ქალაქი (ციკლი)

ქ ა ლ ა ქ ი

1
ქალაქში ტლანქი სიკვდილია გაჩხერილი, მდორე მოძრაობით ირხევა მისი ტანი და როცა ყველას მოგვინელებს, მზე და ვარდები იხარებსო მერე, ამბობენ

2
ჩემი საყვარელი პოეტის ქუჩაზე, ჩემი საყვარელი პოეტის სახლთან, ძველი, ყვითელი ბულდოზერები დგანან…

3
ტელევიზორი შიშინებს.
შიშინებს
შიშინებს
შიშინებს
ევროპის დროშისფრად ანათებს
ქალაქის თავზე ანძა,
ტელევიზორი შიშინებს
შიშინებს, შიშინებს, შიშინებს…

4
ქალაქი ვეღარ იზრდება
უჭერს შენობები ქალაქს
ქალაქი თავში ჩაიზარდა
აფარებული აქვს ხელები სახეზე ქალაქს
ქალაქი თავს გაიგუდავს
გუდავს ქალაქი ქალაქს

5
ჯერ, სამუშაოზე დამაბრუნეთო, მარტო იდგა ტრანსფარანტით თბილისის ცენტრში, მერე პარლამენტის წინ აძვრა და დროშით დაიხრჩო თავი ტყიბულელმა მეშახტემ

6
ეშმაკის ბორბლები გაძვრა ქალაქს და
დარჩენილია ანგელოზების იმედზე ახლა
გზა თუ იპოვეს გამურულ ცაში

7
დედა ქართლისა ძუძუებს უწვდის,
ცინკის ძუძუებს ქალაქს,
რკინა და ტროტილია ცაში,
ქალაქს გაეყინა ნაბიჯები,
კვალი გაუშეშდა ქალაქს

8
ახალგაზრდა შეიძლება მოკვდეს, ბებერი უნდა მოკვდესო, ”ჭაღარა თბილისო ჩემო”.

9
ქალაქი დატოვა სიტყვებმა, მდუმარების ყლორტები იწვერება ჩვენი ტუჩებიდან, იოგებში იხლართება და სასას გვიპობს მისი ფესვები
(სად არის ჭაღარა მთაწმინდა?!)

10
უჰაერობა მახრჩობს.
ჩამეხუტე. უფრო ჩამეხუტე.
მომეკარი. უფრო მომეკარი,
შენი კუჭიდან ამოსული შიმშილის სუნმა გამგუდოს ამ უნაყოფო ქალაქის ნაცვლად
ჩამეხუტე. უფრო ჩამეხუტე.
მომეკარი.
უფრო მო

11
ქალაქის ცენტრში მანქანა გაჩერდა
დედაჩემი გადმოვიდა იმ მანქანიდან
ვერ იცნო ირგვლივ ვერეფერი და ერთხანს დუმდა
პოეტი დაინახა გველეშაპის ქვეშ
რაღაცას ეძახდა
სახელს თუ სტატუსს
ვერ გამაგონა



მიშიკო სულაკაურის ილუსტრაცია

აუდიო ვერსია


სხვა ლექსები

Home   Project   Poetry   Visual art   Texts   About





გამოქვეყნებულია ლიტერატურულ ჟურნალში ”არილი”
2018 (ნოემბერი) 11 (277)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *