როგორ მშურს,
ო, როგორ მშურს მათი
ვინც საკუთარი სიმართლის თქმამდე არ იოფლება და ჭინთვებს არ იწყებს.
როგორ მშურს მათი, ვისაც სათქმელი არ აქვს
და შეუძლია, გამაბრუებელი სიმშვიდით დაითბუნოს მთელი სხეული,
ტელებრიფინგებს შეჰყურებდეს გულგრილად და გულდამშვიდებით,
პოლიტიკოსების ბრიფინგებს,
მათ, ვის ყოფასაც ჩანაფიქრის ზომა-წონა აქვს,
მათ, ვინც არასდროს კვანძს არა ჰკრავს პირველობისთვის
(ყველაზე დიდი რაც რამ შეუკრავთ ჰალსტუხია
და უსათუოდ უნდა ითქვას
უნაკლოები არიან ამ დიდ საქმეში).
როგორ არ მშურდეს ცრემლმორეული ამერიკის რეზიდენტის სირიელი ბიჭით ხელში, ბავშვს რომ სამშობლო აჩუქა მოსალოდნელი დიქტატურისგან თავისუფალი.
როგორ არ მჯეროდეს ამ საუცხოო ტელეღმერთის, საუცხოო ნასკვით ჰალსტუხზე, ვისი პერანგიც სიქათქათით და ენა რბილი გულწრფელობით გამოირჩევა
(რა პოეტი ხარ თუ არ გშურს ამის?)
ნეტავ როგორ გინდა, ან ნეტავ რატომ გინდა
ამოცოცდე ამ ენის ჭაობიანი საფლობებიდან?!
მე კი ისე მინდა,
ო, ოო, როგორ მინდა,
დივანზე წამოწოლილი და
ნახევრად მძინარე ვუყურებდე
”The voice”-ს ან ”ნიჭიერს”,
მოსიყვარულე ცოლი სახლში ფუსფუსებდეს
რომელიც ბევრს არ ილაყბებს,
შვილებს გამიჩენს, ოთხს ან სამს მაინც
(და სამივეს გოგოს).
როგორ მშურს კმაყოფილი ადამიანის,
ვინც საკვირაო წირვებს ოჯახით ესწრება და
ვინც არასდროს გადის აქციებზე პოლიტიკის წინააღმდეგ.