მარიამ ალექსიძის ”ფოლია”-ს შესახებ – თამარ შუკაკიძე და ანდრო დადიანი

”სიტყვები” გთავაზობთ პოეტისა და პერფორმერის ანდრო დადიანისა და პოეტისა და თეატრმცოდნის თამარ შუკაკიძის მიმოწერას ფეისბუქზე ”სამეფო უბნის თეატრში” გამართული მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული წარმოდგენის, ”ფოლია”-ს შესახებ.

 

”რაც შეიტანა, _ ისევე ის გამოიტანა იმ სახელგანთქმული ვერსალიდან…”



თამარ შუკაკიძე

– შენი პოსტი ვნახე და მოგწერე. არ მეგონა, რომ ჩვენი პოზიციები ასე დაემთხვეოდა ერთმანეთს მარიამ ალექსიძის ”ფოლიას” შესახებ. როგორც მივხვდი, შეძლებისდაგვარად ნახულობ თბილისში განხორციელებულ დადგმებს. არ ვიცი, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემაა თუ რაა, მაგრამ ჩვენთან წარმოდგენების კრიტიკა და ანალიზი თითქმის არ ხდება. საკმარისია რამდენიმე ცნობილი სახელი და გვარი დაიბეჭდოს აფიშაზე და ძიება ამით მთავრდება უმრავლეს შემთხვევაში. რამდენიმე კვირის უკან ნინო ხარატიშვილის დადგმა ვნახე “რადიო უნივერსი“ და იმედგაცრუებული დავრჩი. ნინოს როგორც მწერალსა და რეჟისორს ვგულშემატკივრობ, მაგრამ მის მიერ შექმნილი თეატრალური ესთეტიკა უკვე ძალიან ძველია. ვუყურებდი და ვფიქრობდი, კარგი ტექსტია, კარგი სცენოგრაფიაა, კარგი კოსტუმები, მაგრამ ჩემსა და წარმოდგენას შორის დიალოგი არ მიმდინარეობს, ცივი კედელია ჩვენს შორის, ოღონდ მეოთხე კედელი კი არა, უბრალოდ სათქმელი ვერ მიდის აუდიტორიამდე.

ანდრო დადიანი 

– ბოლო დროს მეც ბევრს ვფიქრობ, აკადემიურ და ექსპერიმენტულ სივრცეებზე. ვფიქრობ, საერთოდ ექსპერიმეტებს სრულად უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო, რადგან ასეთ დროს გარდაუვალი ხდება სახელმწიფოს პროპაგანდისტული მანქანის ნაწილად არ იქცეს ხელოვნება. როგორც მინიმუმ კრიტიკულ სოციო-პოლიტიკურ კითხვებს ვერ დაბადებს, ან უნდა დუმდეს, ან თითიდან გამოწოვილ ამბებს ახმოვანებდეს. თუმცა მხოლოდ პოლიტიკური აქცენტები ქეციანების გულის მოსაფხანი სატყუარა რომაა ხელოვნებაში, ამის მკაფიოდ მჯერა, ეს ჟურნალისტიკის სფეროა. მაშინ რას უნდა აკეთებდეს ხელოვნება რაღაცებზე და ვიღაცებზე შეხიცინება – გამოფხიზლებისა და ვიღაცების გულის მოფხანის გარდა? მე პოეტი ვარ და ბოლო დროს ჩემს ირგვლივ გაჩენილმა უგვანო, უხამსმა პოეზიამ დამაფიქრა ამაზე (და სიტყვა – ”უხამსი” საერთოდ არ მეჩვენება აქ გადამეტებულად), მკითხველი ბუზივით მიესევა ხოლმე ათასჯერ გადამუშავებულ პოეზიას, რომელიც არც ახალ ფორმას, არც ახალ ენას, არც ახალ თემას, არც ახალ დამოკიდებულებას ლექსის მიმართ არ დაეძებს მის თავში. პოეტებიც მილიარდჯერ გადაღეჭილ, გადამუშავებულ, მონელებულ ლუკმას თავიდან უდებენ პირში მკითხველს. სწორედ ამაზე ვფიქრობდი, რომ ”სამეფო უბნის თეატრში” ამოვყავი თავი მარიამ ალექსიძის სპექტაკლზე ”ფოლია” .

თ. შ. – რადგან სამეფო უბნის თეატრი ახსენე, ერთ საკითხს მინდა ხაზი გავუსვა, ამ თეატრის რეპერტუარი ყოველთვის გამოირჩევა მკაფიო სათქმელით, შემოქმედებითი ჯგუფი თავის მოქალაქეობრივ პოზიციას აფიქსირებს, ამის მაგალითია ”ტროელი ქალები”, “ბეჩავი”, ”პრომეთე”, ”მარინა რევია”, ”ტკივილი არის ახალგაზრდობა”. მაგრამ რას სთავაზობს მაყურებელს აკადემიური, სახელმწიფო ბალანსზე მყოფი თეატრები? რამდენიმე დადგმას გავიხსენებ სახელმწიფო თეატრების რეპერტუარიდან. ბრეჰტის ”დედა კურაჟი”, რომელიც რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ დადგა, კინომსახიობთა თეატრში, შემოქმედებითმა ჯგუფმა ეპიკური თეატრის სრული უგულვებელყოფა მოახდინა და ისე ითამაშეს, როგორც კლასიკურ, არისტოტელესეულ დრამას განაცოცხლებდნენ. სრულიდ გაუგებარია რას აძლევს დღეს მაყურებელს, რომელ პრობლემას ეხმიანება ან საერთოდ რა პოზიცია აქვს, მარჯანიშვილის თეატრში დადგმულ „სამსახური ანუ ზაფხულის ღამის სიზმარის“, რუსთაველის თეატრის სპექტაკლებს „სტიქსი“, „ვანო და ნიკო“, ახმეტელის თეატრში „ბერნარდა ალბას სახლი“ და კიდევ სხვა უამრავ დადგმასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა. რაც შეეხება მარიამ ალექსიძის დადგმას და აუდიტორიის რეაქციას, ამან კიდევ ერთხელ გამახსენა თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე ჩამოტანილი სპექტაკლი “ბროდსკი – ბარიშნიკოვი”-ს შემდეგ აღფრთოვანებული მაყურებელი, როცა ჩემს თავს ვეკითხებოდი, – რატომ ?. და ეს კითხვა ხშირად მიჩნდება თეატრიდან გამოსვლისას. რატომ დადგა შემოქმედებითმა ჯგუფმა და შემდეგ რატომ იყო მაყურებლის რეაქცია ასეთი შეუსაბამო. ამ ყველაფერის ერთ-ერთი ხელშემწყობი სათეატრო კრიტიკის ბარომეტრზე ნულს ქვემოთ ყოფნა მგონია.
საერთოდ ვფიქრობ, რომ რაღაცეები ჩვენს კულტურულ სივრცეში ზედაპირულადაა გააზრებული და დამკვიდრებული. ხელოვანი, როცა თავად იმყოფება განვითარების პროცესში, მაყურებელსაც “ითრევს”. თანამედროვე ბალეტის გააზრების დროსაც ზედაპირულ მიდგომებთან გვაქვს საქმე. თანამედროვე მხოლოდ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მოცეკვავეებს პუანტები და პაჩკები არ აცვიათ?! კლასიკურიდან თანამედროვე ბალეტამდე გზა კონკრეტულმა გარემოებებმა განაპირობა, დროის აჩქარებამ, ინდუსტრიალიზაციამ, მსოფლიო ომებებმა და ა.შ.

ა. დ.  – გეთანხმები, ხელოვნებამ ჯერ კიდევ განმანათლებლობის ხანიდან დაიწყო ხელშეუხებელისგან და საკრალურისგან განთავისუფლება, რითაც სიკვდილის ტერიტორია მოსპო ჟანრებში. ”ფოლია” ძველი ცეკვაა და როცა თანამედროვე ცეკვის დასი კიდებს ხელს მას მოლოდინი გვაქვს, რომ ახალი თვალით იქნება დანახული და ახალი ქორეოგრაფიული ლექსიკით იქნება გაცოცხლებული, ამ შემთხვევაში კი ჩემი აზრით სამუზეუმო ხელოვნებასთან გვქონდა საქმე. თამარ, შენ რისი მოლოდინი გქონდა, რას თხოვ როგორც ერთ-ერთი მაყურებელი და დამფინანსებელი ამ დასს, რა პროცესს უნდა გადიოდნენ შენი აზრით ასეთი შემოქმედებითი ჯგუფები?

თ. შ. – დიახ, სწორედ “ფოლიამ” მისცა ბიძგი ევროპაში მუსიკალური ვარიაციების თემას, რომელიც არაერთმა კომპოზიტორმა აიტაცა. ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია, რომ ჯგუფმა გაიაზროს ამა თუ იმ მასალის ისტორიული მნიშვნელობა, კონტექსტი და მას თანამედროვე სამეტყველო ენა მოუძებნოს. ამ შემთხვევაში კი მგონია, რომ ქორეოგრაფმა მხოლოდ რეპრეზენტაცია გააკეთა და არა ინტერპრეტაცია. რეპრეზენტაციას რაც შეეხება, თუ ბაროკოს მუსიკის მოსმენა მომინდება, ამისთვის აუცილებლად თეატრში არ წავალ, როგორც აღწერაში ეწერა ბაროკოს ეპოქის მუსიკის და თანამედროვე ცეკვის სინთეზთან გვქონდა აუდიტორიას საქმე, ადგილზე კი მხოლოდ მუსიკა დამხვდა, თანამედროვე ცეკვის კვალი ვერსად ვიპოვე, მხოლოდ ნეოკლასიკური ბალეტის ელემენტები იყო.

ა. ვივალდი – ”ფოლია”

ა. დ.  – ჩვენთან ჟანრთა და ფორმათა უკვდავება გაგებულია, როგორც უცვლელობა, არადა თუ დროსთან ერთად არ განიცადა ტრანსფორმაცია ნებისმიერმა ჟანრმა, ნებისმიერმა პროდუქტმა მუზეუმია მისი ადგილი და არა თეატრი. კულტურას წარმოშობს ახალ დროსთან დიალოგი და არა ძველის მუხლებში ჩავარდნა, ფეხებზე შემოხვევა, რომლის ნიშნებიც ამ დასს აქვს, 60-იან წლებში შექმნილი გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიაზე წინ არაფრით არ მიდის ჯგუფი, რომელიც 2018 წელს ცეკვავს. თითქოს კომპანიას არ აქვს მკაფიო ესთეტიკური ვექტორი, რომ ვუყურებ მათ წარმოდგენებს მგონია, რომ ”ოპერისა და ბალეტის” თეატრი საბალეტო დასისგან დიდად არ განსხვავდებიან. ისევ ფერიები, პრინცები და კორდებალეტია სცენაზე, რითაც ამყარებს დრომოჭმულ ვიზუალურ სტანდარტებს და აგვიანებს დემოკრატიული პროცესის შესვლას ქორეოგრაფიაში, მაშინ როცა თანამედროვე ცეკვა მთლიანად უთმობს ასპარეზს ინდივიდს და ეს ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომ ყველა მოცეკვავე სცენაზე ერთმანეთსგან განსხვავდებოდეს. ”ფოლიაში” ვხედავთ გოგოებს, რომლებიც არაფრით არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და კლასიკური ბალეტიდან კორდეს გვახსენებენ. მინდა ისევ ინდივიდზე გავაგრძელო საუბარი, მარიამ ალექსიძის დადგმებიდან როცა გამოვდივარ შემიძლია ვისაუბრო ქორეოგრაფზე, მაგრამ ძალიან ცოტა მაქვს სასაუბრო პერსონალურად მსახიობებზე, რადგან ეს დადგმები არ იძლევა საშუალებას პერსონალური სახეების შექმნისას. როგორც ჩანს არ ხდება მუშაობა სახეებზე, ხასიათებზე, ისე როგორც დრამის თეატრში პერსონაჟების გამოსაკვეთად. ამას შეიძლება ეგოისტური ქორეოგრაფიაც ვუწოდოთ, სადაც იმდენად მნიშვნელოვანი არავინ ხდება სცენაზე, რომ ის დაგვავიწყდეს, ვინც სცენის მიღმაა (ქორეოგრაფი). თუკი პერსონალური სახეები იქნებოდა სცენაზე წარმატებას და წარუმატებლობას მსახიობიც გაიზიარებდა, ახლა კი ყველა სიკეთეც და რისხვაც მარიამ ალექსიძეს ატყდება. ძირითადად კი ეს სიკეთეა, სიკეთეა, რადგან ჩვენთან კრიტიკა არ იწერება, პირად საუბრებში კი არტისტს არავინ არ ეტყვის ხარვეზების შესახებ.

თ. შ. – არგუმენტირებული შეფასების არარსებობა მთლიანად პროცესისთვისაა დამახასიათებელი. რაღაცნაირად, არტისტებსა და კრიტიკოსს შორის მტრული დამოკიდებულებაა, მტრულში ისიც მოიაზრება, რომ შესაძლოა ისინი მეგობრები იყვნენ.

ა. დ.  – ჩემთვის ასევე ძალიან დამღლელია თანამედროვე ცეკვა რომ ბაროკოს ან აღორძინების ხანის მუსიკას უკავშირდება, ნეოკლასიკიდან დღემდე თანამედროვე ქორეოგრაფიამ ბევრი გზა გამოიარა, კილიანის საბალეტო მიგნებები უკვე სიახლეს აღარ წარმოადგენს, დღეს მისი ქორეოგრაფია ისეთივე მეინსტრიმ კულტურის ნაწილადაა ქცეული, როგორიცაა ლამის მადონაა ან ჯეკსონის ნაბიჯები მთვარეზე და მგონია, რომ ამასაც უნდა გაურბოდეს ახალგაზრდა ქორეოგრაფი. არჩევანის მიუხედავად ორკესტრზე და მათი მუზიცირების ხარისხზე კარგის მეტი არაფერის თქმა არ შემიძლია, ასევე კონტრტენორი მიხეილ აბრამიშვილი, რომელიც კარგ ფორმაშია, თუმცა ვფიქრობ მისი როგორც კონტრტენორის შესაძლებლობები სწორად არ იყო წარმოჩენილი, ამ ხმის სილამაზე მის შუა და მაღალ რეგისტრშია, რომელიც აბსოლუტურად აუთვისებელი იყო და ეს რეპერტუარის შერჩევის პრობლემაზე მიუთითებს. ასევე გაუგებარია რატომ იყო პერგოლეზის ”სტაბატმატერიდან” ღვთისმშობლის ტირილი ”ფოლიაში” ჩასმული. გაუგებარია კონტექსტი.

თ. შ. – განსხვავებისათვის მინდა გავიხსენოთ რამდენიმე თანამედროვე ქორეოფრაფის მაგალითი, მართა გრემი, პინა ბაუში, იგივე აკრამ ხანი, სიდი ლარბი ჩერკაუი, დემიენ ჯალეტი, მეთიუ ბორნი, მათ შემოქმედებაზე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თანამედროვეა, რადგან როგორ კლასიკურ მასალასაც არ უნდა იღებდნენ მათ გადააზრებას, დეკოდირებას და თანამედროვე ენაზე “ამეტყველებას“ ახერხებენ. მარიამ ალექსიძის დასი უკვე აღარ არის ერთადერთი სივრცე, რომელიც თანამედროვე ქორეოგრაფიასთან აზიარებს ქართველ აუდიტორიას, წელს შეიქმნა თეატრისა და ცეკვის პლატფორმა „კირკე“ რომლის ძირითადი მიზანი საინტერესო პერფორმერების გაცნობაა და რამდენიმე პერფომანსი უკვე გამართეს. იმედია, მომავალში კიდევ უფრო მეტ პროექტს განახორციელებენ და ამ ჟანრში ძიებებს გააღრმავებენ.

ა. დ.  – უნისონში ”ვმღერით” ახლა, მაგრამ მეც ასე მესმის მასალის გადამუშავების პრინციპები როგორც შენ თქვი, როგორც ინსპირაცია, ძველის ანარეკლი და არაფრით აღდგენა. ასეა ყველგან, თეატრში – ბრეხტის ”ანტიგონე”, კინოში პაზოლინის ”ოიდიპოს მეფე”, ფარაჯანოვი მთლიანად ვარიაციებია რიტუალისა და მითოსის, ლიტერატურაში ”ულისე”, მანი, გამსახურდიას ”დიონისეს ღიმილი”, დათა თავაძის ”პრომეთე”, დავით ხორბალაძის ”მკვდარი ქალაქები”, ასევეა ბრამსთან, ბელა ბარტოკისთან, ხან ენა მეორდება ნაწარმოების, ხან სტრუქტურული აგებულება, ან ალუზიაა რომელიმე თემის და ა.შ.
სცენოგრაფია და კოსტუმებზეც მინდა ვთქვა, ”ფოლიაში” სხვა ბევრ ნიუანსთან ერთად კოსტუმების უხარისხობამაც გამაკვირვა, პრიმიტიულ დონეზე გააზრებული სოლისტის კაბების ფერების ცვლა და პირში გაჩრილი ხელოვნური წითელი ყვავილი საერთოდ ”ესთეტიკური გვირგვინი” იყო მხატვრის კონცეფციის. ჩვენდა სასიხარულოდ იგივეს ვერ ვიტყვი განათებაზე, მოკრძალებულად და დახვეწილად ვთვლი განათების მხატვრის ნამუშევარს.

48967448_425692964635262_5510978687614320640_n
მარიამ ალექსიძის – ”ფოლია”

თ. შ. – კოსტიუმების კონტექსტი ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, მაშინ როდესაც მარიამ ალექსიძის დადგმებში მხატვრობა ერთ-ერთი საინტერესო მხარეა ხოლმე. გავიხსენოთ „მეტამორფოზები“, ან “დოვინ, დოვენ, დოვლი“. ასევე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მუსიკა იყო დომინანტი, ის ქმნიდა მთავარ განწყობას და მას პარტნიორობას ქორეოგრაფია ვერ უწევდა, კამერული ბალეტის მთავარი ხიბლი კი ისაა, რომ მუსიკა და ქორეოგრაფია ორივე ეძებს გამოხატვის ფორმებს და ამ ერთიანობით ამდიდრებს საკუთარ ესთეტიკას.

ა. დ.  – ზოგადად ალექსიძის ქორეოგრაფიული ენა მწირი ლექსიკით ხასიათდება ჩემს აღქმაში, მაგრამ ”დოვინ-დოვენ-დოვლი…”-სა და ”მეტამორფოზების” შემდეგ ”ფოლია” განსაკუთრებულად სუსტ ნამუშევრად მეჩვენება, ნომრებს შორის სუსტი კავშირებისა და დაჩეხილ მთლიანობასთან ერთად ერთფეროვანი მოძრაობები იტკეპნება და განვითარებას ვერ ახერხებენ, რაც რამდენიმე წუთში მოსაწყენს ხდის დარბაზში ყოფნას.

თ. შ. – ამ ყველაფრის გათვალისწინებით უკიდურესად მნიშვნელოვანი მგონია ინფორმაციის მიწოდება არტისტებისთვისაც, მაყურებლისთვისაც და ხელოვნებათმცოდნეებისთვისაც. აუცილებელია იყოს გადაცემები თეატრზე და ამაში ახალგაზრდები ჩართონ. აი ჩავატაროთ ასეთი ექსპერიმენტი, ეცადეთ რომ ინტერნეტ სივრცეში მოიძიოთ ინფორმაცია ქართულ ან სხვა ქვეყნების თეატრზე, გადაცემები, სტატიები და მერე ცადეთ, მაგალითად კინოს შესახებ ინფორმაციის მოძიება. შედეგი ბევრ რამეს იტყვის. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ თეატრმცოდნე ის ადამიანია რომლის დიპლომშიც წერია, რომ მისი მოვალეობაა კრიტიკული შეფასებებიც, განვითარებისათვის და ფორმათა გადააზრებისათვის.

ა. დ.  – თითქმის ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ ამ ბოლო საკითხში ისე, როგორც არაფერში. ყველა სფეროს ჭირდება არგუმენტირებული კრიტიკა.
სასიამოვნო იყო შენთან საუბარი და ვისურვებ ხშირად მოვხვდეთ საინტერესო წარმოდგენებზე.




გამოქვეყნებულია არტპორტალზე ”სიტყვები”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *