Fish’s blog – უფრო სქელი კანი
2013 წლის 17 მაისს, როცა მე თბილისში არ ვიყავი, მოხდა ის, რისი წარმოდგენაც შეუძლებელი იყო ჩემთვის, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ქართველებმა ქართველები სასიკვდილოდ გაიმეტეს. ვერ წარმოვიდგენდი ამდენი ჰომოფობი თუ იქნებოდა ქართველი. ადამიანს რომელსაც სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანის სასიკვდილოდ გამეტება შეუძლია , მხოლოდ ჰომოფობი არ არის, ის კაცთმოძულეა.
ამ ფაქტის შემდეგ საქართველოში აღინიშნება ოჯახის დაცვის დღე, მე მრცხვენია რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ სადაც საჭიროა იმის აღნიშვნა და შეხსენება, რომ ოჯახს დაცვა სჭირდება. ოჯახს სჭირდება! ოჯახს – და არა პიროვნების თავისუფალ ნებას, სურვილს, პირად ცხოვრებას. ოჯახს სჭირდება მხოლოდ დაცვა.
ამხელა შესავლის გაკეთებას არ ვაპირებდი, გუშინ 17 მაისი იყო, თბილისში ზოგი ოჯახს იცავდა, ზოგი პირადი ცხოვრების თავისუფლებას. ისანში ელექტროვერკში კი ხდებოდა ის რაც ჯერ არ მომხდარა საქართველოში (ან მე არ ვიცი თუ მომხდარა, მაგრამ მაინც არამგონია). თურმე ჩვენც შეგვძლებია (ქართველებს) ხელოვნებით გამოვთქვათ პროტესტი.
გუშინ ელექროვერკში ანდრო დადიანის პერფორმანსში – უფრო სქელი კანი (Thicker Skin) გაიმართა.
მინდა თავიდან ბოლომდე გაგიზიაროთ, ჩემი განწყობა და გრძნობები, ხშირად არ ვწერ, მხოლოდ მაშინ როცა ძალიან მინდება სხვასაც ვაგრძნობინო ის რაც განვიცადე. ღია სივრცის ფბ გვერდზე აღმოვაჩინე ივენთი, ვინმე – პოეტი ანდრო დადიანის პერფორმანსის შესახებ, შინაარსმა მეტად დამაინტერესა:
“ანდრო დადიანი თანამედროვე ქართველი პოეტია, რომელიც არც თუ ისე დიდი ხანია გამოჩნდა ლიტერატურულ ასპარეზზე. მისი ლექსები ეროტიულობით და საზოგადოებისთვის სენსიტიური, ტაბუდადებული თემების წინ წამოწევით გამოირჩევა, იგი არღვევს დღევანდელ არტისტულ პროცესებში არსებულ უმოქმედობას ლგბტ საკითხების მიმართ და მისთვის ჩვეული სინაზით, ხან კი დაუნდობლობით აღწერს იმ მახინჯ ყოველდღიურობას, რომელშიც გვიწევს ცხოვრება დღევანდელ საზოგადოებას.
ამჯერად მისი ტექსტები „ღია სივრცის“ მიერ ორგანიზებულ პერფორმანსზე გაჟღერდება, როგორც იმ ადამიანების ხმა, რომლებსაც გარემომ თავიანთი გრძნობებისა თუ სურვილების გახმოვანების უფლება შეუზღუდა.”
ანდრო დადიანზე მხოლოდ მწირი ინფორმაცია მოვიძიე, რამდენიმე ლექსი და ჩავთვალე, რომ ის ჯერ ცნობილი პოეტი არ არის, თუმცა შინაარსმა იმდენად დამაინტერესა, არ დავიზარე და მივედი. სივრცის შესასვლელთან სადაც პერფორმანსი უნდა ჩატარებულიყო, დაცვა იდგა, ცოტა შევშინდი, ნუთუ ისეთი სკანდალური რამ უნდა მომხდარიყო, რომ ორგანიზატორებმა ჩათვალეს რომ დაცვა დასჭირდებოდათ.
დაიწყო.
შევედით ჩაბნელებულ დარბაზში სადაც მხოლოდ რკინის კუბი იდგა განათებული, მივხვდი ყველაფერი ამ კუბში უნდა მომხდარიყო.
ლიფტთან ორი მამაკაცი იდგა, თეთრ პერანგში და შავ ჰალსტუხში. თავიდან ისინიც დაცვა მეგონა, მოგვიანებით მივხდი მონაწილეები იყვნენ.
გაიღო ლიფტის კარი და გამოვიდა ადამიანი ულამაზესი შინდისფერი კაბით და საოცარი თავსაბურავით, რომელსაც წინ ეკრანისმაგვარი ბადე ჰქონდა, ანდრო დადიანის მძიმე სუნთქვის ხმა დინამიკებიდან ისმოდა, ხმა შეცვლილი იყო, მაშინ კი მივხვდი რომ დღეს ვერავინ გაიგებდა ვინ არის ანდრო დადიანი. ორმა ბრუტალურმა მამაკაცმა მიაცილა ანდრო განათებულ კუბამდე, ის მოგვესალმა, ოდნავ აღელვებული ჩანდა და დაიწყო საღამო.
ლექსებზე მხოლოდ ისე შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო მეტად მკაცრი, ამავე დროს გულნატკენი ადამიანის პროტესტი საზოგადოების მიმართ, რომლისთვისაც მიუღებელი ხარ როგორც პიროვნება. მიუხედავად მკაცრი ტექსტისა და შეცვლილი ხმისა, საოცარი სინაზე მოდიოდა მისგან. მუსიკა დაძაბულ და მისტიურ განწყობას ქმნიდა.
ანდრო ლექსების კითხვას აგრძელებდა, ორი მამაკაცი პერიოდულად გადიოდა, უზარმაზარი რკინის ფირფიტები შემოჰქონდათ, რომელსაც დემონსტრაციულად კუბის ახლოს აგდებდნენ.
დამსწრეები გაბნეულნი იყვნენ სივრცეში, ზოგი ადგილს იცვლიდა, კუბის ირგვლივ მუდმივი მიმოსვლა იყო, ანდრო დადიანი კი აგრეძებდა ლექსების კითხვას.
და აი კულმინაციური მომენტის მოახლოებაც ვიგრძენი, როცა ორმა მამაკაცმა ხელთათმანები დემონსტრაციულად გაიკეთა და რკინის ფირფიტებით კუბის ამოქოლვა დაიწყო.
ეს ყველაფერი იმდენად ლამაზი იყო და ამევე დროს იმდენად დრამატული, რომ ემოციები ერთმანეთს ენაცვლებოდა.
ანდრო კი არ ჩერდებოდა, მის ხმას ახშობდნენ, იმდენად ემოციური ატმოსფერო შეიქმნა, რომ სიტყვებით ამას ვერ გადმოვცემ, ყოველი დამსწრე ნელ-ნელა კუბთან ერთი-ორი მეტრის სიახლოვეს აღმოჩნდა, როცა ბოლო ფირფიტას აფარებდნენ ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ყველას ვინც იქ, იმ დროს იყო უნდოდა ეშველა, გაეთავისუფლებინა.
ანდრო კი არ ჩერდებოდა, ამტვრევდა კუბს, რამდენიმე წამით შევშინდი კიდეც, რამე ხომ არ უჭირს მეთქი. თავსაბურავს ეკრანი მოხსნა და რამდენიმე წამით დავინახე შავი გრძელი თმა. და უცებ, რატომღაც თავში დამკრა ანდრო დადიანი? თუ ქალი? არ ვიცი ეს რატომ გავიფიქრე.
საბოლოოდ ოთხივე მხრიდან დალუქეს კუბი, ანდროს აღელვებული ხმა, კუბის კედლებიდან მისი გამოღწევის სურვილი ახლაც ჩამესმის. ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი. როგორ ცდილობენ მოაქციონ თავისუფალი სული ჩარჩოში, ჩაკეტონ, ხმა დაუხშონ, ის კი არ ნებდება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისუფალი იყოს.
მამაკაცები აგრძელებნენ მუშაობას, ჩვენ კი გვთხოვეს დაგვეტოვებინა სივრცე.
გამოქვეყნებულია Fish’s blog
18.05.2017