შენი ხე გარეთ გზნებით საუბრობს…
ნ. სამადაშვილი
ქვიარ პოეზიის ანთოლოგიაზე მუშაობისას განსაკუთრებული სირთულე და მიმზიდველობა ძველ ავტორებთან მუშაობას ჰქონდა. ზოგი მათ ლექსებს მიგზავნიდა, ასეთი იყო კატო მიქელაძის სოფიო ამირეჯიბისადმი მიძღვნილი ლექსი, რომელიც შევიტანეთ წიგნში, ზოგი კი სავარაუდო ტექსტების შესახებ მწერდა. ერთხელაც მითხრეს, ნიკო სამადაშვილის ერეკლე ტატიშვილისადმი მიძღვნილი ლექსებისთვის მიმექცია ყურადღება, მაშინვე გადმოვიღე მისი კრებული, ის ღამე კითხვაში გავათენე და დილით უკვე 11 საათზე საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში ველოდი სხვადასხვა გამოცემებს. გულაჩქარებული და მოუთმენელი ჯვარედინად ვკითხულობდი, რომ საჭირო მასალას დროზე მივახლოვებოდი და ეს იყო ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი ამ წიგნზე მუშაობისას. იმდენი მასალა დაგროვდა მათ შესახებ, შევეცდები არ დაგღალოთ და მხოლოდ მასალის კომპილაცია შემოგთავაზოთ.
ნიკო სამადაშვილი მდიდარი ქართული პოეტური მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მწვერვალია, თამაზ ჩხენკელი ამბობს, – „მისი ენის მოდულაციები შეურყვნელია, როგორც ინტონაციურად, ისე სინტაქსურად, ლექსიკა – მდიდარი და სურნელებით დაყურსული. იგი იშვიათად ხმარებული სიტყვებისა და ქართლურიდან შემოტანილი არაერთი მნიშვნელოვანი სიტყვის მეშვეობით განუმეორებელი, თავისებური ელვარების პოეტურ ფრაზებს ქმნიდა თავისი უჩვეულო ხილვების გასამჟღავნებლად. მისი სიტყვა პირველქმნილობით სუნთქავს. იგი ხაოიანია, ხვიფლიანი და ფეროვანია, მოკლებული კლასიკურ დაკრისტალებასა და რაფინირებას. ეს ყველაზე კარგად მის რაღაცნაირად შეშფოთებულ, დისონანსურად ალუფხულ რითმებში ხდება საცნაური. არის რაღაც ხასიათისმიერი ანგრეულობა, რაღაც შინაგანი მოუწესრიგებლობა მის ლექსებში, რაც უცნაურ სიცოცხლისუნარიანობად თუ იმპულსურ ძალმოსილებად განიცდება.“ კალე ბობოხიძემ მისწერა კიდეც, „სიმბოლისტები დაფნის გვირგვინს დაგადგამდნენ თქვენი პოეზიის გამოო“, ოღონდ ეს კომპლიმენტად კი არა, კრიტიკად გაუგზავნა, – „ვისურვებდი, დაგეძლიათ სიმბოლიზმი, დაბრუნებოდით რეალიზმის ნათელ მხარეს და უფრო ახლოს ყოფილიყავით ჩვენი საბჭოთა მწერლების საუკეთესო წარმომადგენლებთანო“. ეს იყო სამუდამო პასუხი ნიკოს პოეზიისთვის, რომ საბჭოთა კონიუქტურაში ვერ ეწერებოდა და არც არასდროს დაბეჭდილა სიცოცხლეში ამიტომაც. მისთვის პოეზია „გულამოსკვნილი სიმღერა არის, პოეტი ქარივით ამოვარდება, რომ სამყაროს ნისლმოდებული კალთები შეაშრიალოს; თუ გინდა დაუსაბამობის კიდეებამდე გაუბი ყორე, ის თავის სწრაფვას როდი შეიცვლის?!” – ამას ფიქრობდა თავად პოეზიაზე და როგორ უნდა ეპოვა ბელადისთვის მომღერლებში თავის ადგილი? კიდეც ამბობდა ვახტანგ კოტეტიშვილი – “ამ დროში დაიღუპება. უმჯობესია, თავისთვის წეროს და უკეთეს დროს დაელოდოს. მაგისი დროც დადგება. როგორც ამბობს მარინა ცვეტაევა, – „Моим стихам, как драгоценным винам настанет свой черед!“ –ეხლა ამისთანა პოეზიის დრო ნამდვილად არ არის.“
