სველი ნაჭერი შემოიჭირე თავი თუ გისკდება და ნუ იგრიხები ისე, თითქოს ათავებ. ჯერ ფინალამდე კიდევ შორია.
სოდომის თავლაში იები ყვავის, ბუზები უნდა შემოვრეკო მკვდარი გვამიდან და ამოვშალო ეს ჩიტები ამ ჩემ ლექსებში. როცა ზეცაში ღრუბლები ქუხან ზარბაზნები ლულებს მალავენ.
სველი პირსახოცი შემოიჭირე და მოემზადე.
*
ჰექტორი და ანდრომაქე
ჰექტორი და ანდრომაქე
ჰექტორი და ანდრომაქე
ჰექტორი და ანდრომაქე
ჰექტორი და ანდრომაქე
ჰექტორი და ანდრომაქე
ჰექტორი და ანდრომაქე
ჰექტორი და ანდრომაქე
ჰექტორი და ანდრომაქე
*
”ვეძებ სითბოს” – განცხადებაა ქალაქში გაკრული, ქვემოთ განმცხადებლის ნომერი მონდომებით დაჭრილ ფურცელზე წერია და ყველა მათგანი ხელუხლებლად ფრიალებს ავტობუსის გაჩერებაზე.
*
როდის გადმობრუნდები ჩემსკენ?! მენატრები.
როდის ამოშრება ეს მჟავე დრო?! მენატრები.
როდის იფეთქებს შენს ფეხებში ჩემი ყვავილი?! მენატრები.
გაცოფებული დავდევ საკუთარ ბედს გამოსაჭმელად და…
*
ვანკა-სტანკაში გადავსახლდით და ჩვენი თავბრუდახვეული, მოკუჭული თვალები, ნარწყევით სავსე პირები, ადღვებილი გონება ვეღარ ხვდება, რომ დავიმსახურეთ ეს ლექსები, რასაც გვიწერენ; დავიმსახურეთ ეს სიმღერები, რასაც გვიძღვნიან; დავიმსახურეთ ეს ქალაქი, ეს ჰაერი, ეს მზე, მინის შენობებიდან ასხლეტილი და თუ ვინმეს არ მოწონს, კიდევ უფრო ძლიერ მოხუჭოს თვალები, უფრო მეტი დაიგუბოს პირში ნარწყევი და თუ ვინმე უკმაყოფილოა იმით რაც მის ირგვლივ ხდება გაიხსენოს, რომ ვანკა-სტანკაა, რომელიც ვერ ჩერდება და ამ რწევაში შესაძლოა სრულიად არ იყოს იქ სადაც ჰგონია რომ არის, და ამ რწევაში შეიძლება სულაც არ იყოს სათქმელი ის, რასაც გრძნობს.
*
უნდა აბრიყვებდეს ხელოვანი ადამიანებს. აი პოეტი, ენის წვერზე უნდა იჩერებდეს სიტყვებს ბურთივით, ჰაერში ტყნავდეს რიტმებს, რითმებს და მეტაფორებს. საკუთარი აზრის ტყვეობაში უნდა ხვევდეს დიდს და პატარას. სექსუალური და მოქნილი უნდა იყოს გამომცემლებთან, აი რა არის ხელოვნება ჩემო პატარავ.
*
მოიცა, მოიცადე! ძილს მივატოვებ და ცოლად მოგყვები ახლავე.
*
თავზე წამოვიცვამ საზამთროს და ნელა გამოვჭამ, დაველოდები როდის იყვავებს მისი მარცვლები ჩრდილად ჩემს თავზე.
*
ჰეე
ჰე, ქენი ახლა რამე
ან ჯვარს ეცვი და ან ჯვარზე მაცვი
ჰე, ქენი რამე
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
გამოქვეყნებული არტპორტალზე demo.ge
30.10.2018