* * * (სადედოფლო კაბა მეცვა…)

სადედოფლო კაბა მეცვა,
მივრბოდით,
დანას ვურტყამდით ჩემს თავს,
უკან გამოვრბოდით,
კედელს ვეჯახებოდით,
მერე ისევ მისკენ მივრბოდით,
ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ვინ მეტჯერ მოასწრებდა
სიკვდილამდე დედოფალზე დანის ჩარტყმას,
ვქოშინებდით,
გულამოვარდნილებს სისხლზე ნაბიჯები გვიცურავდა,
ყურებს გვიხვრეტდა პატარძლის ტირილი,
დარტყმებს ვითვლიდით და
არაფრით ვაპირებდით გაჩერებას.

მორივით გვეგდო წინ სისხლიანი ჩემი თავი
თვალებით, ერთმანეთის გასისხლულ ფეხსაცმელს მივედუღეთ- –
(ამ ტირეზე სადმე სქოლიოში ხო არ უნდა დავწერო ერთხელ მაინც რომელიმე ლექსის ქვეშ, რომ პაუზებია?)
ყოველ დილით ამწე მოდის რახრახით,
მზეს კიდებს ფანჯრის წინ და მიდის.
ელექტროდამცველს თითს ვაჭერ,
რამდენიმე წამს წრიპინებს,
წითელს,
ყვითელს,
მწვანეს ანთებს
და სიცოცხლით გვივსებს სახლს.
აბაზანაში წყლის ავზი ღუღუნებს,
ყველიანი პურის მოლოდინში პირდაფჩენილი, გახურებული ტოსტერი ტკაცანებს,
ელექტრომადუღარა აქაფებულ რძეს ყავიან ფინჯანში ქშუტუნით ასხამს
და რადიომიმღები ბერლინის ტერაქტზე იუწყება;
კამიკაძემ თავი აიფეთქა.
80 დაღუპულია და 40 დაშავებული
თუ პირიქით.
ტელევიზორშიც ალბათ იგივე.
შენ კი გძინავს ძვლებში სიმშვიდეგამჯდარს
და ელი, დაგიძახებს შენი დასაქოქი მეუღლე
რომ ყველაფერი მზადაა.
დიახ!
დიახ, ყველაფერი მზადაა
ძვირფასო ჩემო!
როგორც ყოველთვის, ბზრიალებს შენი მეუღლე
ჩიკორივით, აქ, ერთ წერტილზე
და ელის, როდის მოწყდება თავი
შენი სურვილების მანქანას.
ტრიალებს,
ბრუნავს,
თავბრუ ეხვევა,
გულზიდვა აქვს
და საკუთარ ნარწყევში ერთხელ არ დაუსრიალდა ფეხი,
რომ ჩაძაღლებულიყო.
ბანანზე ფეხაცურებულები ხომ კვდებიან ხოლმე,
მე რად არ ავსრიალდი და ავპირქვავდი
ჩემს გადმორწყეულ შიგანზე
ერთხელ მაინც,
რად არ ამომევსო თვალები, საკუთარი თავიდან ამოფრქვეული ცხელი ლავით,
რომელსაც არც სიცოცხლე ეღირსა და არც სიკვდილი.

– –
წუხანდელი სიზმარივით
წინ მივდივარ
კედლს ვასკდები,
უკან ვბრუნდები
ერთიდაიმავე მოძრაობით
ტანგაბუჟებული,
მთელი დღე.
მთელი ცხოვრება.
33 წლის წინ შვილად მოქოქილი სათამაშო,
მერე ძმად,
მეგობრად,
ახლა ქმრად მოქოქილი მე.
კედლს ვაწყდები და ველი,
რომ შენ მაინც მოგწყინდება შენი სათამაშო
და დამამსხვრევ.
ან…
ან…
ან…

– –
ან შენ მაინც რად დამივიწყე უფალო?!



გამოქვეყნებულია არტპორტალზე ”demo.ge”
19.08.2017


სხვა ლექსები

Home   Project   Poetry   Visual art   Texts   About

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *