პოლიტიკა 101
როგორ სამყაროში ვცხოვრობთ?
სადაც მსუქანი კატები დივიდენდებს იღებენ
მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციებიდან,
რომლიც ტყუილებსა და ქურდობაში მდგომარეობს.
ამ ყველაფრის შემდეგ, ბავშვები არიან ნარკოდილერები.
ზემოთ, – ფარმაცევტული კომპანიები კი მილიონებს შოულობენ ნარკოტიკების გაყიდვით, დაავადებების და სნეულებების მანიპულირებით.
ერთხელ ვიღაცამ თქვა,
თუ მდიდარი ხარ, შეგიძლია იცხოვროო.
ჩვენი გონება ღარიბია,
თითქოს არაფერი დაგვრჩა გასაცემად.
თითქოს უდაბნოში ვართ ჩარჩენილები
კანიბალური მიდრეკილებებით,
ველურებივით ვცხოვრობთ პრიმიტიულ გარემოში,
ცოდნა ასეთი შეზღუდულია,
ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, როგორ ააშენეს პირამიდები,
თუმცა კი, ჩვენს ყოფას „ცივილიზაციას“ ვუწოდებთ.
გვყავს ერები, რომლებიც ბრძანებებს გასცემენ
უდანაშაულო სიცოცხლის საწამებლად და
ხალხს ხოცავენ საკუთარი საზღვრების მიღმა.
ტყუილების უმიზეზო გავრცელება და მერე
მათი გაგრძელება მედია კლოუნადაში,
აი, ეს არის თანამედროვე კოლონიზაცია.
ჰიბრიდული შემოჭრა
ოკუპაცია.
ისინი იწვევენ ქაოსსა და არეულობას,
მათი ხედვა გლობალიზაციაა და
კაპიტალიზმის გავრცელება ყველა უცხო ქვეყანაში, ომის წარმოება.
მეოთხე სტრატეგიაა, დააჯილდოონ ისინი,
ვინც მათ სისტემასთან მორჩილებაშია და ჩაახშონ იმათი ხმა,
ვინც ეწინააღმდეგება ან საერთოდ არც უსმენს მათ.
ჩვენი ენა კატაკლიზმებმა დაიპყრო და დავდუმდით.
ვიჯდეთ და ვუყუროთ.
გაფუჭებული საათიც სწორია დღეში ორჯერ,
ამიტომ, როცა გვეუბნებიან რომელი საათია,
ვღებულობთ იმ სიმართლეს, რასაც ისინი ამბობენ.
გახსოვთ ალბათ თქვეს, რომ ცვლილებების დროა?
მშვენიერია!
და რა შეიცვალა?
ეს უბრალოდ მათი გამომეტყველების ცვლილებაა იმავე სპექტაკლში.
იგივე პრეტენზიის წარმოდგენა.
იგივე ზიანის მიყენება.
იგივე მოგების მიღება.
ისინი იწვევენ ქაოსს შავი ოქროსთვის და
საამისოდ რამდენ სიცოცხლეს შეიწირავენ
მნიშვნელობა არ აქვს.
რამდენი სახლის დანგრევა მოუწევთ.
რამდენი მტრის ხატის შექმნა.
ეს ყველაფერი ნავთობისთვისაა,
რადგან ნავთობი კაპიტალად ითარგმნება
და ისინი კაპიტალზე დგანან.
აი ასე, უბრალოდ,
რათა ყველაფერი შემოზღუდონ
და ეს არის პოლიტიკა 101, დიდი ასოთი P.
გაკვეთილი პირველი: –
არ ენდოთ იმას, რასაც კითხულობთ ახალ ამბებში ან რასაც ხედავთ ტელევიზორში.
ნამდვილი კაცი
ნამდვილი კაცი იყავიო, მითხრეს
ეს კი იმას ნიშნავდა თურმე, რომ არასდროს უნდა მეტირა,
თვალები ჟალუზებივით უნდა დამეხურა
და როცა გრძნობებზე მიდგებოდა საქმე,
მონასტრის კედლებს უნდა დამსგავსებოდნენ ისინი დუმილით.
ტირილი სისუსტის ნიშანია და
რომ გადარჩე ძლიერი უნდა იყო სულ.
ნიღაბი უნდა ატარო მკაცრი გამომეტყველებით და
არავის ჩაახედო რა ხდება შენში.
ბავშვობიდან გვაჩვევდნენ,
თითების იარაღივით დაჭერას და მიზანში სროლას,
სანამ გავიზრდებოდით და ნამდვილ იარაღსაც გავისროდით.
ცუდად ვცეკვავდით ჯექსონის Thrill(h)er-ის რითმებზე
სანამ რეალურ ცხოვრებაში არ გამოვცხვით ნამდვილ დამნაშავეებად.
ჩვენი ბუნების ნაწილი, ჩვენი ქვეცნობიერი დაადუმეს.
Play Station-ით, Xbox-ით თუ ჯექსონის მზერის გამეორებით,
ყველგან ძალადობაში ვვარჯიშობდით,
არასდროს გვიფიქრია, რომ ეს არასწორია,
რადგან ნამდვილი კაცი მოძალადეა და
ეს იყო სწორედ კაცობის ერთადერთი მისაღები ფორმა.
უბრალოდ გაიხსენე, უხერხულობისგან როგორ გზაფრავს,
როცა ატირებულ ზრდასრულს კაცს ხედავ და
გაიხსენე დედის ჩურჩულიც:
„ცრემლები მოიწმინდე, ბიჭები არ ტირიან!“
ასე რომ, გასაკვირი აღარაა,
რომ ძალადობრივი დანაშაულების თითქმის 90%-ს კაცები ჩადიან
ჩვენ ხომ მუდამ დაძაბულები ვართ.
ასე რომ, „ნამდვილი კაცობა“ ტყუილში ცხოვრებას ნიშნავს.
ნამდვილი კაცი იყავიო, მითხრეს
ქალთმოძულე სიტყვები,
ისეთი როგორიცაა „ძუკნა“ მაგალითად,
ენაზე გვექონდა მიკერებული.
ვცხოვრობდით ბეტონის ჯუნგლებში
სადაც ბაღი არ არსებობდა
მაგრამ ჰაერში ხელებაწვდილი
მაინც ვიმეორებდით შეკითხვას, სად არის თოხი?
მისმინე ძმაო, ტყუილში გაგვზარდეს, როცა გვითხრეს
კაცს შეუძლია იძინოს იმდენ ქალთან რამდენთანაც მოუნდებაო
და არაფერი უთქვამთ სიყვარულზე.
არასდროს უთქამთ, რომ სიყვარული ვენაში შესული წამალივითაა,
წამალი, რომელიც ყველაზე მძიმე ტკივილებს კურნავს და
რომელიც ყველას გვჭირდება.
ნეტავ სიყვარულს ვყიდდეთ
კრეკის და მარიხუანას ნაცვლად ასე დაფასოებულს
წარმოიდგინე ერთი წუთით ეს, გადატრიალება იქნებოდა პირდაპირ.
კრეკზე დამოკიდებული ხალხი იქნებოდა სიყვარულით გაბრუებული ხალხი,
კრეკის ბავშვები კი იქნებოდნენ უბრალოდ სიყვარულით დაბადებული ბავშვები.
სარეაბილიტაციო ცენტრებში კი უსიყვარულოები ივლიდნენ.
ფაქტია მოგვატყუეს,
ცუდი მაგალითები მოგვცეს როგორი უნდა იყოს ნამდვილი კაცი,
ამიტომ ნამდვილი კაცობა კიდევ ერთი ტყუილია.
ეს ყველასთვისაა,
ყველა კაცისთვისაა,
ვისაც გული უძგერს და არ ეშინია ტირილის.
კაცებისთვის, რომელთა გრძნობებიც მთვრის შუქივით ნათელია.
კაცებისთვის, ვინც შუაღამით ლექსებს სწერენ და წიგნებს კითხულობენ.
მათთვის, ვინც კაფეებსა და ბიბლიოთეკებში იკრიბებიან,
რომ განიხილონ ბელ ჰუკსის წიგნი, -„მართლა მაგრები ვართ“
კაცს, რომლსაც შეუძლია თქვას მიყვარხარო, გადაეხვევა მეორეს
და არ დაამატებს, „ჰომო არ გეგონო ძმაო, კაცი ვარ“.
ვისაც ღიად შეუძლია სიყვარულზე ლაპარაკი
კონვერტივით გახსნი და ნახავ,
კაცები, რომლებსაც სიყვარული უნდათ,
მაგრამ არა ისე კლუბში რომ უყვართ, არამედ ისე,
ჩვენი წინაპრები რომ გვიყვებოდნენ და მითი არაა ეს.
წარმოიდგინეთ იეროგლიფებით დაწერილი „ვარდები წითლები არიან“.
ოდა შიშველ მზეთუნახავს მეროიტული* დამწერლობით. სერენგეტის* თავზე სუაჰილის* სიტყვებით წარმოთქმული, – როგორ გვაგონებს ჰორიზონტზე მზის ამოსვლა ღიმილის დროს ქალის სახეზე დაფენილ სინათლეს.
მისმინე ძმაო, ფაქტია მოგვატყუეს
ცნამდვილი კაცის ცუდი მაგალითები მოგვცეს
და როცა შეგიძლია – იყო შენ, უნდა იყო შენ.
ზოგად სტანდარტებს ნუ მისცემ უფლებას შეგზღუდოს,
იმიტომ რომ ნამდვილი კაცები არ არსებობენ,
ის კაცები არსებობენ მხოლოდ,
რომლებიც არიან ნამდვილები.
შენიშვნები:
Meroitic script — ეს არის ძველი ეგვიპტის სამხრეთით, დღევანდელ სუდანში არსებული მერიოტური სამეფოს დამწერლობა.
Swahili — სუაჰილის ენა, ვრცლად იყენებენ აფრიკაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ აფრიკაში (კენია, ტანზანია, უგანდა).
Across the Serengeti — სერენგეტი არის უდაბნო/გრძელი მდელო ტანზანიასა და კენიის საზღვარზე.
ვარსკვლავთცვენა
ვარსკვლავი აფეთქდა მის სუნთქვაში და ახალი სიცოცხლე შთაბერა,
სანამ ჩვენ ვისხედით და პატივს მივაგებდით ღამის თანავარსკვლავედებს.
მის მკერდზეც თანავარსკვლავედები ამოტვიფრულიყო.
მისი ავან-ჩავანის გარკვევით აღმოვაჩინე,
რომ ის ვარსკვლავისგან დაიბადა
და როდესაც ლაპარაკობდა მათზე,
თითოეული მათგანი მას უბრუნდებოდა.
თითები ჩავყავი მის ფიქრში,
თითოეულ ასოს ვეხვეოდი და
მის ფიქრებს ვკითხულობდი.
მან თქვა რომ,
ტრაგედიის შენიღბვა ასწავლეს კანით და
რომ საჩუქარი იყო ახლა ეს უჩინარობანი,
მისი ტკივილი რომ არავის დაენახა.
ყოველ ამოსუნთქვას შორის ის ამტკიცებდა,
რომ ვარსკვლავთცვენა იკარგებოდა და
როდესაც ერთი მათგანი გადიოდა მასში,
მე ვამბობდი:
„შეხედეთ ღამის ცას,
როგორ შეიძლება ვინმემ გაბედოს იმის თქმა, რომ ის მშვენიერი აღარაა?“
თუ გაგვჭრით (ყველას სისხლი წამოგვივა) ლონდონი, 2011
ბავშვი, რომელიც ვერ იქცევა სოფლის ნაწილად,
გადაწვავს მას, რომ თავისი წილი სითბო მოიპოვოს.
თქვენ ჩეხავთ მოზარდების ოცნებებს,
ამიტომაა, ბევრი მათგანი მომავალს ვერ ხედავს და
დანარჩენები კი საერთოდ ვერაფერს ხედავს.
თქვენ თესავთ უნაყოფო თესლს მათ გონებაში
რომ არაფერი გაღვივდეს და არაფერი აღმოცენდეს,
ყველაფერი გაიყინოს.
ცვლილებების ნაპერწკალიც კი უნდა ჩაქრეს.
თქვენთვის სიტყვა „ცვლილება“ საარჩევნოდ ხმების მოზიდვის ხერხია,
მათთვის კი ეს სიმბოლო იყო იმედის.
თქვენ საზეიმოდ ჭრით ლენტს,
ხსნით პოლიტიკის პანდორას ყუთს,
რომელიც ბიუჯეტის შემცირებას და
სწავლის მაღალ გადასახადებს იწვევს
ისედაც მკაცრი ეკონომიის დროს.
მითხარით,
როგორ შეგიძლიათ იპოვოთ ფული სხვა ქვეყნებში ომის დასაფინანსებლად?
მითხარით, გსმენიათ ახალგაზრდა კაცის ნათქვამი, –
„ვერ გაშლი ხელებს იქ, სადაც შენი მკლავები ვერ წვდებაო?“
სანამ დანაშაულის ადგილს დატოვებთ ეგებ ეს მაინც მითხრათ, საერთაშორისო მასშტაბით რამდენი ოცნება გაქვთ მიტაცებული?
უკანონობა შობს უკანონობას!
მაშ, რა არის ამ საზოგადოებაში ისეთი, რაც
ასეთ უაზრო ძალადობასა და კრიმინალს წარმოშობს?
მისაბაძი მაგალითები ცნობილი ადამიანებით ჩავანაცვლეთ, სილამაზე – სექსუალურით, კეთილშობილება – სიხარბით, განსხვავებაც არ ვიცით იმას შორის, რა გვინდა და რა გვჭირდება. რა დაემართა ამ საზოგადოებას?
თუ გაგვჭრით ყველას სისხლი წამოგვივა
რა არის ამ საზოგადოებაში ისეთი, რაც ასეთ კრიმინალს ბადებს?დრო იყო ომების წინააღმდეგ იმართებოდა აქციები, სამართლიანობის მოთხოვნით, ადამიანის უფლებებისა და თანასწორობისთვის, ახლა ქაოსია ლეპტოპების, ტელეფონების და BlackBerry-ების, Nike Air-ის ტრენდული მაღაზიიდან გამოსატანად.
თუ გაგვჭრით ყველას სისხლი წამოგვივა
მატერიალიზმი გადამდებია როგორც დაავადება.
ბავშვები ბაზრის სტრატეგიის ელემენტებად აღიქმებიან.
კაპიტალიზმი ყველაზე დიდი მძარცველია.
მან მიიტაცა უბრალო ადამიანების შემოსავალი და უბრალო სახლები.
კიდევ ერთი ილუზია და კიდევ ერთი დეფორმაცია –
ზუსტად ისეთი, როგორიც პოლიციის მიერ შეთითხნილი ტყუილები…
დედა ტირის, და სამწუხარო ის არის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ
ნორმალურ ცხოვრებას ვაგრძელებთ.
დედა კვლავ ტირის.
რამდენი დედა ტიროდა?
კიდევ რამდენი დედა უნდა ტიროდეს?
ეწყვიტეთ ძალადობა და შეწყვიტეთ ტყუილები.
რა საჭიროა ჩუმად წამება.
შეწყვიტეთ ადამიანების ცხოვრებიდან სიმშვიდის გატაცება.
თუ გაგვჭრით ყველას სისხლი წამოგვივა
ისეთი სიხარბეა ახლა, ოჯახებს სახლების გარეშე ტოვებს,რამდენი გაიწირა ქუჩაში სახეტიალოდ…
რა არის ამ საზოგადოებაში ისეთი,
რაც ასეთ კრიმინალს ბადებს?
ბავშვები თავად არ იზრდებიან
და ვაშლიც ხიდან შორს არ ვარდება.
არსებობს კოლექტიური პასუხისმგებლობა.
რადგან ყველა იტანჯება,
მესმის თქვენი იმედგაცრუებაც,
მაგრამ ტკივილის მიუხედავად,
ნუ ეძებთ ვინმე დამნაშავეს და
გახსოვდეთ, როდესაც თითს გაშლით,
ხშირად ეს თითი იმ მიმართულების მაჩვენებლია,
საითაც უნდა წახვიდეთ.
ესაა კოლექტიური პასუხისმგებლობა.
თუ გაგვჭრით ყველას სისხლი წამოგვივა.
ნუ მოჭრი საკუთარ მომავალს.
უბრალოდ მინდა მიყვარდეს
უბრალოდ მინდა მიყვარდეს ისე,
როგორც ახალშობილ ბავშვს უყვარს დედა,
მასთან ვგრძნობ, რომ ვარსკვლავებში დავლივლივებ,
თითქოს ზემოდან ვუყურებ დედამიწას და
მსუბუქად დავაბიჯებ სამყაროს კიდეზე.
უბრალოდ მინდა მიყვარდეს, რადგან
მის მნიშვნელობას სრულად შევირძნობ.
ოდესმე დილით გაგიღვიძიათ და
ისევ იმაზე ფიქრობდით, რაზეც წინა ღამეს?
და მერე ასე თუ გიფიქრიათ,
რადგან ზუსტად იმავე პოზაში ვარ,
იქნებ საერთოდ არც მეძინა?
საიდან მოდის ეს ტყუილი?
უბრალოდ მინდა მიყვარდეს,
მაგრამ ხშირად მარჯვენა ხელს მარცხენათი ვიჭერ,
რადგან ჩემი თითები ისე აგნებენ მის ნომერს ტელეფონზე
თითქოსდა მაგნიტი იზიდავდეს.
თავს ვაიძულებ, ყოველ ხუთ წუთში არ მივწერო,
– „რას შვრები?“, „ჰე, ჰე, ჰეე“.
მაშინაც კი, როცა ქვეყანაში არ არის,
მინდა საათობით ველაპარაკო და
რამდენი დამიჯდება ეს არც კი ვკითხულობ,
თუმცა მადლობა ღმერთს Skype არსებობს ახლა.
უბრალოდ მინდა მიყვარდეს,
რადგან ზუსტად ჩემიანია,
ხანდახან Facebook-ზე შევდივარ მხოლოდ იმისთვის,
რომ მისი სურათი ვნახო.
და რა საოცრებაა…
ისეთი ღიმილი აქვს,
თავიდან იბადები თითქოს მასთან ყოველდღე.
იმ დღეს ქუჩაში მივდიოდი, ხელები მაღლა ავყარე და
ამოვიყვირე „დიახ, დიახ, დიახ!- მეთქი“
უბრალოდ იმიტომ, რომ ვიცნობ ვინცაა,
რამდენი გრძნობა მიტრიალებს და
რამდენი სიყვარული მაქვს მასთან მისატანი…
თავ-გზა ამირია, ვეღარ ვგებულობ
უნდა დავრჩე თუ უნდა წავიდე,
უნდა ვიჩქაროთ თუ სიმშვიდე გვმართებს,
ბინა ვიყიდოთ თუ სახლი,
– თუმცა იქამდე კიდევ დრო არის.
უბრალოდ მინდა მიყვარდეს, როგორც მთვარე უყვარს ზღვას,
როგორც ჩიტებს და ფუტკრებს ცა,
როგორც მზეს უყვარს ხის კენწეროები.
და როგორც ხელებაწვდილი ხეები იწევენ მზისკკენ ისე გავწევდი მისკენ,
რომ გავმხდარიყავით ერთი ნათება ერთად, ერთად გავღაღადებულიყავით.
უბრალოდ მინდა მიყვარდეს,
რადგან განსაკუთრებულია მისი ფესვების სიღრმე,
ლაპარაკობს და თვითონაც არ იცის რომ,
მისი ხმიდან ირხევა ანტიკური დედოფლების ნაზი დიდება.
მასშია უძველესი ტიეს სიბრძნე და
ნეფერტიტის მშვენება
ისეთი უშიშარი სულით მართავს ყველაფერს,
როგორც აშანტის დედოფალი.
და რადგან მე ვარ მეფე,
ვიცი, რომ ერთად ვიქნებით სამეფოში
რომელიც სიყვარულით იმართება,
იმ სიყვარულით ანგელოზებს რომ ამაღლებს და
ზეციდან დაჰგალობენ ჩვენს არსებობას.
იმ ამგელოზს რომ შევხვდებოდე,
ჩვენი შეხვედრის გეგმა რომ ღმერთს შეჰბედა,
მუხლებზე დავუდგებოდი და ხელს მოვუწერდი.
საოცარია, პირდაპირ წმინდა გენიოსის ხელწერაა ამ იდეაში.
წარმომიდგენია ღმერთის რეაქცია ამაზე,
ალბათ იტყოდა: „ჰო, მომწონს ეგ იდეაო“.
თუმცა ღმერთმა მანამდეც იცოდა,
იცოდა, რომ უნდა შევხვედროდით ერთმანეთს,
მისი ხელით იყო დაწერილი ბედისწერის წიგნში ეს.
უბრალოდ მინდა მიყვარდეს ისე,
თითქოს ჩემი ცოლია უკვე და
ამ სიყვარულის დასამტკიცებლად იმ მსხვერპლსაც გავიღებდი,
რაც ქრისტემ გაიღო და მერე მხოლოდ იმისთვის აღვსდგებოდი,
რომ მის გვერდით ვყოფილიყავი მისი დღეების ბოლომდე.
ვიცი, რომ გამჭრა სიყვარული წამომივა ვენებიდან,
ვიცი ჩემი სისხლის ჯგუფი L-O-V-E დადებითია,
თუმცა ჩემს ექიმს არ სჯერა, რომ
სისხლის ჯგუფი შეიძლება იყოს „სიყვარული“.
უბრალოდ მინდა მიყვარდეს, თუმცა ისე მინდა ეს,
რომ პასტორთან მივდივარ და ვეუბნები,
– მინდა სიყვარულში დავოსტატდე მამო,
მინდა ვისწავლო სიყვარული, როგორც ნატიფი ხელოვნება.
მგონია და…
კი არ მგონია მჯერა,
ისეთ მშვენიერებას შევქმნით ერთად,
სიქსტეს კაპელა დაწყებით სკოლის მერხზე ნახატად მოგეჩვენებათ.
მაგრამ არ არსებობს სკოლა, ასეთი ბრწყინვალებით სიყვარული რომ გვასწავლონ.
ხანდახან მინდა უბრალოდ ხელები ჩამოვუშვა,
მის ბალიშისებრ ტუჩებთან მედოს თავი და
გავეთიშო ამ სამყაროს, განსაკუთრებით ისეთ დღეებში,
არაფერი რომ არ გამოდის და
ყველაფერი ჩემი გზიდან გადახვევას ცდილობს.
უბრალოდ მინდა მიყვარდეს ის
რადგან ვგრძნობ, ერთად ნებისმიერ ტალღას გადავურჩებით და
ჩვენი პატარა ნავით, რომელიც ჩვენი ერთობის სიმბოლოა,
ნათელი დღეებისკენ გავცურავთ.
ახალ სიცოცხლეს, ჩვენს მომავალს ვხედავ მის თეძოებში,
სიხარულის ტალღებს აზვირთებს
ჩვენს პირველ შვილთან ჩახუტების ოცნება.
ესაა მემკვიდრეობა, რომელზეც ვოცნებობ.
უბრალოდ მინდა მიყვარდეს ისე,
თითქოს ყოველი დღე უკანასკნელია
და თუ ერთ დღესაც შევიტყობ,
რომ ჩემთვის ყველაფერი ხვალ გათავდება,
იმედი მაქვს, მის საუკეთესო მეგობრად წავალ ამ ქვეყნიდან
და იმედი მაქვს კიდევ, იქამდე სადმე შევხვდები.
