(ციკლიდან ”დავითის ფსალმუნები”)
არყოფნაში უნდა დავბანაკდე და იქედან გიყურო,
მინდა მატლებივით შემესიონ დასაქოქი, ფერადი მშიერი ლეკვები
და გამომღრღნან ყოფიდან, რომელიც ვერაფერს მატებს ყოფიერს.
არყოფნაში უნდა დავბანაკდე და გიყურო.
არყოფნაში უნდა დავბანაკდე და იქედან გიყურო,
როგორ გიყვავის გულში ჩემი არარად ქცევის გოდება.
როდემდე ვიარო ძირგამოცლილ გზებზე?!
სისხლითა და კადავერინითაა* უნაყოფო,
ჩემი სამყოფი შემოსაზღვრული,
ვერსაით გახვალ ამ ღობეებს,
ვერას გახდები ჩემო თავო, ვერას გახდები!
უუნარო პოეტი ვარ
კანს მოდებული, დაკარგული რწმენების კეთრით,
შინიდან გათხრილი გვირაბით ვიპარები არყოფნისაკენ
და მოკითხვას ვუთვლი, ჩემს დობილ ტანჯვას.
შენიშნვნები
- NH2 – კადავერინის ქიმიური ფორმულა
- კადავერინი – „გვამის შხამი“ ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერებაა, რომელიც წარმოიქმნება გვამის ხრწნის შედეგად, იწვევს ჰალუცინაციებს და სხვა უამრავ დაავადებას.