მთელი ცხოვრება ელოდა მის დროს, რომლლის დადგომასაც ვერც მოესწრო. მაშინ როცა, სხვა პოეტების წიგნები 3 ან 5 000 ტირაჟით იბეჭდებოდა, ნიკო საკუთარ ლექსებს ხელნაწერებით ან სბეჭდ მანქანაზე ნაბეჭდს ავრცელებდა. ბუღალტერი იყო. სიკვდილის დღეს 1963 წლის პირველ მაისს აღლუმზე გამოსულა, დამბლა ჰქონდა დაცემული უკვე იმხანად და ფეხს მიათრევდა, შეუძლოდ გამხდარა, გონება დაჰკარგვია, ვიღაც გამვლელს ჯიბიდან საბუთები ამოუღია დაბინავების მიზმით, რომ წაუკითხავს „ბუღალტერი, რევიზორი“ – მდიდარი ღორია ვიღაცაო, უთქვამს და საბუთები გადაუყრია, მიუტოვებია. დიდ სიღარიბეში და უიღბლოდ იცხოვრა, – „სადაც არ მივალ ყველგან ღამეა“, „ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე, თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები“ და ” დავიღუპები ისე, როგორც შეჰფერის ოხერს“, ამიტომაც ხშირად ადარებენ ფიროსმანს მისი ცხოვრებით, მთელი ცხოვრება “სულის მობრუნება უნდოდა და პოეზიაზე საუბარი, ეს წყუროდა, ამაზე გიჟდებოდა, ბუღალტერი იუო ეს ფაქიზი სულის კაცი და ყოველდღიურ ცხოვრებას პოეზიისადმი გულგრილ ხალხში ატარებდა.”
ნიკო სამადაშვილი
(19.07.1905 – 1.05.1963)
ნიკოს ლექსები პირველად, გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ, 1973 წელს დაიბეჭდა. ეს იყო თამაზ ჩხენკელის შედგენილი პატარა გამოცემა „ბეთანია“სადაც სულ 27 ლექსი შედიოდა. იქ იყო მისი საკულტო ლექსიც – „შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი…“. უცნაური სათაური აქვს ლექსს – „ჩემს ორეულს, ბუღალტერ ნიკო სამადაშვილ, პოეტ ნიკო სამადაშვილისგან (თუ პირიქით)“. ნიკოს პოეზიას თუ გადაიმეორებთ, ამ სათაურში რომაა ასეთი ჩახვევები, აზრის ზიგზაგები მისთვის დამახასიათებელი არაა, ამ შემთხვევაში კი ნახეთ – „ჩემს ორეულს, ბუღალტერ ნიკო სამადაშვილ, პოეტ ნიკო სამადაშვილისგან (თუ პირიქით)“. სხვადასხვა გამოცემებში სხვადასხვაგვარადაა დასათაურებული ეს ლექსი, – „ჩემს ორეულს“, „ნიკო სამადაშვილს“, „ნიკო სამადაშვილი ბუღალტერი, ნიკო სამასაშვილი მწერალს“, ერთ-ერთ გამოცემაში კი საერთოდ უსათაუროდ სამი ფიფქითაა დაბეჭდილი. ვინაიდან ნიკო მის სიცოცხლეში არასოდეს დაბეჭდილა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ლექსი რომელიმე რედაქტორმა დაასათაურა ამ გრძელი სათაურით (ჰგავს კიდეც ის ლიტერატორის სააზროვნო ხელწერას და არა პოეტისას) და თუკი უსათაუროდ წავიკითხავთ ლექსს, მაშინ ის სამყაროს ერთ-ერთი მაღალი ჰომოეროტიკული პოეზიის ნიმუშია, რომლის პროტაგონისტი შესაძლოა თავად კი არა, სხვა ყოფილიყო.
შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი, ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ, …ვერ მოგიარე, რა გიყო, ძმაო, |
ფინალურ სტროფში ამგვარი პწკარია – „ვერ მოგიარე, რა გიყო ძმაო“, იგივე „ძმაოთი“ ის ერეკლე ტატიშვილს მიმართავს, როცა მას უძღვნის ლექსს „სიზმრების ნაღვერდალი“, – „ამ დროს შენს სახეს რას დაინახავ, ძმაო, გამჩენმა არ დაგანახოს“. ნიკოს ერეკლე ტატიშვილისთვის არაერთი ლექსი აქვს მიძღვნი
ერეკლე ტატიშვილი
(28.08.1884 — 1.02.1946)
ერეკლე ტატიშვილი უფროსი თაობებისთვის და ლიტერატორებისთვის კარგად ცნობილია ფიგურაა, ჩვენს თაობაში ნაკლებად იცნობენ მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ფილარმონიის მიმდებარედ, სადაც თავადაც ცხოვრობდა იმისი სახელი ჰქვია. ერეკლე წარმოშვებით გორიდან იყო, (ნიკოც ასევე, სოფელი ხიდისთავიდან). ის ჯერ გორის გიმნაზიაში, შემდეგ ლაფციგის უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ ანარქისტული მოღვაწეობის გამო ორჯერ იყო დაკავებული გორსა და პეტერბურგში, 1909-11 წლებში მონპელიეს უნივერსიტეტში სწავლობდა იურისპუდენციას, 13 წელს კი პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლა დაამთავრა, შემდეგ ლონდონში მიდის ჟურნალისტიკის შესასწავლად. პირველი მსოფლიო ომის დროს მუშაობდა მასწავლებლადაც და ექიმადაც, შემდეგ დაბრუნდა საქართელოში, ასწავლიდა გერმანულ ენას, იმუშავა ერთხანს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატად, ეწეოდან მთარგმნელობით საქმიანობას და 1923 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ სამართალს ასწავლიდა, შემდეგ კი უცხო ენებს და ლიტერატურას. ის არის უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერეტურის კათედრის დამაარსებელი. მეორე მსოფლიო ომის დაწყების თანავე უნივერსიტეტიდან თითქმის ყველა გერმანისტი დაიჭირეს, ზოგი გააციმბირეს, ზოგი დახვრიტეს, ერეკლეც დააპატიმრეს როგორც ხელისუფლებისთვის არასაიმედო, მაგრამ თითქმის სამი წლის შემდეგ გამოვიდა ციხიდან, ისევ მუშაობდა უნივერსიტეტში და 1946 წლის 1 თებერვალს გარდაიცვალა.
ვახტანგ ჭელიძე, რომლის მასწავლებელიც ერეკლე ტატიშვილი იყო და რომელსაც შექსპირის თარგმნისკენ უბიძგა მან, წიგნში „ლიტერატურული პორტრეტები“ წერს, თუ როგორი სიახლოვე ჰქონდა ერეკლე ტატიშვილს და ახალგაზრდა პოეტს ნიკო სამადაშვილს. სტუდენტები იხსენებენ, რომ მის პაწაწინა ბინაში ხშირად უნახავთ ლექციებზე მისულებს მძინარე ნიკო. იხსენებენ, რა გატაცებით კითხულობდა არაპოეტური გარეგნობის დაბალკისრიანი, ლოყებღაჟღაჟა (როგორც თავად წერენ) ბიჭი ყელმოღერებით საკუთარ ლექსებს ერეკლესთან, კი არ კითხულობდა – გიყვებოდა, რაღაც სხვას გეუბნებოდა, თითქოს მწარედ ტიროდა, გულს იოხებდა. ერეკლე უგონოდ იყო შეყვარებული იყო მასზე და დაბეჯითებით უმტკიცებდა სტუდენტებსაც, რომ ნიკო დიდი პოეტი იყო. ნიკოს მეგობრის შვილი პირად საუბრებში მეუბნება, რომ მაშინ ასეთ რომანტიკულ ურთერთობებზე არ საუბრობდნენ, თუმცა მათი ურთერთობის შესახებ მანშინ იცოდნენ და იცოდნენ სტუდენტებმაც.
„შენთან ყოველთვის იმ დროს მოვდივარ,
როცა ბინდებში ხალხი ილევა,
ჩემი ცხოვრება შენი დარდია,
შენ კი ხარ ჩემი განწყობილება.
როცა შენ აღმართს შევყვები ხოლმე,
ხმა მესმის: რეკავ იდუმალ ზარებს,
ამ დროს ქვეყანა თითქოს ხომლია,
და ყველაფერი პირქვე ზანზარებს…“
„…აგეკვიატე, ნეტა რა ჭირად?
შენ რას აგწერდა რემბრანტის ფუნჯი.
