ცოცხლები განვლილ დღეებს უბრუნდებიან და
ხედავენ თავის დროზე ვერშემჩნეულ ნიშნებს, გზავნილებს.
ისინი იხსენებენ ხეს, რომელიც გახმა;
თოლიას, რომელიც მანქანის სახურავზე დაეხეთქა,
ისინი სიმბოლოებით ცხოვრობენ.
ცდილობენ, დაფარული აზრი ამოიკითხონ
გამოუყენებელ კომპიუტერში ჩარჩენილ ათასობით სპამში.
წაშლის ღილაკი გაფუჭდა, ზემოდან გაფრთხილებენ.
მისი გამოცვლა დააპირე? –
საყვარელ ადამიანს დაშორდები.
ჩემი ტელეფონის ავტომატი დღესაც ჩემი მკვდარი მეუღლის ხმით ლაპარაკობს.
რასაკვირველია, ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს შემთხვევითობაა –
კონკრეტულ მომენტში აპარატთან ის აღმოჩნდა და არა მე,
მაგრამ ხმის ხელახლა ჩაწერა რომ გახდეს საჭირო,
ეს ჩემთვის მისი ღალატის ტოლფასი იქნება.
ერთხელ მის კაბინეტში ტელეფონზე ვლაპარაკობდი და
უნებურად ვფურცლავდი ლექსიკონს,
ლექსიკონს რომელიც ყოველთვის გადაშლილი იდო მაგიდაზე,
მისი მერხის გვერდით.
როდესაც მივხვდი რა გავაკეთე, ერთიანად გავშეშდი,
მეხი დამეცა თითქოს.
რომელ სიტყვას ეძებდა ბოლოს?
რაზე ფიქრობდა?
რამე ნიშანი ხომ არ იყო,
ან გაფრთხილება, რომელსაც ვერაღარასოდეს დავიბრუნებ?
იქნებ სულაც რამე იყო, იქამდე,
სანამ ლექსიკონის ფურცვლას დავიწყებდი და
ჩემი დაუდევრობის გამო სამუდამოდ დაიკარგა?
იქნებ ასე ვამბობ უარს ნიშნების დანახვაზე…
რედი-მეიდი ჯოან დიდიონის რომანიდან “ჯადოსნური ფიქრის წელიწადი”
ინგლისურიდან თარგმნეს: თამარ ბაბუაძემ, ლელა ფიროსმანაშვილმა, ელენე მარგველაშვილმა.