საუბარს უძღება ხელოვნებათმცოდნე
მარიამ შერგელაშვილი
ფარული განდობა და კრიტიკული ხმა, რომელიც ხშირად ერთგვარი რადიკალური ფორმით იჭრება მაყურებლის აღქმაში. ვინ არის ანდრო დადიანი? მისტიფიკაცია? პერსონაჟი? პიროვნება? ვინ?
ამაზე ფიქრი მატარებლის ფანჯარას ჰგავს, რომლიდანაც პეიზაჟი სხლტება სულ, ფოტოს თუ გადაიღებ ფონი გამოგეცლება კადრიდან, არასრული და გათხაპნილი იქნება, ჩემი პასუხიც ასე ჩამოყალიბდება ალბათ შენს კითხვაზე, – 2013 წლის 17 მაისის მერე სასიცოცხლო ენერგიებს მოვწყდი და მერე 2016 წელს, მარიოსავით, თავიდან დავიწყე ანდრო დადიანად ცხოვრება, მაშინ ის იყო ადამიანი, რომელსაც ლაპარაკისთვის სახის დაფარვა სჭირდებოდა; ბოლო სამი წელი, ჩემს მეორენახევართან, 10 წლიანი თანაცხოვრების ნგრევამ წაიღო, რამაც ისე გადამწვა, რომ მთლიანად სხეული დამაკარგია, აქამდე თუ უსახო იყო ანდრო დადიანი ახლა უსხეულოცაა, ადრეც ხშირად იყო სხვადასხვა სხეულით ანდრო, თუმცა იმ შემთხვევებშიც ფიქრი იყო მთავარი ორგანიზმი და არა სხეული; როგორც კარგ მუსიკაში უპირველესი მუსიკალური ჟღერადობა შემსრულებლის „სულია“ და არა საკრავი, ასე აქაც, – ამ მთავარმა ენერგიამ შეიძლება მარტოც იარსებოს, თავისთავად, უსხეულოდ, ფიქრად, აზრად.
–ხელოვნება როგორც აზროვნების სივრცე. ამ პერსპექტივიდან გაგვიზიარე შენი სახელოვნებო პრაქტიკები და ის ტრაექტორია, რომლითაც ანდრო დადიანი სხვადასხვა მედიუმში საკუთარ ხედვას ავითარებს.
ჩემს ახლანდელ საქმიანობაში პროფესიული განათლება არ მაქვს და სიმართლე გითხრა, არც კი ვიცი სად ან რა უნდა მესწავლა ამისთვის, ასწავლიან სადმე ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერას? ჩემთვის მთავარი შრომა ფიქრია, რომელიც შესაძლოა აზრად ვერც კი ჩამოყალიბდეს, მაგრამ გემოვნების გაზრდა და საკუთარ გემოვნებაზე უკან ადევნება-დაწევაა სიცოცხლე. ამ დინების ჟანრით შემოზღუდვა რთულია და ამიტომაც მედიუმებს პირობითად აღვიქვამ; ბუნებრივ პროცესში შინაარსი, ფორმა და მანერა არ ნაწევრდება, ამას ვთხოვ მეც თავს თუკი ურთიერთშეუწონლობა არაა წინასწარგანზრახული ფორმა. დოქის მაგალითზე ასეა, – მისი არსებობა მოდის წყურვილიდან, ეს შინაარსი ქმნის დოქის ფორმას, რაც თავადაა მანერა (ფორმის და იმის, თუ როგორც გადმოდინდება შიგთავსი მისგან) და მომხმარებლის მასთან საურთიერთო ორგანული და ორიგინალური მანერაც მისგანვე წარმოიშვება.
– პოეზია, ტკივილი, თამაში, როგორ გახდა პერფორმანსი და სხეულის მედიუმი შენთვის მნიშვნელოვანი სახელოვნებო ფორმა.
მნიშვნელოვანია არა პერფორმანსი, არამედ ფიქრი, რომელიც ხან პერფორმანსად ისხამს ხორცს, ხან სხვა მედიუმად, იმიტომ რომ მედიუმიც ფორმაა და ფორმიდან გამოყვანილი შინაარსი დინების ღვარჭნილი ტრაექტორია მგონია. ბოლო წლების პირადი ამბებით კლინიკურ დეპრესიამდე მივიყვანე ჩემი თავი, დეპრესიამ მძიმე ფსიქოტროპულებამდე მიმიყვანა, ბევრმა წამალებმა კუჭის დაავადებამდე და დაავადებულმა კუჭმა იმხანად მთლად შემიწოვა, მთელი ფიზიკური და სულიერი ენერგია იქ გადავიდა, ჩაბრუნებული ფრჩხილივით ჩამიბრუნდა მზერა მუცელში, მხოლოდ კუჭს დავყურებდი, მხოლოდ კუჭს დავტრიალებდი ფიქრით, გარჯით და მტკივანი კუჭი ვიყავი მხოლოდ მაშინ, მერე ანდრო მაჭავარიანთან ვიმკურნალე და კუჭი დავკარგე. ახლა ჩემს თავს ვეკითხები სად მაქვს ეს ორგანო და დაზუსტებით ხელსაც ვერ ვიდებ, ბიოლოგი არ ვარ, ცოდნით არ ვიცი სადაა ის, ისე კი თავს არ მახსენებს, ვერ ვხედავ, არსად მეჩეხება, ვერ ვგრძნობ და შესაბამისად არ არსებობს. ამ ფიქრიდან ორ ფრაგმენტს გამოვკვეთ, – „ტკივილი“ და „ჩემი თავი“ – “My self”. ტკივილი ისაა რითაც არსებობას და აქტუალობას მიდასტურებს საგანი. მეორე რაც ყურადღებას იქცევს არის “ჩემი თავი – my self” – ვინ არის ის კომენტატორი პირი, ვინც მოიხმარს კუთვნილებით ნაცვალსახელს – „ჩემი“ – „my”? – არავის შეუძლია პასუხი მომცეს, ვერავინ ხედავს და ვერავინ მიჩვენებს მას, მაგრამ მე ვიცი გრძნობით და განცდით, რომ სწორედ ისაა ანდრო დადიანი. “თავი – self” კი ჩემზე მოკუთვნებული ორგანიზმია, რომელსაც ყოველ დღე საკუთარი ძაღლივით ვუვლი, ვბან, ვაჭმევ, ვასეირნებ, თეატრში დამყავს, ბუნებრივ მოთხოვნილებებს ვუკმაყოფილებ, რომელსაც ახლახანს კუჭი აუტკივდა და ვუმკურნალე და ა.შ.
საკუთარ სხეულისგან ასეთი განდგომა, მაახლოებს მასთან, როგორც პერფორმერის ინსტრუმენტთან, ასეთი განზე დგომით შემიძლია მისი გამეტება უხეში პრეპარირებისთვისაც, ბაროკოსეული, მოჩუქურთმებული აზრის დასაკრავადაც და საერთოდ გასაქრობადაც, რამაც შეიძლება გამოხატოს და აამეტყველოს ნახსენები კომენტატორი, კუთვნილებითი ნაცვალსახელის გამომთქმელი „მე“. სწორედ ის გამომთქმელია ახლა ერთადერთი რაც მტკივა და ეს ტკივილი ერთადერთია რაც არსებობას მიდასტურებს. ჩემი რწმენით ესაა პოეზია, რომელიც სამყაროს სჭირდება და რომელიც სულ არაა აუცილებელი, ლექსად მიმოიფინოს.
⁃ პერსონალურისა და იმპერსონალურის ზღვარზე. ეს ის საკითხია, რომელიც ზოგადადც მაინტერესებს და ვფიქრობ შენს ნამუშევრებშიც ხშირად არის ეს შრე პერსონალური ძიება და ამავდროულად განზოგადებული “თქმა”. განვავრცოთ ეს თემა შენი შემოქმედების მაგალითზე.
ზემოთ დაწყებული „ჩემი თავი“-ს კონცეფციით თუ გავაგრძელებ, იმ „ჩემი“-ს მთქმელის ენერგია იმდენად განუცალკევებელი ენერგიაა მთლიანობის, რომ ვერც კი ვგებულობ რა არის იმპერსონალური. აზროვნების ამ ტექნიკით შემიძლია შინაგანი, გარდაუვალი სულიერი მოთხოვნილების გაჟღერება სოციალურ სამსახურად აღვიქვა, რადგან ამ შინაარსში არ არსებობს „ის“ და „სხვა“. როცა დიდი შინაგანი სიმართლითაა აზრი ატკივებული, სამყაროს კუთვნილებაა იგი და კორექტულობისა და წარმატება – წარუმატებლობის საზღვარებს შლის მის ირგვლივ. ზოგჯერ ასეთი შინაარსის გამოთქმა-არგამოთქმას შორის გადამკვეთი ზღვარიც კი აღარ არსებობს, ისეთ სიცოცხლეშია უკვე ის მისი ვიბრაციით. თუმცა ხელოვნება მატერიალური გამოთქმის სფეროა და ხან როგორ გამოითქმება ის, ხან როგორ…
⁃ მოითხოვს თუ არა ხელოვნება გამბედაობას? თავისუფლება ამ გაგებით როგორ მნიშვნელობს?
