1 .
მოდი ნიშნებზე ვილაპარაკოთ
აღმნიშვნელებზე და ნიშნულებზე
მინიშნებების გარეშე
დიდზე და პატარაზე
გოლიათზე და პატარა ბიჭზე კი არა, სისტემაზე და ზრდასრულ ადამიანზე
ძალაზე, იდუმალმა დუმილმა რომ გაამყარა.
ვერ მივატოვეთ სიჩუმე როცა დაუმორჩილება მოვალეობა იყო, მხარე დუმილი; როცა ადამიანებს ძალით აფსმევინებდნენ(1), ან საკუთარი ფსლით სახეს აბანინებდნენ(2), ან უფრო ადრე, ალიბად რომ არ ქცეულიყო საკუთარი ფეკალიები…
ოხრახუშებთან ამოიზარდა უტოპია და ღრანჭში გვიქნევს
გვიქნევს და გვიქნევს აბსურდად მიჩნეული რეალობა თითებს და
მივიღეთ მალქოზის(3) ყურათლილი ყოფა –
მოდერნული სახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების გარეშე, ინფანტილური, გაველურებული რომანტიზმი, ეკლესია შინაგანი გახრწნილებით, კიდურებგამხმარი უფროსები, ბავშვები თანდაყოლილი სქოლიოზით და პროტესტი – კონფორმიზმის ერთადერთი გაბანკროტებული ალტერნატივა.
2 .
პარტიულად მხარდაჭერილი სიტყვათწყობები ფეხებში მედებიან
სხეულს ვახვიხვინებ
მეტაფიზიკურად მონათლული ეკონომიკური უკმაყოფილება გარეთ მოცოცავს და
პოლიტიკური მანიპულატორები ჩემს უკმაყოფილებას იდეოლოგიურ აქტივობად თარგმნიან
ტანტლები, ტუნტლები
დამპლები, დუმპლები
მატლები! მატლები!! მატლები ქალაქის წყალსაცავში მოტივტივე მძღნერით იკვებებიან
ნარწყევი თმებში, თითებში, ნესტოებში მეჩრება
ეჭვი რომელსაც ვემყარებოდით საეჭვო აღარაა-
ჟურნალ-გაზეთები სიტყვის გაქრობაზე წერენ,
ეგ პოეტების საკუთრებააო, -ამბობს გამვლელი. – იმათ იდარდონ!
ჩვენი დუმილი ცას წვდება (ვირიშვილი – მამაძაღლი!) – დაგვალვული ხე სკდება და ტკაცანს იწყებს.
(საცავში დადებულ თოფზე მეტად ვინ იცის ნეტავ დუმილის ფასი?)
ყბებს შეახორცდა მოოქროვილი ენები
მეგობარი პოეტები აღარ მწერენ და რა ხანი არის პოეზიაც დუმს,
სამართლიანად! სამართლიანად!
მაგრამ რა ქნას ლექსმა,
როცა პოეტური კლიშეები ერეგირებულია და ჩიხში გაჩრილი?
რა ქნას ლექსმა როცა ის ამოთქმა კი არა ამოძხილია
იოხროს? იგმინოს?
იყვიროს კანზე დაბურძგვლამდე დიეზებით და დუბლდიეზებით?
მიეცეს მითო-პოეტურ პესიმიზმს? და თუკი კიო – მეტყვი, მაშინ როდემდე?
როდემდე იდგეს აქ დამარცხებულ ჰარმონიაში ამ შუქჩრდილისთვის
როდემდე გინდა მოდიოდეს ნოსტალგიის ლეკერტები პირიდან ლექსებს?
(4)რაც არ იყო – იყო რა
რაც იყო – იყო რა
იყო და არა იყო რა
არა იყო – იყო რა
იყო – არა იყო რა
”იყო” ნიშნავს ”არის”
პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო…
საეჭვო ფანოღი ძმობაზე კვნესის
გადამხმარ მინდვრებს შავოსნის ლოცვა ცეცხლად მოედო
თავს ევლება ქალაქებს დასავლეთიდან აღმოსავლეთით
მთებს გაცქერიან რადიოტალღები, გზებს და ღობეებს, ტყეებს და სოფლებს
უკან ბრუნდება ნაბიჯ-ნაბიჯ გზა ნაკვალევზე
მთებს გასცქერის ვიდეოთვალიც, სოფლებსაც ტყეებსაც და სად ჩაწდება ეს ქუჩები, ეს ბილიკები? და ითვლის საბნის ნაოჭებს და ჩვენს საყვარლებს და ჩვენს სიჩუმეს სარკის წინ სანტიმეტრობით ზომავს სიმაღლეში (5)
იყო რაც არ იყო რა.
არის რაც არ იყო რა.
იქნებ არც იყოს რაც იყო.
და რა იყო?!
3 .
და ისევ ისე, მკვდრებს არ განსჯიან და მოდი მკვდრებზე ნუღა ვილაპარაკებთ!
ყვავი შეფრინდა თვითმფრინავში ისევ ისე, მექანიზმი გადახურდა ისევ და ფრნა გადადეს.
შენს ნაცარს წავიფარებ სახეზე და მივიმალები, თავს ნუ იმართლებ ისევ ისე, ეგ სიამაყე მოიშორე და დროზე ჩაძაღლდი, რადგან სტუდენტებს ვერაფერს აძლევ და ისევ ისე ბეც ღამეებს შეკედლებიან, რადგან სიტყვები ქარ-წყლად მოდის ისევ ისე სამხილებიდან და რადგან ფრჩხილებით ჩაიზარდა მოხუცები სანაგვეში და სხვებს ბიოლოგიით აევსო ცხოვრების ულუფა, ემიგრანტია ისევ ისე რწმენა მომავლის და ემიგრანტებში ურწმუნობა შენი მომავლის, რადგან ვერ ასწავლეს ისევ ისე სკოლაში ეჭვი და გახევებულია ყველა კვირტი ყველა ფესვამდე, ავტორიტეტია მაღალი სიმართლეზე და რეალობასთან დიალოგი ისევ ისე გამბედავი სისულელეა, რადგან მიწა დგას ისევ ისე შენს ზეცას ზემოთ და ეს უსახელო გლოვის ლოცვებიც გადაწერილია თევზის მუცლიდან. რადგან აღარ გაქვს ძალა იდგე პირდაფჩენილი ამ კრიზისში და ისევ ისე იყვირო, ან პირმოკუმულმა იკვნესო და არ შეგვიძლია დავრეკოთ ცხელ ხაზზე და არც ცივ ხაზზე და არ შეგვიძლია სადმე გავაპროტესტოთ, რადგან ყველა პროტესტი რიტუალია ისევ ისე და ყველა ცხელი და ყველა ცივი ხაზი შენს გვამში არის ბალზამირებული.
შენი ქართლის დედაც და შენი სულიერი მამაც …
შენი სტერილური უძრაობაც და
უკან გაჩრილი მენტალობაც
ჩამომხრჩვალი იმედების ტყეებიც და
შენი დიდების მომღერლი მეტრაკეებიც.
როგორ გელაპარაკო,
რა ენით, რა ფორმით?
სიმღერებით?
ორატორიებით?
წერილებით?
ნოტებით?
ესეებით?
რუპორებით?
გაქვს რამე რემარკის მსგავსი?
რომელ კამერტონზე ისწორებ მზერას?შემომხედე!
პირით მიპასუხებ თუ პროჭით?
რომელი ხმის გამაძლიერებლით მოგწვდები?
პროზით?
პოეზიით?
– ეგ რა ხანია აღარ არსებობს!
– გზა დაივიწყე შინისკენ
– კლასობრივი მამიკო დაივიწყე
იდეოლოგიური სამოსი
საერთოდ ტანსაცმელი დაივიწყე და ქარს მიეშვირე
ნუ დაბრუნდები იგივე მტვერში,
იმავე ინტერიერში,
იმ კულტურაში,
სწორად ილაპარაკე ანუ გაჩუმდი!
(გაჩუმდი სწოდად თუ სწორად გაჩუმდი)
გადაივიწყე სახელმწიფო და სამშობლოს დაჯერდი!(6)
გადაივიწყე ვაზის ჩუქურთმებით ამ გახრწნის გზები
გეოგრაფიამ შეგიწოვა თუ ნამდვილად ხარ? – საკითხავი აი რა არის – სად ხარ? -სად?
გადაივიწყე ყველაფერი რაც ამ ნიჩურტის ქვეშ დგას, იმედის ესენციებით დამზადებული მომავალი გამხმარი ცის ქვეშ გადაივიწყე. რაც კი რამ არის ამ უსახო ხატში და მიღმა.
და რა ქვია შენს მშიერ სიმღერებს შენს სამშობლოზე???
4 .
პროფკავშირების აქციაზე კონდიტერი ქალები დგანან
გან-გან გასული გავებიდან ვანილის მომწარო სუნი გადმოსდით და მოთახთახე, ოფლიან ძუძუებში ქრისტე ეხრჩობათ
პირს აწკლაპუნებენ,
სიტყვებმა პირი მოკუმეს
სიტყვები იკლაკნებიან
სიტყვებმა თავი დაკარგეს
სიტყვები ქაფქაფებენ,
სიტყვებს თვალებში დაუღამდათ
ენა გადაყლაპეს, კრუნჩხვა დაეწყოთ
დროდადრო ფართხალებენ
ტვინი გაეთიშათ
– – (7)
– –
– –
‘ ჰჰჰჰჰჰააააააააააააააააააჰ(8)
ნეტავი იმას, ვისაც შეუძლია გაიქნიოს თავი და გადმოიყაროს ერთიანად ქერტლი და ბრაზი
ნეტავი იმას, ვისაც შეუძლია გაიბუტოს
გადგეს
დამუნჯდეს
გულგრილად იზილოს ყვერები, აბოყინოს და აკუოს
მე ვის გავუდგე ან დავუმუნჯდე
ვის გავებუტო
ვინ უგულებელვყო როცა სიმართლე უტიფარია და მისი სინონიმი დღევანდელი გრამატიკით ტყუილი არის
იყო და არა იყო რა
არის და არ არის რა
იქნება არა იქნება
ხავსით ავსილი ნაწლავები ყელზე მიჭერს და
შენ რად არ მოკვდი ჩემო ქვეყანავ ჩემთვის?!!
არსებითად ერთი არის მორჩილიც და მბრძანებელიც;
კერპის წინ ვდგავარ, რიტუალს ვასრულებ, მორალურალურად მორთული და მშვენიერი ვარ
უმნიშვნელო არის ახლა ფაქტები, მაგრამ ფაქტია და უნდა ითქვას,
მე ბელადი ვარ, ღმერთივით ვმაღლდები პარლამენტის წინ
ცა ხვატიანი და უგრძნობი არის, კი არ ვტირივარ ოფლი ჩამომდის, ჰაერი არ იძვრის,
კალენდარი კი წინ-წინ სვლის ჟინით მიდის და მიდის
საფლავებს იქეთ მზერა გამოედო ანთებულ ტაძარს რომლისაც აღარ მწამს და მენატრება
ხალხში ვდგავარ, “-ჯოს!” “-ჯოს!” – შევყვირი ფუყე მომავალს
პროსპექტს რომ ყოფს ყვითელი ავტობუსები, იმის იქეთაც მე ვარ, – “ისინი” და იმის იქეთაც, ტელევიზორის პიქსელებში რომ მინუს სამი ლინზით მიცურავს, მეტროს ვაგონით ქალაქის ფსკერზეც ვიძირები და სკუმბრიას სუნით, ბაზრის დახლშიც ვარ ხაზგასმული. ენადამბალი სცენად ვმაღლდები, რუპორს ვრთავ, სიტყვისთვის მზად ვარ და შეშდებიან სიტყვები
გადაივიწყეს ფიქრი სიტყვებმა
სიტყვებს დაულურჯდათ ტუჩები
კიდურები გადახმნენ სიტყვების
ვერაფერს ვწვდები სიტყვებით
სიტყვებად იქცა უსიტყვობა
ხმა ამოიღე თქო სიტყვებს შევყვირი და
სიტყვები ზმუიან, სიტყვები კანკალებენ, სიტყვები იგრიხებიან, დუჟი მოსდით, ფართხალებენ, იკრუნჩხებიან, ქვავდებიან,წყალდებიან,ქაფდებიან,დნუუეეებუუიანნნნნააააააააუუუბუაააააააადუაააააააა გუეეეეეებბ
– –
‘ ჰჰჰჰჰჰააააააააააააააააააჰ
5 .
ვინ ადგენს ჩვენი კვების რაციონს?
პოლიციაზე სიბრაზეს აზრი არა აქვს.
ვინ წყვეტს რას შევჭამთ, ტყუილს თუ მართალს
ვინმემ ასწავლა პოლიციას, რომ სიმართლე არც წითელი არის და არც ლურჯი?
და რომ ისინიც დანომრილები არიან ჩვენსავით ქარხნულად
რომ მათი შტრიხკოდიც ჩვენს ფასს აჩვენებს
ჩვენ არ ვწყვეტთ ჩვენი კვების რაციონს!
ვინ ღებავს ჩვენს ერთგვაროვან საკვებს სხვადასხვა ფერად?
დროსთან პლასტიკურ მოძრაობაში მყოფი
სიზმრების მონოპოლისტები
ცნობიერების სეპარატისტები
მომავლის არქიტექტორები
აზრის გიგანტები სცენაზე გამოდიან,
ჩახჩახებს სცენა, დარბაზი გასუსულია,
ცერემონია მალაყებზე დგას
სახალხო პოეტი ჯვარს იღებს პერანგიდან და
დავარდნილი ყლესავით უქნევს ბნელ დარბაზს,
(დეზები სიტყვებს ფერდებში)
ეს პატრიარქის ნაკურთხი ჯვარიაო, – ამბობს ხმამაღლა
მე მართლმადიდებელი კაცი ვარო და კომუნისტიცო. (9)
დარბაზი ქუხს და ამ ჭექა-ქუხილში ვინ ადგენს ჩვენი კვების რაციონს, ვინ გადახოტრავს თავს ამ წმინდანებს?
6 .
ჭაობის მოყინვა სოციალური აქტია
დუმილის დემონტაჟიც ასევე
პაჭიკო ქუჩაში დგას და გახეულ გარმონზე ”მერანს” ამღერებს
პაჭიკო არ ზომავს პრივილეგიებს და წარმატების საჭესთან ახლოსაც არ ზის
ჩექმის შიგნით პარკები აცვია და ფეხებს ასე ითბობს წვიმაში, ქარში
თან სულ ოცნებობს, გზა გადააწყდეს იქნებ სადმე იმის ნაბიჯებს
პაჭიკომ ცოტა იცის, მაგრამ ეს იცის კარგად, რომ ნოტები სიმღერა არაა
ჭაჭის არაყით იოგებს იზელს და მღერის ხმამაღლა, ერეკლე მეორის პირველ ნომერთან,(10) ძალიან ხმამაღლა
ის კი მოაგელვებს აზვირთებულ მანქანას და ჯვარს იდგამს თავზე
ბუნაგში მოჲდა თვალბედითი შავი ყორანი
პაჭიკოს გარმონი ბანს აძლევს მობრეცილს და მაინც მღერის, მღერის და მღერის
რომ ვერ დაამარცხა მზემ გველეშაპი და მთვარე რომ ისევ ჩაყლაპულია
7 .
მიწას შეერია ბნელი ღამეები და ამით იკვებება უსიკვდილოდ სიცოცხლე ახლა
ოცნებები დაივიწყე ჩემო თავო
სურვილები რეალობად არ საღდებიან,
იდეები დაივიწყე
მათი დაბმა ისწავლე
”რევოლუციას არ ახდენენ რევოლუციონერები, რევოლუციონერები ამჩნევენ, რომ ძალაუფლება ქუჩაში გდია და ეუფლებიან მას.”
რომელ მსოფლიოშია მესამე მსოფლიოს ძალაუფლება?
როგორ გავიდე ამ რიტუალიდან, შესაქმის აქტიდან ახალი ცის და ახალი მიწისთვის
სად ვიპოვი სწორ სამიზნეს აზრის მახვილბისთის
როგორ გავათავისუფლო წინააღმდეგობა
პათეტიკასთან გარიგებისგან
ტკივილით მართვისგან
რეაქციონერობისგან
დასაკუთრებისგან
რომანტიკისგან
მერე უკონტექსტობისგან და პირობითისგან
როგორ ამოვფხიკო ”ჯოჯოხეთური” სიკეთის ფორმულიდან
როგორ გამოვძებნო რევოლუცია მიმართებაში?
_ _
თვალებს ვაფახულებ, ჩემს წინ ბიჭია, ატამივით კოხტა ტრაკი ალისფერ ბარხატის შარვალში უზის, თვალი მიშტერდება და
ჰე, ჩემო თავო, გადაიარე ერთი მთა, ორი მთა
ნუ ცურავ კედლიდან ჩამოყრილ ცერცვზე,
შედი საქათმეში, შემოსკუპდი შენს ქანდარაზე
იკრიახე და აუჩქარებლად იფხანე ყვერები
შენი ფიქრი იფიქრე და მძღნერიანი ტრაკით ააკვნესე ზურნები და დუდუკები სი ბემოლ მინორში ან სი მინორში, ან მშიერ კუჭს გაყევი მეორე ხმაში და არავის მისცე უფლება ამოიგოს ის სინთიპონად
შენი სურვილების ტირით გადატანა ისწავლე სიზმრიდან სიზმარში
მერე მესამეში, მეოთხეში, მეხუთე, მეექვსე, შევიდე, მერვე მთის იქეთ,
ამოკერილი ჯიბეებით სიარული ისწავლე,
ხელი მოუჭირე საკუთარ ფასს და
არსად დაკარგო თვეში 300-400 ლარი.
ცოტა აიწელე და ცოტაც შეხტი,
მისიონერივით ამაღლდი ცოტაც,
ოჩოფეხებზე შედექი და უცხო, მტრული კატეგორიიდან გამოიხედე
სინკოპებს უსმინე უფიქრო ფიქრში,
დღევანდელის მიზეზები ეძიე არქაულ მითში
არ ეთხოვო დამშეულ ენას და დამშრალ სიტყვებს
მეჭეჭები დაიმტკიცე თვალებად ძალაუფლების ცენტრისკენ და ნუღა შეყურებ ველურ მებრძოლს, თავი რომ გამოიხრა და მუხლებს იმაგრებს ახლა ოხობიჯებით.
გაიხსენე წინააღმდეგობა რომელიც არ იქცა ლექსად და ლექსი რომელიც არ იქცა ვნებად
(აი რა არის ბარბაროსობა, – ისევ იძვრიან სეზონები და ხეები ისევ ყვავილდებიან)
თარიღების სათიბი გაიხსენე რომლებსაც სახელებიც ვერ დავარქვით
17 მაისი
13 მაისი
13 ივნისი
20 ივნისი
7 ნოემბერი
8 ნოემბერი
9 აპრილი
26 მაისი
7 აგვისტო
17 იანვარი
რომელი უფრო გაღელვებს? .
რომლიდან მოსჩანს ალტერნატიული მომავლის ნაპრალი?
ვინ გადაიქცევს თავს კრაზანად რომ დაკბინოს ეს რეალობა?
ვინ დაადებინებს კვერცხებს დღეს საუზმისთვის მამამლს?
(ერთადერთი უნივერსალია ნიჰილიზმია ახლა.)
სად ჩანს, რომ ორი მხრიდან გადგება და საკუთარ თავთან დადგება კაცი?
სად არის ერთი ყველას ტოლი და თან დარჩება ერთი?
სად არის რაოდენობა მართებულობას რომ არ განსაზღვრავს,
სადაც იდეოლოგია არ ძღება შიმშილით, შიშით?
(თავო ჩემო, იდეოლოგია მოღალატე მამიკოა,
მის კუბოს ახლა ტალახიანი მდინარე ლოდებს ახეთქებს)
ყურზე მიდებული ტუჩებით იკითხე
გარე ყურისთვის უცხო და შუა ყურისთვის ნაცნობ ხმაზე,
– რა ენაზე ლაპარაკობს მესამე ძალა მესამე სამყაროსი?
იყო და არა იყო რა
არა იყო იყო რა
იყო იყო, არა იყო
რაც ხო იყო? იყო რა!
8 .
იასამნისფერი დივნის უკან ვარ,
ზურგს სურვილები მიმაგრებენ, მხრებს კი კედლები. შუბლს ვიღაჟღაჟებ.
უფროდაუფრო მყარი ვხდები ამ მკვრივ კარკასში. კედლები მაწვება და მეც ვაწვები.
პირს ვაღებ ცერის ძვლებზე შემდგარი და დუჟად დამდნარი სიტყვები მირწყავს ტანს, გარედან ისევ 30 წლის “-ჯოს!” “-ჯოს!” “-ჯოს!” ისმის და ამ ექოში მე თავს გავყმუი ერთხმიან სიმღერას მოკუმულ პირზე.
ელვის მდინარე.
11. 07. 2020
შენიშვნები
__________
1 – 2016 წელს სამტრედიის რაიონში პოლიციამ ძალით მოაშარდია და ცემა 22 წლის დემურ სტურუას და მოქალაქეს ემუქრებოდა, რომ შარდის ანალიზით მისი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნას დაადასტურებდა და დაიჭერდა. ახალგაზრდა მამაკაცმა, ვიდრე ექსპერტიზის პასუხი მოვიდოდა თავი მოიკლა.
2 – 2018 წლის ივნისში, თბილისში გამართულ აქციაზე მარნეულელმა მამაკაცმა მთავრობის წევრს შეაგინა, კადრი სოციალურ ქსელში მოხვდა, რაიონში დაბრუნებულ მოქალაქეს მარნეულის მერმა კამერების წინ შარდით პირი დააბანინა და სოციალურ ქსელში გაუვრცელა.
3 – მალქოზი – ყურმოჭრილი მონა, რომელიც ქრისტეს დაეხმარა გოლგოთაზე ჯვრის ატანაში.
4 – წართქმით, რიტმულად
5 – 2019 წელს სამთავრობო გუნდმა საკუთარი გუნდის წევრს გამოუქვეყნა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო ფარულად ჩაწერილი.
6 – 2018 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა თქვა, – ჩვენ გვჭირდება სამშობლო და არ გვჭირდება სახელმწიფო.
7 – „ _“ – აღნიშნავს ერთწამიან პაუზას
8 – დიდხნიანი შეკავებული სუნთქვის შემდეგ ხმაურით შესუნთქული ჰაერი
9 – უნივერსიტეტის დარბაზში კომუნისტური პარტიის სხდომაზე გამოვიდა პოეტი რეზო ამაშუკელი, 1989 წელს, ტრიბუნასთან მან პერანგიდან ამოიღო ჯვარი და პირჯვრისწერით დარბაზს უთრა, – ‘’მე კომუნისტი კაცი ვარ, მაგრამ პატრიარქის დაკიდებული ჯვრით დავდივარ, მე ქრისტიანი ვარ’’.
10 – ერეკლე მეორის პირველ ნომერი – თბილისში, საქართელოს საპატრიარქო რეზიდენცია