პირი ცდილობს, პირი გააღოს და ენა გამოუყოს სისტემას

პირი ცდილობს, პირი გააღოს და ენა გამოუყოს სისტემას

2019 წ. ივნისი
წერილი დაწერილია ”ღია სივრცის” პროექტისთვის ”თვეები”
.


ივნისი ისე დაიწყო, რომ პერფორმანს ”დამოუკიდებლობის მემორიალზე” გამოხმაურებები გადმომყვა 26 მაისიდან. 24 საათის განმავლობაში აკრული ფეხით და ხელით ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას ვიხსენებდი სახელმწიფო კანცელარიის წინ, ქართულ ტრადიციულ სუფრაზე ვიდექი, რომელიც მიწაში ჩადიოდა და მეშინოდა, რომ კონსერვატორები პერფორმანსის ჩასაშლელად მოცვივდებოდნენ, მცემდნენ და ჩემს ვინაობასაც გაახმაურებდნენ, მაგრამ კონცეფციას რომ კითხულობდნენ, ყველა თანაგრძნობით შემომყურებდა. მაშინ მივხვდი, რომ ჰაერში სხვა სუნი ტრიალებდა. გალაკტიონის სიტყვებით –
”აერების სიბერეა”


თვის დასაწყისში ვერ ვიფიქრებდი, რომ შენთან ამდენ რამეზე მექნებოდა სალაპარაკო. იმდენი რამ მოხდა ჩვენს თავს ამ დღეებში, ერთად რომ ვიჯდეთ, უსათუოდ დაგვათენდებოდა ლაპარაკში. როგორ შევძლო ამ უკიდურესად მძაფრ თემებზე მოზომილად საუბარი არ ვიცი. 2 თვის წინ, გურიაში ბავშვმა თავი ჩამოიხრჩო შიმშილის გამო და ინტერნეტში წერდნენ, ”რუსთავი 2” რეალობის გამძაფრებას ცდილობს, ჭირისუფლის ცრემლიან თვალებს ახლო კადრით გვიჩვენებსო. რა არის ამ შიშველ ინფორმაციაზე სასტიკი, რომ 15 წლის ადამიანი თავს იკლავს სიღარიბის გამო? ადამიანები პირს იკერავენ პროტესტის ნიშნად, ფეხმძიმე ქალები გზაზე წვებიან და მოძრაობას აფერხებენ, 13 წლის ბავშვი ჯართის მოგროვებისას ცოცხლად იმარხება მიწაში, მშობლები მშიერ შვილებს რუპორით პატრიოტულ ლექსებს აყოლებენ და ხელფასის მომატებას 5-6 წლის ბავშვების ხმით ითხოვენ.
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ძალიან ცოტა რამ შეიცვალა ქვეყანაში. ამასწინ სადღაც ვთქვი და ისევ ასე ვფიქრობ, მარადიორული ცხოვრებით ცხოვრობს ქვეყანა, არანაირი სინატიფე ჩვენს ცხოვრებას არ შერჩა, მოგება-წაგების უკიდურეს პოლუსებზეა ჩვენი ყოფა, არადა სწორედ ამ ორ სიტყვას შორის არსებულ უზარმაზარ ტერიტორიაზე იშლება და ხორციელდება ადამიანი, როგორც სოციო-კულტურული არსება. ქვეყნის კონცეპციის მთავარი მუხლები მყიფე, უსუცოცხლო, ბუტაფორიულ და პროტოკოლურ მატერიებადაა ქცეული.
შეხედე რა დაემართა ქრისტეს მოძღვრებას ამ ქვეყანაში, როგორ იქცა სიყვარულისა და თავისუფლების მქადაგებელი იდეა, კარჩაკეტილობის, ქვეყნის დამუხრუჭების, მომხვეჭელობისა და ზიზღის გამავრცელებლად. იძულებული ვხდებით ქრისტიანობის ამ მოცემულობას განვუდგეთ, რადგან ის განუდგა დედანს. ეს რელიგია ისევე შორსაა მისი დედო ხატისგან, როგორც კომუნიზმი ქრისტიანობისგან. თუმცა ამ თვეში ეს ჰეტეროგენული სიმახინჯეც პორნოგრაფიული სიცხადით ვნახეთ. რუსი მართლმადიდებელი-კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს, (საპარლამენტო ქვეყნის!) პარლამენტის თამჯდომარის სავარძელში იჯდა.
თვე იმით დაიწყო, რომ ლესბოსელი აქტივისტი ქალი პატრიარქს ღია წერილს წერდა, – ჩვენც სულიერი არსებები ვართ, ჩვენც გვტკივაო, გვიხარიო, მოიღე მოწყალება და მოგვხედეო, თუ სულიერი მოძღვარი ხარ ჩვენც შენს სულიერ შვილებად მიგვიღეო. – კარგად მესმის ამ პათოსის, ზოგჯერ ისეთი მარტივი ვარ, ისე მინდა თავი მარტო არ ვიგრძნო, რომ უარესსაც ვიზამდი, მაგრამ რაციონალურად ვერ ვეთანხმები. როგორ დავეთანხმო, იმ ადამიანს ვთხოვოთ წყალობა, რომელიც გამუდმებით ბოროტებას თესავს მისგანვე სიწმინდედ გამოცხადებული მოძღვრების თანახმად?! პირველად იყო სიტყვაო და მგონია, რომ ბოლოც სიტყვა იქნება სამყაროში, როგორც ადამიანური არსის გამომხატველი უმაღლესი მეტაფიზიკური მატერია. სიტყვის სუვერენული ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მჯერა და ამდენადვე დამახინჯებული სიტყვის მეშინია. ლოცვა, რომელიც სიკეთის გზას კარგავს, ბოროტებად გარდაიქმნება, რაც ჩვენმა პატრიარქმა დალოცა ყველაფერი ბოროტის გამარჯვებით დასრულდა, ერთ თვეში თუ ერთ წელში (9 აპრილიდან დაწყებული, ჯაბა იოსელიანით გაგრძელებული, ”ქართული მარშით”, რუსეთის პატრიარქით, 90-იან წლებში რუსეთის თავდაცვის მინისტრის პაველ გრაჩოვის მონათვლით, პუტინის სიყვარულით და ბოლოს, არჩევნების წინ ივანიშვილის მთავრობის დალოცვით დამთავრებული.). ამიტომაც გულდათუთქული წერილები კი არ უნდა ვწეროთ პატრიარქს (რაც ჩვენგან მის დაუმსახურებელ ლეგიტიმაციას ადასტურებს სულიერ მამობაზე), არამედ ხალხს უნდა ველაპარაკოთ, თუნდაც ინდივიდუალურად. ბადიუ აღნიშნავს, -”ჩვენ ვცხოვრობთ სოციალურ სივრცეში, რომელიც სულ უფრო მეტად ხდება უსიტყვო და ამ სივრცეში პროტესტის ერთადერთი ფორმა არის “უაზრო” ძალადობა”, ადამიანი იოლად გამოსაცხადებელია მტრად, როცა არ იცი მისი ადამიანური ისტორიები. არაფერში გვჭირდება ჩვენ იმ პატრიარქის სულიერი შვილობა, რომელიც 5 წლის შიმშილით გარდაცვლილ აჭარელ გოგონაზე ამბობს: -”მართლმადიდებელი არ იყო და ვერ დავეხმარებოდითო”. არაფერში გვჭირდება იმის შვილობა, რომელიც 600 თანმხლებ მოზეიმესთან ერთად იუბილეს პარიზში იხდის, სატრაპეზოდ იწვევს შერონ სტოუნს, სოფი ლორენს, გალინა ვიშნევსკაიას, ირინა არხიპოვას, ნანი ბრეგვაძეს და საპატრიარქოს წინ, უპოვრებისთვის გახსნილი სასადილო -”კათარზისი” დაახურინა მთავრობას, მიზეზით – ”ხმაურით გვაწუხებენო”. რაში გვჭირდება ამ ინსტიტუციისგან მხარდაჭერა? პირიქით, ჩვენი ღრსების შესანარჩუნებლად, მასთან დაახლოების ყველა შესაძლებლობას უნდა გავერიდოთ.

აი დროშა, აშორდია!
პატრიარქის წყევლა სამთავრობო გუნდისგან გაყალბებული შუალედური არჩევნებით დაიწყო, 9 ივნისს და 14-ში გაგრძელდა. დილით ფეისბუქზე წავიკითხე, ირანში რამდენიმე გეი ბიჭი ჩამოუხრჩვიათ, მუშაობისას სულ ამაზე ვფიქრობდი, შუადღით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, მოითხოვს მთავრობისგან, რომ ქვიარ ადამიანების პირველი ”ღირსების მარში”, რომელიც ამ თვეში უნდა გამართულიყო, არ დაუშვას. სახელმწიფოც უმცირესობას (20-25 ადამიანს) ეუბნება, ვერ დაგიცავთო. მენტალური ირანი რომ აქაა 2013 წლის 17 მაისმა გვიჩვენა, ახლა 2019 წელია და უკვე ეკლესია სახელმწიფოსგან ოფიციალურად მოითხოვს სახელმწიფოს თეოკრატიულად გაფორმებას. საღამოს, კანცელარიასთან, დაახლოებით 14 ადამიანი ვაპროტესტებდით საპატრიარქოს მოთხოვნას.
შეპყრობილებისა და რადიკალების სულ მეშინია, ასეა ახლაც. ჩვენთან ექსტრემისტი მემარცხენეები თავიანთ ფუქციას გამიჯვნასა და არსებულის უარყოფაში ხედავენ, ისინი ხშირად წყდებიან ქრონოლოგიურ, გეოგრაფიულ კონტექსტს და შედეგის დადგომისას ამბობენ, – ”ჩვენ ვთქვით!”. ხშირად საუბრობენ პრივილეგირებულ ჯგუფებზე და ამ დროს თავად არიან იდეოლოგიათა პრივილეგიით დათბუნულები, დიდი გურუების ფრაზებით ზურგგამაგრებულები. მათი მოსაზრებების ფაბრიკაცია წახალისებულია და მათ გვერდით აზროვნებაში შეცდომები საუკუნოდ ისჯება.
მემარცხენე პოზიციიდან საუბრობენ ეკონომიკურ პრობლემებზე ლგბტ თემში და ემიჯნებიან ”პრაიდის” აქტივობას, ხილვადობის გაზრდას, საჯარო სივრცის დაკავებას. სიმართლეა! ეკონომიკური პრობლემები ყველაზე მძიმე პრობლემაა, რომელიც მთელ საქართველოს გვაერთიანებს, მაგრამ ქვეყნებს, რომელთაც გამართული ეკონომიკური სისტემა აქვთ, ჰომოფობიას ისინიც აქტიურად ებრძვიან, რადგან პლასტების ერთმანეთზე გადახლართვის მიუხედავად მაინც სხვადასხვა სამუშაო სივრცეებია ეს ორი სივრცე. ჩვენი უმთავრესი სურვილი საზოგადოებაში ინტეგრაციაა და ეს გარემოში ღირებულებით ცვლილებებზე გადის. LGBT ორგანიზაციებმა უნდა იმუშაონ სექსუალური იდენტობის ნიშნით შექმნილი პრობლემების მოგვარებაზე ეკონომიკურ, პოლიტიკურ და მენტალურ ფრონტზე. რა კეთდება ჩვენთან? რატომ არ აფორმებენ ხელშეკრულებებს კერძო კომპანიებთან, პროფესიულ კოლეჯებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან, რომ ტრანსგენდერებისთვის და სხვა LGBT ნიშნით უფლებაჩამორთმეულ ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ განათლება და დასაქმება? იქნებ ფიქრობს ვინმე, რომ თვეში ორჯერ გამართული ”ჰორუმი” არის თემის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრის საშუალება, ან უხარიხსო დრაგშოუები, ან ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებში გამართული ტრენინგკვირეულები, ან ქვეყნიდან წასვლაში ხელშეწყობა?!

იმავე პოზიციიდან ფეისბუქზე რამდენიმე სტატუსი შემხვდა, – ”დღეს პრაიდით გაღიზიანებულმა ადამიანებმა ავტობუსში მაგინეს და ”თბილისი პრაიდი” ამინაზღაურებს მორალურ ზარალს?-კითხულობდა ერთი. შარშან ამ ბიჭის გამო, შორეული ნათესავებისგან საშინელი ბულიგი გადავიტანე, როცა ტელევიზიით მისი გეი ოჯახის შესახებ ისაუბრა. იგივე პოზიციას იზიარებს ერთი ბიჭიც და თან ამბობს, რომ მოსიარულე აქტივისტია. აცვია მკვეთრად ფემინური ტანსაცმელი, უკეთია სამკაულები, მაკიაჟი, მეტროთი მგზავრობს და მისგან გაღიზიანებულ გარემოში, მერე ვინმე მოწყვლად ჰომოსექსუალს უწევს ზიზღისა და ძალადობის გადატანა. ვინმე აგვინაზღაურებს მათგან მოყენებულ ”ზარალს”?
ამჯერად ”პრაიდი” საზოგადოების ისევ ”ბნელებად და ნათლებად”, ”პროგრესულებად და რეგრესულებად” დაყოფას აგრძელებს. ახლა ის სრულიად მოწყვეტილია მიზანს – ხილვადობით სარგებელს და მისი წარმატება იზომება ყველა საშუალების გამოყენებით ჩატარებაში. ეს ორგანიზატორების არასწორი ენის, ურთიერთობის ფორმების, თემისგან მოწყვეტილი პოლიტიკის გამოა და ბუნებრივია, რომ ჩემს მორალურ მხარდაჭერას ვერ იმსახურებენ, ფიზიკურად კი მაინც მათ გვერდით ვარ, რადგან მათი მოქალაქეობრივი უფლებების მხარდაჭერა უფრო დიდს, – ქვეყნის დემოკრატიულობას განაპირობებს; მეორეცაა, ამ გამოუვალი სიტუაციაში არ შემიძლია, ისინი, გავეშებული, პარარელიგიური რწმენით აღჭურვილი ადამიანების პირისპირ დავტო.
ახლა ჩვენი ემანსიპაცია, ამ დანაწევრებისგან საზოგადოების გამოყვანა და სოციალური სამართლიანობის ალტერნატიული წესრიგის წარმოება იქნებოდა. უმნიშვნელოვანეს სამუშაოოდ მიმაჩნია, რომ ადამიანთა თანასწორუფლებიანობა განთავისუფლდეს სექსუალობის გეო-პოლიტიკური, კოლონიალისტური გაგებისგან და პიროვნებამდე დაიყვანებოდეს. ახლა ადამიანი ან დასავლური კულტურიდან, ან რუსეთიდან ექსპორტირებულ იდენტობაში იფუთება, ამიტომ მის მიმართ ადგილობრივი კულტურა გაუცხოებიულია და სიტყვა ”ისინი”-თ განისაზღვრება, რომელიც გაერთიანებას შეუძლებელს ხდის. ასევე მთავრობას, როგორც დაავადებულ ორგანოს, უნდა ვაიძულოთ სტიმულატორებით ამუშავება, რომ შეასრულოს საკუთარი მოვალეობა ყველა მოქალაქესთან ერთნაირად, გამოავლინოს ჰომოფობიურ ნიადაგზე სამართალდარღვევები, მოახდინოს სწორი სახელდება და დააკისროს პასუხისმგებლობა მოძალადეებს.
ამას გწერ და საინფორმაციო აცხადებს, რომ რაინდი ლევან ვასაძე აანონსებს სახალხო რაზმების შექმნას, რომელიც ქვიარ ადამიანებს ქუჩაში დაიჭერს, ტყავის ქამრებით ხელებს შეუკრავს და ამბობს, – ”კომმბლებს წავუთაქებთ ამ მეტრაკე მამაძაღლებსო”. ეს ის ქართველი რაინდია მის მომხრეებთან ერთად, ამ პროცესებამდე ერთი კვირით ადრე ”დავით გარეჯის” დაკარგვის საფრთხისას რომ დუმდა. მერეც, როცა გავრილოვის და რუსული პოლიტიკის გაპროტესტებისას გაქრა პოლიტიკური არენიდან. საეჭვოდ ხომ არ გეჩვენება მისი აქტიურობა მხოლოდ პრაიდის თემაზე? მე მაფიქრებს მის რეპრესირებულ სექსუალობაზე და მაეჭვებს იდეების გულწრფელობა, მით უფრო, თუ მის მეგობრობას კრემლის იდეოლოგ დუგინთან გავიხსენებ. გახსოვს ალბათ, დუგინის ცნობილი ფრაზა, – ”ტანკები თბილისისკენ – ჩვენი გამარჯვების ერთადერთი ფორმულაა”.