ჩვენი მთავარი შთაგონება გამოგდებაა. ჰარმონიული წიაღიდან გამოაგდეს პირველი ადამიანი და მას მერე ვცდილობთ დაკარგულის მსგავსი ავაშენოთ; მუცელიც ედემის ბაღია, ერთ დღესაც დედა გვიშვებს მისი მშვიდი, დაცული წიაღიდან, მერე დედაღმერთივით კი გვეხმარება ფეხზე დადგომაში, მაგრამ მაინც რისკია და გამბედაობა ყოველი ნაბიჯი. თავისუფლებაზე ლაპარაკიც გამბედაობაა, მაშინ, როცა მისი საპირისპირო გაუბედაობა ისაა, რაც კი რამ არ არის ჯერ სამყაროში. მხოლოდ თავისუფლებიდან შეიძლება დაბადება, შემოსაზღვრულ ტერიორიაზე ფიქრი საზღვრებს ვერ გადაწევს. თავისუფლება შედეგიცაა და პროცესიც, დიდ დროში ყველაფერი ძველდება, ჩვენს ნაშრომებსაც ვადა გაუვა, ერთადერთი რაც მისგან დარჩება, ოდნავ გაფართოებული აზროვნების, ფანტაზიის სივრცე იქნება, რომელზეც უფრო ფართედ ფიქრი და ცხოვრება იქნება შესაძლებელი, ალბათ.
შენთვის გარდამტეხი ნამუშევარი
ჩემთვის პროცესი ცალცალკე ნამუშევრებად არ იყოფა, შრომაა დიდი და უსასრულო მთლიანობა, ამაღლებული და ამაღელვებელი ლოცვა. ტექნიკის გამოძებნა, შინაარსში ჩაღრმავება, ენის, მასალის სწორი შერჩევა, ფორმის სიმყარე და შინაარსთან დიალოგი, ფიზიკური ენერგიის მობილიზება, ყველა ნიუანსის ორგანულ პოლიფონიაზე ფიქრი ძილს მიკრძალავს, ეს ხდება ყველა დიდი თუ პატარა ნამუშევრის შემთხვევაში და მიყვარს ეს პროცესი, არღელვის ჩარხს არ დავიდგამ სახლში. წლების წინ ვმუშაობდი ციკლზე „დავითის ფსალმუნები“, იმ ენაში, იმ მანერაში ვსუნთქავდი იმხანად, ტატო ჩანგელიამ მომიყვა ამბავი, რომ ორი ბიჭი ცემა პოლიციამ და დაამატა, შენ ამაზე ლექსი უნდა დაწეროო, მეც გამოწვევად მივიღე ეს შემოთავაზება და დავწერე ლექსი, რომელიც შეიყვარეს, ამბობენ, კარგი ნამუშევარიაო, თუმცა მუშაობის პროცესს არ ავუღელვებივარ, აბსოლუტურად ტექნიკურად ავაწყვე ლექსი და ის იყო ბოლო ნამუშევარი იმ ხელწერით. თითქმის 6-7 თვე აღარაფერი დამიწერია, იგივე რომ არ გამემორებია. მივხვდი, თუ მივეჩვევი იმას, რომ ჩავრთავ ჩარხს, მივაჭერ ღილაკს თითს და ნაყინივით დავამზადებ კარგ ლექსებს, ეს არ აღარ იქნება ხელოვნება ჩემთვის. როცა ვხედავ რომ რაღაც „დავამუღამე“ და ჩემი გემოვნება ამ „ჩარხის“ პროდუქტს გამართულ ნაწარმოებად ღებულობს, ორ, სამ ნიმუშს ვაკეთებ და ვივიწყებ მერე იმ მანერას. მეშინია შიშის, რომელსაც ახალი „ჩარხების“ აწყობის ეშინია და ერთიდაიმავე ინსტრუმენტებით მუშაობა შეუძლია გამუდმებით.
ძიების საგანი, რომელითაც ახლა ხარ მოცული
მარტოობამ და სიჩუმემ ნივთებზე მიშტერება მასწავლა, ნივთები საკუთარი ფუნქციის დაუყოვნებელი და დაუყვედრებელი შემსრულებლები არიან, ჭეშმარიტი ატლანტები, რომელებიც საკუთარ შინაარსს, როლს დამსხვრევამდე ებჯინებიან, დგანან ჩუმად და ელიან რომ რამე ფუნქცია დავაკისროთ, ამასთან ნივთებს უკან ჰყავთ გადაწეული ეგოისტი კომენტატორი და ამის ყურება ძალიან ამაღელვებელია, ვცდილობ ეს თვისებები გავიზიარო მათგან. როგორც გითხარი სხეულის შეგრძნება დავკარგე და ვცდილობ ვიპოვო ენა, რომლიც უსხეულო პერფორმერსა და მისი ამგვარი სიცოცხლის გამომთქმელი ენა იქნება, გამოწვევა საინტერესოა და ვნახოთ რა გამოვა აბა…