პალატიდან გადმოფერთხილ სიცოცხლის ნამცეცებს ვკენკავ
ისე ძვირია ახლა სათნოება.
ისე ძვირია ახლა იმედი.
Tuba mirum!
tuba mirum spargens sonum!!!1
რამდენს იძუნძულებ ასე, მგლის ლეკვივით,
სახეში შემხმარი სიცოცხლის ხით.
ცხოვრების კანს ბრჭყალებით ჩაფრენილი
რამდენს გაუძლებ, ასე უმწეო.
თუკი არა ხარ მაშინ ვინ იცის საითკენ მისდევს მთას გავაკება.
არა ხარ ალბათ, და თუ არა ხარ…
რად არ ხარ უფალო სულგრძელი
და მრავალმოწყალე,
რად დამივიწყე?
გაყიდულია ალუბლის ბაღი!
ცოდვიანი ხილის ჭამით მოწამლული დედაჩემის საფლავი, გაყიდულია
ალუბლის ყვავილების თეთრი სუდარით,
ლურჯი მდინარე რომ შვა წლების წინ
და არ დაშრა დღემდე,
არ დაიგვალვა.
წისქვილები ჩერდებიან
და ქარები ოსდებიან,
ქორწილი მაქვს ყოველდღე უშენობასთან
და სიკვდილის კაბა მაცვია…
შენ მაინც ნუ დამტოვებ
შენ მაინც რად მტოვებ
ასე გაგვამებულს და ასე დაუმარხავს
შენ მაინც ნუ მტოვებ, კეტლინ ფერიერ… (2)
განმარტებები
- Tuba mirum sparge sonum (ლათ.) – სასწაულმოქმედი საყვირი (მესებიდან, რეკვიემებიდან).
- კეტლინ ფერიერი (1912 -1953) – ინგლისელი მომღერალი, კონტრალტო
გამოქვეყნებულია 25.02.2017 არტპორტალზე demo.ge