*
ამ დღეებში პერფორმანსი უნდა გამეკეთებინა, კავკასიურ ოჯახებში მენტალობაზე უნდა მესაუბრა ევროპიდან ჩამოსულ სტუმრებთან. მინდოდა მათთვის აუშვიცი გამეხსენებინა, დამწვარი ადამიანების კვამლში გახვეული ქალაქები, დამეკავშირებინა თბილისში საკუთარ საძინებელში გამომწვარ საბი ბერიანთან და გროზნოში არსებულ ”საკონცენტრაციო ბანაკებთან”, სადაც ასეულობით ჰომოსექსუალი შეჰყავთ და უკვალოდ აქრობენ. პერფორმანსის სახელი ”ოჯახური რეცეფტი” იყო, დაფინანსება ნინო ბოლქვაძემ მოიპოვა, თუმცა მერე ჩვენი თანამშრომლობა აღარ შედგა. 19 ივნისს კი მისი სპექტაკლი ვნახე ამავე კონცეფციით, ”კავკასიური მეტამორფოზა”, ხარისხზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მის წინა უხერხულობამდე შემაწუხებელ სპექტაკლებს ოდნავ ჯობდა. წარმოდგენა გასაიდუმლოებულ ადგილზე გაიმართა ასამდე ადამიანისთვის, ბევრი თუ ცოტა ფულიც დაიხარჯა და შენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს ღონისძიებების ჩატარებას, როცა არც არავითარი ესთეტიკური ღირებულების მატარებელია არაა და ვერც იმ ადამიანებს წვდება, რომელთაც ჰომოფობია აქვთ დასაძლევი? იქნებ ესეც საბჭოთა ”პირადი საქმის” შევსებისა და მასში ”პწიჩკების” ჩაწერის ეროსია? ხომ შეიძლება, ასეთ პროექტებზე კონკურსი გამოცხადდეს და იმუშაონ პროფესიონალმა რეჟისორებმა, დრამატურგებმა და მსახიობებმა? თუ საჯარო სივრცეა დახურული, იქნებ ამ თემებზე საუბარი თეატრების სარეპერტუარო პოლიტიკის ნაწილიც გახდეს, ვიდრე თეატრს ადამიანებზე ზემოქმედების ძალა შერჩენია?..
ისევ გალაკტიონის ფრაზა – ”აი დროშა, აშორდია!” – ვინაა ეს აშორდია, ჩვენგან გულუბრყვილოდ გადაცემულ დროშას რომ ხან რა, ხან რა სტატუსით თვალებში გვიფრიალებს და ხედვის სივრცეს გვიკეტავს? აი, რატომ ”აირევი ივერია…”

აირევი ივერია…
საქართველოში 20 ივნისი – ”ლტოლვილთა დღე” რუსი დეპუტატის, გავრილოვის პარლამენტში გამოსვლით დაიწყო. მოლაქალეებმა, მათ შორის ბევრმა დევნილმა და ლტოლვილმა ”რედისონთნ” მთავრობის საპატიო სტუმრის ჩამოსვლა გავაპროტესტეთ. გამომცემლობა ”სიესტაში” შეხვედრაზე წავედი, ნახევარ ქალაქს ავტობუსით შემოვუარე, მთელი დღეა თავში მიტრიალებს, ”აირევი იევრია” წინ და უკან იკითხება და მეც შელოცვასავით ვიმეორებდი ამ ფრაზას, წინ და უკან, წინ და უკან, მერე თავს გავუწყერი, რას დავჩხავი ამ ქვეყანას ყვავივით-მეთქი და გავჩერდი. დენთი და ტროტილი სულაა ირგვლივ, ახლა დაძაბულობითა და აგრესიითაა ამ უჰაერო ქალაქის ცა გაჯერებული. აქციას პარლამენტთან შევუერთდი და ცრემლსადენი გაზით რომ დაგვარბიეს მეგობართან წავედით, ტელევიზიით ჩვენს ნაცნობებს ვხედავდით რეზინის ტყვიების წვიმაში. წარმოუდგენელი იყო იმის მშვიდად ყურება, რაც რუსთაველზე ხდებოდა, ჩვენგან 500-700 მეტრში. მეგობრის დედა ექიმია, პირველადი დახმარების მედიკამენტები, ჟანგბადის ბალონები, ნიღბები დაგვირიგა და აქციის ტერიტორიიდან მოშორებით, ”ეროვნულ მუზეუმთან” დაშავებულ ადამიანებს ვეხმარებოდით, როცა სპეცრაზმი თავს დაგვესხა, გვცემა, გვაგინა და დაგვაკავა. ცხოვრებაში პირველად დამადეს ბორკილები. კარგა ხანს მეგონა, რომ ვიღაც სხვაში ავერიე, მაგრამ მერე გავიგე, რომ ”გმირთა მოედანზე” და რუსთავის გზაზე იჭირდნენ იმ ღამით ადამიანებს, იმდენი დაკავებული იყო, რომ ეწ. ”კაპეზეზე” ადგილები ვეღარ გამონახეს და შშს-ს ეზოში გავათენე.

იოანე მოციქული გამახსენდა ჩემზე მომაგრებულ პოლიციელზე, მთელი ღამე არ მტოვებდა და რწმენის სიმაღლით აღასრულებდა მოვალეობას. პოლიციის საქმე ხომ ძალადობაა ძალადობრივ სახელმწიფოში?! სტრესისგან ისე მციოდა თოვლს ვხედავდი შუა ივნისში შსს-ს ეზოში, დათოვლილ ბუჩქებს პოლიციის მანქანების სირენები ღებავდა წითლად და ლურჯად. ბორკილები ყველა ხელის მოძრაობაზე პატარავდებოდა, სისხლი მიჩერდებოდა, ვეხვეწებოდი პოლიციელს ტუალეტში გამიშვი-მეთქი და სანამ არ ჩავიფსი ყური არ მათხოვა, მერე დამცინოდა – ხო გაგითბა ფეხებიო? როცა ღელავ და არ იცი როგორ დაურეკო ავადმყოფ დედას, როგორ უთხრა რომ დაგაკავეს, გამოუცნობი სიგიჟე გიპყრობს, – უმნიშვნელო ხდება პატარა ადამიანებისგან ძალადობა.

ჯარიმა, რომელსაც ველოდით 12 დღიან პატიმრობებად გადაიქცა, პროცესიდან რამდენიმე ადამიანი გამოვიდა პატიმრობამისჯილი. სასამართლო სისტემა მთლიანად ჩამოშლილია, ძალადობაზე, ჩინოსანთა კეთილ ნებაზეა მიშვებული. არავინ გვთავაზობდა სახაზინო ადვოკატს, კონვეირული სისტემით ყველას 12 დღეს უსჯიდნენ, ყველას ერთიდაიგივე ბრალდებით და რაც მთავარია, ბრალდების მხარე ის პოლიციელი არ იყო, ვინც დაგვაკავა, შესაბამიდსად არ ჰქონდა ინფორმაცია სად, რა პირობებში, როგორ და რა მიზეზით აგვიყვანეს. 350-მდე მშვიდობიანი დემონსტანტი დაგვიჭირეს, მერე ნაცემებსა და ტყვიებით დალურჯებულებს მოსამართლე დასცინოდა, ნიღბიანი სპეცრაზმელების ფოტოებს უჩვენებდა და ეუბნებოდა, – აბა, ამოიცანით რომელმა გადაამეტა უფლებამოსილებასო.

წლებია სამოქალაქო ინფლაციას განვიცდი, მაგრამ თავი ასე უმნიშვნელოდ არასოდეს მიგრძვნია, ეს ძალადობრივი სისტემის გამარჯვებაა ჩვენზე. ზოგჯერ მინდა, თავს რაღაც დავუშავო და დროებით მაინც გავეთიშო რეალობას. სახელმწიფო, რომელიც 2 დღის წინ მშვიდობიან 12-15 ადამიანს ეუბნებოდა, ვერ დაგვიცავთო, ტყვიებით გაუსწორდა საკუთარ მოქალაქეებს ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლების შესანარჩუნებლად თან ისე დაუნდობლად, თითქოს ტელეფონში ჩამოტვირთულ რომელიმე ”აპში” ომობანას თამაშობდნენ რობოტების წინააღმდეგ.

პრიმიერმინისტრი მეტაფიზიკური სიბრიყვით საუბრობს და ამ მოვლენებში ბრალს წინა ხელისუფლებას დებს. ისევ სისხლიან 9 წელზე საუბრობს, მაშინ როცა კარიერისტთა ეს ბრიგადები, ძველიც და ახალიც ერთ ანტიჰუმანურ, ძალადობრივ პოლიტიკას აწარმოებს. ამ სისხლიან 16 წელში (9+7), პოლიტიკოსების ლექსიკაში ფუნდამენტური სიტყვები გაწყალდა: – პატიოსნება, თავისუფლება, თანასწორობა, უსაფრთხოება, საკუთრება, უფლება, პირადი და წყლის ბრმა, შეუკავებელი ძალით ძალადობენ საკუთარ მოსახლეობაზე. 20 ივნისი ამის იკონოგრაფიაა, – როცა სახელმწიფო უძლურია ნამდვილ მტერთან, საკუთარ მოქალაქეებს თხრის თვალებს, რომ მზერა გადაიტანონ სხვაგან, მაგალითად ზეციურ საქართველოში.

ზეციურ საქართველოში გაიდარბაზა ამ დღეებში საპატრიარქომ, 140 000 ლარი გადაურიცხა მთავრობამ და მთელი ხმით დუმან, როგორც ყველა სახელმწიფოებრივი კრიზისების დროს. – დუმილი თანხმობის ნიშანია! ჩვენი დუმილი? – რატომ არ ვაკისრებთ პატრიარქს და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას ამ დღეებში სახელმწიფოს დევალვაციაზე?

”აი რა მზის სიზმარია”
არავითარი სიზმარი არაა, ცხადია! მე, დაუმორჩილებელი მოქალაქე, სასამართლომ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით რამდენიმე დღით გამათავისუფლა.
ახალი პერფორმანსის რეპეტიციებზე დავდივარ, მერე აქციებზე, არტისტული ერი რომ ვართ დემონსტრაციის მეორე დღესვე გამოვავლინეთ, „Путин хуйло!“ ათასობით მომიტინგემ ხმებში გავშალეთ, მაისურები ჩავიცვით წარწერით ”Russia is an occupier!” და ამ არტისტობაში ლამის მიგვავიწყდა, რომ ოკუპანტი პირველ რიგში ჩვენი მთავრობაა, არაფორმალური ლიდერით, ნელი მოქმედების ნაღმებით რომ ანადგურებს ქვეყანის ეკონომიკური სისტემას. ოკუპაციაა ჩვენი შრომის ღირებულება ამ ველური, ანტისახალხო ეკონომიკის პირობებში. ჩემი ხელფასი, რომლიც არ მაძლევს საშუალებას ვნახო ყინწვისი, სვანეთი, გელათი. მარტო ტერიტორიები კი არა, ოკუპირებულია სასამართლო, რადგან ნაცნობები არა მყავს იქ და შიშით ველი გადადებულ პროცესს. ოკუპირებულია კვების ობიექტები, აფთიაქი, სპორტული დარბაზები, წიგნების მაღაზიები, სუფთა ჰაერი, ზღვა და ყველაფერი, რაც მავთულხლართებს აქეთ დარჩა.
მთავრობა ყოველდღე გამოცდილ მეთოდებს იყენებს, – ჯგუფების დემონიზება და დანაწევრება, – ესენი ”ნაცები” არიან, ისინი გეები და ასე შეძლეს აქციებისთვის ჩამოეშორებიათ ბევრი ადამიანი. ”სიმართლე სამშობლოზე დიდია” და უსათუოდ უნდა ითქვას, – სამშობლო გეიზე პატარაა!
შექმნილი გარემო გვაიძულებს, თავის გადარჩენის პრინციპით ვიცხოვროთ, პირი ცდილობს გამომშრალი პირი გააღოს და გახევებული ენა სისტემას გამოუყოს. სისტემას სადაც სიტყვები მნიშვნელობას დღთიდღე კარგავენ (ვის შევჩივლო – გიორგიც და რუსთაველიც მკვდარია!). ჩვენი საბრძოლო იარაღი ენაა, გამარჯვება – განსხვავებების მიუხედავად საერთოს ირგვლივ გაერთიანება, ჩვენ ვიბრძვით, ისინი გვეუბნებიან, – ”Status quo ante bellum!” (რაც იყო ომამდე!). ეს თვე ასე მორჩა, ვნახოთ რა იქნება ამიერიდან. მოუთმენლად ველი შენს წერილს, მინდა ვისაუბროთ და ერთად გავიაზროთ ივნისი 2019. მომწერე სადმე, – მეილზე, ფეისბუქზე ან ინსტაგრამზე.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *