პიესა ხმებისთვის
ავტორების შენიშვნა : რეჟისორს შეუძლია ტექსტი გადაანაწილოს იმ რაოდენობის ხმებზე, რამდენსაც საჭიროდ მიიჩნევს.
პუნქტუაცია დარღვეულია შეგნებულად, ტექსტის მდინარების მისანიშნებლად.
ყველაზე გრძელი პაუზა, რაც კი შე- იძლება თეატრში არსებობდეს
-ამოვიდა აუზიდან
• -დღეები უზრუნველად გადიოდა, როგორც მზიან მინდვრებში ჩალისფერ მდელოებზე აგვისტოს ბოლოს სექტემბრის სევდიანი სიგრილე რომ შემოიპარება ხოლმე საღამოობით. ჩაის ვსვამდით ხოლმე. ზოგჯერ ისე, უბრალოდ, ვსვამდით, არც ვლაპარაკობდით, არც ვუყურებდით ერთმანეთს. სრულიად განსხვავებულ რაღაცებზე ვფიქრობდით. მერე ზოგჯერ უცებ წამოვხტებოდით და ერთმანეთს ვეტაკებოდით. გიჟებივით ვკოცნიდით, ვკბენდით, ვკაწრავდით, ვურტყამდით, მერე ისევ ვეხვეოდით და მიყენებულ ჭრილობებს ლოკვით ვუამებდით ერთმანეთს.
ვნება არასოდეს გვიცხრებოდა.
ზოგჯერ ქუჩაში ვსეირნობდით, უცებ შევცვივდებოდით რომელიმე სადარბაზოში და ვტყნაურობდით.
ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. თუმცა ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. ახლა რა ვთქვა იმაზე, რაც აღარა მაქვს?
რა ვთქვა?
უმჯობესია იმას მოვყვე როგორ ვცხოვრობ, რას ვსაქმიანობ.
• -როგორ ცხოვრობ? რას საქმიანობ? -არც არაფერს, ვზივარ მთელი დღე და ათასნაირ საჭმელს ვაკეთებ.-რისთვის? -მინდა ყველაზე მეტი ვჭამო, რომ მერე მუცლის ტკივილით მოვკვდე. -რატო? -ნეხვის გარდა ვერაფერს ვაწარმოებ. -რა გულისამრევი დეპრესიულობაა. -არაგულისამრევი დეპრესიულობა რომელია? -რამე უფრო გულწრფელი. -კარგი.
• დეპრესია შესაძლებლობას არ გაძლევს 17 წელს ასცდე და ისე იაზროვნო. რა ასაკისაც არ უნდა იყო, 17 წელზე ჩამოგაგდებს, ან უფრო ქვემოთ. არადა მე მახსოვს, 17 წლისა გაცილებით უფრო გონიერი ადამიანი ვიყავი, ვიდრე ახლა ვარ.
• ვამბობ, რომ ბედნიერი ვარ. ვამბობ, რომ ბედნიერი ვარ. ვამბობ, რომ ბედნიერი ვარ. ვამბობ, რომ თავისუფალი და ბედნიერი ვარ. ვამბობ, რომ თავისუფალი, სიახლეებისთვის გახსნილი და ბედნიერი ვარ. ვამბობ, რომ თავისუფალი, სიახლეებისთვის გახსნილი, ლამაზი და ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ. ბედნიერი. ბედნიერი ვარ. ასე ვარ. უსიყვარულოდ ბედნიერი ვარ. საერთოდაც ვერ ვგძნობ ჩემი იმ ნაწილების საჭიროებას, შენ რომ დაგრჩა და შენც აღარაფერში გარგია. გადაყარე! გააჩუქე! არ დაიტოვო! რაც არ გჭირდება გადაყარე! რასაც სარგებელი არ მოაქვს რა ღირსია არსებობისა?! რა ღირსია იყოს და არც იყოს. ღირსი კი არა, რა საჭიროა?! -რა ღირსია სამყარო შენ რომ გატაროს? -რა ღირსია სამყარო მე რომ მათრიოს? -რა ღირსია სამყარო შენს გარშემო რომ ბრუნავდეს? -რის ღირსია?
• აივანზე ვიჯექი იმ დღეს და უკვე წასასვლელად ვემზადებოდი, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის აქცია იყო კანცელარიასთან. ხმა მოდიოდა, ვიღაცა “artificial love”-ს მეროდა: „მე, სიყვარული, შენ რომ მაჩუქე, აღარ მინდა!“.
აღარ წავედი. არ შეიძლება ჩემი სისხლი იყოს წითელი ბოლო დროს ადვილად ვიღლები და სულ მძინავს. მეგობრებს აღარ ვნახულობ. ყველა მსაყვედურობს. მიზეზები სხვადასხვაა. არ ვიმახსოვრებ.
• თვალებში ობობიის ქსელები გახლართულა და სამი სიზმრის მიღმიდან ვცხოვრობ. ნებადამცხრალი არსებობა უშინაარსო ნაბიჯებსშუა გამდის. ფირუზისფერი პლასტმასის ზიზღი სხეულზე მაქვს შემომდნარი. ძვლებს მიწვავს და ვერ ვიცილებ. აალებულა ქალაქი შიშით. ვერ გაექცევი აქაურობას, ვერ გაექცევი საკუთარ თავს, კანში ფირუზისფერ პლასტმასებშეხრახნილს.
• -პაატა გერმანიაში წავიდა. ფულის საშოვნელად წავიდა, მარა სიკვდილი და ჭირი იშოვა. დამპირდა, მე წავალ, ვიმუშავებ, ცოტა ფულს მოვაგროვებ, მერე შენც წაგიყვანო.
• -რატომ? -მეზიზღები და იმიტომ. -არ მჯერა. -არც მე. -აბა? -არ დავბრუნდები. -რატო? -უკვე გითხარი. -რომ გეზიზღები? -ჰო. -რომ გულს გირევ? -ჰო.
-რომ ვეღარ მიტან? -ჰო. -რომ გინდა სახეში მომარწყიო? -არა. -აბა? -არა. -რა ვიცი, ჩემზე ხო გერევა გული. -ჰო. -ვერ მიტან. -ჰო. -გეზიზღები. -ჰო. -გძულვარ. -ჰო. -მაშინ სახეში მომარწყიე. რაში გჭირდები. -დაწყნარდი -ისტერიკა კარგი არაა. ეგ ვიცი. -ღიმილი საათივით მომართე და მზეს მიუშვირე. თქვი, რომ ბედნიერი ხარ. -ბედნიერი ვარ. -როდის? -ახლა. -ბოლოს როდის? -რა ბოლოს როდის? -ბოლოს როდის იყავი. -ახლა -არ მჯერა -არც მე. -აბა? -არაფერი. -გძულვარ? -აღარ გიყვარვარ? -არა. -მორჩა? -არა. -არ მორჩა? -არა. -აბა? -არაფერი. -რა არაფერი. გეკითხები, მორჩა?
-არა. -აბა? -არაფერი-მეთქი! -ყლე ვარ. -აქამდე უნდა მიმხვდარიყავი. -აქამდე როდის? -ბოლოს როდის? -ბოლოს? -ჰო. ბოლოს როდის იყავი? -ახლა, რომ დაგინახე რომ მოგიახლოვდი ჩახუტება რომ დავაპირე კოცნა რომ მინდოდა გული რომ ამიჩქარდა მუცელი რომ ამტკივდა მუხლი რომ მომეკვეთა ტირილი რომ მომინდა -ეგ ახლა არაა -ორი წუთის წინ-კი -ახლა? -ახლა აღარ ვარ. -აბა რაღა ხარ. -ახლა აღარ ვარ. -აბა? -არა, აღარ ვარ. არც ბედნიერი, არც უბედური არაფერი აღარ ვარ. გიყურებ მხოლოდ გიყურებ და გისმენ როგორც შუშის შენობები რომ გირეკლავენ და შენს მშვენიერებას გაჩვენებენ თავად კი ვერაფერს გრძნობენ.
• -ამოვიდა აუზიდან, თმები გადაიწია და სახე მზეს მიუშვირა.
• დავიღალე! გამომიღე, გამოიღე ეგ თოფი! შიშით მე ნაყოფს ვერ მოვისხამ. წადი, რეპროდუქციულ ადამიანებზე ინადირე. არა არს ხე უნაყოფო, რომელმან ყვის ნაყოფი.
ჩემი საშო შიშით არ შობს! შიშით მე ნაყოფს ვერ მოვისხამ, გამოიღე ეგ სანადირო თოფი ჩემი მყიფე, ყრუ, უსინათლო, დახავსებული, სევდიანი ბერწი საშოდან! როგორ გელოდი, როგორ გელოდი, როგორც მიწა გაზაფხულს. -დამშვიდდი, წადი. -არა. არ წავალ. -არა? -არ წავალ. -აქ რა დაგრჩენია. -ფეხსაცმელი! კედები! პერანგები! -სულ ეგაა? -ჰო! არა. არა! ეგ არაფერია! ყველაფერი მანდ მრჩება. როგორ წავიდე. ყველაფერი მანდაა. რაც ქუჩაშია ისიც მანდაა. რაც ჩემს სახლშია ისიც აქაა! -ღმერთო, წადი! -როგორ ჩაკეტე ეგ კარი. როგორ მინდოდა თითები მომყოლოდა. ღმერთო, რა ყლე ვარ! ეგ როგორ შეძელი. როგორ მითხარი. როგორ შეგიძლია. როგორ შეგიძლია ასე მელაპარაკო. იმ ტუჩებიდან მე რომ ვკოცნიდი ეგ სიტყვები როგორ გამოდის. იმ თვალებიდან რომ მიყურებდნენ როგორ მიყურებ. როგორ ისუნთქავ ჰაერს. ჩემი სუნით გაჟღენთილ ჰაერს, მაგ ცხვირით, რომ დამყვებოდა და კისერში მიღიტინებდა. ღმერთო, რომ მოგეკალი ხომ დავისვენებდი და აღარც მისი დაბრუნების იმედი დამჭირდებოდა სიცოცხლის გასაგრძელებლად. -სიკვდილი ხელის გაწვდენაზეა, მე კი ვერასოდეს ვერ მოვიხელთე. -შეწყვიტე ღმერთზე ლაპარაკი. -დაბრუნდები? -არ გესმის. -დაბრუნდები? -ვერაფერს ხვდები. -ისევ დაბრუნდები? -მაგარი ყლე ხარ. -აღარ? -მაგარ ილუზიებში ხარ. -რომ შემეძლოს ყველა შენი ხსოვნისგან გამოვირეცხავდი თავს, შენი სისხლის ოყნებს გავიკეთებდი სიამოვნებით და დავმშვიდდებოდი! -ალბათ! -ალბათ!
• შედედებული მწუხარება ცაზე დაცურავს
• მე ვუთხარი, ლევანის გარეშე მე ვერსად ვერ წამოვალ-მეთქი, ჩემი ბავშვის. ჰოდა, მაგასაც დამპირდა, წამოვიყვანთო. მე არ ვიცი რანაირად დავიჯერე. როგორ იჯერებენ ხოლმე ადამიანები სისულელეებს.
• მონატრება მუცელს მისერავს! მუცელს მისერავს მონატრება! მონატრება მუცელს მისერავს! მისერავს მუცელს მონატრება! მუცელს მისერავს! მუცელს მისერავს მონატრება, მუცელს მისერავს. მონატრება მუცელს მისერავს მონატრება მუცელს მისერავს მონატრება მისერავს მუცელს მონატრება მუცელს მისერავს მონატრება მუცელს მისერავს მონატრება მუცელს მისერავს მონატრება მუცელს მისერავს მონატრება მუცელს მისერავს!
• -იცი რა ღირს ბათუმში აი ნაყინი? -რა ღირს? -3 ლარი. მართლა. პაატამ დამპატიჟა. 6 ლარი გადაიხადა. -ვააა -ასეთი იყო ბედნიერება. უბრალო და მსხვრევადი. -ასეთი იყო, დღეები უზრუნველად გადიოდა. თითქოს ფანჯარასთან ვიდექით და ვუყურებდით კორპუსების ხედებს. აივნებს ცხვირწინ. შუშის კედლებს. ფანჯრებს. დარაბებს. იშვიათად ცას, ცაზე მზეს და ღრუბლებს. თითქოს ამ ფანჯრებიდან სულ სხვა ქალაქს გავყურებდით და არა ამ აივნებს ცხვირწინ. შუშის კედლებს. ფანჯრებს. დარაბებს. თითქოს ტვინი არ გვეხშობოდა უჰაერობით. ამ შავი კვამლით. ამ ტყვიის სუნით ნესტოებში.
• -ნუ მიყურებ. მე ნუ მიყურებ! იმ გუბეებს შეხედე შიგ რომ ვაბიჯებ. გუბეებს უყურე. მე რას მიყურებ, რას დაინახავ. გუბეს შეხედე რომ მირეკლავს. ეგა ვარ. ეგ ვარ. ჩემი ანარეკლი ვარ. შავი კარკასი. არ ამამღვრიო. არ ამამღვრიო.
• ტკივილს გულისრევის შეგრძნება ახლდა. არა, ეს ტვინის შერყევა არ იყო. ეს ჩემი შეჭმული სიყვარულის გადაუმუშავებელი ნარჩენები იყო.
• ინდაურის ბუმბულით ჭიპს ვიხსნიდი ხოლმე ნელ-ნელა. ვანძრევდი და გათავებისას ვიმიზნებდი სისხლმდინარე ხვრელში, ცასმიპყრობილ თვალებს ვხუჭავდი და ველოდი სიცოცხლის გამოჩენას სხეულში. მე ვიქნებოდი მამაც და დედაც საკუთარი შვილის, რომ -გეგონა, ლეკვი შვილობას გაგვიწევდა? გეგონა, ძაღლები იმიტომ ტყნაურობდნენ, რომ ჩვენს უნაყოფო ველებს მერე მშობიარე მუცლებით მოსდებოდნენ? რომც არ მომკვდარიყო და ჩვენთან ყოფილიყო, გგონია მისი მშობლები ვიქნებოდით? შვილს კი არა, მისგან გასართობს ველოდით, სიყვარულის მანქანას- ნაყინის დაზგასავით რომ მიგვეშვირა ვაფლის ჭიქა და იმასაც ბედნიერება პორციებად ჩამოესხა ხოლმე, ამიტომაც ადგა და დაგვადო. -გამომიღე, გამოიღე ეგ თოფი! გამოიღე ეგ სანადირო თოფი! ჩემი საშო შიშით არ შობს!
არ შეიძლება ჩემი სისხლი იყოს წითელი
-ჩემში ჩატოვებულ პრეზერვატივებს გამოვიღებ, გამოგამწყვდევ და გამოგგუდავ ისე, როგორც ჩვენი პოტენციური შვილები გამოგუდე მათში. მინდა გიყურო როგორ ლპები და წყლად იქცევი მეორე დღის სპერმასავით, მინდა შენმა ლპობის სუნმა ცხვირი ამიწვას. -არყოფნაში უნდა დავბანაკდე და იქიდან გიყურო. მინდა მატლებივით შემესიონ ფერადი დასაქოქი მშიერი ლეკვები და გამომღრღნან უნაყოფო ყოფიდან. -არყოფნაში უნდა დავბანაკდე და გიყურო, -არყოფნაში უნდა დავბანაკდე და იქიდან გიყურო, -არყოფნაში უნდა დავბანაკდე და იქიდან უნდა გიყურო, როგორ გიყვავებს გულს ჩემი არარად ქცევის გოდება. -როდემდე ვიარო ძირგამოცლილ გზებზე უფალო?! გადმომაყარე წმინდა ქალაქის გალავნის ლოდები და გამსრისე გზაზე მავალი. გზაზე, რომელიც თურმე შენსკენ არასდროს მოდიოდა. -სისხლითა და კადავერინითაა უნაყოფო ჩემი სამყოფი შემოსაზღვრული, ვერსაით გადახვალ ამ ქალაქის გალავანს. -ვერას გახდები. -შინიდან გათხრილი გვირაბით არყოფნისაკენ ვიპარები და მოკითხვას ვუთვლი ჩემს დობილ ტანჯვას. -მერე? მერე რით იმართლებ თავს, თუ დაბრუნდები. -ანუ, მომიშვებ შენთან? -არა. თავს რით იმართლებ-მეთქი! -არაფრით. -მაშინ შევწყვიტოთ ამაზე ლაპარაკი. -მე მაგაზე არც გელაპარაკები. -აბა? -მიყვარხარ. -უნდა მჯეროდეს? -შენი ნებაა. -არა, ეგ უკვე ნებაზე აღარაა დამოკიდებული. -ვერ დაგიმტკიცებ. -მაშინ გააჯვი.
• -ქრისტე ამოვიდა აუზიდან, თმები გადაიწია, ხალათი მოიცვა და შუშის კარში ნელა შევიდა.
• -ყოველღამ გიგანტური უშენობა აწვება ქალაქს. -ხმამაღლა დავფრატუნობ სახლში, რომ მარტოობას სიჩუმე დავურღვიო. ვალაგებ ფოტოებს, რეცეფტებს, ძველ აფიშებს, ანკეტებს, მისალოც ბარათებს, წერილებს წლების, მერე თვეების, მერე დღეების მიხედვით. სხვა რაღა ვაკეთო? თავ-ბედს ვიწყევლი ყოველ დილას უიმედო სინათლის გამო. -ამოქოლე კარი. ამოქოლე ფანჯრები. ყველა სივრცე ამოავსე, რაც კი გარედან ჰაერს შემოუშვებს, მზის სხივებს, უცხო მზერას. ეს ის მზე არაა, რაც იმ სიმღერებში, მე რომ მიძღვნიდი. -არ ვიღვიძებ. ვწევარ ასე გაგვამებული და ველი როდის გადამივლის უშენობის მდუღარე ლავა, რომ მომსრას და შავ კუპრში ჩამფერფლოს. -ვერ ვლაპარაკობ. ვერ ვფიქრობ. ვერ ვმოძრაობ. რისთვის ვიმოძრაო? ინერციიით ვცხოვრობ. ეს დედამოტყნული მოვალეობის გრძნობაც არ მაჩერებს, დავდივარ მეგობრებთან, ვმუშაობ. ყოველ საღამოს უფრო და უფრო მერევა ჩემს თავზე გული: ვტრიალებ, ვბრუნავ, თავბრუ მეხვევა, გულზიდვა მაქვს და საკუთარ ნარწყევში ფეხი ერთხელაც არ ამისრიალდა, რომ ჩავძაღლებულიყავი. ბანანზე ფეხაცურებულები ხომ კვდებიან ხოლმე?! ჰოდა, მე ერთხელ მაინც რატომ არ ავსრიალდი და ავპირქვავდი ჩემს გადმორწყეულ შიგანზე?! რად არ ამომევსო თვალები საკუთარი თავიდან ამოფრქვეული ცხელი ლავით, რომელსაც არც სიცოცხლე ეღირსა და არც სიკვდილი არასოდეს. -რატომ არ მიხვალ მის სახლის კართან და არ მოკვდები. კიბეებზე რატომ არ დაგორდები. მანქანას რატომ არ უვარდები. როგორ მინდა შენთან ვიჯდე და გიყურებდე. არაფერს ვამბობდეთ და როგორც ადრე, ვუსმენდეთ ქუჩას. და ვგრძნობდეთ. მხოლოდ ერთმანეთს ვგრძნობდეთ. ვგრძნობდეთ ერთმანეთის დაჭიმულ თვალებს იმის წარმოდგენაზე, რომ ერთ დღესაც რომელიმე მოვკვდებით, რომ აღარ ვიქნებით. ერთ-ერთი მოვკვდებით, ან მე ან შენ, ან რა მნიშვნელობა აქვს რომელი. ერთი მოკვდება და ორი აღარ იქნება, უბრალო არითმეტიკაა. როგორც ღამის კლუბების რეკლამებში: ერთი უდრის ორს, თუ პირიქით, როგორცაა. -აღარ ვარ. არ მომკვდარხარ, მაგრამ მაინც აღარ ვარ. უშენოდ არ ვარ. არ ვარ. არ ვარ. -რად არ ხარ ღმერთო, რად არ ხარ, უფალო, სულგრძელი და მრავალმოწყალე, რად დამივიწყე? -ღმერთი სიყვარულია. რადიაციული სიყვარული ანტიღმერთი, თვალებში გაყინული შიში, უიმედობა, დაუშოშმინებელი სევდა სოკოებად სხეულს მოდებული. -ნეტარ არიან მორწმუნენი, მიეყრდნობიან ხატებს და ტირიან. მე ვის შევტირო? რამდენ ხანს უნდა ვათრიო სამოცდარვა კილო მკვდარი ხორცი ქუჩიდან ქუჩაზე?
არ შეიძლება ჩემი სისხლი იყოს წითელი
• -შენში გაბნეული ჩემი თავი მინდა, ჩემს თავს მინდა მივუბრუნდე. -ახლა. -დილაობით ვიღვიძებ და ვანძრევ. ადრეც ასე ვიქცეოდი, ყოველ დილას გეხუტებოდი და ვანძრევდი. მიდგებოდა იმის გაფიქრებაზე, რომ კიდევ ერთი დილა გათენდა შენს გვერდით და რომ ისევ გიყვარვარ. -ასე მჯეროდა. მაგრამ როცა ტუჩებზე ხელებს იფარებდი და დამცინოდი:
არ მომეკარო! (მეორდება ბევრჯერ მთელი დიალოგის განმავლობაში)
-და მომავალი? -არ მომეკარო! კიოდი და იცინოდი. გარბოდი ოთახს წრეებს არტყამდი. -და მომავალი? -ხუმრობდი. ვითომ ხუმრობდი.
მაგრამ თურმე მართლა აღარ გდომებივარ. თურმე მართლა გეზიზღებოდი. მშვიდად იძინებდი, როცა წავიდოდი. მარტო ძილი გინდოდა. ახლა დაიძინებ საყვარელო -და მომავალი? -მშვიდად უნდა დაიძინო ჩემს გარეშე დაიძინო და გაიღვიძო მარტომ რომ უფრო ძლიერი იყო. მე კი უშენო ღამეებს მივეჩვევი, უშენო სიბნელეს და მანამ ვიტრიალებ ჩიკორივით აქ ერთ წერტილზე სანამ თავი არ მომწყდება აი ასე, აი ასე, აი ასე უშენო აი ასე უშენოდ აი, აი ასე აი ასე უმომავლოდ, აი, აი, აი. -და მომავალი? -მეტს უნდა გაუძლო. -და მომავალი? -და ახლა? -და მომავალი? -და ახლა? -და მომავალი? -და ახლა? -და მომავალი? -და ახლა? -და მომავალი? -და ახლა? -და მომავალი? -და ახლა? -და მომავალი? -და ახლა? -და მომავალი? -და ახლა? -და ახლაც ვანძრევ! ოღონდ ახლა იმიტომ რომ მეტკინოს! რომ გამოვშტერდე! რომ ყველაფერი დამავიწყდეს! წარმოვიდგინო, როგორ მჟიმავენ ღიპიანი, მსუქანი კაცები! ზედ მაწვებიან! მჭყლეტენ! შენს სიფრიფანა და ნაზ სხეულს არაფრით გვანან! როგორ მენატრები! როგორ მიყვარხარ! როგორ მძულს ჩემი თავი! მინდა რაიმე დავუშავო! ისევე ვატკინო, როგორც შენ გატკინე გული! კანი მინდა დავიფლითო! ცხვირი მიწით ამოვივსო! თავზე სოკოები ამომივიდნენ! ყურებში! პირში! მინდა, რომ შენს ცხელ ამოსუნთქვაში გავიგუდო! შენს ცრემლებში ვიხრჩობი! შენს მარტოობას ვგრძნობ! ვგრძნობ! მარტო მე ვგრძნობ! მარტო მე! და შენ! ცალ-ცალკე! ახლა ცალ-ცალკე. ერთად აღარ. აღარასოდეს დაბრუნდები? აღარასოდეს? არასდროს? ჩემთან არასდროს დაბრუნდები? არასდროს?
• -ყველა ყვავილი ჩემკენაა მოქცეული, -მზე ხარ! -არა. -აბა რატომ? -გვამი ვარ! რატომ არ დაუვლის ამ მეტაფოტრებს მჟავა ფესვებში, ნალოლიავები ქოთნის ყვავილებივით რომ ყვავიან ჩემს ენაში. -უნაყოფო სიზმრის ყანები გაცელე და ქალაქგარეთ წადი, ჩვენი არ შემდგარი შვილების და ძაღლის საფლავს მიხედე, სუსხიანი ქარი რომ დაზმუით და მწლარტე სუნი ასდით პრეზერვატივებში გამონასკვულებს.
• -როგორ ხარ? -კარგად, შენ? -მეც.
-აქეთ მოდიხარ? -ჰო. შენც? -კი, წამო რა, მარტო მეზარება. -კაი. მეც მეზარებოდა. -არ მინდა წლების მერე ერთმანეთს შევხვდეთ და ასე ვილაპარაკოთ. ასე მივმართოთ ერთმანეთს. როგორც ძველმა მეგობრებმა. კარგმა ნაცნობებმა, როგორც ცივილურმა ადამიანებმა, როგორც ჭკვიანმა და გონიერმა ადამიანებმა, გული ამერევა ასე რომ მოხდეს და ამას მივხვდე, ახლა კი ღამეც რომ გავიარო შენს ნაკვალევზე მაინც დამზაფრავს.
• -ქრისტე ამოვიდა აუზიდან, თმები გადაიწია, ხალათი მოიცვა და შუშის კარში ნელა შევიდა. ძვირფასო მარიამ, ძვირფასო მარიამ, მოაბრუნე შენი შროშანტერფება ბიჭი ჩემსკენ, ძვირფასო მარიამ, რად დუმხარ? რად დაიხშე სასმენელნი ჩემი ლოცვისას და რად მიიძინეს შენმა თვალებმა ჩემი უბედობისას დედაო ღვთისავ?! -დავდივარ და ყველგან ვეძებ. ყველგან დავდივარ, რომ სადმე შემხვდე. -გლოვის ტალღები მოაქვს აუზს და ზურმუხტისფერ კედლებს ეხეთქება. -ყველაფერი ტყუილია. ეს ცაც ფირუზისფერი, ეს მზე ოქროსფერი, ყველაფერი ტყუილია. ყველაფერი. ყველაფერი ჯერ ნაცრისფერდება და მერე შავდება.
• -ვეღარ ვუსმენ შენს ხმას, ცათაფრანად რომელიც მიხმობს. -გადატანითი მნიშვნელობით კი არ ვამბობ, მართლა სიკვდილი იშოვა. 3 კვირა არ იყო გასული რომ მოკლედ, პაატა მოკვდა იქ.
• აუზთან გელოდები. ყველა ქუჩა დაივიწყე, სადაც გვივლია? სადაც ჩუმად გიკოცნია? სადაც ლოცვასავით ჩამბუტბუტებდი საალერსო სიტყვებს? ისიც დაივიწყე, პირველად რომ მომვარდი და მაკოცე და გაიქეცი? ეგეც? ისიც, სადაც პირველად შეგხვდი და ულაპარაკოდ ვისეირნეთ მთელი დილა? დილა, თუ რომელი საათი იყო, მგონი 12. მერე მიდიოდი. მეც ლექციები მეწყებოდა. აღარ გახსოვარ? ის ყვავილები კართან რომ დაგიტოვე, არ გადაყარე? არ გადაყარე? ქრიზანთემები მოიისფრო ქრიზანთემები. არ გადაყრი? არ გადაყარე? მოვდივარ რომ შევამოწმო. ყოველდღე ვამოწმებ. ისევ იქ არის. არ გადაყრი? თუ ეს დასრულდა, მაშინ სხვა ყველაფრის დასრულებას დაველოდები. ჰოდა, ველოდები. ველოდები რომ მოვლენ ცისფერი დრაკონები და თავს წამართმევენ. ვზივარ და ველოდები. ამიერიდან დღეები ისე ჩაივლის, როგორც „მარშუტკიდან“ დანახული ხეები სახლები განათების ბოძები ღობეები მანქანები
• -საათივით მომართე ღიმილი და მზეს მიუშვირე -ცინკის კუბოთი ჩამოასვენეს. მე ვერც დავიტირე. ვინ მიმიშვებდა. ჩემი ქმარი მეკითხებოდა რა გატირებსო და მე ვპასუხობდი არ ვტირივარ, ალერგია მაქვს-მეთქი. რას დაიჯერებდა, ვღნაოდი იმხელა ხმაზე. მე მგონი ერთი კვირა ისე გავიდა, სულ ვტიროდი. ბოლოს ექიმი მომიყვანა ჩემმა მულმა, ფსიქიატრი, ხო არ გაგიჟდაო. მერე ტირილი შევწვყიტე. -საათივით მომართე ღიმილი და მზეს მიუშვირე -ვინც მაცოცხლებდა, იმან მომკლა. რა, ღმერთი ხარ? იქნებ მხოლოდ შენი უნდა მერწმუნა?!
• -ჩვენი მიმოწერა წაიკითხეს, ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანაში მედება. -თავი დაიცავი. -თავს არ დავიცავ. -თავი დაიცავი. -თავს არ დავიცავ. -თავი დაიცავი. -თავს არ დავიცავ. შენგან შვილი მინდა. უბედურება და პატიმრობა მინდა შენგან შვილად. A, B, C, რომელიმე ჰეპატიტი ან რამე საშინელება. შიდსი მაინც გქონოდა, ანალიზები არ შემცდარიყო და შენგან შვილად ეგ მაინც მერგებოდა. რამე ძლიერი. რამე უფრო ძლიერი ავადმყოფობა, რომელსაც არ შევებრძოლებოდი და მოვკვდებოდი. ახლა სად ვეძებო. თავს არ დავიცავ. თავს აღარასდროს არ დავიცავ. სიკვდილს ვიშოვი. სიკვდილს ვიშოვი-მეთქი. სიკვდილს მეც ვიშოვი, გაიგე? მკვდრებს ბრალს არ სდებენ არაფერში? მკვდრებს არ ადანაშაულებენ? მკვდრებს არ აპატიმრებენ? მკვდრებს ეტირებათ მაგრამ აბა, როგორ? ახლა გვიანია, ზოგჯერ ყველაფერი ისე დაგვიანებულია, რომ სიკვდილიც კი გვიანია რამის დასასრულებლად. ჰოდა, ახლა ყველაფერი ისე გვიანია, რომ სიკვდილი დაგვიანებულია. ამოფრქვეულიყო ვულკანური შხამი შენი მხურვალე ასოდან, როგორც ხატს მუხლმოყრილი წინ რომ ვედექი. ცეცხლისმფრქვეველ გველეშაპად ქცეულიყო შენი პენისი და გავენადგურებინე ბიბლიური პერსონაჟივით, საკუთარ მომავალზე ხელჩაჭიდებულივით რომ ვიყავი მასზე ყოველღამ. ამეშვა ხორცი და შევპარულიყავი შენს ანალურ ხვრელში მე რომ მეკუთვნოდა. არასოდეს გამოვსულიყავი, შიგ გავმაგრებულიყავი, ოკუპაცია მომეწყო, ბარიკადები ამეშენებინა, ჩამეხერგა შენში შემოსასვლელი გზები ყველასთვის, ვინც ჩემთვის შენს ჩამორთმევას შეეცდებოდა. -დამშეული, შეშინებული და აცახცახებული გვერდით რომ მეწექი და ღიმილით გვალვიან გულ-მკერდს გიყვავებდი, მაშინ, აი მაშინ უნდა -ტირილი გვიანია ახლა, როცა ოცნებებში სხვები და ფეხებში სხვა მიმართულების სისხლი გიფუთფუთებს. -შობის სანთლების შუქზე, ანგელოზებს რომ ვკიდებდით ძველი ყუთიდან ჭერზე მაშინ უნდა დამენაკუწებინე და იმ ანგელოზებისთვის გამეტანებინა შენი თავი, შენი მტევნები – ბოროტების ყლორტები, შენი პენისი, შენი გული, შენი ტერფები, შენი ლამაზი ტერფები, დიდი მძიმე ბათინკებით მიწას მიბმული. -კადავერინი, კადავერინი. -გაჩეხილი ვარ, გადაჩეხილი. -უშენო მხარეს, უშენო მხარე, მკვდარი ნაპირი. გვამური შხამი, სისხლგამხმარი ვარ, ბალზამისა და დამპალი რბილი სხეულების ნაღები. კადავერინი. -მიცვალებულები თავს ვერ იკლავენ, თორემ -მიცვალებულები არც ტირიან, თორემ… უფრო სწორად ვერ ვერ ტირიან! ყველაზე მეტად მათ ეტირებათ, მაგრამ აბა როგორ?! -ობმოდებულ სხეულს გავიწმენდ უშენოს, ხელსახოცებით ‘’ვაგზალზე’’ რომ ვიყიდეთ შეკვრა ერთ ლარად. წერილს დაგიწერ, ‘’მოეწყინა ჩემს სულს ჩემში უფალო’’ სუნთქვის შეწყვეტის მომეცი ნება. სურნელოვან ხელის გულებს გულზე დავიკრეფ და ჩემს ცივ შუბლზე ბოროტების დაიცხრე ვნება, ოღონდ მომეცი სუნთქვის შეწყვეტის, სუნთქვის შეწყვეტის მომეცი ნება. -მკვდრები დატირებას ელიან. მკვდრები არ ტირიან. არადა მათ ყველაზე მეტად ეტირებათ.
• -მე ვგრძნობ ქარს, კისერში რომ მიბერავს. მაგას ვგრძნობ, სხვას არაფერს, და იმას, რომ ყველაფერმა დაკარგა აზრი. დრო აღარ არსებობს და ახლა თავისი არარსებობით მკლავს. ვზივარ აივანზე და ვიხსენებ შენს კისერს, ყელს, მკერდს, მკლავებს. შენს სუნს, ჯერ კიდევ სხეულზე რომ შემომრჩენია. ყველაფერი მტკივა, ყველაფერი. მონატრება მუცელს მისერავს. ცას ვუყურებ აივნიდან. კომბოსტოსავით ვფრცქვნი საკუთარ თავს. ერთმანეთზე დალაგებული ჩემი ფენები. სამი სიზმრის მიღმიდან ვუყურებ სამყაროს, -მაინტერესებს სიღრმეში რა დამხვდება? -არაფერი. არაფერი. -როგორ არა, ჩემი თავი დამხვდება. -არა. კომბოსტოს გული დაგხვდება. -ცოტა მეტაფორულად იაზროვნე. -გულისრევა! გულისრევა რა პრობლემაა, მთავარია პირი გავაღო, თავისით გადმომივა გული პირიდან დაეკიდება და პომიდორივით გაიფურჩქნება გული პირიდან გადმომივა. -მე დაგინახე უფალო, დაგინახე, ქარი თმას გიწეწავდა, შეზლონგზე იჯექი და მზეს უსათვალოდ უყურებდი. რად არ მომხედე მაშინ შენს გვერდით მცხუნვარე მზეზე ჩაძინებულს?
• შენს გარეშე მექანიკა ვარ მხოლოდ, ის, რაც შენამდე სხეულმა ისწავლა, ან ტვინმა.
• -როდემდე უნდა მეტირა იმის თვალებდათხრილი გვამის წარმოდგენაზე. ჰო, თვალები ჰქონდა დათხრილი, როცა ჩამოასვენეს. ეტყობა რამეში გამოიყენეს. მუცელზე ნაკერებიც ქონდა. ეტყობა ვინმეს გადაუნერგეს. პირველად ამ ამოთხრილ თვალებზე რომ შევხედე გავიფიქრე, ეს პაატა არ არის-მეთქი. აბა, იმ თვალების გარეშე, როგორ იქნებოდა.
• -როგორ ახერხებ ასე მელაპარაკო, ამ სიტყვებით, როგორ ბედავ ასე მელაპარაკო, შე ყლეო. როგორ ახერხებ მაგას. როგორ შეგიძლია ცრემლებით დასიებული თვალები გაიქვავო და ასე მიყურო. სად მოაგროვა ეგ ძალა მაგ ხელებმა. ან მაგ მუხლებმა, ეგ მუხლები, ჩემი სახელის გაგონებაზე რომ გეკვეთებოდა. მე აქ ვდგავარ და შენი სიტყვები, როგორც ჟანგიანი ლურსმნები ხორცში, ისე მერჭობა. ისე მეზიზღები, ისე ძლიერ მეზიზღები, როგორც მიყვარდი. -მლანძღე და მოგისმენ. -არ შემიძლია. -როგორ არ შეგიძლია, ორი წუთის წინ მაგას არ აკეთებდი? -რაც ხარ იმას გეძახი. -მაშინ დამარტყი. შემაფურთხე. წიხლი ჩამარტყი. -არ მეცინება. -არც მე. -ყლეზე მკიდიხარ. -მე არა. -მე მკიდიხარ. -მე არა. მიყვარხარ. -მე არა. ყლეზე მკიდიხარ. მეზიზღები. ყველაფერი მკიდია. -კიდევ გაიმეორე. -ყლეზე მკიდიხარ-მეთქი -იმეორე, არასდროს არ გაჩერდე. -ყლეზე მკიდიხარ. -ყლეზე გკიდივარ. შენს ყლეზე ვკიდივარ. -გაქნეულ ყლეზე მკიდიხარ. -გაქნეულ ყლეზე გკიდივარ -პროჭის ჭიავ. -ჩემი ბიჭის პროჭის ჭია ვარ მე… -ყლისშვილო. -ყლისშვილიც შენთვის. -თესლიყლაპია ნაბიჭვარო. -ეგეც ვარ, კი, კი. სულ ვფიქრობდი, ვფიქრობდი და ისევ შენ. კარგად მოიფიქრე. თესლიყლაპია ვარ და შენით სავსე -შემზიზღდი ძლიერ, ძლიერ როგორც არასდროს არვის არ ზიზღებია არვინ. ოო, როგორ მეზიზღება ეგ შენი დიდი ყლე და ეგ შენი დიდი ტრაკი! -ყლეზე გკიდივარ. -მკიდიხარ! -არ გაგიშვებ. შენს ყლეს ვკიდივარ. გებღაუჭები. არ გაგიშვებ, ყლეზე გკიდივარ. ყლეზე გკიდივარ. -გააჯვი-მეთქი!!!
მუსიკა: წ ვ ი მ ა მ ო გ ო ნ ე ბ ე ბ ს ა ს ვ ე ლ ე ბ ს
-მლანძღე და არწყიე და გათავისუფლდი. -ვისგან? -ჩემგან. უფრო სწორად იმისგან, ვინც მე ვარ შენს გონებაში. გულში. ვენებში, შარდის ბუშტში. სადაც ვარ, ყველგან. ნაღვლის ბუშტში დაგროვილი კენჭი ვარ. აი, ვინა ვარ. აი, თურმე ვინა ვარ. აღმოჩენა აღმოჩენა. ყველას მოუყევი. ყველას მოუყევი, რომ ნაღვლის ბუშტში დაგროვილი კენჭი ვარ. მოფსი. მოფსი. მოფსი. მოფსი. სხვა რა ვთქვა. ჩემი ცხოვრება გენიტალიებზე კიდია. მყრალ ტრუსიკებში, ყვერებში მძინავს. რწყილი ვარ, მიწისქვეშა გადასასვლელში ტყნაურისას აკიდებული რწყილი. -როგორ მინდა, როგორ მინდა ჩემს თავს დავუბრუნდე, როგორც ჩემი ბიჭები საკუთარ ცოლებს ჩემთან სექსის შემდეგ. -თუ არ მოვკვდები, არც ვიცოცხლებ. სიკვდილს დაველოდები. სანამ არ მოხვალ სიკდილს დავუცდი. სიკვდილს დავუცდი სანამ უკან არ დაბრუნდები. სიკვდილს დავუცდი, არ ვიცოცხლებ. სიცოცხლეს დაველოდები. სიცოცხლეს დავუცდი სანამ არ მოხვალ. სანამ არ მოხვალ არ ვიცოცხლებ. არ მოხვალ? აღარასოდეს დაბრუნდები? არასდროს? არასდროს მოხვალ? აღარასოდეს დაბრუნდები? ჩემთან არასდროს დაბრუნდები? აღარასოდეს? სანამ არ მოხვალ არ ვიცოცხლებ. არ ვიცოცხლებ სანამ არ მოხვალ. -რას ვაკეთებ და ყველაფერს. ვმუშაობ. ყველაფერს ვასწრებ. განუწყვეტლივ ვმუშაობ. მთელი დღე საქმეს ვაკეთებ, მეტს არაფერს. რასაც ვგეგმავ ყველაფერს ვასრულებ. საღამოს სახლში დაბრუნებას ვერ ვიტან. ჩემი სახლი მეზიზღება.
რატომ ვარ ასეთი მსხვრევადი. ვერაფერს ვერ ვუძლებ. საერთოდ ვერ ვუძლებ ცხოვრებაში ტკივილებს. ვერაფერს.
• -იცი ბათუმში აი ნაყინი რა ღირს? -არა, რა ღირს? -3 ლარი.
• გუშინ მთელი ღამე მეღვიძა და აივანზე ვიჯექი. ვეწეოდი. თითქმის მთელი კოლოფი მოვწიე და ყოველ ღერზე ვცდილობდი ხელისგულზე ჩამექრო სიგარეტი. რა ბავშვობაა. ისე მძულს ჩემი თავი. არადა ისე მოწესრიგებულად მიდის ყველაფერი. მალე დამაწინაურებენ.
• -გვერდით ჩავუარეთ ბედნეირებას. ორი ქალი ნაყინზე ლაპარაკობდა. თუ თვითონ ჩაგვიარა, არ ვიცი. -მაგრამ იქ იყო. იქ. დილით, იმ იაფიან სახაჭაპურეში მარტო რომ ვიჯექი და გელოდი, როცა ვიცოდი, რომ უფლება მქონდა დაგლოდებოდი.
• ჩემი სული პრინტერებში გადასახლდა. ფურცლებს შავი ლაქებით ბეჭდავს. ტექსტები ძლივს ჩანს. მინდა მხოლოდ შენს ფოტოებს ვბეჭდავდე, და ვიყო ის გორგოლაჭები, რომლებს შორისაც შენი დაბეჭდილი სახე გაივლის, ან ხელები, ან ტერფები, ან უხლები, ან ტრაკი, ან ბარძაყები, ან მხრები, მკლავები, კისერი, მუცელი, ყლე, თავი, ცხვირი, ტუჩები, ყურები, თვალები. გორგოლაჭები, რომლებს შორისაც ფურცელი უნდა გასრიალდეს, როგორც შენი გრძნობები ჩემი გავლით, საკუთარ თავსაც უფრო მეტად რომ გაზიზღებს.
• -როგორ. იმ თვალების გარეშე, პაატა? იმ თვალების? როგორ იქნებოდა ეგ. არა.
• -ხახაში ვიგდებ. ბარძაყებს თავზე მიჭერს. სუნთქვა მეკვრება. რწყევამდე ვწოვ, ვლოკავ, ვხრიალებ. ცრემლები მცვივა. უცებ ვიჯერებ, რომ ვტირი, არადა ეს მხოლოდ სასუნთქი გზების შეკუმშვით გამოწვეული ცრემლდენაა. კუჭისკენ ვექაჩები მთელ მის სხეულს, თითქოს მართლა გადავყლაპავ და საზღვრებს ჩვენს შორის სამუდამოდ მოვსპობ. არა, მერე მართლა ვტირი, როცა სახეზე მისი გაყინული კანის შეხებას ვგრძნობ. ბარძაყებს მიჭერს. ისე მიჭერს, თავი მეჭყლიტება. თვალებში კაპილარები მიწყდება. სისხლი მდის. ტვინი მიდნება. სისხლი სახეში მაწვება. ჩემი სახე წითელია, როგორც გახეთქილი საზამთრო. ბოროტების შავი მარცვლებით ტვინში.სახეში მირტყამს. მუშტებს, წიხლებს. ყველაფერს სახეში მირტყამს. მისი ანატომია მეხლება, მის კედლებს ვეხეთქები. დაბადების დღეზე ტორტით პირგამოტენილ ბავშვს ვგავარ, სიხარული უხმო კივილად რომ ექცა. ტკივილით ყელზე ძარღვები რომ ეყრება და ვერავის აგებინებს რა ემართება. მერე იატაკზე გორვას იწყებს, ფართხალებს, კუთხეში კედლების შეხვედრის ადგილს თავს უბრახუნებს, მაგრამ მაინც ყველა იცინის, ჰგონიათ რომ იტყუება. ჰგონიათ, რომ თავს აჩვენებს, ვითომ იგუდება, რადგან ასე ხშირად ერთობა ხოლმე. -ვიგუდები. ვიხრჩობი. არ ვთამაშობ. არ ვიტყუები. მართლა ვიხრჩობი. შემომხედე, მართლა ვიხრჩობი. არა, ხელი არ გამიშვა. უფრო ძლიერად. უფრო ძლიერად წამიჭირე. კედელს მიმანარცხე, სანამ ხრიალით არ ამოვისვრი ყველაფერს, რის დაბრუნებასაც მოითხოვ. -დაიბრუნე. დაიბრუნე. აი, დაიბრუნე, ყველა შენი ნივთი მოგიტანე. დაიბრუნე. -გააჯვი. -არა. დაიბრუნე. აი, დაიბრუნე. მოგიტანე, ყველაფერი უკან მოგიტანე. -გააჯვი. -არა, შეხედე. აი. აი, აქაა. ესეც აქაა. ესეც. ესეც ესეც და ესეც. ყველაფერი აქაა. -გააჯვი. -არა, არა, გორ წავიდე. ხომ ხედავ ყველაფერი აქაა, აქა ვართ. ყველაფერს უკან გიბრუნებ, ყველაფერი მოგიტანე. რაც შენია ყველაფერი მოგიტანე. აქ ვართ. ხო ხედავ. აქ ვართ. ხომ ხედავ დავაბრუნე. სახლში ჩვენ-ჩვენს ადგილას დაგვალაგე. ან გადაგვყარე. სიკვდილი მინდა. -მეც სიკვდილი მინდა. შენსავით მეც სიკვდილი მინდა. რას არ მივცემდი, სიამის ტყუპები ვყოფილიყავით. ერთი ტანით. სხვადასხვა ხელებით. საერთო ფეხებით და ყველაფრით, ყველაფერს მივცემდი, რომ ერთი სხეული ვყოფილიყავით. -რით ვერ შემოგეხიზნე, რომ მერე მეტასტაზებივით გავმრავლებულიყავი შენში, რომ მე შენით და შენ ჩემით ავვსებულიყავით? -ჯვარი დავიწეროთ. -გააჯვი. -ერთსულ და ერთხორც. -გააჯვი. -მღვდელი არ გვინდა. ისე ვამბობ. -ნუ მიხსნი, ძაან გთხოვ. ნუ მიხსნი. გააჯვი. ყლეზე მკიდიხარ. -ვიცი გკიდივარ, მაგრამ დავაბრუნე, მე ყველაფერი დავაბრუნე. აი, შენს წინ ვდგავარ და დავაბრუნე. როგორც გითხარი, ყველაფერს გიბრუნებ. დავბრუნდით. დავბრუნდით-მეთქი. რა ვერ გაიგე. რა ვერ გაიგე. რას ვერ ხვდები.
• -წერილი დატოვა და ამბობს, რომ უნდოდა თავი ერთად მოგეკლათ. -დიახ. გვინდოდა. -ვისი იდეა იყო. -არ მახსოვს. -პირველად ვისი იდეა იყო. -არ მახსოვს. -ის გთავაზობდათ? -კი. ხშირად ვლაპარაკობდით. -რამდენად ხშირად. -ძალიან ხშირად. -ყოველდღე? -არა. ხან ყოველდღე, ხან საათში ერთხელ, ხან თვეში ერთხელ. -თქვენც შეგითავაზებიათ? -დიახ.
• -აჰა, პარასკევი შაბათს ეგებება. სამსჭვალისები გავერანებულ მინდორზე ყრია. შენს სახესთან შედედებულ სისხლზე ბუზები ირევიან. შიშველი გდიხარ მწვანე ფილებზე და დაგყურებ. კისერი დამიგრძელდა, ნელა ვიხრები, ტარაკნებიც შენსკენ მოცოცავენ კარადებიდან. თეთრი ხალათი ჩემი ხელებიდან შენს მკერდზე ნელა ეშვება და მთელ სხეულს გიფარავს. და ჰა, შროშანივით დამჭკნარს მკლავზე მიგისვენებ. -სუნთქავ?-ჩაგყვირის ჩემი პირი და მოფუთფუთე ტარაკნები კედლებში შერბიან. შენც მივარდები და მეც ვეცემი. მუშტებით ამოვხოცავ ყველას! სათითაოდ, სანამ სადმე გამძვრალან და მერე ისევ დაბრუნებულან. ამოვხოცავ მაგ შავ სიკვდილებს. დავდევ. მწვანე ფილებზე დავხოხავ, მაგრამ ვერცერთს ვერ ვარტყამ. ცალი ხელით შენზე დამხობილი ვარ და ცალი ხელით ამ ფილებს ვამტვრევ. შენ უნდა აღსდგე, როგორც ყოველთვის. ვერ ვიჯერებ. სიკვდილში გამცვალე, ტკივილში და უბედურებაში, სისასტიკეში, მიუტევლობლობაში, საკუთარი თავის ტანჯვაში. ვცდილობ რომ შეგაჩერო და ყოველ ჯერზე სიკვდილისკენ მისხლტები. ეს გაუკაფავი ეკალნარი გულზე მესობა, ყოველ დღე ვცდილობ ამოვძირკვო და შენს მკერდამდე მოვაღწიო. რად არ გაქვს ძალა, რად არ გაქვს ძალა ჩემო ბიჭო? რად გავჩნდით ამგვარი არსობისთვის. ღმერთო ჩემო! რად ვერ იპოვე ძალა, რომ ამ უიმედო სიბნელეს არ წაველეკეთ?!
დედაო ყოველთაო და მარადის ქალწულო, რად იბრუნა პირი ჩემგან შენმა ბიჭმა, რად დაუშრა ღვთაებრივი წყარო, ახლა, როცა პირგამეხებულმა ბედმა თვისი რისხვის კვერთხით დამამხო. რად არ გავხდი ცხოველმყოფელი მზერის ღირსი ძისა შენისა. ჰოი, სხივო მაცხოვნებელო და ყვავილო უჭკნობელო, რად არ ამოჭედე ჩვილი ბაგაშივე, რომ ვირთხებს ამოეჭამათ და რად აწვალე გოლგოთამდის, თუ ჩემებრ უსასოოდ დავრდომილთათვის მეოხი მკლავი გაუხმებოდა? ძვირფასო მარიამ, რად დამტოვა, რად დამტოვა ყველა იმედმა? ვერ დავიჯერებ ეს რომ მოხდეს, ვერ დავიჯერებ. ვერ დავიჯერებ, რომ აღარ სუნთქავ და აღარასოდეს მიპასუხებ. სასწრაფოს ვურეკავ, უკვე ცივი ხარ, გაყინული, ხრწნაშეპარული, მაგრამ მაინც ვურეკავ. უნდა გიშველო, უნდა გადაგარჩინო. შენ მკვდარი შეიძლება იყო? ეგ როგორ, რანაირად უნდა იყო მკვდარი? როგორ. -პაატა იმ თავისი თვალების გარეშე? პაატა? იმ თვალების გარეშე? -ყველგან გეძებე. იმდენი გეძებე. იმდენხანს გეძებე. ყველგან. ყველგან გეძებე. მორჩა, ვეღარ მოგაგნებ. ახლა უკვე ვიცი, ბედნიერება სამუდამოდ დაკარგულია. და ყველა წამს, რომელიც თავის თავში ბედნიერების პოტენციალს ატარებს წინასწარ გავანადგურებ. ასე მოვიქცევი, ვიცი. ახლა უკვე ვიცი, როგორც მოვიქცევი. -მე ვიცი, რომ ცხოვრება ყლეობაა ყველა იმ ნახევართვლიანი პაუზების გარდა, როცა ჩვენ ერთად ვართ. იმ პაუზების გარდა, როცა ცხოვრება გვატყუებს, რომ ჩერდება, სინამდვილეში კი – სინათლის სიჩქარით მიდის. -არა, სინათლის სიჩქარით არა. რაღაცებს ნუ იგონებ. -მოკეტე და მაცადე: მე ვიცი, რომ ცხოვრება სინამდვილეში ნახევართვლიანი პაუზებიანად ყლეობაა, მაგრამ ზოგჯერ მეჩვენება, რომ როცა ერთად ვართ ასე არაა. -რა ბედნიერი ვარ ბილ შენთან, სულ თუ ერთად ვიქნებით სულ ბედნიერები ვიქნებით. -ინერტული ბედნიერება. -არ მჯერა. არ დავიჯერებ. არ მინდა დავიჯერო. ჩემს სხეულზე სიხარულის ადგილი აღარ დარჩა. მხოლოდ ტკივილი თუ გადამირბენს ერთი ფეხიდან მეორისკენ თავის ქალის გავლით. ორგანოები ქვებად მექცა.
მინდა მივატოვო ჩემი თავი, სევრდის მორევი, რომელშიც აქნილი, დანაკუწებული გადამიძახე. -შენ ვეღარ გნახავ? ვეღარ გნახავ? არ მომკვდარხარ და მაინც ვერ გნახავ? ვერ მოგეხვევი? ვერ გაკოცებ? ვეღარ გიყურებ აივნიდან, საღამოს, როცა სახლში მოდიხარ? ვეღარ ამიკანკალდება მუხლები, სანამ კარს გაგიღებ? ან როცა დილით შემოგხედავ და თვალდახუჭული მკვდარი მეგონები, ერთ წამში გული არ გამისკდება? ო, ღმერთო! რისთვის უნდა არსებობდე თუკი ეს ხდება? -თავგანწირვა უკიდურეს ზღვარს აღწევს. -ხსნა გამოჩნდება -არასოდეს.
• -მამუკამ მითხრა, სიფილისი მაქვსო. ჯერ მკოცნიდა და მეფერებოდა, მეც ვლოშნიდი, წარმოსახვაში შენ. -ლიფტი ჩაწყდა და შენგან ამ უცხო ქონიან სხეულს დავენარცხე. -ეგრევე დამივარდა, კინაღამ სახეში მივარწყიე და მაინც ვცდილობდი მეჩვენებინა, რომ ყველაფერი კარგად იყო. არ მიდგებოდა, მამუკასაც არ უდგებოდა, თავი მედო მის ოფლიან, ათრთოლებულ ბანჯგვლიან ძუძუზე და დროდადრო ვულოკავდი რომ არ გაცრუებოდა იმედები ღამის კლუბში აგდებულ ბიჭზე. -ჰოდა, ასე, მაინც ავტირდი, ქონიან სხეულთან ვგოდებდი. -გახსოვს გეუბნებოდი, თავს ეგრე გავინადგურებ-მეთქი? -ვგდივარ ამ ხორცის მასაზე და ვლოკავ. ყლეს ვუწოვ და არაფრით არ უდგება. უკნიდან მაგის ძმაკაცი მიახლოვდება. ტრაკში ყლეს ფრთხილად მიცურებს, მაგრამ მე მაინც საშინლად მტკივა და კრუნჩხვა მეწყება. ჰოდა, ასე ვტირი მამუკას ბანჯგვლიან მკერდზე, მე – შენ რომ წმინდანს ეძახდი. ასე ვტირი. ის, უკნიდან რომ მტყნავს, ამბობს: მაგას თავის სიყვარული ახსენდება. -სიყვარული არა ის,-ამბობს ჩემზე ნაწყენი მამუკა და გვერდით ტრიალდება, ვერ იჯერებს, რომ ჩემთვის არაფერს აქვს მნიშნელობა და რომ ვეუბნები, რაც გინდა ის მიქენი-მეთქი, იმას ნიშნავს, რომ მართლა, რაც უნდა ის უნდა მიქნას და მეტს არაფერს. -მოკლედ, არაფერი არ გამოვიდა. მამუკას არ აუდგა. მამუკას ძმაკაცმაც აცახცახებული პროჭიდან ყლე გამომიღო და მითხრა: მესმის, რაც შეყვარებლს დავშორდი, ჩემთვისაც ყველა მხოლოდ ხვრელიაო. -მეც ხვრელი ვარ. შავი ხვრელი. სამყარო უნდა ჩავყლაპო. დარდით სავსე სამყარო. -მეუბნებოდა, მიყვარხარო. მეორე დღეს ადგა და წავიდა. სკაიპით დაგირეკავ და ყველაფერს აგიხსნიო. წარმოგიდგენია? რა უნდა ამიხსნას! მაგრამ რაც არ უნდა ამიხსნას, ავდგები, ჩავალაგებ და მასთან წავალ. მე ვიწექი მასსა და მამუკას შორის და ვუსმენდი. შენ მახსენდებოდი, ესენი კიდე მთავაზობდნენ, დარჩი, დაიძინეო, როგორც ჩანს სექსი არცერთს არ გვდომებიაო, მეხუტებოდნენ, მეფერებოდნენ. თითქმის ამიჩუყა გული მათმა უბედურებამაც. -მამუკა მეუბნებოდა, მიყვარხარო, მინდა შენთან ერთად დილაობით ჩაის ვსვამდეო, ვლაპარაკობდეთ ხოლმეო, მე ვუთხარი, რანაირად-მეთქი, ორი საათია რაც გამიცანი, კლუბიდან აქამდე სად მოასწარი-მეთქი ჩემი გაცნობა და ეს მპასუხობდა, როგორ არა, გიცნობო, მე ურთიერთობა მინდა შენთანო, გრძლევადიანიო, შენ კიდე ყლე ხარო, მარტო ტყნაურზე ფიქრობ, როგორც ყველა ქართველიო. მე ვუთხარი, ხო, ყლე ვარ-მეთქი. თუ მლანძღავდა ყველაფფერზე ვეთანხმებბოდი. გაკვირვებული მიყურებდა და მიმეორებდა: ყლე ხარ, ყლე ხარ! მეც თავს ვუქნევდი: ჰო, ჰო. ჰო. ყლე ვარ აბა რა ვარ. ისე მინდა მოვკვდე. ისე ძალიან. ისე ძლაიან მინდა მოვკვდე. ისე მინდა ტყვნაში გამხიოს ვიღაცამ და ისე მოვკვდე. შუაზე გაგლეჯილი. სისხლიანი. ხორცის გროვა. -და ახლა? -ახალი ჰობი მაქვს. წონაში ვიკლებ. მაინტერესებს, რამდენზე ჩამოვალ. -სერიოზულად? -ჰო, სერიოზულად. ნელ-ნელა ვაკლებ კვებას. -და კარგად ხარ? -ძაან ცუდად ვარ. კუჭი მტკივა, თავი მტკივა, საშინელი გემო და სუნი მაქვს პირში, თვალები, ვერ ხედავ, როგორ ჩამიშავდა? ძალას საერთოდ ვეღარ ვგრძნობ ხელებში… -დეპრესიაში ხარ? -შენ? -არა, რაზე მატყობ. -ძაან ხარ გამხდარი. საშინლად. -საშინლად? დიეტაზე ვარ, ვვარჯიშობ… -ააა -ჰო, როლი მომცეს და მინდა ფორმაში ვიყო. -მე მგონი, მეტისმეტად ავადმყოფურად გახდი. რამდენი კილო ხარ? -49, შენ? -მე 45. -შენამდე კი არა, ახლა ამ ჩანგრეულ ხიდს ვერ გადაცდება ჩემი ხმა. აქ ვაპირებ დარჩენას, სამუდამოდ. აქ, ამ ოთახში – ვიღაცას კედლები პასტით რომ მოუხატავს- მზით და პალმებით, ტალღებით, ჯვრებით, ქრისტეს გამოსახულებებით. დერეფნებში მოძრავი თეთრი ლაქებით. -ისევ ის გრძელთმიანი ბიჭი, რომელიც აუზიდან ამოდის, ბოლოებში მომრგვალებულ სათვალეს იკეთებს და ბარბაცით რომ ვუახლოვდები, დანახვისთანავე, შუშის კარში ქრება. მარტოს მტოვებს გრძელ დერეფანში. თეთრი ლაქა მიახლოვდება: -რატომ გამოხვედი? -მეგონა ჩემთან იყო. -ვინ? -აი, ის ბიჭი. არ მპასუხობს. ეს ის ქალია. თეთრი ლაქა. თეთრი ყვავილი. უჭკნობი ყვავილი.
მკერდში ჩაუკრავს გადასხმის სისტემები და ნაღვლიანი მზერით დაჰყურებს. დერეფნის იატაკზე ნაზად მისთრევს თეთრი ხალათი. -ახლავე ოთახში დავბრუნდები. „5 წუთში გადასხმაზე შემოვალ“-მარტო ეს მითხრა. -რა გულისმრევი გაწირულობაა. -განწირულობა ყოველთვის გულისამრევია. -ყოველთვის არა. -ყოველთვის ასეა -ყოველთვის არა -ყოველთვის. -ვდგავარ და იმ დაჩხაპნილ კედელს შევყურებ. ნეტავ მე უფრო მყარი ვარ თუ ის? რა თქმა უნდა – ის. კედელზე მტკიცე როგორ იქნები?! მთელი დღე ვწევარ. ყველა მეუბნება, რომ ავადმყოფობა შთამაგონებელი იქნება და რამეში გამომადგება. მე კიდე ვერაფერში ვერ გამომადგა. შენს დაკარგვას მაყურებინებს ამ თეთრეულიდან, რომელზეც მარტო ვწევარ. გამუდმებით მგონია, რომ აი ახლა გააღებ კარს და შემოხვალ. მთელი დილა ვგრძნობდი როგორც მოიქცეოდი. ჰოდა ზუსტად მივხვდი. მართლა მოხვედი, კარის შუშიდან შემომხედე და წახვედი. კართან დატოვებული ყვავილები-მკვდარს ყვავილები რაღად უნდა. მკვდარს მწვანე თეთრეულზე-თავად ყვავილებს-თავად წმინდანს-თავად ღვთაებას. რაღად უნდა. შენ უნდოდი შენი ხელისგულები და შენი თვალები, რომ დაენახა მათში: კიდევ თუ გჯერა? გჯერა? გჯერა? არ გჯერა?
სახეზე ნაცრისფერი რად დაგდებია ძვირფასო?! ყვითელი არ უნდა იყო? რად დაგდებია ნაცრისფერი ძვირფასო სახეზე. ჩემსავით მოკვდი? თუ ლოტის ცოლივით ქვად იქეცი?- ჩემს წინ აღმართულ კედლად, რომ მივენარცხო და თავპირი დავილეწო?! როგორ გელოდი-ლამის სასწაულის ვიწამე, რომ მოხვედი და ყველაფერი მორჩა. ყოველ ჯერზე ასე ვიწამებ ხოლმე და მერე ვეწამები. სულ ასე ხდება. მე სასწაულის მჯერა, სასწაულს ჩემი არსებობის-არა. როგორ ახდება? როგორ ახდება, თუ ვერ დამინახა? ან საკუთარი თავი თუ ვერ დაინახა სასწაულმა, როგორ ახდება? ძალა აღარ მაქვს, ძვირფასო ჩემო. რად მომიკვეთე? რად მომიკვეთე, ძვირფასო ჩემო? მაშ, ნუ იდარდებ, მე გავყვები შენი კაცების კვალს შორს რომ მიდის. მათი სახეები ხომ აღარც გახსოვს? ჩვენი შვილების საფლავებზე მე შაბათ საღამოს ვივლი, შენ შაბათ დილას, ან როგორც გინდა, შევთანხმდებით. ყველაფერზე შევთანხმდებით. მე ახლა დავწვები და საწოლს შევერევი. იმ სიბნელით გავაშავებ შენ რომ დამწამე და დაველოდები დილას, რომელიც არაფერს მეტყვის.
-დაივიწყე ჩემი სახელი. დაივიწყე ჩემი სუნი. დაივიწყე ჩემი სახე. დაივიწყე შენი გაბრუებული სხეული ჩემი დანახვისას. დაივიწყე შენი თითები, მე რომ მეხებოდნენ. დაივიწყე შენი ტუჩები, რითაც მკოცნიდი. დაივიწყე შენი თავი, იმ დროის შვილი, ჩემთან რომ გაატარე. დაივიწყე ჩემი ხმა, რომელიც გეძახდა: მიყვარხარ, მჭირდები, მინდიხარ. დაივიწყე სხვა ყველა ბანალური სიტყვაც, რომელიც მართლა თუ გიყვარს, ან უყვარხარ არაჩვეულებრივი ხდება. არ არსებობს არაჩვეულებრივობა. ყველაფერი ჩვეულებრივია, რადგან ვეღარ ვხედავ შენში ვეღარაფფერს.
დამივიწყე. (იმეორებს ბევრჯერ) -და შემდეგ იტყვის: -მოკვდი, სამუდამოდ მოკვდი, ის ვინც ახლა ხარ. მოკვდი. აღარასოდეს დაბრუნდე. -აღარასოდეს? -და შემდეგ იტყვის: -აღარასოდეს, აღარასოდეს დავბრუნდები. აღარასოდეს. შენთან არასდროს დავბრუნდები. აღარასოდეს. არასოდეს. შენთან არასდროს დავბრუნდები. აღარასოდეს.
• -სადედოფლო კაბა მეცვა. მივრბოდით, დანას ვურტყამდით ჩემს თავს. უკან გამოვრბოდით, კედელს ვეჯახებოდით და მერე ისევ მისკენ მივრბოდით. ერთმანეთს ვეჯიბრებოდით: სანამ მოკვდებოდა, ვინ მეტჯერ ჩაარტყამდა დედოფალს დანას. ვქოშინებდით, გულამოვარდნილებს სისხლზე ნაბიჯები გვიცურავდა, ყურებს გვიხვრეტდა ჩემი ტირილი, ვითვლიდით დარტყმებს და არაფრით არ ვაპირებდით გაჩერებას. მერე მორივით ვეგდე ჩვენს წინ სისხლიანი საპატარძლო კაბით. თვალებით ერთმანეთის გაწითლებულ ფეხსაცმელებს მივედუღეთ.
• -ვერ დაივიწყა. -მკვდარი ვეგდე. -ვერ დაივიწყა. -მკვდარი ვგდივარ.
არ შეიძლება ჩემი სისხლი იყო ს წითელი
-ვერ დაივიწყა. -ვგრძნობ წყლულებს ტუჩებთან, თავზე, მუცელში. ყვითელი ორმოები წითელი გარსებით. თითქოს ჩამცხრალ ვულკანებს დავყურებ ზემოდან. თითქოს ჩემი სხეული ვულკანური მთათა სისტემაა. თეთრი ლავა ყვითელი კრატერებიდან ნაზად მოედინება. ჩემი ტკივილი სინაზეა. ჩემი ტკივილი ლამაზია. შენ გიძღვნი. ამას შენ გიძღვნი, ძვირფასო. ძლივს მოპოვებულს – შენ გიძღვნი ჩემო. ვერ დაგივიწყე და გიძღვნი. ჰოდა, ღრმად ჩაისუნთქე. ეს ჩემი თავი მეზიზღება, მას რომ შეზიზღდა. ღმერთო, თუ შენი ნაწილები სადმე არსებობს, აამხედრე და გაუძეხი ჩემს წინააღმდეგ. ცეცხლი მაწვიმე. ჩემი სატრფოს გულად მაქციე, რომ დავიფლითო და წითელ ლავად გადავევლო ჩემსავე თვალებს.
მრისხანებით დამძიმებული ღრუბლები მხრებზე მაწვიმე. სანამ არ გავქვავდები ამ ლავაში გახვეული. აღარასოდეს გავიღიმო-პირი ბალახით ამომევსოს-მიტოვებული სახლის ბაღივით. სარეველებმა ამომგუდონ. არავინ დარჩეს, რომ მაგრძნობინოს ჩემს ბარძაყებზე თავის ცხელი ხელისგულები. ვეღარ ვეღირსო ვერავის ხვევნას-სუროს გარდა, ფესვებით კანზე რომ ჩამაფრინდება და სიცოცხლეს გამომწოვს. აღარასოდეს ჩამეღვაროს ყელში სიცოცხლე აღარასოდეს, ვერ ჩავაფრინდე მის მუხლებს მეტად, -უზიარებლობით დავისაჯო, არ გაიმეტოს არც ერთი წვეთი, თეთრი და მოტკბო, ის სითხე, გათავებისას რომ აფრქვევდა და მიბრმავებდა დახუჭულ თვალებს. აღარასოდეს. აღარასოდეს დაბრუნდები. ჩემთან არასდროს დაბრუნდები. აღარასოდეს. გიძღვნი ჩემს გახრწნილ სხეულს. წინასწარ ველი ურიცხვ ავადმყოფობებს. შენს წყევლას დავყვები, როგორც ძველი აღთქმის სასტიკი ღმერთის. გავსივდები და გადავსკდები, ოღონდ შენს მისამართს ვერ დავივიწყებ. შენს საკურთხეველზე საფლავადქცეულ მუცლიდან ჩვენს არდაბადებულ შვილებს ჩამოვღვრი. ღმად ისუნთქე. მშვიდად იცხოვრე. მე არასოდეს დავბრუნდები. მე არასოდეს დაგივწყებ. მე არასოდეს დაგივიწყებ. აღარასოდეს.
• ვტივტივებ ახლა ‘’ვრცელ, ცარიელ ზღვაში’’. მოგონებები და სურვილები ცას შეერია. ცა ატალახდა.
პიესა იყო მიხეილ თუმანიშვილის დრამატურგთა კონკურსის ფინალისტი