ქარებით ვაჭრობა (წერილი)

წერილი გაზეთისთვის -“365” 
2024 წელი, მარტი

ყველა წყარო დაშრა ჩვენთვის, ზღვამაც უკან დაიხია, ნიადაგი მზად არის რღვევად, ხოლო წიაღს არ სურა ჩაგვყლაპოს! (ზარატუსტრა).

და თუ ასეა რა გაეწყობა, უნდა გავაგრძელოთ…

ხელოვნება ჩვენს ირგვლივ თვითრეფლექსიურ, რიტორიკულ არტეფაქტებად გადაიქცა, ხელოვანი თითქოს სოციალურ რეალიზმს დაშორდა და საკუთარი თავისკენ მიტრიალდა. ინდივიდუალიზმის საუკუნეა და ერთი თვალის შევლებით ეს პროცესი რომანტიკულად გამოიყურება, ეს ხომ ისაა, რაც მთელი სამოცდაათი წელი გვქონდა აკრძალული… მაგრამ არსებულ პოლიტიკურ წესრიგში ხელოვანს და ხელოვნებას აქვს მორალური უფლება ზურგშექცევით იყოს ამ მახრჩობელ გარემოსთან? გარემოსთან, რომელიც  მეწყერქვეშ იყოლიებს სოფლებს, ემიგრაციაში ერეკება ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს, რომელმაც  რაიონებს მიწა გამოუთხარა და ჩამოაქცია, რეალობას, რომელიც მოსწავლეებს გაუნათლებლობისა და შიმშილისთვის იმეტებს? ნუთუ ამ დროს პროტესტის გარდა სხვა ძუძუებიც აქვს? მეტყვით არაო. არა, ჰო, მაგრამ ფაქტია, მდუმარე არტისტების რაოდენობა დღითი-დღე იზრდება. თუ ახალი რეალობით ნაკარნახევი შინაარსი არ ჩასვა ხელოვანმა  მონათხრობში, სად უნდა მოხდეს მისი არტისტულ-პიროვნული კრისტალიზაცია? საბჭოთა რეპრესიების დროს დავით კაკაბაძე აკადემიიდან გააგდეს და გაციმბირებას რომ გადარჩენილიყო, დროა გავჩუმდეო, – თქვა და პეიზაჟების ხატვა დაიწყო. ცხადია, არაპოლიტიკური პეიზაჟების ჟღერადობა სიჩუმეა და ეს ტრაგიკული პერსონაჟის სიჩუმეა, გამოტეხვის გარეშე რომ ამხელს სისტემას და ავტორიტარული ქვეყნის ხატს ქმნის უნებლიედ. კაკაბაძისეული, დუმილით გადარჩენის ეს ფაზა ჩვენ უკვე გვლილი გვაქვს, დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და უკეთესი მომავლისთვის ხმის ამოღებაა აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება “control Z”-ის ფუნქცია შეასრულოს ამ უტყვობამ. დავბრუნდეთ იქ, სადაც არსებობის ერთადერთი შესაძლებლობა იყო ადამიანის მთავარი იარაღის, – აზროვნების და სიტყვის დათმობა, გაჩუმება (სიტყვა “გაპირუტყვებაც” მახსენდება აქ). ამიტომაც, სანამ ჯერ კიდევ არსებობს ადამიანის სახის გადარჩენის და ქვეყნიდან გაქცევის ალტერნატივა, ახალი უკმაყოფილობის კერები უნდა გავაჩინოთ ჩვენს ირგვლივ. 

2022-23 წლამდე, პოლიტიკაზე რომ ვლაპარაკობდით, მასში  მოქალაქეობრივი და კულტურული ცნობიერების შესახებ ვმსჯელობდით. მაშინ შეგვეძლო კამათი, დისკუსია, შეხვედრები, განხილვები ჩაგვენიშნა. ხშირად ახლი შინაარსების ძიების ფორმალისტურ მოძრაობად გამოიყურებოდა ეს, მაგრამ ახლა ესეც გაქრა. სიტყვა „პოლიტიკა“ერთმა პარტიამ დაისაკუთრა და ამ სიტყვის ყველაზე პორნოგრაფიული, მარტივი და იმავდროულად ბრუტალური ფორმებით გვეკონტაქტება ის ახლა. ერთ მხარეს დგას ადამიანები ხელოვნურად გაღარიბებული ცნობიერებით და ეკონომიკური მდგომარეობით, მეორე მხარეს მერკანტილური, პარტიული პოლიტიკა, ქართული სახელმწიფოს და ქართველი მოქალაქის წინააღმდეგ. ამ მოცემულობაში გვერდს ვერ ავუვლით სირთულეს, რაც ამ საკითხზე არტიკულირებისას გვხვდება ხელოვანებს. როცა შავ-თეთრის გარდა ყველაფერი გაკრეფილია, აღარ არსებობს ნახევარტონები და შუქჩრდილები, მძიმე სათქმელია ტრიბუნიდან, – მეგობრებო, შავი შავია და თეთრი არის თეთრი, ორჯერ ორი კი ოთხს უდრის… მაგრამ  თუკი სათქმელი ესაა, თუკი ხელოვნურად გაღარიბებულ ადამიანებს მხოლოდ ასე შეიძლება ელაპარაკო, თუკი სულიერი მხნეობა და თანამოაზრეობა ასე შეიძლება განუმტკიცო, რა გაეწყობა?! ასეთ დროს არტისტული ეგოს გვერდით გადადება და მარტივი ჭეშმარიტებების გამეორება უფრო მაღალჰუმანური აქტია, ვიდრე ხელოვნების ენაში დარჩენა „პეიზაჟების“ ხატვა და დუმილით მრავალსართულიანი ინტელექტუალის სტატუსის შენარჩუნება. ხელოვანები, რომლლებიც იდეალიზებულ ნატურმორტებს, პეიზაჟებს ან აბსტრაქციებს ხატავენ,  რიტუალურ ან ე.წ. კლასიკურ თეატრს აკეთებენ, იტყუებენ თავს, რომ ენის ძიებაში არიან, რეალურ სათქმელს გაურბიან ისინი. ენა, რომელსაც ისინი ემსახურებიან მუნჯია, შიშითაა დაბუჟებული და ნებით თუ უნებლიედ სხვათა ტყუილით მომცდენია.

კულტურა გვეუბნება,  – “შენ უნდა!..”. შენ უნდა შეინარჩუნო მამების სოციალური ეთიკა, რაც წინააღმდეგობაშია ხელოვანის – „მე უნდა“-სთან და რა წყევლა უნდა შემოგვითვალოს კულტურამ ისეთი, რომ ასე, თვითგანადგურებას და ქარებით ვაჭრობას დავთანხმდეთ ხელოვანები? გაუხედნავ, მოუშინაურებელ ხელოვანს როგორც კი მოშივდება რეალობას შეჭამს, ამიტომაც მოიშინაურა დღევანდელმა ხელისუფლებამ უფროსი თაობის ელიტა და ამიტომ ცდილობს მისი იღლიის სითბო არ მოაკლოს ფინანსურმა ელიტებმა ახალი თაობის ხელოვანებსაც. შინაური ხელოვანი ძალაუფლებას ფეხებში უგორდება, იხვეწება მომეფერე, სანაცვლოდ ჩემს „ცხოველობას“ დავთმობო, ნამდვილი ხელოვანი კი ბუნებით ველური, შემზარავი და საშიშია.

ხელოვნება ახლა აბსტრაქტული შემთხვევითობების ადგილი არაა და თუკი ასეთი მაინც არსებობს, ის არც ნამდვილია და აღაც არსებითი ახლა. ხელოვნება დაანგარიშება, ანალიზი და დაგეგმვაა ადამიანთა გათავისუფლების და თანასწორობისთვის. რეალობამ კი ისეთ მდგომარეობაში მოგვაქცია, გაოგნებისგან ან ხახამშრალი უნდა ვიდგეთ, ან პათეტიკურად ვიყვიროთ. არჩევანი მარტივია, – უნდა ვიყვიროთ, მაგრამ პოლიტიკური დღის წესრიგის სასარგებლოდ, პათოსი დაბალ ესთეტიკურ კატეგორიად ითვლება ჩვენში, ამიტომ რჩება დუმილი, რომელიც უფრო მშობლიურიცაა გასული საუკუნის გამოცდილებით და სოციალურ-ეკონომიკურადაც მომგებიანი. პათოსზე ამ დამაზიანებელი შეხედულების გასაბათლებლად ჩემს საყვარელ ფრაგმენტს მოვიყვან იაროსლავ სეიფერტის ლექციიდან „ლირიკული და პათეტიკური ცნობიერების შესახებ“, რომელიც 1984 წელსლიტერატურაში დარგში ნობელის პრემიის მიღების შემდეგ წაიკითხა. სეიფერტი იქ ამბობს: – „პათეტიკა ერთი ნაბიჯით უსწრებს რელობას, ის არ კმაყოფილდება დღევანდელით, ის უფრო სხვა საკვებით საზრდოობს, ვიდრე არის ნექტარი “აქ და დღეს”, რაზეც სრულად შეუძლია უარი თქვას. გარე ვალდებულების გარეშე, საკუთარი გადაწყვეტილებით იგი მზად არის თავის კონტროლის, დისციპლინისა და ასკეტიზმისთვის, რადგან არ შეუძლია დარჩეს გულგრილი გარემოზე. მშვენიერია! წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება გაჩერდებოდა, მოექცეოდა ჩიხში, სიმართლე გადაიქცეოდა ძალაუფლრბის მსახურად, სამართლიანობა- უხეში ძალის იარაღად. სიმართლის გამარჯვება არ იყო და არც იქნება შესაძლებელი პათეტიკის გარეშე. ვიდრე არ დაგვიკარგავს პათოსი, იმედი ჩვენთანაა, იგი იმედია რომელიც მარცხსაც სიამაყით, ღირსეულად ეგებება და კატასტროფას და კრახსაც უფრო დიდ მოვლენად გარდაქმნის, – ის აძლევს მარცს თავგანწირვის ხასიათს და ამაღლებს საერთოს მიზნისკენ. ამგვარად, პათეტიკა ერთდროულად მაღლდება და ამაღლებს, უიმისოდ გამეფებული იქნებოდა უუნარობა და უბადრუკობა.” – ამბობს მწერალი და მეც მიყვარს პათეტიკაზე ამგვარად ყურება.

სამყაროში ცვლილებების მოსახმობად ხელოვნებას ყველაზე დიდი ძალა აქვს და ამის მაგალითად უამრავი ფაქტი შეგვიძლია მოვიყვანოთ მხოლოდ გასული საუკუნიდან, – ვუდსტოკის მუსიკალური ფესტივალიდან წამოსული სექსუალური რევოლუცია იქნება თუ შავკანიანთა, ჰომოსექსუალთა და ქალთა ემანსიპაცია. ესაა დიდი რეალობა, რომელიც ამ საუკუნის ადამიანებს ხელთ გვიპყრია, როგორც გამოცდილება. რასაც ხელოვანები იდეების სამყაროდან მატერიალურ სამყაროში ახორციელებენ, საყოფაცხოვრებო კულტურაში გაიწოვება და მხოლოდ შემდეგ, როგორც ფორმიდან ამონათებულ აუცილებლობას, იცავენ პოლიტიკოსები. შავკანიანმა და ჰომოსექსუალმა ადამიანებმა დაიკავეს სხვადასხვა სახელოვნებო სცენები, გააჟღერეს საკუთარი პრობლემები და ამ პროცესმა შინაგანად გაათავისუფლა ადამიანები, პოლიტიკა კი მხოლოდ ახლა ეწევა ხელოვნების შედეგებს და კანონმდებლობით არეგისტრირებს ადამიანთა თანასწორობას. ქართულ სახელოვნებო სცენაზე ხშირად ვხედავთ თანამედროვე ენით, ფორმებით გატაცებას, მაგრამ ფორმა ფორმალურად რომ არ იდგეს, მასში თანამედროვე ადამიანი უნდა გაცოცხლდეს მთელი თავისი მეხსიერებით და იმ კულტურული პერიფერიებით, რომელზე ფოკუსის მიშვერაც არაკორექტულად ითვლება ჯერჯერობით. ხელოვანის სულს ერთადერთი ფრთები აქვს, – გონება, და უნდა ვიმსჯელოთ, რაზეც პირველ პირში შეგვიძლია ლაპარაკი. ახლა პოლიტიკური კულტურის აყირავების დროა და მხოლოდ ამაში ჩართულობით შეიძლება, თავაწყვეტილ ინდივიდუალიზმის საუკუნეში, ინდივიდუალური პორტრეტის გამოკვეთაც.

 

Home   Project   Poetry   Visual art   Texts   Ab

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *