Fish’s blog – შემოდგომის ყვავილები

ყველა რაღაცას მალავს, რაღაცას ისე თორემ ალბათ ბევრ რამეს. ზოგი დიდ ცხვირს მაკიაჟით, ზოგი წვრილ ტუჩებს კონტურული ფანქრის გამოყენებით, ზოგი სიმელოტეს, ზოგი ჭარბთმიანობას, ზოგი სიმსუქნეს, ზოგი სიგამხდრეს, ზოგი შეხედულებებს, ზოგი ორიენტაციას, ზოგი ცხოვრების სტილს. ზოგი საკუთარ თავსაც არ უტყდება სიმართლეში, ზოგიც ბედავს, ჯერ საკუთარ თავთან ხდება გულახდილი, მერე ძალას იკრებს და საზოგადოებას უმხელს იმას, რასაც ადრე საკუთარ თავს უმალავდა… საზოგადოების ნაწილი იღებს ამ ადამიანს, ნაწილისთვის სულერთია, ნაწილი კი აგრესიულად განეწყობა და მტრულად მოეკიდება ხოლმე. ალბათ, მიხვდით რაზეც ვსაუბრობ, განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანები ვიგულისხმე, სიტყვა განსხვავებულიც მეხამუშა რაღაცნაირად.
მარია კასენკო აღმოჩნდა ადამიანი რომელმაც გადაწყვიტა არაფერი დაემალა, ბევრი არც უფიქრია ალბათ რა მოჰყვებოდა სიმართლის თქმას, მაშინ ხომ მხოლოდ 11-ის იყო. მისი ისტორია მართლაც გულში ჩამწვდომია, ასე გულში ჩასწვდა მისი ამბავი ანდრო დადიანს, რომლის პერფორმანსს 10 ნოემბერს დავესწარი და რომლის მთავარი გმირი მარია გახლდათ.

Untitled11111


პერფორმანსი როდის დაიწყო ვერც გავაცნობიერე ალბათ იმ წუთიდან როცა მისი ბინის სადარბაზოში შევდგით ფეხი, მხოლოდ მერე გავაცნობიერე რომ სტუმრად მივდიოდი. სტუმრად მარიასთან, რომელმაც გადაწყვიტა, ერთი დღით, საკუთარი სახლის და ცხოვრების კარი გაეღო რიგითი ადამიანებისთვის (მე ასე დავინახე და აღვიქვი ეს პერფორმანსი, შესაძლოა ვცდები და ანდრო დადიანს და სხვა ორგანიზატორებს სულ სხვა აზრი ჰქონდათ ჩადებული მთელს ამ დადგმაში). ბინაში შესვლისას მყუდროება დამაკლდა, ძალიან ბევრი კამერა ირეოდა და ფლეშის ნათებამ სულ დამიკარგა განწყობა, მაგრამ მაინც ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია. პირველი რაც შევამჩნიე ის იყო, რომ პერფორმანსის მთავარ გმირს კითხვა ჰყვარებია, მყუდროება და მყუდროებაში კითხვა.



ჭურჭელს რეცხავდა, ასე თავისთვის იდგა და ჭურჭელს რეცხავდა, უბრალოდ ცხოვრობდა როგორც ყველა, ყვითელი რეზინის ხელთათმანებით რეცხავდა ჭურჭელს როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. გარეცხა და გავიდა.
მთელს პერფორმანსს დამთრგუნველი მუსიკა სდევდა, თანდათან მუსიკა მძაფრდებოდა, თითქოს შიშის გრძნობასაც კი იწვევდა.
მოულოდნელად მთელს სახლში ერთდროულად ბრუნვა და განადგურება დაიწყეს შემოდგომის ყვავილებმა, ნიჟარიდან წყალი გადმოვიდა უცნაური ქაოსი შეიქმნა მთელ ბინაში, გარეთ გავედი, სადარბაზო გაჭყლეტილი ყვავილებით იყო მიმოფანტული, თითქოს ყველაფერი დამთავრდა ვიღაც გაასვენეს, რაღაც მომენტში შთაბეჭდილება დამრჩა რომ გასვენებაზე ვიყავი.

10 ნოემბერი არის, ტრანსგენდერთა ნაციონალური ხსოვნის დღე. საქართველოში იმდენი ტრანგენდერი მოკლეს, რომ საჭირო გახდა ასეთი დღის დაწესება. გაანადგურეს ყვავილები, რომელთაც მხოლოდ ლამაზად ცხოვრება სურდათ, რუტინულად, როგორც ყველას, ერეცხათ ჭურჭელი, ეკითხათ წიგნები და უბრალოდ ეცხოვრათ.

მინდა რამდენიმე სიტყვა ანდრო დადიანზეც დავწერო, არ ვიცი ვინ არის ის, ისიც კი არ ვიცი ქალია თუ კაცი, არც ის ვიცი რამდენი წლისაა, არ მისი ორიენტაცია ვიცი და პრინციპში არც მაინტერესებს, ის ჩემთვის ხელოვანია, ნამდვილი ხელოვანი, რომელიც პირდაპირ სათქმელს არასდროს ამბობს, მისი აზრები კი ნივთებსა და ქმედებებს მიღმა უნდა უნდა დაინახო და მიიღო ისე როგორც შენ გინდა მისი მიღება, არ აწესებს დოგმებს, უნდა რომ იყოს ჩრდილში და იქიდან გამოაფხიზლოს საზოგადოება, ლამაზად, შეფარვით გამოაფხიზლოს, ზემოთ დავწერე, რომ არ მიყვარს სიტყვა ლამაზი თუმცა სხვანაირად ვერ შევაფასებ ვერცხლისფერ საყვავილეში ყვითელი შემოდგომის ყვავილებს ბრუნვას განადგურებამდე, ეს ლამაზია და თან მტკივნეული.

და ბოლოს მინდა დავწერო, რომ როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ქვეყანა და საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობ, მე მას ვიღებ ისეთს, როგორიც არის და იმედს ვიტოვებ რომ ჩვენი, საზოგადოების შეგნება ოდესმე მივა იმ განვითარებამდე, რომ აღარ დაგვჭირდება 17 მაისის და 10 ნოემბრის აღნიშვნა, ან უბრალოდ ასეთი დღეების არსებობა. და იმედია ის დროც დადგება, როცა შემოდგომის ყვავილებს მხოლოდ სახლში საყვავილეში ჩასადებად ვიყიდით და არა სამძიმარზე მისატანადან.


გამოქვეყნებულია Fish’s blog
13.11.2017

Home   Project   Poetry   Visual art   Texts   About

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *