* * * (ვინ ხარ?)

ვინ ხარ?
ვინ ხარ, ჩემს დასივებულ ფეხებს რომ სუროსავით ეხვევი?
ვინ ხარ, ჩემს დასივებულ ფეხებს რომ სუროსავით ეხვევი
და გასაქცევი ძალა წამართვი?

მიტოვებული კარუსელები ჭრელი პოლიეთილენის პარკებში იხრჩობიან,
აქაფებულ არყოფნაში ბუყბუყებენ პლასტმასის ცხენები
და თვალებში ფერადი ნათურები უელავთ.

ვინ ხარ?
როდის წოვე დედაჩვენის ძუძუები?
რად ვერ გიხსენებ?
რატომ მოცოცავს ეს განგრენა ჩემი სახლისკენ?
რად ვერ ვიხსენებ როდის დადო სიკვდილმა კანქვეშ კვერცხები და მიგვიერთა?

გაქვავებულია დრო და
ვარსკვლავები დამარხულია,
გადამხმარია შორისდებულები
დიდი გლოვისთვის.
სასუქებივით,
ჩვენი შვილები,
მუხლებამდე მიწაში დგანან,
დგანან და დგანან
დგანან და დგანან
დგანან და დგანან.
საშვილოსნოები ამოვჭრათ ჩვენს დებს და დედებს
გამოვკიდოთ ელექტრობოძებზე.
შორს აქედან და მზესთან ახლოს

რად გაიქეცი, იქნებ გვეშველა
რად გაიქეცი
ან სად გაიქეცი
სად გაიქეცი და წაიქეცი
იქნებ გვეშველა რამე



აუდიო ვერსია

სხვა ლექსები









Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *