7 კითხვა ანდრო დადიანთან – ვარადა

  1. ნატა ვარადა
    რა ხარისხით ატარებთ თავისუფლებას შემოქმედებასა თუ რუტინაში, ანუ რამდენად განსხვავებული ხართ თავისუფლების მომენტში, როგორც პიროვნება და როგორც შემოქმედი?

ანდრო დადიანი
შეუძლებელია არ გრძნობდე, როგორ გაცვდა ჩვენს ირგვლივ სიტყვების მნიშვნელობები, თითქოს ენამდელი და მუნჯია ჩვენი გრძნობები, შესაბამისად უკუგების გარეშეც, ასეთია სიტყვა თავისუფლებაც, აქედან არც კი ვიცი მისი იმანენტური მნიშვნელობა. ჩვენი ქვეყანა არაფერს არ აწარმოებს, თავისუფლების იდეაც იმპორტირებული პროდუქტია და ამიტომაცაა ალბათ ესეთი უცხო ის, რაც დასავლეთმა მოიპოვა და გაისისხლხორცა, ჩვენ კი ვერც მოვირგეთ და ვერც შევიყვარეთ.

ჩემთვის თავისუფლება მძიმე რუტინაა, როცა რუტინიდან ვვარდები ჩემი სხეული მიპყრობს მთლიანად, რომლისაც ყველაზე მეტად მეშინია სამყაროში, ამიტომაც – შრომა, შრომა და შრომა. ვცდილობ ჩემი საქმიანობა ჩემი პიროვნების ცალკე ნაწილი არ იყოს, ის დიდწილად ჩემი სულიერი მდგომარეობის გამოჟნვაა, ისე, როგორც ტყეში, ზოგიერთ ხეს წებო გადმოსდის და ეს მისი შინაგანი ბუნების ნაწილია.

2 პოეზიის ერა, განმარტოვება, თავში ჩაღრმავება, მუშაობა ახალ იდეებზე – ფუფუნებაც კი არის ზოგჯერ ასეთი ვითარება, თუ ეგოისტები გავხდით. რამე ახალი ნაწარმოები ან წიგნი ხო არ შემოგეწერათ?

მარადმყარი არაფერია, მაგრამ ქართული ზმნის ეს უცნაური და ორგანული ფორმა, -„შემომეწერა“, – არ მიყვარს, რადგან ინსტიქტურობით ნაკრანახევ შემთხვევითობას გულისხმობს. ცოტა ხნის წინ მოვრჩი პოემას, რომელსაც „არა იყო რა’’ – ჰქვია. მინდოდა კვლევითი, ესსეს ტიპის ტექსტი დამეწერა, რომელიც სალექსო ფორმას მოირგებდა, სიტყვასა და მუსიკალურ სიტყვას შორის კავშირს გააღრმავებდა, მაგრამ უარს იტყოდა პოეზიაზე, როგორც მეტაფიზიკურის მოხელთების მცდელობაზე. ამას გარდა რამდენიმე  პერფორმანსი გავაკეთე და მგონია, რომ მათი სათავეც ჩემი პოეტური ცნობიერებაა, იმის მიუხედავად, რომ მედიუმი ლექსი არაა.

3 – სრულიად განსხვავებული, დაპაუზებული მსოფლიო, ჩაკეტილი საზღვრები და გაუცხოებული ადამიაები, მოსიარულე ვირუსები და მიკრობები, აქვს ამ გარემოებას რამე დატვირთვა?

გადაჯეგვის და პირველობის ჟინით გაგიჟებულ ჩენს ცხოვრებაში, ვირუსმა საოცრად დეფიციტური, მეორე ადამიანის მიმართ სოლიდარობა მოიტანა. პანდემიამ ადამიანი როგორც ბიოლოგიური „იარაღი“  ისე დამანახა და ეს ყველაზე კარგი რამ იყო, რაც შეიძლებოდა პერფორმანსით, პერფორმერის სხეულით დაინტერესებული ხელოვანისთვის მოეცა სამყაროს. ვირუსი თავისი ბუნებით ძველ წესრიგში შეჭრის და გარდაქმნის ან მოსპობის ხატია (მოდერნულობის ფორმულა ფაქტობრივად), ხელოვნებაც ასეთი ბუნების უნდა იყოს ალბათ, ოღონდ თავისთავად და არა მიზნით.  როცა ვამბობ სიტყვას ‘’თავისთავად’’, ვგულისხობ, ცვალებადობის ხასიათით სავსე ხელოვნებას და არა მიზნად დასახული ხელოვნური ძალადობა, რომელიც პოლიტიკის რეგისტრიდანაა და არა ხელოვნების.

