ანდრო დადიანი, ხელოვანი ჟანგიანი იარაღით (ინტერვიუ)


რატომ ანდრო დადიანი?

ხომ იცი ჩვენს საზოგადოებაში ოჯახისშვილობა, გვაროვნულ – წოდებრივ წყობაას რამხელა როლი აქვს, აქ შეიძლება არარაობა იყო, მაგრამ თუ იმის შვილი ან ძმისშვილი ხარ, ლეგიტიმურია ბევრ სივრცეში გამოჩენა, ისე სულ უნდა ამტკიცო, სულ საეჭვოა რატომ უნდა იდგე იქ სადაც ხარ. დადიანი ერთგვარი ირონიზება და თხოვნაა ამ წყობასთან, – მიმიმღეთ, ვიღაც მეჯღანუაშვილი კი არა, დადიანი ვარ-თქო და მერე უნდა მეკეთებია ის ათასი სისულელე, რაც მინდოდა, ვერ ვაკეთებდი და თან ასეთ დიდგვაროვანს რომ არ ეკადრება; ამასთან მიცავდა ჩემი სამსახურისგან და პროფესიისგან, რომელში სწორედ საკუთარი ოჯახის დაბალი სოციალური სტატუსის გამო არაფერი გამომივიდა. ირონია ერთგვარი დისტანცირება და განდგომაა იმისგან რაც ახლობელია, არ ვიცი ეს ვინ როგორ გაიგო, მაგრამ ჩანაფიქრი ეს იყო. მინდოდა ჩემი შეყვარებულის სახელი, – ალექსანდრეც დამერქმია ჩემი ალტერეგოსთვის, მაგრამ მერე მისი მიწაზე დაბმა იქნებოდა შეუძლებელი, ძალიან აიჭრებოდა ცაში. (იცინის.) ანდრო უფრო უბრალო და კეთილხმოვანი სახელია.


როგორ დაიწყე იმის კეთება რასაც აკეთებ და რამ განაპირობა ამაში შენი ჩართვა?

ყველაფერი ჩემი ბავშვობითა და 2013 წლის 17 მაისითაა განპირობებული. იმ დღეს მეც რუსთაველზე ვიყავი, მართალია არაფერი დამშავებია, მაგრამ ასე ხელშესახებად არასოდეს მიგრძვნია, რომ ამ ”მოდგმაში”, როგორც მანდელშტამი ამბობს, ჩემს თავად ყოფნის ადგილი არ იყო. ამის შემდეგ რამდენიმე წელი სრულიად ასოციალური გავხდი, ლაპარაკი რომ არ დამვიწყებოდა გადაცემებს ვრთავდი, წამყვანის კითხვის შემდეგ ვაპაუზებდი და პასუხებს ვცემდი ხოლმე. ამ სიჩუმეში და საკუთარ თავთან ჩურჩულში რაღაც დაგროვდა, რომელსაც როგორმე უნდა ეპოვა ხვრელები გარეთ გამოსასვლელად. ნარწყევით პირსავსე ადამიანი უნიტაზისკენ რომ გარბის დაახლოებით ეგრე მივედი პირველ ტექსტებთან მაშინდელი შიშებით, უიმედობით, შფოთვით, სიბრაზით, ფსკერზე დაშვებითა და თვითგანადგურების მცდელობებით; მერე 2017 წლიდან ჩუმად დავიწყე გამოქვეყნება და ამას მოჰყვა პირველ პერფორმანსზე მუშაობის პროცესი, რომელმაც შემაყვარა ეს მედიუმი.

რა არის შენი შემოქმედებითი ინსპირაცია და როგორ მუშაობ ხოლმე?

სურვილის მიუხედავად ალუდა ქეთელაური ვერ ვარ, მრავალსიმართლიან სამყაროს რომ ვყაბულდებოდე. ვცდილობ აქციებზე ყვითელი ავტობუსების იქეთ მდგომ ადამიანებს გავუგო, შინაურად მივიღო, ზოგჯერ ვახერხებ და ზოგჯერ ვერა; რადგან ასე, ლიმონივით რეალურ ცხოვრებას ვერ ვეგუები, თვეობით ვარ ხოლმე სახლში, შემიძლია დღეში რამდენჯერმე დავალაგო ჩემი პატარა ბინა, ვხეხო ქვაბები, ნიჟარები და ამის გარდა არაფერი მინდა ხოლმე. საბედნიეროდ როცა გარეთ გავდივარ სახეზე ცოტა ადამიანი მცნობს, მეც არ მიწევს ადამიანების სახეები დამახსოვრება მისასალმებლად, ვისაც ვცნობ მათთანაც მეზარება ან მცხვენია ხოლმე გამარჯობის თქმა, მოკითხვა. ჩემი ასეთი ჩაკეტილი ხასიათის მიუხედავად მთავარი იმპულსი მაინც სოციალური გარემოა, საკუთარი შიშები, აკვიატებები. რაც მაწუხებს თუ პირადზე მეტია და რამით უკავშირდება გარემოს მის სოციალურ კონტექსტს ვიკვლევ და ვცდილობ რაღაც ფორმა მივცე და ბონუსად რომელიმე შიშიც უნდა შემრჩეს გადალახული, რადგან ძალიან, ძალიან მშიშარა ადამიანი ვარ.

შოულობ თუ არა ფულს იმით რასაც აკეთებ და რამდენად რეალურია გახდე მდიდარი საქართელოში საყვარელი საქმით?

თუ მძარცველია ადამიანი და თან უყვარს ეს საქმე, საქართელოში უნდა იცხოვროს, სამოთხეა აქაურობა ასეთებისთვის, ჩვენ კი ამ ქვეყნის მკვდარი ქმრებივით ვართ, ძველი და ახალი რჯულითაც ცოლს რომ ქმარი მოუკვდება ქალს შეუძლია გათხოვდეს, ამ მოროდიორულ სისტემაში ვის ჩაბარდება ის რაც ამ ქვეყნის მოქალაქეებს გვეკუთვნის ჩვენაირებს არავინ გვკითხავს. თუ მთავრობასთან დაახლოებული პირი არ ხარ პროფესიონალობის ხარისხს არ აქვს მნიშვნელობა, ვერ რეალიზდები, ბიზნესი კიდევ ისეთ პროდუქტს ითხოვს რასაც მარტივად მოინელებს და ყელში არ გაეჩხირება, ამიტომ ჩემს ირგვლივ ადამიანებს თავის გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა, განსაკუთრებით კოლექტიური ხელოვნების დარგებში (ზოგჯერ ყველა მცდელობა გვამზე ჩატარებული ნაძალადევ, იდეოლოგიურ გიმნასტიკად მეჩვენება ხოლმე). ამ პირობებში პოეზიით და პერფორმანსით აქ ფულის შოვნაზე საუბარი არასერიოზულიც კია, სამი მილიონი ადამიანი კითხულობს ქართულ ენაზე, ამათგან თანამედროვე პოეზია 2000 მდე ადამიანს აინტერესებს და 1500 მისი შეძენის საშუალება არ აქვს; ფულს ვერ ვიშოვით, მაგრამ ჩვენს დროს ერთი ხეირი მაინც აქვს, თანამედროვე ტექნოლოგიებმა საკუთარი ნამუშევრების დისტრიბუციის საშუალება მოგვცა, დარწმუნებული ვარ ასი ათასობით ავტორია იქნება დაკარგული ვინც პროპაგანდის და ძალაუფლების ცენტრამდე ვერ მიაღწია, ჩვენ კი ამ ტექნოლიგიებმა ხელახლა განგვსაზღვრა და აფიქსირებს ჩვენს მყოფობას.

თანამედროვე ტექნოლოგიებზე როგორც გამოსავალზე საუბრობ, შენს ნამუშევრებში რამდენად დიდია მათი ფუნქცია.

ისევ ძალთა და ფინანსთა არათანასწორი გადანაწილების პრობლემასთანაა აქაც საქმე, სახელწიფოს არ აინტერესებს სახელოვნებო ინდუსტრიის შექმნა, ამ შემთხვევაში მის მიმართ კრიტიკა მოიმატებს, ახლა კომფორტულად არიან, ჰყავთ ფინანსურად უზრუნველყოფილი ჯგუფები რომლებიც ან არაფერზე ლაპარაკობენ და ბიუროკრატიას აძღებენ, ან სამთავრობო პროპაგანდაში არიან ჩართულები. ტექნოლოგიებს როგორც ინსტრუმენტს მე ვერ ვიყენებ ამ მიზეზების გამო, მაგრამ როგორც რეალიზაციის საშუალებას კი, იქამდე, სადამდეც ჩემი ცოდნა წვდება. ამიტომ ფანტაზიაც იმხელაზე ჭიმავს ფეხს სადამდეც საბანი წვდება. არადა საბნიდან გამოყოფილი ფეხიც ლამაზია, მაგრამ ხომ იცი, აქ თუ გარეთ დაგრჩა ფეხი მოგაცლიან. შარშან კანცელარიის წინ პერფორმანსი მქონდა ”დამოუკიდებლობის მემორიალი”, მაგიდაზე ვიდექი, ეტყობა ვიღაც მთელი დღე მაკვირდებოდა, ელოდა როდის წავიდოდი ადგილიდან, პერფორმანსის შემდეგ დასასვენებლად სახლში წავედი, უკან რომ მივბრუნდი მაგიდა მოპარული დამხვდა. ნამდვილი ქართული მემორიალის ცხოვრებით იცხოვრა იმ პერფორმანსმა, გახსოვთ ალბათ როგორ აცლიდნენ ღამით ძეგლებს წარწერებს, ხელებს, ფეხებს, ცხენებს კუდებს და ჯართში აბარებდნენ.

შეგიძლია შენი საყვარელი 5 ფილმი გვითხრა?

საუკეთესოს გამორჩვა რთულია, რაც მახსენდება იმას გეტყვით.
1 – ანტონიონის ”ფოტოგადიდება”,
შთამბეჭდავი ამ ფილმის ფინალური სცენა, მოედანზე აფექტურად თამაშობს წყვილი ჩოგბურთს, არც ჩოგანი უჭირავთ ხელში და არც ბურთია მოედანზე, მაგრამ ისეთი დინამიკაა და ისე აზარტით თამაშობენ პარტნიორები, რომ გაფაციცებით შეყურებენ და ემატებათ მაყურებელი. მეტიც, რამდენიმე წამში ამჩნევ, რომ შენც იქეთ ამოძრავებ თავს და ფოკუსირებ მზერას, საითაც მოთამაშეები არარსებულ ბურთს ისვრიან. მეტარეალობაა, რომელიც ხშირად მაგონებს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას.

2 – ტრიერის ”მელანქოლია”
პირველი სცენა მიყვარს ძალიან, – დიდი, თეთრი ლიმუზინი, სოციალური სტატუსის გამომხატველი მოუქნელი მახინა, გაჭედილია ვიწრო გზაზე და ამ დროს ირღვევა რაღაც საკრალური – ევროპული წესრიგი და საქორწილო ზეიმი იწყება ისე, რომ წყვილი, როგორც მომავლის ქმნადობის სიმბოლო იქ არაა. ეს ფილმიც და ეს ფრაგმენტიც გამორჩეულად მიყვარს, დღევანდელ ევროპულ პოლიტკორექტულ, რიტუალური კულტურის მელანქოლიურ და პოსტაპოკალიფსურ მიზეზებს აჩვენებს.

3 – კეიტი მიტჩელის დადგმული ბელა ბარტოკის ოპერა ”ლურჯწვერა ჰერცოგის სასახლე” რომელსაც მიტჩელთან ”Judit” ჰქვია, შესანიშნავი მუსიკალური ინტერპრეტაცია და დადგმაა. კინოკადრებიც სპექტაკლისთვის დამახასიათებელი ინტიმურობითაა გადაღებული მაგრამ მაინც რთულია ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრა ნამუშევარი ფილმია თუ სპექტაკლი, ერთის მხრივ ეს შეიძლება ნაკლადაც მიიჩნიონ, მაგრამ მე როგორც რიგით მსმენელს / მაყურებელს მნუსხავს ეს.

4 – ისევ სპექტაკლი მახსენდება; – საიმონ სტოუნის ”სამი და”. ასეთი სიამოვნება სპექტაკლის ნახვით დიდი ხანია არ მიმიღია. ჩანს როგორ შეუძლია ერთი ნიუანსით მხატვარმა მთელი სპექტაკლის პოლიფონიური ხასიათი განსაზღვროს. როგორ შეიძლება კინემატოგრაფიული ენა შემოვიდეს თეატრში ისე, რომ ბუკვალურად კინოს ნასახი არ იყოს სცენაზე. ასევე ზუსტი ექვივალენტებია თანამედროვე პოპ-მუსიკაში მოძებნილი დრამატურგიისთვის და პიესის ადაპტაცია, – ეს ცალკე საკითხია; ერთი საყვარელი მომენტია, შავი იუმორით ნაკეთები, ჩებუტიკინი ვეგეტარიანელ ირინას დაბადების დღეზე უზარმაზარ, ელექტრო ხორცის საკეპ მანქანას მიუტანს. თან მეცინება და თან სევდას მგვრის პერსონაჟების ეს ერთმანეთთან გაუცხოება, როგორ ტანჯავს ყველას მარტოობისა და უპერსპექტივობის განცდა.
კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, ახლა ესენი გამახსენდა


ტოპ 5 ტრეკის ან ალბომის რეკომენდაცია

ისევ ამ პრინციპით გეტყვით, – რაც მახსენდება:
1 – Cigarettes After Sex – 2015 წლის ალბომი ”I”
2 – ნიკა ფასურის – ”Hatters” ალბომი არაა, სპექტაკლიდანაა.
3 – ჩაიკოვსკის ”ქერუბიმთა ჰიმნი” მახსენდება, გუშინ ვუსმენდი.
4 – შტოკჰაუზენის ”ბუნებრივი გრძლიობები” ჩემი განსაკუთრებული სიყვარულის საგანია ბოლო დროს. ამ ნაწარმოებში კომპოზიტორი ბგერას მხოლოდ გაჩენაშე ეხმარება, მერე აცლის ბუნებრივად განვითარდეს და სრულად ამოწუროს თავი. ირგვლივ ნატურალური, სიმშვიდი სიწყნარეა და ამ სიმშვიდეში იბადება მსმენელში ბევრი ფიქრი, აზრი და ეს დუალობა, -შინაგანი ხმაური და გარეთ მყოფი სიმშვიდე, რაღაც მანამდე მოუხელთებელ მედიტაციურ შეგრძნებებს ბადებს.
5 – ბახის ”მესა მი მინორი” BWV 232, კარლ რიხტერის დირიჟორობით. ამ შესრულებაში ჩემთვის გამორჩეულია ბახის მათემატიკურობის დაცვაში პედანტურობა, გერმანული, მოზომილი ემოციურობა და სინატიფე ბგერაში რაც ამ დირიჟორს ახასიათებს.

რომელია ყველაზე დიდი ჰაილაითი თქვენს ცხოვრებაში

ალექსანდრე, ჩემი შეყვარებული. ბევრი შემიძლია ვილაპარაკო და დაგღლით, ამიტომ იყოს ასე, მოკლედ.

რას აპირებ 2020 – ში?

წელს გამოვა ჩემი ლექსების კრებული “განსაწმენდელი” და პრეზენტაცია იქნება სხვადასხვა ქალაქებში; ასევე მექნება რამდენიმე პერფორმანსი, მათგან ერთ-ერთზე (”შენარჩუნება არის ზმნა”) მუშაობა დასრულებული მაქვს. ცხოვრებაში ყველფერს თავისი ფორმულა და გრამატიკული ლოგიკა აქვს, მთელი ცხოვრება ამ წესების დასწავლაა, ურთიერთობების უცოდნრობამ წელს ორი მეგობარი პოეტი გოგო დამაკარგვინა და ეს პერფორმანსი სწორედ ამ დანაკარგზე იქნება.

შენი აზრით უნდა გამოხატავდეს თუ არა არტისტი სოციალურ-პოლიტიკურ პოზიციას თუ ჯობია აპოლიტიკური იყოს და შენ თუ ხარ ჩართული პოლიტიკაში?

ამბობენ, ადამიანი პოლიტიკური ცხოველია და ვინც ცდილობს არ იყოს პოლიტიკური მარტო ცხოველი რჩებაო. პარტიული ჯერ არა ვარ და პოლიტიკური ცხადია კი. მომავალი წარსულის ინაუგურაციიდან არ იბადება, სანამ დღეში ერთი რაღაცის შეცვლას მაინც ითხოვს ადამიანი ცოცხალია, აქედან გამოდის, რომ განვითარება როგორც სიცოცხლის ექვივალენტი უარყოფაშია და ეს იმთავითვე პოლიტიკური პროცესია.

შენს პერფორმანსებზე მოგვიყევი, რა არი მათი კონცეპტი და რა შედეგები გამოიღო?

ყველა პერფორმანსს საკუთარი კონცეპცია აქვს, მთლიანობაში ყველა მათგანი მანძილის საჭრელი მაკრატელია და მინდა ჩემი მკითხველის თუ მაყურებლის იმ არტერიაში შევიდე, რომელშიც ბოლოს ბალზამს გაუშვებენ, მინდა რამდენიმე წამით ერთ პოზიციაზე, ერთნაირად გვიცემდეს გული და მერე გავეყაროთ. ჩემი საქმიანობა ასევე საკუთარი მძიმე ბავშვობისა და მისი შედეგების წაშლის ერთ-ერთი საშუალებაა, – ეს ყველაფერი ჩემთვის; გლობალურად კი მსოფლიო დღის წესრიგს დღეს ტელევიზია ქმნის. მაგალითად, კონვენციური ლექსი თავის დროზე ამბის გადამზიდი იყო, მერე იდეოლოგიის გამავრცელებელი, ახლა ჟანგიანი თოფიაო. როგორც დათო ჩიხლაძე ამბობს, ადამიანი იარაღის შემქმნელი ცხოველია, ცალკე რომელიმე მედიუმს არ მგონია დღეს რაიმე მკაფიო ზემოქმედების ძალა ჰქონდეს ჩვენს ცხოვრებაზე, ფართე კუთხით კი კრეატიულ პროცესს რომ ბასრი პირი აქვს მჯერა და თან მკაფიოდ.
















გამოქვეყნდა ინტერნეტჟურნალში ”AUTOJOURNAL”
2020 წ. მაისი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *