ახლა გვიანია
ზოგჯერ ყველაფერი ისე დაგვიანებულია,
რომ დასასრულად სიკვდილიც კი გვიანია.
ჰოდა, ასე გვიანია ახლა
ამოფრქვეულიყო ვულკანური შხამი შენი მხურვალე ყლიდან
როგორც ხატს მუხლმოყრილი წინ რომ ვედექი.
ან ვქცეულიყავ ფირუზისფერ კრემბრულედ მაღაზიის ვიტრინებში შენს საყვარელ ნამცხვრის შიგთავსს რომ წარმოადგენს.
ამეშვა ხორცი და შევპარულიყავი შენში მე რომ მეკუთვნოდა,
არასოდეს გამოვსულიყავი,
გავმაგრებულიყავი შიგ,
ოკუპაცია მომეწყო,
ბარიკადები ამეშენებინა,
ჩამეხერგა ყველა სხვისი შემოსასვლელი გზა
ვინც ჩემთვის შენს ჩამორთმევას შეეცდებოდა.
რით,
რით ვერ შემოგეხიზნე,
რომ მერე მეტასტაზებივით გავმრავლებულიყავი შენში,
რომ მე შენით და შენ ჩემით ავვსილიყავით?!
ტირილი გვიანია ახლა, როცა ოცნებებში სხვები
და ფეხებში სხვა მიმართულების სისხლი გიფუთფუთებს.
შობის სანთლების შუქზე, ანგელოზებს რომ ვკიდებდით ჭერზე
მათთვის უნდა გამეტანებინა შენი თავი,
შენი მტევნები – ბოროტების ყლორტები,
შენი თვალები,
შენი გული,
შენი ტერფები
–
შენი ნატიფი ტერფები
დიდი, მძიმე ბათინკებით მიწას მიბმული.
ატუზულია ჩემს წინაშე ჩემივე ლანდი
(და 75 ბრუნიანი ფირსაკრავივით)
კადავერინი, კადავერინი…
გაჩეხილი ვარ, გადაჩეხილი.
უშენო მხარე, უშენო მხარეს,
მკვდარი ნაპირი.
გვამური შხამი,
ბალზამისა და დამპალი რბილი სხეულების ნაღები,
კადავერინი.
მიცვალებულები თავს ვერ იკლავენ, თორე…
მიცვალებულები არც ტირიან, თორე…
უფრო სწორია, – ვერ ტირიან!
ყველაზე მეტად მათ ეტირებათ, მაგრამ აბა როგორ?
ვიდრე სოკოები აყვავდნენ კანზე წერილს დგიწერ,
სუნთქვის შეწყვეტის მომეცი ნება.
როს სურნელოვან ხელისგულებს გულზე დავიკრეფ
ცივ შუბლზე ბოროტების დაიცხრე ვნება.
ოღონდ მომეცი სუნთქვის შეწყვეტის,
სუნთქვის შეწყვეტის მომეცი ნება.
*
მკვდრები დატირებას ელიან.
მკვდრები არ ტირიან.
ყველაზე მეტად მათ ეტირებათ არადა
გამოქვეყნებულია არტპორტალზე demo.ge
08. 01. 2017