წუხილიდან წყურვილამდე და უკან, წრეზე

წუხილიდან წყურვილამდე და უკან, წრეზე


„ადამიანზე ვიდრე ცოცხალია, ნუ იტყვი ბედნიერია.”

დავით ხორბალაძის „წუხილი“, ასეთი იყო აფიშა, რომელმაც ორი წლის წინ პირველი ინტერესი გამიჩინა ახალგაზრდა რეჟისორის მიმართ, ის მისივე ტექსტის მიხედვით დადგმული სადიპლომო სპექტაკლი იყო. რამდენჯერმე დავესწარი სპექტაკლს და ყოველთვის სხვადასხვა აქცენტები მომყვებოდა წარმოდგენიდან, – გაუცხოვება და წუხილი საკუთარი სქესის მიმართ, გაუცხოვება გარემოსთან და წუხილი ამის გამო, წუხილი მატერიისგან ვერ განთავისუფლების გამო, წუხილი საკუთარი სხეულის გამო („ვწუხვარ, რომ საკუთარ სხეულს, როგორც დიდი ზომის ტანსაცმელს ისე ვატარებ“). მას შემდეგ სულ მაინტერესებდა სხვა საავტორო სპექტაკლის ნახვა, მხოლოდ მისი საავტორო სპექტაკლი, თორემ გასულ წელს მიშა ჩარკვიანთან ერთად დადგმული „შიმშილის ღმერთიც“ არ გამომიტოვებია. წელევანდელ წელს კი თბილისის თეატრალურ ფესტივალზე მომეცა საშუალება მუსიკისა და დრამის თეატრში  მენახა ხორბალაძის ახალი პერფომანსი „წყურვილი“, სარა კეინის პიესის მიხედვით.

სარა კეინის პიესები მეოცე საუკუნის მიწურულს, ბრიტანულ თეატრალურ წრეებში, როგორც თეორეტიკოსებში, ისევე პრაქტიკოსებში, აქტიური განხილვის საგანი გახდა.  დრამატურგიაში სულ რაღაც  ოთხწლიანი მუშაობის მიუხედავად, მისმა პიესებმა შეძლეს ახალი მიმართულება გაეჩინათ თეატრალურ აზროვნებაში, მისი დრამები ეგზიასტენციალურ საკითხებს უტრიალებს, რაც ახალი არ იყო იმ დროისთვის, თუმცა ახალი იყო მისი ტექსტების დეკონსტრუქციული კონსტრუქციები და პოეტურობა. კეინის  დრამატურგიული მემკვიდრეობა  ხუთი  პიესით შემოიფარგლება: „აფეთქებული“, “ფედრას სიყვარული“ , “განწმენდილნი“, “წყურვილი“, „ფსიქოზი 4.48 “, (და ერთი კინო სცენარი „კანი“). ამ ნამუშევრებიდან ბოლო ორი პიესა მთლიანად გაემიჯნა ტრადიციული დრამის სტრუქტურას. მან  თანდათან დაშალა, დააპატარავა და მერე სულ  გააქრო პერსონაჟები. ადამიანები აღმოჩნდნენ  ემოციურ–ფსიქოლოგიურ კოლაფსში, სადაც მათი „არსებობა წინ უსწრებს არსებას“ (ეგზისტენციალისტების ფუნდამეტი –სარტრის მიხედვით). ვფიქრობ, ამის საუკეთესო მაგალითია  „წყურვილი“, სადაც პერსონაჟებისგან ერთადერთი რაც გადარჩა ხმებია, სხვა დანარჩენი დრამატურგმა განდევნა დრამიდან,  ოთხი ხმა  A, B, C და M არსებობს  პიესაში დამოუკიდებლად და ნაწილობრივ ერთმანეთთან მიმართებაშიც.

DSC_0344

როგორც კი ჟურნალ „არილში“  დაიბეჭდა „წყურვილი“ (დავით ხორბალაძისა და დავით გაბუნიას თარგმანი) მაშინვე წავიკითხე და მას მერე ხშირად მიტრიალებს თავში ეს ტექსტი, ვფიქრობ, რას გავს ეს პიესა? იქნებ კანდინსკის შევადარო, დაშლილი ტექსტი გაფანტული სივრცეში, მაგრამ არა, – კანდინსკისთან ფორმები იკვეთება, მიმართულება აქვს მის ფიგურებს; მერე ვფიქრობ, ალბათ ჯეკსონ პოლაკს უფრო ჰგავს–თქო და ვთანხმდები საკუთარ თავთან. დიახ, პოლაკს ჰგავს რადგან კეინის ტექსტიც სრული აბსტრაქციაა, ჰაერში გაბნეული სიტყვები, ფრაზები, რომელსაც რაღაც გამოუცნობი საერთო ბლანტი მასა აქცევს ერთიან სხეულად.

დავით ხორბალაძის „წყურვილი“, ისევე როგორც მისი წინა საავტორო სპექტაკლი, „წუხილი“ გადაწყვეტით, ფორმით კლასიკურ თეატრალურ სტრუქტურას დაშორებული, უფრო ლაბორატორიული, კვლევითი, პერფორმანსის ფორმაში  გადაწყვეტილი წარმოდგენაა. ამდენად ხორბალაძის შემთხვევაში რჩება განცდა, რომ რეჟისორს „წუხილის“ გზით მივყავართ „წყურვილამდე“. „წყურვილში“ პერსონაჟები, უფრო სწორად ხმები, ფიზიკური მდგომარეობებით აღწევენ იმ სამეტყველო ინტონაციებამდე, რომლებიც გამოხატავენ  A, B, C და M-ს; პარალელურად კი, არალოგიკურ ფიზიკურ მდგომარეობაში ჩაგდებული სხეულები იქცევიან ვიზუალურ სამეტყველო ენად, რომელიც სპექტაკლის საბოლოო აბსტრაქტულ  სახეს ქმნის.

სცენოგრაფია ანა გურგენიძეს ეკუთვნის, რეჟისორმა და მხატვარმა საგნობრივი კონკრეტიკა მინიმუმამდე დაიყვანეს (სცენაზე დატოვეს მხოლოდ აუზი, შეზლონგი და გამათბობელი), სანაცვლოდ,  სიცოცხლითაა ავსებული ყველა ფერი – ყვითელი ყვითელზე უფრო ყვითელია,  ფირუზისფერი ყველაზე ფირუზისფერი ფირუზისფერია.
ზაფხულია, ადამიანები ტკბებიან სიცოცხლით, აუზის პირას შეზლონგზე მზეს ეფიცხებიან; სადაცაა ჩიტებმაც უნდა დაიწყონ ჭკჭიკი, მაგრამ მათ მაგივრად გადაწვის პირას მყოფი ნეონის ნათურები–იმიტირებული მზეები წრიპინებენ.
სცენაზე  წყლით სავსე ყვითელი აუზია, რომელშიც მსახიობები დროდადრო ჩადიან და „წყლის“  დეფიციტს არ განიცდიან, თუმცა მათი „წყურვილი“ მაინც არ ”რწყულდება”, და არც წინა სპექტაკლიდან გამოყოლილი დარდი ჩამოერეცხება გვანცა ენუქიძის ხმას, გვამის გაწმენდისას რომ ამბობს,

– დაბადებიდანმკვდარიიყო…“ (დ. ხორბალაძე „წუხილი“).

DSC_0465

” M – შვილიმინდა („წყურვილი“ ს. კეინი).

ეს დაგვალვული, ბერწი, სიკვდილის ტერიტორიაა, სადაც პერსონაჟებისგან მხოლოდ ხმები გადარჩა (დავით ბეშიტაიშვილი-A, კახა კინწურაშვილი-B, გვანცა ენუქიძე-C და მარინა ჯოხაძე-M) და რომელებშიც უფრო და უფრო მატულობს  „სიმშრალის“ განცდა, ნელა–ნელა თითქოს სხეულები ტოვებენ სამყაროს  და ედუარდ ჰოფერის ცარიელ სივრცეებს ემსგავსება სცენა.

“B – ვერაფერსვგრძნობვერაფერს.ვერაფერსვგრძნობ. “

სიცოცხლის ნიშანწყალისგანაა დაცლილი სხეულები, B-ს თითქოს სისხლი უჩერდება, ფეხებს ამოძრავებს ჰაერში რომ გამოიოცხლოს ორგანიზმი, შემდეგ მუხლებზე წამომდგარი სახეს მიუშვერს გამათბობელს და ასე, გამათბობელს ელაპარაკება (ზაფხულში) დროდადრო  სითბოს დანატრებული ყველა ხმა. სიცოცხლე დახუთული და გაშეშებულია, სიყვარული როგორც წყევლა ყველაფერს თან სდევს, შლის ნაწილებად ანადგურებს; ტოტალური იმედგაცრუებით სავსე ტექსტები ადამიანის ფსიქიკის დეფორმაცია, საკუთარი თავის შეცნობის გზა წყურვილიდან წუხილამდე ანაწევრებს და უსასრულო ჯოჯოხეთად აქცევს ყოფას, რომელშიც არსებობა მხოლოდ ტკივილის შეგრძნებით დასტურდება. B-ს სიყვარულის, როგორც სიცოცხლის მოთხოვნილება, საკუთარი თავის კოცნით იწყება, საკუთარი თავის ლოკვით, ქოშინით დგება შეზლონგიდან, მიდის მიკროფონთან და მისი კოცნის ხმა როგორც „სიცოცხლის, სიყვარულის ნდომის ხმა“ ფარავს ირგვლივ ყველაფერს; მოგვიანებით, იმ ბლანტი მასით შეკრულ სივრცესაც გარრღვევს რომელსაც შორიდან ვაკვირდებოდით და  მაყურებელთან ამყარებს ინტერაქციას. ამით შეიძლება ვიფიქროთ, რომ„პერსონაჟები“ ყველა შესაძლო და შეუძლებელ გზას დაეძებენ გადასარჩენად, თუმცა რეჟისორისგან მაინც ნაჩქარევ, გაუმართავ პასაჟად მეჩვენება ეს სცენა, რომელიც არღვევს სპექტაკლის სიმყუდროვესა და მთლიანობას.  A, B, C  და M აღასრულებენ წარმართული რიტუალებისთვის დამახასიათებელ მისტიურ მოძრაობებს და ამაოდ ცდილობენ ღმერთს დაუკავშირდნენ, ბოლოს კი, როცა ყველა მცდელობის მიუხედავად არაფერი იცვლება,  A ამბობს, – სატანავჩემო მეუფევშენი ვარ

DSC_0426

„პერსონაჟები“ გაუცხოვებულები არიან, მოშლილია ყველა დამცავ–შემაკავებელი ბარიერი ცხოვრების მდინარესთან, პირადმა ტრაგედიებმა, (“Cვიღაცისეთიშეგყვარებიავინცარარსებობს?”), 
იმედგაცრუებებმა, შეუმდგარმა ურთიერთობებმა, 
(“A- მინდავიჯდესაფეხურებზედავეწეოდესანამშენ შინდაბრუნდებიდავღელავდე
როცააგვიანებდამიკვირდეს
როცა ადრემოდიხარდა მზესუმზირის 
ყვავილებსგჩუქნიდედაშენსწვეულებაზემოვდიოდე დავცეკვავდესანამარგავითიშები დაბოდიშსვიხდიდეროცა მტყუანივარ დაბედნიერივიყო…”) მარტოობამ მათ პიროვნებას
საფუძველი გამოაცალა, დაშალა და დაანაწევრა:

“C – რატომარმოვკვდიდაბადებისას”

“M – რატომდამცალდაგამოღწევადედისსაშოდან”

“B – რადარ გავთავდი…”

დრამატურგმა პიესა „გაათავისუფლა“,  მანამდე არსებული ტრადიციული წესებისა და სტრუქტურებისგან, ხოლო რეჟისორი პერფომანსში ცდილობს“მხატვრული ღირებულების“ შემცველი მიზანსცენების ნაცვლად, ალაპარაკოს მხოლოდ ხმები და სპექტაკლის ვიზუალური მხარეც ამ მთავარის– ხმების დამხმარე ელემენტად იქცევა. თუმცა, თეატრის აკუსტიკიდან გამომდინარე რიგ შემთხვევებში არ ისმოდა მსახიობების თხრობა. ვფიქრობ, სპექტაკლში, სადაც ხმებია მთავარი, ხმის მოწოდება კი ტექნიკურად მოუგვარებელი პრობლემაა, რაღაც სხვა გზები და ხერხები უნდა გამოეძებნა რეჟისორს.

ხორბალაძე ცდილობს ერთი საათით იმ უსასრულო მოწყენილობის შექმნას, რომელიც A, B, C  და M-ს აქვს. მთელი ამ დროის განმავლობაში სცენაზე არაფერი იცვლება სცენოგრაფიაში, პერსონაჟებსაც  იგივე  ტკვილები აქვთ, რაზეც დასაწყისში საუბრობენ. არაფერი არ იძვრის, არაფერი არ იცვლება –  უსასრულო მდუმარება, უძრაობა, უიმედობაა სივრცეში გაწოლილი და ამ უსიამოვნო არაფერში ტივტივებს მაყურებელი. შეიძლება ამის გამო ვიფიქროთ, რომ პერფომანსი არაფერზე  მოგვითხრობს. დიახ, ის არაფერზე მოგვითხრობს, რადგან არაა თხრობითი წარმოდგენა, არაა წარმოდგენა ხილვისთვის, არაა წარმოდგენა ლოგიკური აზროვნებისთვის, ესაა შეგრძნებებისა და ასოციაციების ნაკადი, ნაკადი, რომელიც სიცარიელეს ბადებს მაყურებელში, მაგრამ არა ცარიელ სიცარიელეს რომელიც შეგრძნებაში აღიძვრება, არამედ მხატვრულ სიცარიელეს.

DSC_0460

პერფომანსი  „ხმების“ გაუჩინარებით სრულდება, ისინი „კადრს“ მიღმა განაგრძობენ არსებობას, აბსურდამდე მივყავართ, როგორც „პერსონაჟების“ მდგომარეობას, ასევე იმ გადაწყვეტას,  რომელსაც შემოქმედებითი ჯგუფი გვთავაზობს, სადაც სიცოცხლის წყურვილი, წუხილი და სიცოცხლის იმიტაცია წრეზე დარბიან ისე, როგორც ხორბალაძის A, B და C „პერსონაჟები“ იმიტირებულ მინდორზე, თითქოს თავს რომ ივარჯიშებენ სიცოცხლეში და სიკვდილს გაურბიან, მაგრამ არ/ვერ ყოფნით ძალა თავი დააღწიონ ჩაკეტილ წრეს, რომელშიც აღმოჩნდნენ.

ვფიქრობ, სარა კეინის ტექსტებს ეხმიანება რეჟისორის მიერ სხვდასხვა ნამუშევრებში  გამოვლენილი ესთეტიკა, განსაკუთრებით კი “წუხილში“ დასმული პრობლემები და სტილისტიკა,  ამიტომაც ერთგვარ დულოგიად აღვიქვი დავით ხორბალაძის ეს ორი სპექტაკლი, რომლებიც ერთმანეთს აგრძელებენ და კრავენ ერთ მთლიან სთქმელად. წერილსაც სწორედ ამიტომ დავარქვი, – „წუხილიდან  წყურვილამდე და უკან, წრეზე“.

გამოქვეყნებულია ბლოგზე ”სიტყვები”
ანდრო დადიანი – წუხილიდან წყურვილამდე და უკან, წრეზე
05.04.2018

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *