.
დაბოლოს, მაინც, როგორ შევკრათ ის სურათი, რომელიც ამ ხელოვანის ნიღბიან პორტრეტს გვაჩვენებს?
იქნებ ამ ციტატით ლექსიდან „სტრიები“: „ვეძებ სითბოს“ – განცხადებაა ქალაქში გაკრული, ქვემოთ განმცხადებლის ნომერი მონდომებით დაჭრილ ფურცელზე წერია და ყველა მათგანი ხელუხლებლად ფრიალებს ავტობუსის გაჩერებაზე.
იყოს ასე: ვეძებ სითბოს… ვეძებ სითბოს… ვეძებ სითბოს… ვეძებ სითბოს…
უყვარს ხოლმე მაინც ანდრო დადიანს რაღაც ფრაზების გამეორება თავის ლექსებში…
წერილი დაიწერილია საერთაშორისო ლიტერატურული პლათფორმისთვის Versopolis
ინგლისური ვერსია – თარგმანი ინგა ჟღნტი
გამოქვეყნდა ონლაინ პლათფორმაზე AT.ge
Home Project Poetry Visual art Texts About