ამ დროს ხელებში გველი გიჭირავს,
და თვალებიდან მოჩანს ფასკუნჯი.“
ნიკო ფასკუნჯს ადარებდა ხშირად ერეკლეს, – „ფასკუნჯი ქართული ფენიქსია, ფენიქსი კი ის ფრინველია, რომელიც სიკვილის მოახლოებას რომ იგრძნობს დაიფერფლება და ხელახლა აღდგება ფერფლით. მე რომ მხატვარი ვიყვე, ფერწერის ოსტატი შენ პორტრეტს სულ სხვანაირად დავხატავდი, სადაც დაოსდებოდი ჯერ სიცილით, მერე ტირილით და შეშლილივით დიდხანს, დიდხანს იბუზღუნებდი. ეს იქნებოდა ორნახადი ადამიანი, ე.ი. ორჯერ გამოხდილი იმ საარყე ქვაბში ჩვენ რომ გაჩენას, მოსვლას ვუწოდებთ.“
„რამდენი ბრიყვი ავს დაგაბრალებს,
ვიცნობთ ამ ყარყუმს, მგონი მუნჯია
სად, ვინ შეიგრძნობს იმ კაცის თავლებს,
კაცი რომელიც ხან ფასკუნჯია.“
გერმანოფილი და ნიცშეზე შეყვარებული ერეკლე საბჭოთა ხელისუფლებისთვის საშიშ ფიგურად აღიქმებოდა. ნიცშე საბჭოეთში ერთ-ერთი ყველაზე აკრძალული მოაზროვნე იყო, რადგან ჰიტლერისა და ფაშიზმის იდეოლოგიურ საფუძვლად მოიაზრებოდა (ალექსანდრე ქუთელიას წიგნიც კი აქვს დაწერილი „ნიცშე და ფაშიზმი“). ამ სახელწიფო პროპაგანდის ფონზე, 1931 წელის 17 მაისს მწერალთა აკადემიის ასოციაციიდან უკვე გარიცხულ ტატიშვილზე ეჭვის მიტანა მარტივი იყო და მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მალევე დაიჭირეს. ბევრი ხელნაწერი წაიღეს თურმე იმ ღამით სახლიდან, ბევრი კი იქვე ეზოში დაწვეს, ამიტომაც ცოტა გვაქვს მისი თარგმანები. ნიცშეს დიდი სურათიც ჩამოუხსნიათ იმ ღამით კედლიდან, რაზეც ერეკლეს დას უთქვამს ჟანდარმერიისთვის, ეს ნიცშე კი არა მარქსიაო და ამგვარი ტყუილით შეეცადა დაეცვა ნიცშეანელი ძმა. ციხეში ნიცშეს ფილოსოფიის ანალიზი დააწერინეს და დაწერა, რომ ნიცშე ფაშისტი არ იყო, მაგრამ არც ტოტალიტარული სახელმწიფოს იდეოლოგად გამოდგებოდა, რადგან ამბობდა, – „სად სახელმწიფო მთავრდება, იქ იწყება ადამინი“, ამ წერილით დახვრეტას გადაურჩა. გადარჩა ის და გადარჩა „ასე იტყოდა ზარატურტრას“ თარგვმანიც, რომელსაც იგივე ბედი ეწია, რაც ნიკოს პოეზიას. ხელნაწერებით და ზეპირად ვცელდებოდა ზარატუსტრას ფრაგმენტები, მთლიანი ნაშრომი კი მისი გარდაცვალების და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოქვეყნდა. ციხის დატოვებიდან მალევე გარდაიცვალა ერეკლე, – 46 წელის 1 თებერვალს.
(დევნილ სიცოცხლეს ბნელ სიზმრების ჯანყი მალავდა, დასწყევლოს ჭირმა, რაღა ნისლებს დაუმეგობრდი…) ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს ერეკლე ტატიშვილი, მისი საფლავის დაუმუშავებელი ქვა ნიკოს მოუტანია, სადაც დიდი სისადავითაა მისი სახელი ამოკვეთილი. სავარაუდოდ ერეკლესთან სიახლოვის გამო 1943 წელს ნიკოც იყო დაჭერილი, ხუთი წელი მიუსაჯეს თუმცა მალევე გამოუშვეს. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ კი 1947 წელს ისევ დაიჭირეს საბუღალტრო გაუგებრობების გამო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის და სტუდენტები უვლიდნენ ერეკლეს საფლავს. ნიკოს ერეკლე რაღაც უცნაური ძალით უყვარდა თავისი სიცოცხლის ბოლომდე. არ მახსოვს არც ერთი შეხვედრა ღვინისმიერი თუ უღვინო, რომ მას გულისშემძვრელი სიყვარულითა და თაყვანისცემით არ მოეგონებინოს ამ კაცის სახელი. ეს მართლაც საოცარი იყო და ჩემზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა. რამდენადმე ამ ძლიერ პიროვნებასთან ურთიერთობამ განაპირობა ნიკო სამადაშვილის პოეტური ბიოგრაფიის თავისებური გეზი. ნიკო სამადაშვილმა იცოდა ეს. მეგობრისა და მასწავლებლის სიკვდილის შემდეგ იგი ცდილობდა გამოენახა გზები (როგორც შინაგანად, ისე გარეთ) იმ მარტოობის დასაძლევად.
როცა გხვდებოდი, ჩემს საგონებელს
ვფიქრობდი, ვუმზერ შუბლმაღალ ხეთებს,
შენ რომ წახვედი, ასე მგონია,
მთელი ქვეყანა თან წაიხვეტე.
ერეკლეს
წერილი გამოქვეყნდა 7. 08. 2024 წელს, ონლაინ პლათფორმაზე “აპრილი”