“დღეს თანამშრომლები მაბულინგებდნენ, ვისაც არ დაეზარა უფროსიდან დაწყებული ყველა დამცინოდა, მერე ჩემს სექსუალურ გემოვნებაზე მოიწყვეს იუმორისტული საათი, ღლიცინებდნენ, იღრიჭებოდნენ, მასხარაობას ისე შეყვნენ ადამიანებს აღარ გავდნენ, მე კი ოთახიდან გასვლა არ შემეძლო, არც არაფერი შემეძლო გამეკეთებინა მათ წინააღმდეგ”
ფრაგმენტი საკუთარი დღიურიდან
მათი სიცილის ხმა ფანჯრებს ზარავს,
ისინი ჯოგებად გადაადგილდებიან,
ლურჯი ავტობუსებით არტერიებში შედიან და ქალაქს სერავენ,
ბალზამად ედებიან მთელ შიგანს და სიცოცხლის ყველა გამოვლინებას აქვავებენ.
გაყინული ჩიტები ტალახში ყრია.
გონება შიშით იტბორება.
ცაო, ქვით დაგვსეტყვე
და მზეო, ცეცხლოვან მახვილებად აქციე შენი სხივები!
კედლებს ასკდება სიცილი,
ჰაერში დახეული ოლარები ტკაცანებს,
ბარძიმები სკდება
და წითელი ღვინის ნიაღვარს მიაქვს ქუჩები.
ანგელოზთა კრებული მომიჩინე უფალო,
მახვილშემართული,
ღმერთთან მებრძოლი იაკობის ძალით
ანგელოზთა კრებული.
ისინი საწოლში მივარდებიან
და ღმილიანი ტუჩებით მჭამენ.
თვალებში ნემსებს გავიყრი,
ოღონდ ნუ მაყურებინებ ქალაქს, ამ ზიზღის საფუარით,
ცხრა თვე ფეხშველი ვივლი ცეცხლზე
და თავს დავიმარხავ საზიარო საფლავში,
ოღონდ გამარიდე აქაურობას.
გადმოგვაყარე გალავნის ლოდები და გასრისე
ზიზღით გახრწნილი, ლეშით სავსე ქალაქი,
მიწა ჰქმენ უნაყოფო და ცოლნი უძეო მათთვის
–
რომელსა საშო საყდრად გამოგიჩნდა
და მუცელი უვრცელეს ცათა,
მომეც მე ცრემლი ვითარცა მეძავსა
შესავედრებლად მათდა
დიდითა შენითა წყალობით გვიწყალობე
და გვიხსენი ამ ღიმილთაგან.
Home Project Poetry Visual art Texts About
გამოქვეყნებულია ლიტერატურულ ჟურნალში ”არილი”
2017. 11 (265)