4 – დაგვისახელე გამორჩეული ავტორი ხელოვნებაში, წიგნი, მუსიკა, ფილმი მცირედი განმარტებით.

გამორჩეული ავტორების დასახელება გამიჭრდება, ბოლო დროს რამაც მოახდინა შთაბეჭდილება ვერნერ ჰერცოგის  დოკუმენტური ფილმი „Ancounters at the and of the world“ იყო, რომელმაც მისი ატმოსფეროთი დამატყვევა.

დიდი ხნის მანძილზე ვერ ვუსმენდი მუსიკას, ამასწინ YouTube – მ შემომთავაზა ბერგის „სამი საორკესტრო პიესა“ OP 6, რითაც წლების მუსიკალური სიჩუმე დამერღვა, საოცარი ჩანაწერია, ამ ჩანაწერს თავადაც დიდი კომპოზიტორი, პიერ ბულეზი დირიჟორობს ბიბისის სიმფონიურ ორკესტრთან.

ჩემი მეგობრის, რეჟისორ დათო ხორბალაძის ნამუშევარი „მამა თავს იხრჩობს ტყეში“, რომელიც გაუგებარია, ვიდეო არტია, პერფორმანსი თუ სატელევიზიო სპექტაკლი; მხოლოდ სპექტაკლის ჩარჩოში რთულად ჯდება მისი ახალი ვიზუალური ენის გამო და ეს მრავალშრიანი ფაქტურა მხიბლავს ამ ნამუშევარში.   

სერგეი ტიმოფეევის კრებული „მოკლე და მტკიცე პაუზები“ და პორტუგალიელი პოეტის, ფერნანდო პესოას ლექსებია  რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ბოლო დროს.

 5 – პრაქტიკული წერის პროცესი უეცარი დენის დარტყმაა, ნელი ღეჭვა, კურდღელივით ჩქარ-ჩქარა თუ…

მთლიანობაში ჩემი ტექსტთან მუშაობის მანერას შეეფერება სიტყვა „ცოხნა“, კარგი ექვივალენტია, ზოგჯერ რამდენიმე წელი ვუტრიალებ ერთ ლექსს, რამდენიმე თვე მინიმუმ. სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად ვმუშაობდი და არცერთი მანერა არ დამიგეგმია, თავად ტექსტი მკარნახობს როგორ მივუდგე მას. ახლახანს გამოსულ ჩემს კრებულში „განსაწმენდელი“ არის ციკლი „დავითის ფსალმუნები“, რომელიც დიდი სულიერი ტკივილის პარალელურადაა დაწერილი, წერის დროს სულ ვმასტურბირებდი, სხეულის გადაწვის და გათიშვის სურვილით და მგონი ეს ენერგია გადავიდა იმ ტექსტებში. ახლა პოემაზე როგორც მკვლევარმა ისე ვიმუშავე, ორ მაგიდაზე გაშლილი წიგნებით და ჩანაწერებით, ასე რომ ყველა ჯერზე სხვადასხვანაირად.       

6 – აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობ, როგორ სამშობლოში და რა გავლენას ახდენს შემოქმედებაზე თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა?

ეს ქვეყანა რომ ჩემს სამშობლოდ მივიჩნიო თავი უნდა მოვიკლა, ისეთი ამბები ხდება. გეოგრაფიული სამშობლო ხელოვანს არ მგონია ჰქონდეს ან სჭირდებოდეს, მისი სამშობლო მისი შემოქმედებით სამყაროა და გეოგრაფია ასეთის შემთხვევაში პირობითი პუნქტია. ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა ცხადია ხელისშემშლელია საკუთარი „სამშობლოს“ განხორციელებაში, „უსამშობლოოდ“ დატოვებული ადამიანი კიდევ მარტივია ბოროტმოქმედად იქცეს. 

7 – რა ან ვინ მიგაჩნიათ ქართული კულტურის პოლიტიკის დღევანდელ ნაკლად?

ძალიან კომპლექსური თემაა და მოკლედ პასუხის გაცემა გამიჭირდება.

30 წელია სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული კულტურის პოლიტიკა არ გაგვაჩნია (კულტურა არა ფართე გაგებით, არამედ სახელოვნებო პროცესის მართვის ჯანსაღი პოლიტიკა). დღეს თუკი რამ ხდება საინტერესო ამ სფეროში ყველაფერი ენთუზიასტი ადამიანების ხარჯზეა, რომლებიც მუდმივი უყურადღებობით, ხშირად ტყდებიან ხოლმე. პროცესი რომელმაც ახალი ავტორები უნდა დაბადოს უწყვეტობას და დინამიურობას მოითხოვს და ეს მოძრაობა ხელშეწყობილი არაა არც კერძო და არც სახელმწიფო სექტორისგან.

მთავრობას შეუძლია წაახალისოს სახელმწიფო ბეგარის დაწევით ბიზნესი, რომლიც კულტურის სუფსიდირებაში შეეხიდება მას, რითაც კულტურაც გათავისუფლდება სახელისუფლებო, სახელმწიფო ფინანსებზე აბსოლუტური დამოკიდებულებისგან და სახელმწიფოც მისი ზურგით არ ატარებს მას, მაგრამ ხელისუფლებისთვის კულტურა და კულტურის მოღვაწეები მხოლოდ საკუთარი პარტიული ინტერესების ირგვლივ მასების ორგანიზების საშუალებაა, მათ უჯობთ საკუთარ სამსახურში ჰყავდეთ მათ მიერ დაფინანსებული რამდენიმე ასეული ადამიანი მათივე ტელევიზიების მხარდაჭერით, დანარჩენი ათასობით ადამიანი მიტოვებულია ისე, როგორც ახლა, პანდემიისას.  პარტიული ხელოვანები როგორც თავში ვთქვი სიმართლეზე ძალადობით რყვნიან საკუთარ მედიუმებს – ენას ისე, რომ  მათი ოპოზიციისგანაც ვეღარ ღებულობს რეანიმაციულ პროცედურებს მერე ის ჟანრები.

კულტურა უპირველეს ყოვლისა ინდუსტრიაა, რომელიც ბევრი მედიუმის ჩართულობას მოითხოვს გამართული პროდუქტის შესაქმნელად. თეატრს ჭირდება მედიის მსახრდაჭერა, მხატვარი, კომპოზიტორი, მსახიობები, დეკორაცია, სცენის მუშები, განათება, კოსტუმების მკერავი, ხმის ინჟნრები,  და ა.შ. ამდენი ენთუზიასტი პროფესიონალის მოძებნა რთულია, დაფინანსება კი პარტიულად მხარდაჭერილ თეატრებს და რეჟისორებს აქვს, რომლებიც ცხადია ვერც ექსპერიმენტულ პროცესს აწარმოებენ და ვერც „აქ და ახლა“ პრობლემებზე საუბარს შეძლებენ და ამით აბლაგვებენ თეატრის სოციალურ მნიშვნელობას, ამიტომაცაა, რომ დიდწილად თეატრს დრომოჭმულ, პათეტიკურ ხელოვნებდ თვლიან ჩვენს ირგვლივ.  

ასევე ლილტერატურაში, გაიხსენე როგორი დამოკიდებულებაა მასიურად საზოგადოებაში ქართველი ავტორების მიმართ, გამომცემლობებში, ფესტივალებზე ნეპოტიზმის და დაქალ-ძმაკაცობის გაუვალი ჯუნგლებია, ჯანსაღი პროცესის ჩამხერგავი არაჯანსაღი დამოკიდებულებები.  

 სიმართლეზე ძალადობა ადამიანების პოლარიზებით იწყება, სოციალური კრიზისით გრძელდება და პოლიტიკური კრიზისით გვირგვინდება. ეს ხდება ყოველ 8 წელიწადში, ყოველი ახალი ხელისუფლების მოსვლისას და და ამიტომაცაა, რომ ქართული ხელოვნებისთვის ერთადერთი მუდმივა ქაოსია, არათანმიმდევრულობა და ამოვარდნები.



ინტერვიუ გამოქვეყნდა ფეისბუქგვერდზე “აგორა”



Home   Project   Poetry   Visual art   Texts   About

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *