PASSPORT / პასპორტი (Play პიესა)

PASSPORT / პასპორტი 

 

ანდრო დადიანი/მიხეილ ჩარკვიანი

ტექსტი დოკუმენტური სპექტაკლისთვის

© ღია სივრცე 2018

 

ტექსტი აგებულია, სამუშაო ჯგუფის მიერ, 2018 წლის მაისში ჩატარებული საველე სამუშაოებისას შეგროვებული ინტერვიუების მიხედვით.

 

მგლის ნახტომი

 – ისეც ნუ მიმიღებთ, თითქოს მე არ ვიცოდე რას ნიშნავს სახელმწიფოსთვის პასპორტი. ყველაფერი მესმის და გასაგებია, მესმის ყველა ასოს და ყველა ფურცლის მნიშვნელობა. ერთადერთი რისიც ტოტალურად არ მესმის სიკვდილია. არა, უფრო გასაგებად რომ გითხრათ მკვლელობის არ მესმის, მკვლელის არ მესმის, როგორ აგრძელებენ ცხოვრებას ადამიანის მკვლელობის შემდეგ, როგორ ახერხებენ?! 

იცი თუ არა შენი პასპორტის ნომერი ზეპირად?

იცი თუ არა შენი პასპორტის გაცემის თარიღი?

იცი რამდენ გვერდიანია შენი პასპორტი?

იცი თუ არა რა არის გამოსახული მის გვერდებზე?

იცი თუ არა შენი პასპორტის ვარგისიანობის ვადა ან გამცემი ორგანო?

იცი თუ არა რა წერია შენი პასპორტის პირველ გვერდზე?

იცი რომ შენ, როგორც ამ პასპორტის მფლობელს, მფარველობას გიწევს შენი ქვეყანა?

რამდენჯერ ამოწმებ ნამდვილად დევს თუ არა პასპორტი სამოგზაურო ჩანთაში?

თუ დაკვირვებიხარ როგორ იქცევი პასპორტის კონტროლის გავლამდე?

ღელავ? მე ვღელავ.

თუ დაკვირვებიხარ როგორ ექცევა მესაზღვრე შენი ქვეყნის პასპორტს?

გიგრძვნია მისი დამოკიდებულება შენი პასპორტის ან ეროვნების მიმართ? მე მიგრძვნია.

გინახავს საზღვარზე პასპორტის ან მისი მფლობელის შეურაცხყოფა, მისი პიროვნების დაკნინება?

სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრში ჩანს, ორი რუსი მესაზღვრე ქართველების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსდევს 33 წლის მამაკაცს, ესვრიან,  მამაკაცი პირქვე ეცემა, ისინი საკონტორლო ტყვიასაც დაახლიან და უკან გარბიან.

როგორ იქცევი თუ უცებ აღმოაჩენ რომ პასპორტი დაგრჩა ან დაკარგე?

მოგსვლია ასეთი რამე? მე მოსმვლია.

როგორ იქცევი ასეთ დროს?

ან, თუ ჯერ არ მოგსვლია როგორ მოიქცეოდი რომ დაგმართნოდა?

გაირკვა, რომ 33 წლის მამაკაცი ეროვნებით ქართველია. გამოძიებაში არ გამოიკვეთა არცერთი სიტყვა, დანაშაულის იმ მიზეზებზე და ნიუანსებზე, რომელიც სათავლთვალო კამერაში ჩანს.

როგორ იქცევი თუ ხედავ რომ მესაზღვრეები შენს თანასოფლელს პასპორტში უფურთხებენ?

როგორ იქცევი თუკი იცი რას ნიშნავს სახელმწიფოსთვის მისი პასპორტი?

თუ გესმის ყველა ასოს და ციფრის მნიშვნელობა?

ყველაფრის გესმის, მაგრამ ერთადერთი რისიც ტოტალურად არ გესმის მკვლელობაა, უფრო სწორად მკვლელის არ გესმის. როგორ ახერხებენ ამის მერე ცხოვრებას?! კითხულობ ყოველ ჯერზე.

33 წლის მამაკაცი შეესწრო თანასოფლელის დამცირებას, მესაზღვრემ გადაშალა იმისი პასპორტი და შიგ ჩაუფურთხა და ესეც თანასოფლელს გამოესარჩლა…

როგორ გრძნობთავს, როცა გიჭირავს პასპორტი, რომლის პირველ გვერდზეც წერია, რომ ამ პასპორტის მფლობელს, მფარველობას გიწევს შენი ქვეყანა?

ამაყი ხარ?

გიხარია?

დაცულად გრძნობ თავს?

ალბათ ძალას გრძნობ მუხლებში საზღვარზე დგომისას არა ვარ მართალი?

როგორ იქცევი მაშინ, როცა შეიძლება შენი პასპორტი და ეროვნება აღმოჩნდეს საფრთხე შენი სიცოცხლისთვის?

როგორ იქცევი?

(ანუ როგორ მოიქცევოდი)…

როგორ იქცევი მაშინ როცა ხვდები რომ სულ რამდენიმე წამში გმირად გადაიქცევი და შენი არსებობის შესახებ გაიგებს ყველა?

ღელავ?

როცა შენ აღარ ხარ უბრალო მოკვდავი, მაშინ როგორ იქცევი?

მიპასუხე, ღელავ? მე ვღელავ.

წარმოიდგინე უბრალოდ მკვდარი კი არა გმირი მკვდარი ხარ.

რას გრძნობ? (”გრძნობ”- აქ ნიშნავს რას იგრძნობდი-ს)

როგორ იქცევი როცა მეტის მოთმენა აღარ შეგიძლია? და საერთოდ, რამდენის მოთმენა შეგიძლია?

ხო, ნამდვილი მიზეზი ეს არი. 33 წლის მამაკაცმა სტუმარები გააცილა, ნახა იქ იმ ბიჭის დამცირება, როგორ იქცევითო უთხრა მესაზღვრებს, იმათმა შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი, აგინეს ამას,  ამანაც აგინა, ისინი გამოეკიდნენ და მოკლეს.

თუ გიფიქრია ამაზე?

როგორ იქცევი თუ სულმა გძლია და უსახელო მესაზღვრეს სილას გაარტყი შენი თანასოფლელის პასპორტის შეურაცხყოფის გამო?

რას გრძნობ, უფრო სწორად, რას იგრძნობდი მაშინ?

სიამაყეს?      ძალას?      ღირსებას?

როგორ იქცევი, როცა პასპორტს ხელიდან გგლეჯენ და თავზე გახევენ?

იარაღს გადატენიან და შენკენ იშვერენ, მაშინ როგორ იქცევი?

გარბიხარ?

ანუ ამის მერე უბრალოდ მკვდარი კი არა , გმირი მკვდარი ხარ…

როცა აზრი აღარ აქვს გაქცევას რას შვრები, გარბიხარ?

დაფიქრდი და ისე მიპასუხე

მიპასუხე, გარბიხარ? მე გავრბივარ.

როგორ იქცევი როცა შენი ქვეყნისკენ გამოქცეულს უკან ორი მოსაზღვრე მოგდევს?

როგორ იქცევი როცა ხვდები რომ ცოტაღა დაგრჩა?

ვიზე ფიქრობ მაშინ? დედაშენზე?

ნანობ?

ვიზე ფიქრობ როცა გმირობამდე სულ ცოტა გიკლია?

მიპასუხე, ნანობ? მე ვნანობ.

– სტუმრები ყავდა, უკვე სახლიდან გადიოდნენ,  15 წუთიც გავჩერდეთ დედასაც დაელაპარაკეთო და 10 წუთში წავიდნენ, არაფერი მოხდებოდა 5 წუთიც რომ გაჩერებულიყვნენ. იჩქარა. იჩქარა და სიკვდილს მიუსწრო.    

გმირობაზე ფიქრობ? ან გიფიქრია ოდესმე?

რა არის საერთოდ გმირობა?

გმირი ხარ?

როგორ იქცევი, როცა გხედავს ასამდე ვიდეო აპარატი გაჩვენებს და ათი თასამდე თვალზე ცრემლი მოდის შენს გამო, ასი ათასი კი ამბობს, რომ გმირი ხარ, შენი ქვეყნის გმირი.

ანუ შეიძლებოდა ყოფილიყავი
კარგად დაფიქრდი და მიპასუხე.

რამე იცვლება?

რაში გჭირდება რომ იყო გმირი?

რა არის გმირობა?

ვინ უფრო დიდი გმირია, ის ვინც სამშობლოს დროშას სიცოცხლეს შესწირავს თუ ის ვინც სკოლის მოსწავლეს მთელი სიჩქარით მომავალი ავტობუსისგან გადაარჩენს?

რა არის გმირობა?

არის თუ არა თავგანწირვა გმირობის აუცილებელი პირობა?

საჭიროა თუ არა მსხვერპლი?

რა არის გმირობა, აფექტური მდგომარეობა თუ შინაგანი პრინციპი?

არის თუ არა გმირობა ეგოისტური საქციელი საკუთარი ოჯახის მიმართ?

ვინ არის გმირი?

როგორი უნდა იყოს გმირი? როგორ უნდა გამოიყურებოდეს?

რა ფერის თვალები უნდა გქონდეს სამშობლოსთვის თავი რომ გასწირო?

როგორ უნდა გეცვას?

მნიშვნელოვანია თუ არა განათლება და შეხედულებები?

მნიშვნელოვანია თუ არა ასაკი?

სად უნდა მუშაობდე, უნდა გყავდეს თუ არა ოჯახი?

რამდენად მნიშვნელოვანია თავგანწირული სქესი?

ვინ უფრო გმირია, ქალი გმირი თუ კაცი გმირი?

ვისი საქმეა გმირობა, კაცის თუ ქალის?

ვინ ითხოვს შენგან გმირობას, შენი ოჯახი, საზოგადოება თუ ორივე ერთად?

და შენ თვითონ რომელს ეწირები, ოჯახს თუ საზოგადოებას?

ვისი მსხვერპლი ხარ?

რაში გჭირდება რომ იყო გმირი?

მიპასუხე, ვისი მსხვერპლი ხარ?

როცა 33 წლის მამაკაცი ხარ და მთელი ცხოვრება წინ გაქვს რაში გჭირდება, რომ იყო გმირი?

როგორ მოიქცევი თუ საკუთარ დროშაზე დაფურთხებას გთხოვენ?

როგორ მოიქცევი თუ იცი რომ ეს გადაგარჩენს?

დააფურთხებ? მე დავაფურთხებ.

თუ გეცოდინება, რომ ამას შენს გარდა ვერავინ გაიგებს მაშინ როგორ იქცევი?

როგორ იქცევი როცა აღელვებული ნაბიჯით მირბიხარ შენი ქვეყნისკენ, რომელიც როგორც პასპორტის მფლობელს მფარველობას გიწევს?

როგორ იქცევი როცა ხვდები, რომ ვერ გაიქცევი?

როცა შიგ მიზანში გრძნობ ორ ტყვიას, როცა საიმედოდა ხარ მკვდარი  როცა პირქვე ეცემი რას გრძნობ?

გრძნობ აქ ნიშნავს, – იგრძნობდი

არ იჩქარო, გაიაზრე და ისე მიპასუხე.

გაიაზრე და მიპასუხე, რას გრძნობ, როცა დაუცველობა არის შენი ცრემლებით დატბორილი ყოფის მიზეზი?
კვდები, პირქვე ეცემი, ტალახში გდიხარ, ტანს ვეღარ წიკავ, აღარაფერი გიშველის და ხელით ხარ სათრევი. მოკვდი!

ნანობ?

მიპასუხე, ნანობ? მე ვნანობ.

როცა ადამიანები გიყურებენ და ადგილიდან არ იძვრიან

არავინ გეხმარება

რაზე ფქრობ მაშინ?

ნანობ?

როცა შენი მკვლელები სასწრაფოდ გარბიან,

როცა შენი მკლავებიდან უბრალო კაცის სიცოცხლე ჯადოსავით გამოდის და სიკვდილი შემოდის შენში გმირის სახელით და როცა მარტო რჩები, სრულიად მარტო, როცა გმირი ხარ, გდიხარ ტალახში და მკვდარი ხარ, რას ფიქრობ?

ფიქრობ აქ ნიშნავს – რას იფიქრებდი-ს.

როცა წარმოდგენა არ გავქს, რომ შენი მკვლელები დაუსჯელები დარჩებიან და თუ წინასწარ იცი, რომ იმათ შერჩებათ შენი სიკვდილი და შენ შეგრჩება საყოველთაო აღიარება, ცრემლები, გლოვა, გმირის პენსია იჯახს, უპატრონო მოხუცი მშობლები, რამდენიმე ათეული პირადი ნივთი, ტანსაცმელი, , დაბადების და გარდაცვალების ცნობები და თარიღები, დიროკოლით გახვრეტილი პასპორტი, დოკუმენტი შენი ვინაობის და ეროვნების შესახებ, რომელიც აღარაფერში გარგია, როგორ იქცევი?

გმირობას ირჩევ?

მიპასუხე, გმირობას ირჩევ?

კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე!

შენ აირჩევ იყო გმირი, რადგან ეს არის ერთადერთი არჩევანი რომელიც გაქვს, და რომელიც შენ არ გაგიკეთებია.

დედა იხვი

იმ ზაფხულს არ გათენდა არც ერთი წვიმიანი დილა. გვალვამ დააშრო ყველა წყალი და ყველა ადამიანი.

გაქრა იმედი და არაფერი დარჩენოდათ ადამიანებს ომის და არეულობის გარდა.

სწორედ ასეთ, ხალხისგან და იმედისგან დაცლილ ქალაქში დარჩა ორსული ცოლი, ქმარი და მათი რამდენიმე თვის პირველი შვილი.

ქმარი კიდევ უფრო ლამაზია ასეთ სიცხეში, მისი სხეული ახლა ისე გამომშრალია, როგორც ის მიწა რომლისთვისაც სამ დღეში მოკვდება.

ქმარი ორსულ ცოლს და თვეების ბავშვს, რომლებიც სულ მალე გმირის ქვრივად და ობლად გადაიქცევიან, სიცხისგან დამწვარ ქალაქს გაარიდებს, ტაქსში ჩასვამს, სოფელში გაუშვებს და თვითონ ომში წავა.

ომში წავა და ცოლი ისე დატოვებს საკუთარი სახლის ეზოს რომ არ ეცოდინება, რომ ბოლოჯერ ხედავს ქმარს.

ცოლი სოფელში ჩავა, ბავშვს დააძინებს და შესაკერ თეთრეულს გაშლის, გვერდებს შემოუკეცავს, და ისისაა უნდა მორჩეს, რომ უცებ

ბავშვი ტირის

„არაა მტირალა და რა დაემართა ამ ბავშვს?“

ბავშვის საძინებელში გარეული იხვი შემოფრენილა, ფრთხიალებს, გასასვლელს ვერ პოულობს, აქეთ-იქით ეხეთქება, ბავშვს გაღვიძებია და ტირის. ხელს დაავლებს, კუთხეში მიიყუჟება, იხვი ფრთხიალებს, ქალსაც ეშინია, ოთახიდან გამორბის, ტელეფონს იღებს, ქმარს უნდა დაურეკოს და დედამისი რეკავს:

 ”შენი ქმარი ჩამოიყვანეს, დაჭრილია საავადმყოფოშია და სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდე.“

სასწრაფოდ დაავლებს ხელს ახალშეკერილ თეთრეულს, ამაში ჩავაწვენ ასე მირჩევნიაო, აიყვანს ბავშვს და გაიქცევა

ჯერ სახლისკენ გაიქცევა, ბავშვი დედამისს დაუტოვოს და სასწრაფოდ წავიდეს დაჭრილ ქმართან, რომელიც სინამდვილეში უკვე მკვდარია.

კარში შეაჩეჩებს ბავშვს დედამისს, რომელიც ხმას აღარ იღებს, ხელს უჭერს და თვალებში ვერ უყურებს.

და უცებ, ორსული ცოლი იტყვის:

„რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო? რას მალავ ქალო?“

აღარ დაბრუნდა, დაკარგულად ითვლებაო. ორსული ცოლი არ დაიჯერებს, რაღაცას არ მიმხელენო, სახლში შევარდება, თვალებით გვამს დაეძებს, მაგრამ ოთახი ცარიელია.

მერე ნაწილში დარეკავს და იგივეს ეტყვიან.

სიკვდილს ხო ჯობდაო, რაც მთავარია მაგის გვამი არ დამხვდა სახლშიო, ამოისუნთქავს და წარმოდგენა არ ექნება იმაზე, რომ მალე ქმრის გვამი სანატრელი გაუხდება.

„არაფრის არ მეშინია“ –

იტყვის ორსული ცოლი და ახალშეკერილ თეთრეულს თავის ლოგინს გადააფარებს, ჩაწვება და მოუყვება შვილს ბერძენ დედოფალზე.

არსებობდა მეფის ასული, რომელიც იხვებმა დახრჩობას გადაარჩინეს და მდინარის ნაპირთან მიუყვანეს მშობლებს, რომლებმაც იხვების პატივსაცემად პენელოპე, ანუ იხვი, დაარქვეს.

გოგონა გაიზარდა და ცოლად გაჰყვა გმირს, რომელიც მალევე ომში გააცილა, წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ ქმარს ოცი წელი ვეღარ ნახავდა. ლოგინი უშველებელი მუხის გადანაჭერზე ჰქონიათ, პენელოპემ თეთრეული გადააფარა ლოგინს, შიგ ჩაწვა და ოცი წელი ელოდა ქმარს. ქალს აბეზარი სასიძოები ეუბნებოდნენ ქმარი მოგიკვდა და ცოლად გამოგვყევიო, ის კი პასუხობდა სანამ ჩემს მამამთილს სუდარას არ მოვუქსოვ იქამდე ვერ გავთხოვდებიო. მთელი დღე ქსოვდა სუდარას და ღამით არღვევდა, ასე გაატარა ოცი წელი. ოცი წლის შემდეგ კი ქმარი დაბრუნდა და მთელი ცხოვრება ერთად იყვნენ ბედნიერად.

ამ ზღაპარს მოუყვება ორსული ცოლი მტირალა ბავშვს და წარმოდგენა არ ექნება რომ მისი ქმარი ოდისევსისგან განსხვავებით არასდროს დაბრუნდება.

ლოგინში ვეღარ გაჩერდება, დაივლის ყველა დაჭრილი ჯარისკაცის პალატას და ჰკითხავს:

„ხომ არ გინახავთ ჩემი ქმარი? ჩემი ქმარი ხომ არ გინახავთ?“ 

ყოველ ღამე როცა მის ჭიშკართან მანქანა გაჩერდება ეჭვი არ ეპარება რომ ქმარი სახლში დაუბრუნდა და ჭიშკარში გარბის.

ღმერთმა იცის რამდენჯერ გათენდება და დაღამდება ასე. ერთხელაც, როცა ორსული ცოლი დაძინებას გადაწყვეტს ფეხებს შუა სითბოს იგრძნობს დაიხედავს და

სისხლი სდის, სისხლი სდის საშოდან.

ექიმთან გაიქცევა ექიმი ამბობს

„ბავშვი თითქმის აღარ სუნთქავს, ალბათ მოკვდება, მუცელში გაწყალდება, საავადმყოფოში უნდა დარჩე.“

ოცდათერთმეტი დეკემბერია, ორსული ცოლი წევს პალატაში, მარტო. ფანჯარაში საახალწლო სალუტები მოსჩანს. ცოლი ტირის და გულში იმეორებს:

„სად ხარ?“

ბავშვი გადარჩება. ორსული ცოლი, სახლში ბრუნდება. დედამისს თეთრეული გაურეცხავს და აუთოვებს და გაიფიქრებს პენელოპე

„იქნება მოკვდა? იქნება აღარ არი ცოცხალი?“

სასწრაფოდ გადაიყრის გულიდან ამ ფიქრს, თეთრეულს ხელახლა გადააკრავს ლოგინს, ჩაწვება

კარზე კაკუნი

გულამოვარდნილი კარებს ეცემა, გააღებს და ჯარისკაცია, რომელიც საერთოდ არ ჰგავს ქმარს,

 „გვამები ჩამოიყვანეს, 12 გვამია, არ ვიცით ვინ არიან, კომუფლაჟის ტანსაცმელში ჩაცმული ჩონჩხები, ვერ ამოიცნობ, მაგრამ მაინც უნდა წამოხვიდე.“

გაჰყვება, ხედავს მაგიდაზე მამაკაცის ჩონჩხს

„როგორ ამოვიცნო? ჩონჩხია.“

ამბობს ეს ქალი

„დეენემი დაგვჭირდება, დეენემის ანალიზი, რამით ხომ უნდა დავადგინოთ შენი ქმარია ეს ჯარისკაცი“.

ცოლი თავისი ქმრის მამასთან წავა,

და მამა იტყვის:

„არა, არ მჯერა, მე ვიცნობ ჩემს შვილს, იმას რა მოკლავს? ქვაზე დავჯდები და დაველოდები.“

ქვაზე დაჯდება და დაელოდება ორი თვე. მერე იმ ქვაზე მოკვდება შვილის მოლოდინში.

და დედა იტყვის:

„ ცოცხალია, ვგრძნობ, მკვდარი რო ყოფილიყო მაგასაც ვიგრძნობდი. გული მეტყვის თუ ცოცხალი აღარ არის. დედის გულმა უკეთ იცის.“

და ქმრის სიკვდილიდან ერთ კვირაში გული გაუსკდება ავტობუსში

მერე თავისი შვილის ნერწყვს გაატანს ჯარისკაცს და დაელოდება.

ზის, წევს, ჭამს, იძინებს, დგება, ბავშვს აჭმევს, ზღაპარს უყვება, სახლს დაალაგებს, ილოცებს, იტირებს, ფანჯრებზე ფარდას ჩამოაფარებს, საათებს გადამალავს და მაშინ როცა დღეების ათვლა დაავიწყდება, როცა დღე და ღამე აერევა, როცა მოლოდინს შეეჩვევა და სულსწრაფობას დაამარცხებს

აკაკუნებენ, ჯარისკაცია

„შენი ქმარია. იმის სიკვდილს წყალი აღარ გაუვა.“

და ეს ცოლი იტყვის

„ჰოი ვაებავ, არ ვყოფილვარ მე დედოფალი                                                                                                       არც ჩემი ქმარი დაბრუნდება სახლში ომიდან.                                                                                                     არ დაბრუნდება, მარტოობის პატარძალი ვარ                                                                                                           არაფერი აღარ მიშველის

და არასოდეს არ ვყოფილვარ მე პენელოპე                                                                                                                 იხვი ვყოფილვარ, დედა იხვი მიუსაფარი                                                                                                                                             რომელსაც კუდად გაჰყვებიან მისი შვილები                                                                                                                და მარტოობა გამოუჭამს ახალგაზრდობას.“

ჯარისკაცი ამოსაცნობად აჩვენებს ვიდეოს.

ქალი წამსვე იცნობს სისხლში მოთხვრილ ქმარს, რომელსაც ვიღაცა თავზე ადგას და ხერხემალს უმტვრევს.

და ცოლი იტყვის

„ღმერთო, ისეთი ლამაზია, სხვა ვინ იქნება?                                                                                                         მე ამის ნახვა არც მინდა და არც შემიძლია.                                                                                                                                       მე იმის ლამაზ, გაშლილ მხარბეჭს კარგად ვიცნობდი                                                                                                                            იმისი ტანი იყო ჩემთვის უფრო ნაცნობი                                                                                                                      ვიდრე ეს მიწადასაყრელი ჩემი ტანია.                                                                                                                                           ჩემი სამიწე ხერხემალი რომ დავინახო                                                                                                                                                                     სარკესთან ზურგით უნდა დავდგე აუცილებლად                                                                                                           იმის ხერხემალს ყოველ დილით ვაკვირდებოდი                                                                                                                 მახსოვს იმისი სიგრძე, ფორმა, ტემპერატურა                                                                                                                                                 იმისი ტანი უფრო მეტად ახლობელია                                                                                                                                              ვიდრე ეს მიწასდასარჩენი ჩემი ტან-ფეხი                                                                                                                                 როგორ ვუყურო? როგორ ვნახო იმის დალეწვა,                                                                                                                                           რაც საკუთარზე ორჯერ უფრო შემყვარებია.“                                                                                                                 

ეს თქვა და ფეხებში სითბო იგძნო, მეორე ბავშვი ამაღამ დაიბადება, რომელსაც  ქმარი ასე ელოდა.

ორსული ცოლი დედა იხვად გადაიქცა.

დედა იხვს კუდად დაედევნებიან მისი შვილები.

ბევრს ილაპარაკებს დედა იხვი, გაუჩერებლად ილაპარაკებს საკუთარ ქმარზე, მის ძალაზე, სილამაზეზე, გმირობაზე, ერთგულებაზე, თავდადებაზე, სიჯიუტეზე, გაუტეხელობაზე

და როცა დედა იხვს ჰკითხავენ

„შენ თვითონ როგორ იყავი?“

ვერაფერს იტყვის, რადგან მას აღარ ახსოვს საკუთარ თავზე როგორ უნდა ილაპარაკოს.               

ქართული პასპორტი

  • რატომ გამოიყურებიან ადამიანები ასე ცუდად პასპორტის ფოტოებში?

გვერდი 02

  • მოქალაქე გიგი რეხვიაშვილი დაბადებული 1997 წლის 20 მაისს
  • მოქალაქე ირაკლი სირბილაშვილი, დაბადებული 1993 წლის 15 სექტემბერს.
  • ირაკლი კაკაბაძე დაბადებული 1992 წლის 24 დეკემბერი
  • მოქალაქე ბიჭიკო ჭეიშვილი დაბადებული 1996 წლის 15 ივნისს
  • მოქალაქე კონსტანტინე მაჩიტიძე, დაბადებული 1990 წლის 20 მარტს
  • მოქალაქე გიგა დათიაშვილი, დაბადებული 1993 წლის 20 სექტემბერს
  • რატომ გამოიყურებიან ადამიანები ასე ცუდად პასპორტის ფოტოებში? ყველა ისეთი დამფრთხალი და შეშინებულია…
  • გვერდი 03 სასაზძრვრო ბეჭდებითაა აჭრელებული, თურქეთის, ირანის და ლიტვის საზღვრები გადავკვეთე, სრულიად კანონიერად.
  • თებერვალში ავიღე პასპორტი, კიშინოვში მივდიოდი და რეპეტიციიდან წავედი ფოტოს გადასაღებად. მახსოვს ძალიან დაღლილი ვიყავი, ვნერვიულობდი, მეგონა რომ ეს პასპორტი მთელი ცხოვრება უნდა მქონოდა.მახსოვს მეცვა ნუცას, ჩემი ცოლის ნაჩუქარი სქელი როლინგი, რომელსაც ვერ ვიტანდი და თან დიდი მქონდა.
  • ჩეხეთის და იტალიის ვიზები, ჩემი საშინელი ფოტოებით, წარწერებით ვიზუმ და ვისტო

გვერდი 10 სვეტიცხოველი, მეთერთმეტე საუკუნის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, გადმოცემის თანახმად მის ხუროთმოძღვარ არსაკიძეს ხელი მოჰკვეთეს.

  • გავიგე მაგ დროს სტუდენტებისთვის, თუ ყველასთვის აღარ მახსოვს, მოკლედ ნახევარ ფასად კეთდებოდა პასპორტი. წინა დღეს ბევრის დალევა მომიწია, მარა რადგან დფაგეგმილი მქონდა, აღარ გადავდე, წავედი. მივედი და მხვდება ზღვა ხალხი, 4 საათი ვიყავი რიგში. მანდ ვინანე, რო ერთი საათით ადრე არ გავიღვიძე. ბევრი მცდელობის შემდეგ ძლივს მოვარგე სახე ბიომეტრიულ კამერას და მგონი ეს ყველაფერი ზუსტადაა ასახული ჩემი პასპორტის ფოტოზე.

გვერდი 13 სვანური კოშკები, სვანი მამაკაცები ცხენებს მიერეკებიან

გვერდი 14 და 15, ვარძია, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ძეგლი.

გვერდი 16

– შეშაზე გადავიდნენ სახლისთვის ნივით და…
რა ვიცი, მავთულხლართებს აბამდნენო და წაუყვანიათ იმათ მერე…
– ხო, ეგრე იძახიან, შეშაზე იყვნენ ტყეშიო.
– მეც მეტი არაფრისთვის არ მომიკრია ყური.
– შეშა ყველას უნდა. ცივა ეხა, ზამთარია, რა უნდა ვქნათ?

 

გვერდი 18  ბაგრატის ტაძარი, 1692 წელს ოსმალებმა ააფეთქეს, განადგურდა გუმბათი, 2012 წელს საქართველოს მთავრობამ იგი გადახურა და ლიფტიც კი დაუყენა სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო.

გვერდი 20 – აი მაღლა პოსტია და იქ აყენია ისინი, აი დიდ ტყვიებს რო დებენ და რო ისვრიან, აი ეგენი აყენია 4 ცალი. იმ დღეს ამოატარეს ასე დიდი მანქანით. თუ სამჯერ არ გაისროლეს ესეიგი ომი დაიწყო და ეგრევე უნდა მოემზადო.

  • მუხლებზე ვდგავარ, ვცდილობ სახე დავუმიზნო აპარატს, ვჩქარობ, დიდი რიგია ფოტოჯიხურთან. 3, 2, 1 მზადაა! ნახეთ, რა საშინელი ფოტოა. ჩავარდნილი ტუჩები მაქვს და შუბლზე შუაში თმის წვეტი ჩამომდის. თვალებიც უცნაურად მიჩანს, მგონი არასწორად შევხედე ფოტო მიზანს. ვფიქრობ ერთხელ კიდე გადავიღო, მაგრამ გარეთ იმხელა რიგია, დიდხანს ვერ გავჩერდები, რამდენიმე ეტლით მოსარგებლე ადამიანიც მელოდება „რაც არი არი“ – ვფიქრობ და გარეთ გავდივარ. ქაღალდზე ეს ყველაფერი კიდევ უფრო ცუდად ჩანს. ძალიან გაბრაზებული სახე მაქვს, როგორც მტკიოდა მუხლები ისეთი.

გვერდი 22 – ვარდების რევოლუცია, ხალხი და დროშები

გვერდი 23 აგერ იმ ნაკვეთის ბოლოზე ბაღი არის. მე შევედი, დღისით, 2 საათზე და ზუსტად მაშინ დამადგნენ თავს. გადაიხვეწეთ ჩიტივით  თქვენს მთებშიაო, გეგონება სხვის მამულში ვიყავ.

გვერდი 27 – დაუვიწყარი ხედი თბილისზე

გვერდი 28 –  თითქო ყველა ომში მყავავდა თავი გაშვებული და ყველადან ჩამოვიდა

ჯერ საბჭოთა კავშირის დაშლა მერე სამოქალაქო ომიდან ბიძაჩემი ჩამოასვენეს

მერე გალის დაცემა

  • პასპორტის ფოტოში დაღლილი ვარ, სამსახურიდან მივედი პირდაპირ გადასაღებად, სასტუმროს, თეთრი პერანგი მეცვა და გამოუძინებელი ვიყავი. ფოტოს ნახვის შემდეგ, თავში გამიელვა, რომ ამ ფოტოში, ისევე როგორც სხვა მსგავს ფოტოებში, შუბლი მაქვს შეკრული. მგონია, რომ პასპორტის ფიოტოში, ყველაზე ნაკლებად ვგავარ საკუთრა თავს.

გვერდი 30 – ერთი სახლია, ზინარა ქვია, აი ზედ იმის კრიშაზე გადადის ეს დენიანი ზოლი, და ნახევარი სახლი წართმეული აქვთ. თან რამდენი შვილი ყავს ზინარას? ოთხი შვილი ყავს, ოთახი ნახევარი… წარმოიდგინე – აი, კუხნა ხოა?! კუხნა არი და იმ კუხნაში ვეღარ შედიან ვაფშე. მე ვყოფილვარ მაგ სახლში. თან იცი როგორი ის არი?! ასე ზევიდან, დადგმულია აქ წითელი იქსები, სამი ცალი.  

გვერდი 33 – ბათუმის პორტი, ზღვა, ჩამავალი მზე, პალმები.

გვერდი 34 – 9 წლის ვიყავი ენგურით რო  გადმოვედით აქეთ, თითები გვეყინებოდა, დედაჩემი მის წინდას მე და ჩემ ძმას გვიყოფდა და ორივე  ხელს ერთ წინდაში ვყოფდი, რომ ჩემ 7 წლის ძმასაც

  • საშინელი პერიოდი მქონდა, ყველა და ყველაფერი მეზიზღებოდა, პირველ რიგში საკუთარი თავი. სარკეში რო ვიხედებოდი, საერთოდ სხვა ადამიანს ვხედავდი, იმდენად გაბოროტებული ვიყავი. ვხედავდი გაუბედურებულ ადამიანს. მთელი ზაფხული, საბერძნეთში ვაპირებდი წასვლას მამიდაჩემთან, გემზე უნდა მემუშავა. ეხლაც რო ვუყურებ ფოტოს, მგონია რო სხვა ადამიანი ვარ. თვალებიც ჩაშავებული უძილობისგან, სახე ალეწილი და მოკლედ, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ადამიანი ვიყავი. თავის მოკვლაზეც ხშირად ვფიქრობდი.

გვერდი 35 – მავთულხლართები არ არი იმ ადგილზე, ესეიგი ჩვენი ტერიტორიაა, მივდივართ, ვხნავთ, ვთესავთ, მოსავალი მოგვყავს. გადმოდიან, ჩვენს ტერიტორიაზე აბა? ვინ აკონტროლებს მაგათ? არც არავინ.

გვერდი 36 – შოთა რუსთაველის ფრესკა

გვერდი 37 – ოჩამჩირის რკინიგზის სადგურზე მოათრევდნენ  ვიღაც ქალს და ცეცხლს უკიდებენ, 9 წლის ვარ. დარბის ეს ცეცხლწაკიდებული ქალი, ტირის, გაურკვევლად ყვირის, ალბათ შველას ითხოვს, მის ყვავილებიან კაბას ცეცხლი ზემოთ და ზემოთ მიყვება, დედა ხელებს გვაფარებს თვალებზე მე და ჩემს ძმას, მარა მაინც ვუყურებთ,  ქალი ტირის, მიწაზე გორავს,  ცდილობს ცეცხლი ჩააქროს და სულ ტყუილად, დგება მერე, ხალხში ერევა, მიშველეთო, ხალხში გაერია, ეგებ ვინმე დახმარებოდა და  ამ დროს ფეხები დაუცხრილეს რო არ ერბინა. გულში მაინც ესროლათ და მოეკლათ, ცეცხლის ალებს ყლაპავდა ყლუპ-ყლუპად და შუალედებში ამოიღრიალებდა ხოლმე, თან ცეცხლი თმებზე და სახეზე ედებოდა უკვე, ხალხი გაშტერებული უყურებდა

გვერდი 38 – მკვდარი დამარხეს, მეოთხე დღეს დასატირებლად ავიდა ოჯახი ახალ საფლავზე, მეცხრე დღეს რო უძახიან, და არ შეუშვეს, გადაუღობიათ სასაფლაო, დროშა აუმართიათ თავიანთი და დანაღმულია სასაფლიო. 

გვერდი – 39 – გვეშინია აბა რა, რათ გაწირა ბედმა ასეთი ბედისთვის ჩვენი ცხოვრება?! ნახირი ვერ გაგვყავს და ჩვენ ვერ გავდივართ. აგერ წინეებზე ბავშვები ისხდენ თავისთვის, ნახირს მწყემსავდნენ, მოეპარნენ ავტომატებით, დააჩოქეს ბავშვები და წიწილებივით წაასხეს აქედან.  გვერდი 42 – რთველი, ქვევრი, ურემი და თეთრი ყურძენი.

გვერდი – 46 მთელი  ბავშვობა ომობანას თამაშში გავატარეთ.

ჯახ, მკვდარი ხარ!
ჯახ! ჯახ! მკვდარი ხარ, მკვდარი!!
ჯახ! ჯახ! ჯახ!
წლები დავძახოდით თავზე ერთმანეთს ბავშვები

ამ ჯახ-ჯახობანაში გავიზარდეთ და  მართლა მკვდრები გამოვედით, ვერც ვერაფერი ვისწავლეთ ვერავინ და ვერც თავის დაცვის ძალა ვიპოვეთ ცხოვრებაში.

გვერდი 48 – ნიკო ფიროსმანის „ირემი“ – ქართუილი პასპორტის ბოლო გვერდი

სიკვდილით მაძღარი

ძმა – მამა!

მამა – 26 დღე ველოდით, 26 დღე გვეჭრა გზაზე თვალი. დააბრუნდებაო რომ გვითხრეს ბედნიერაბამ გადაგვირბინა სახეზე მე და ჩემ ცოლს…
წარმოიდგინე, მშობელს რომ მიცვალებული შვილის დანახვა გაუხარდება.

ძმა – 26 დღის შემდეგ გამოჩნდა ამ ხეივნის ბოლოს კუბო. დაჯიჯგნილ-ნაწამები დაბრუნდა სახლში, მაგრამ მაინც გვიხაროდა, დედის ცრემლი წაიყოლა და მისი სოფლის მიწა ეღირსა. 

მამა – სახლის სახურავზე რომ დროშა ფრიალებს ახლა, სულ საწოლთან ეკიდა, ამ დროშისთვის მოკვდა და ამ ქვეყნისთვის.
მიდან დაბრუნებული შვილი მომიკვდა დასრულებულ ომში. 

ძმა – იმ დღეებში სიცივეები დაიჭირა და დაქოქილ მანქანაში ვიჯექი, არ ვთიშავდი, ყოველ წამს ველოდი, ვიდექი და ველოდი, გზაზე ველოდი, აბა ახლა ჩამოივლის ჩემი ძმა, აბა ახლა-მეთქი.
26 დღე ველოდით მას შემდეგ. 26 დღე გავცქეროდით ამ გზას.

მამა – მშობელი რომ შვილის სიკვდილს გაიგებს მერე იმის სიცოცხლის ვინმეს ჯერა?!

სუდარაგადაფარებულია ჩემი ცხოვრება…

არ ველოდი, ველოდი კი არა პირიქით, ცოლს და ჩემ გოგოს ვუმაგრებდი გულს, მერე სამსახურში ტელევიზორში ვნახე გარდაცვლილს ჯიბეში პასპორტი აღმოაჩნდაო, პირველ გვერდს აჩვენებდნენ, პასპორტის მფლობელს მფარველობას უწევს საქართველოო რო წერია და მერე ჩემი შვილის ფოტოც დავინახე, ცხინვალის იზოლატორში დაიღუპაო. როგორ გამოვედი დიდუბემდე არ მახსოვს, ეტყობა ტაქსით წამოვედი, აქ ამოვედი, ზღვა ხალხი იყო ქუჩაზე და დედის გოდება ისმოდა.

 

ძმა –  ასეც ვიცოდი, იმათ თუ ჩაუვარდებოდა ხელში ცოცხალი აღარ დარჩებოდა.

ასეც ვიცოდი!  თვითონა იძახოდა, ერთადერთი რისაც მეშინია ტყვედ ჩავარდნააო.  იზოლატორში ბიჭებისთვის უთქვამს, ჩემებს უთხარით მკვდარი მაინც არ დამტოვონ აქო.

მამა – რამ შეიძლება შვილმკვდარი ადამიანი დაამშვიდოს?

რამ შეიძლება დაამშვიდოს შვილმოკლული მამა?

არის რამე სიკვდილის გარდა რაც შვებას მოჰგვრის ჩემნაირ ადამიანს?

რატომ არ გავქრები, რამდენ ხანს ვიყო ასე გაგვამებული და დაუმარხავი?!
რა გმირული სიგიჟეა ამის მოთმენა, რატომ არ ვიკლავ თავს?

ძმა – სულ სისხლჩაქცევები ჰქონდა სხეულზე, სხვა კაცი იწვა ჩემს წინ. მამაჩემი ცოტა მერე მოვიდა ამოცნობაზე, იმწამსვე ვუთხარი, მგონი სხვა არის-მეთქი.

მამა – უცხოსავით დავყურებდი ჩემს შვილს, ერთადერთი ჭაღარა ვიცანი მისი, ნაადრევად იყო გაჭაღარავებული

ძმა – ჯვარი ქონდა დაკეცილ თითზე, მე გავუშალე და სულ ხელში ჩამეფშვნან ის თითი

(პაუზა)

მამა – ისე რო მოეკლათ ერთი ტყვია ესროლათ და ესე ავაზაკისებრ არ ეწამებიათ ჩემი შვილი, შეიძლება უფრო ადვილი გადასატანი ყოფილიყო.

ძმა – როგორ იყო ნაწამები!?
მამა – აი ამ კვირაში იქნება, აი ამ კვირაში იქნება, არა, ამ კი არა იმ კვირაშიო.
ტანჯვა-წვალების 26 დღე, ტანჯვა-წამებისა იყო ეს დღეები.

 

დალურსმნული ხელები

A – ხელები დალურსმნული ქონდა,
დალურსმული ხელები,
დალურსმული, დალურსმული
დალურსმული ხელები

(უერთდება B, თითქოს მეგობრები საუბრობენ)

ხელები დალურსმნული ქონდა,
დალურსმული ხელები,
დალურსმული, დალურსმული
დალურსმული ხელები

ხელები დალურსმნული ქონდა,
დალურსმული ხელები,
დალურსმული, დალურსმული
დალურსმული ხელები…

B ) A – ს რამდენჯერმე გაჟღერების შემდეგ, როცა შექმნის რიტმიკას შემოვა B

 

B – მე თვითონ… მე თვითონ  გადავხადე ხელებზე,
მინდოდა მთელ საქართველოს ენახა და მთელ მსოფლიოს.

-სახის არეშიც…
-მაკიაჟით ჰქონდა დაფარული სილურჯეები.

-მერე უკვე გვიან სისხლიც წამოუვიდა ყურიდან.
-მარჯვენა მხრიდან ჰქონდა ნასროლი და ყურში იყო გავლილი…

– ფეხებიც…
– ფეხები მე არ მინახავს, მაგრამ ბიჭებმა ნახეს და ხო, თქვეს…
– მარჯვენა ფეხიც სატიკად დალურჯებული ჰქონდაო.
– თავადვე უთქვიათ პარასკევს პოლიციის უფროსს გაუშვითო
– “გამოვიკვლიე და ვერ ვუპოვე ამ კაცს ვერცერთი დანაშაული რასაც ბრალად დებთო,”
– წელი ტკიოდა და მაიკა ეცვა, ნაკერი კი არ იყო, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი” იყო,  სულ  ლაქები ქონდა და ოთხ ნაწილად იყო დაგლეჯილი ”
– ხელები სულ დამწვარი, დაჩეჩქვილი ქონდა, ექსპერტიზა რო ჩაუტარეს, აღარც ტვინი ქონდა თავში, აღარც გული, აღარც ღვიძლი, აღარაფერი, ცარიელა ფუტლიარი იყოო.

– წვივები, წვივებიც!
– პოლიციელებს დაუმსხვრევიათ,  წვივები გადამსხვრეული ჰქონია
– ხო, მე არ მინახია მარა თქვეს, წვივებიც სულ დაგლეჯილი და დალურჯებული ჰქონია,

 

C ) B – ს რამდენიმე ფრაზის გაჟღერების შემდეგ შემოვა C როგორც ყველაზე ხმამაღალი, სოლისტი ხმა, დანარჩენი ყველაფერი ფონია A – ყველაზე ხმადაბლა B – საშუალო სიმაღლეზე ისმის და C – ისმის ხმამაღლა, როგორც დედის დატირება

 

 

C – ხელის გულები აქვს დამწვარი.

ხელები აქ  სულ  დალურჯებული და დაგლეჯილი.

ჩემი შვილის დასამარხი ყვავილები მახრჩობს

ორი თითია სასტიკად დაჩეჩქვილი,

ჯერ დაუჩეჩქვეს ეტყობა და მერე დაუხვრიტეს

ჩემი შვილის გაძარცვული გვამს ვეკვრი

თითებიდან რკინები უჩანს

რკინები გაუყარეს რომ დამტვრეული ხელები აეწყოთ

ტონალურიც გადაუსვიათ

ჩემი შვილის გაქურდული გვამი

ჩემი უგულოდ მკვდარი შვილი

ჩემი ბიჭის დასჯილი ხელები

ჩემი შვილის დასჯილი, მებრძოლი ხელები

დალურსმული ხელის გულები

გული გაიძღო სიკვდილმა

მეც მოვუკლავ სიკვდილს შვილს

დანაკუწებული ჩემი ბიჭი, ნაწილ-ნაწილ დაკუწული ჩემი ბიჭი

ჩემი შვილის დასამარხი ყვავილები გადმოდის სახლის ფანჯდებიდან

ყვავილებში ჩაფლული ჩემი შვილი ყარს

ჩემი ხელებდალურსმული შვილი ყარს

(აქამდე ისმის აკომპანიმენტივით A და B  )

C –  ჩემი ბიჭის გახრწნილ ფიტულს ვეკვრი

   დაჩოქება  უნდოდათ და ვერ დააჩოქეს…

ხმა გრიგალიდან

– მიუგო უფალმან ღმერთმან იობსა და ჰრქუა: – რას ედავება ყოვლადძლიერს შარიანი კაცი? ღვთის მამხილებელი ამაზე პასუხს აგებს.

– მიუგო იობ და ჰრქუა უფალსა: –  აჰა, ნამცეცი ვარ, რასა გიპასუხებდე, დავიდვა ხელნი პირსა ჩემსასა? ერთგზის ვიტყოდე და მერმე დავდუმდები.

– მერმე მიუგო უფალმან ღმერთმან ღრუბლითგან: – შემოისარტყლე ვითარცა მამაკაცმან წელნი, მე გკითხვიდე და მომიგებდე შენ; – გინდა გააუქმო ჩემი სამართალი, გამამტყუნო და თავად გამართლდე? იქნებ ღვთისდარი მარჯვენი გაქვნდეს ანუ ჰქუხდე ჴმისა მისაებრ?

– ანდა გკითხავდე და ვითარმე მიპასუხებდე: ვინა არს იგი, რომელ აბნელებს განგებასა უგუნურის თვისი სიტყვებით? ანდა სად იყავ, რაჟამსა ცაზედ დილის ვარსკვლავნი ჰგალობდნენ და მე დედამიწას ვაფუძნებდი, ანდა ვინა არს ვინც დასაზღვრა ზომები მისი? ვინ გადაჭიმა მასზე ბაწარი ანუ რაზე დგას მისი საძირკვლები ანუ ვინ დასდო ქვაკუთხედი მისი?     

 – ვინ ჩაუკეტა კარიბჭენი ზღვასა როს ამოხეთქა მიწის საშოდან, როს ნისლი მივეც სამოსელად და წყვდიადი – სახვევებად, როს დავუდგინე მას ზედა ზღვარნი, დავაგენ კლიტენი, ბჭენი და ვთქუი, მოდი აქამომდე და იქით აღარ, აქ შეწყდეს-მეთქი მაგ ტალღების აზვირთებანი.

– გიჩვენებია ცისკრისათვის მისი ალაგი, მიწევნად ფრთეთა ქუეყანისათა, და განბნევად უღელნი მისგან? თუ გივლია უფსკრულის სიღრმეებში და ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდის?

– თქუი, ოდეს გახსნილა კარიბჭენი სიკვდილისა წინაშე შენსა და ან კიდევ ბჭენი შავეთისანი?

 განგიცდია დედამიწის სიგრძე და განი?  სადა არს გზა ნათლის სამყოფელისაკენ და სად ალაგნი

 ბნელეთისანი? რომელ ალაგსა იქცევის ნათელი, უწყი სადა აქვს ზღვარი, რომ მიიყვანო მისი

სახლის ბილიკებზე? რა გზით განეფინება ნათელი ქუეყანასა და ვითარ ვრცელდება აღმოსავლეთის

 ქარი ცისა ქუეშე? თქუი, თუკი უწყი.          

– იცი კანონნი ცათა? ვინ აღრიცხნა  ღრუბელნი ჭკუათმდგომელმან? დაიბარებ ელვას, რომ მოვიდეს და გრქუას შენ: აქა ვარო?

– მითხარღა მე! ვინა განუხსნა ნიაღვარსა სადინარი და გზა – ჭექა-ქუხილსა, რომ აწვიმოს უდაბნოთა უკაცურთა, რომ მორწყას უდაბური ხრიოკები და აღმოაცენოს მცენარენი?ვინა არს მამაჲ წჳმისა? ვისი საშოდან გამოვიდა ყინული და ციური ჭირხლი ვინ დაბადა? ვინ დაადნო პირნი ცისანი?

– აბა, შეიმკენ თვი შენი დიდებითა და პატივითა დიდითა!
აბა, შეიმოსე ნათელი და შარავანდი!  
აბა, გეტყოდე და შენ იქმოდე, – გადმოაფრქვიე ცეცხლი ცითგან რისხვის შენისა მაცნობი! გააცამტვერე ადგილზევე ბოროტეულნი! მტვერში ჩამარხე და შავეთში მობურე მათი პირისახე. მაშინ მეც დაგიჯერებ, რომ შენს მარჯვენას ძალუძს შენი გადარჩენა.     

 – მითხარ, მითხარღა მე! ვინ ჩადო გულში სიბრძნე ან ვინ მისცა გონებასა გამჭრიახობა?

– ბოროტეულთა წარერთმევის ნათელი თვისი და შეიმუსრების მკლავნი მათი ცით აღმართულნი.  

განტოლება

ქეთევან წამებულის ქუჩა

მეტრო სამასი არაგველი

ვახტანგ გორგასლის ქუჩა

აბო თბილელის ქუჩა

კოტე აფხაზის ქუჩა

გია აბესაძის ქუჩა

ცხრა აპრილის სკვერი

მარო მაყაშვილის ქუჩა

თამრიკო ჭოველიძის ქუჩა

გმირთა მოედანი

სააკძის მოედანი

ჟიული შარტავას ქუჩა

დემეტრე თავდადებულის ქუჩა

ცოტნე დადიანის ქუჩა

ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩა

იუნკერების ქუჩა

გიორგი ანწუხელიძის ქუჩა 

შინდისის გმირების სახელობის სკვერი

გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა 

გურამ გაბისკირიას ქუჩა

მიხა ხელაშვილის ქუჩა

უშანგი სოფრომაძის ქუჩა

ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი

გრიგოლ ფერაძის ქუჩა

ძმები ახალციხელების ქუჩა

გიორგი ბერუაშვილის ქუჩა

ოთხასი მესხის ქუჩა

შინდისელი გმირის ქუჩა

აზა ადამიას ქუჩა

ნათია ბაშალეიშვილის ქუჩა

ეკა ბეჟანიშვილის ქუჩა

მანანა მელქაძის ქუჩა

დიდგორის ქუჩა

ერთი წამით წარმოიდგინეთ რომ არ არსებობს გმირი, ერთი წამით წარმოიდგინეთ რომ არ არსებობს თავგანწირვა და პრინციპები, არ არსებობენ მკვდრები, მკვლელები და მაგალითები, არ არსებობენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისტორიები მაშინ აღარ არსებობს ორდენები, ქუჩები, სკვერები, მეტროს სადგურები და მოედნები, რომლებიც ვალდებულებებს გახსენებენ, გახსენებენ რომ ვიღაც მოკვდა იმისთვის რომ შენ დაბადებულიყავი და თუ საჭირო გახდება შენც უნდა მოვკვდე, იმისთვის რომ სხვა დაიბადოს. და თუ მე არ შემიძლია? თუ მეშინია? თუ ჩემი სახელობის ქუჩა არაფერში მჭირდება მაშინ? თუკი არ მინდა გმირი ვიყო? თუ ჩემი დროშა უბრალო ჭინჭია ჩემთვის და სხვა არაფერი? თუ ჩემი თავი სასიკვდილოდ არ მემეტება? ზედ თუ ვაფურთხებ? მაშინ რა ხდება? რა ხდება მაშინ როცა ჩემგან გმირს ელიან და მე ის არა ვარ?

რატომ უხარიათ უფრო მეტად ბიჭის გაჩენა? კიდევ ერთი მეომარია? კიდევ ერთი ვინც სოცოცხლეს გაწირავს ქვეყნისთვის?  უხარიათ რომ დაიბადა ის, ვინც მზადაა ქვეყნისთვის მოკვდეს?  ვინც თავისი დროშის შეურაცხყოფას არავის აპატიებს, ვინც მოკვდება ღირსებისთვის, ქვეყნისთვის, პრინციპებისთვის და რისთვისაც გინდა, მთავარია რომ მოკვდება.

ჰოდა მე არ ვარ ასეთი. მე ვარ ჩემი ქვეყნის გაცრუებული იმედი. ის ვარ ვინც ბრძოლისთვის არ გამოდგება, ის ვარ ვინც სიკვდილს სირცხვილს ამჯობინებს, ის ვარ ვისაც არასოდეს ექნება თავისი ქუჩა, ვისაც არ დაიტირებენ სამოქალაქო პანაშვიდებზე, არ მოიტანენ ყვავილებს მთელი ქვეყნიდან, არ დაარქმევენ შვილებს მის სახელებს, ის ვარ ვინც კვდება უსახელოდ, მშვიდი სიბერით.

მე არ ვარ გმირი!

და მაქვს უფლება ასე იყოს, თუ ასე მინდა.

0მე არ ვარ გმირი!

და წამებით სიკვდილს არ ვაპირებ.

მინდა დავბერდე, მინდა ვნახო ჩემი ჭაღარა, ჩემს ფეხებთან მორბენალი შვილიშვილები.

მე არ ვარ გმირი!

და არ ვაპირებ გავიცუდო ახალგაზრდობა ნაადრევი გარდაცვალებით

მე არ ვარ გმირი!

და იმედებს გავუცრუებ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და ყველას ვისაც ჩემი სიკვდილი უნდა.

მე არ ვარ გმირი!

და არ მესმის რატომ არის ერთი დროშა მთელი ქვეყანა.

მე არ ვარ გმირი!

და ვერ ვხვდები რა იცვლება თუ ამ დროშას ზედ გადავუვლი.

მე არ ვარ გმირი!

და არც ვიცი რას იტყვი ჩემზე თუ ამ დროშაზე დავაფურთხებ და არ ვინანებ.

მე არ ვარ გმირი!

გმირობაზე სულაც არ ვფიქრობ,

ვერავის დამცველად გამოვდგები,

 მე ჩემი ცხოვრება მიყვარს, ჩემი ცოლი,

ჩემი შვილები, ჩემი ოჯახი, დედაჩემს ვჭირდები და მამაჩემს.

 ვიცი, სახლის კაცი ვარ და გმირობასთან არაფერი მესაქმება.

ჰო, ცოლი მიყვარს და ჩემი სახლი;

ჰო, ძაღლი მიყვარს და ჩემი ეზო;

ჰო, დედაჩემი, მიყვარს და ჩემი მეგობრები;

ჰო, ცხოვრება მიყვარს და მის უკეთესობაზე გარჯაც;

ჰო, ცხოვრებით კმაყოფილი ვარ და არაფრის დაკარგვას არ ვაპირებ;

 ჰო, ვაპირებ დავბერდე; ჰო, იმდენს ვიცოცხლებ სანამ ბუნებრივი სიკვდილი არ მომაკითხავს;

ჰო, დროშას გადავუუვლი. ჰო, ჰო, თუ ვიცი, რომ  სიცოცხლეს შევინარჩუნებ დროშაზე გადავლით, გადავუვლი.

ჰო, ერთი წამითაც არ დავფიქრდები. ჰო, კიდეც დავაფურთხებ. 

ჰო, იმას გავაკეთებ რასაც მეტვიან. ჰო, არ მინდა გმირობა, მაქვს უფლება;

ჰო, ომი ჩემი ადგილი არაა; ჰო, მშვიდი სიცოცხლის კაცი ვარ;

 ჰო, გმირი არა ვარ; ჰო, თუ საჭირო გახდა მაგიდის ქვეშ შევძვრები ‘’ლაჩრულად’’ ან როგორც იტყვით, მშიშარა ვარ, მხდალიც, ქვეშაჯვია, არაკაცი, ქალაჩუნაც, დედიკოს ბიჭიც;

ჰო, ყველაფერი ვარ; 

ჰო, ყველანაირად მოვიქცევი, რომ თავი გადავირჩნო

 ჰო, ჰო, იმისთვის რომ სახლში მივიდე; ჰო, შვილებთან, ჰო, ჰო ცოლთან, ჰო, ჰო, ჰო დედასთან ჰო, ჰო, მამასთან ჰო, ჰო, ჰო, ჰო, ჰო…

ეთნოგრაფია

  • ამდენი სევდა ალბათ დამახრჩობს.
  • გამოფენაზე ვიყავი, კარგი ფოტოები იყო, საგამოფენო დარბაზსაც არაუშავდა, ერთი ის იყო რომ ბევრი ხალხი იყო და იმათი ყაყანი ფოტოების აღქმაში ხელს მიშლიდა.
  • ამდენი სევდა ალბათ დამახრჩობს.
  • ერთი ჭიქა ღვინო ავიღე, ძალიან თავაზიანი მიმტანი იყო. დადიოდა, იღიმოდა, ღვინოს გვაწვდიდა და საერთოდ არ რჩებოდა დრო ენახა რამდენად მშვენიერი ფოტოები იყო იმ გამოფენაზე.
  • ამდენი სევდა
  • ვხედავ, სოფელში სცენა მოუწყვიათ და ყვავილებიან მოელვარე კაბებში ჩაცმული გოგოები ფერხულში ჩაბმულან, თავზე ლეჩაქები წაუკრავთ, დაბნეულები დგანან და ცეკვავენ, წინ უამრავი ხალხია, ალბათ მშობლები, და ფოტოებს უღებენ. მზე ანათებს და ოქროსფერი ლეჩაქები მზეზე ელავენ.
  • დამახრჩობს
  • ვხედავ, პატარა გოგოს მწვანე, ელვარე ნაციონალური კაბა აცვია და ეზოში ცეკვავს, უკან მისი სახლია და ამ სახლის აივანზე, დაშლილ, დახეულ დივანზე პატარა ბიჭი ზის, ალბათ მისი ძმაა და ეს გოგო ისე ცეკვავს თითქოს საერთოდ არ იყოს ეს მისი ეზო და არც მისი ძმა იწვეს თავისი სახლის აივანზე.
  • ამდენი სევდა ალბათ დამახრჩობს.
  • ვხედავ ნისლში ბავშვები დგანან, ერთი საქანელაა ალბათ მთელ სოფელში და ამ საქანელაზე დასაჯდომად საკუთარ რიგს ელოდებიან. ერთ ბავშვს თავზე სათვალე უკეთია.
  • სევდა დამახრჩობს.
  • ვხედავ, იმ ბავშვს წეღან რომ საკუთარ ეზოში ცეკვავდა, საცეკვაო კოსტუმი გაუხდია, ნახევრად მოუშორებია მაკიაჟი და ისეთი სევდიანია, ვფიქრობ, რა პატარაა ამდენი სევდისთვის.
  • სევდა დამახრჩობს.
  • ვხედავ ქორწილის მაყრიონს, ერთ ქალს ხელები გაუშლია და ცეკვავს, ერთ გოგოს ერთი ფერის კაბა და ფეხსაცმელები აცვია, საგანგებოდ გამოწყობილა.
  • ამდენი სევდა
  • ვხედავ ოთახში კედელზე მიუნათებიათ ვიდეო ზარი იმ ბავშვთან თავისი სახლის ფონზე რომ ცეკვავს, ისევ ის მწვანე კაბა აცვია და უკან ის სახლი მოსჩანს. დამთვალიერებლები წინ უჯდებიან და ეკითხებიან:
  • „რა გქვია?“
  • „რამდენი წლის ხარ?“
  • „ცეკვა გიყვარს?“
  • „სკოლაში დადიხარ?“
  • „ეს კაბა როგორ გიხდება!“
  • „რამდენი და-ძმა გყავს?“
  • „დედა სადაა?“
  • „რა ლამაზი ხარ.“
  • „ღელავ?“
  • „ყველაზე მეტად რომელი ცეკვა გიყვარს?“
  • „გინდა ვიმეგობროთ?“
  • „არ მიპასუხებ?“
  • „გრცხვენია?“
  • „კარგი გოგო ხარ“
  • „შენს სოფელს რა ქვია?“
  • „სწავლა მოგწონს?“
  • „სკოლა შორსაა?“
  • „ფეხით დადიხარ?“
  • „ყველაზე მეტად რომელი საგანი მოგწონს?“
  • „თავისუფალ დროს რას აკეთებ?“
  • „დაბადების დღე როდის გაქვს?“
  • ესეც პასუხობს და კანკალებს ისე ეშინია, ნერვიულობს, დამფრთხალია და ცდილობს გაიღიმოს. გოგოებს უფრო თამამად ელაპარაკება, ბიჭებთან – მორცხვობს. ისე ვბრაზდები, რატომ მოაქციეს ბავშვი ვოლიერში, რატომ ანერვიულებენ ასე, ძალიან პატარაა ამისთვის.
  • ალბათ დამახრჩობს
  • ვდგავარ და ცრემლებს ვერ ვიკავებ, ისე ვდგავარ რომ ვიდეოთვალში არ მოვხვდე და ამ ბავშვმა არ დამინახოს, ბიჭის რომ არ შერცხვეს.
  • ამდენი სევდა
  • მრცხვენია რომ ასე ვიქცევი, მრცხვენია რომ ვუთვალთვალებ და როგორც საგანს ისე ვექცევი.
  • ნეტავ დამახრჩოს
  • აღშფოთებული გამოვდივარ, საკუთარი თავი მეზიზღება და მერე ვფიქრობ, რომ მისთვის ეს ჩვეულებრივი გარემოა და ეს ჩემთვის არის ვოლიერი.
  • ამდენმა სევდამ
  • რა მარტივი სანახავია ფოტოზე, მაგრამ როცა ცოცხლად ხედავ, როცა ის ვიდეოთვალის მეორე მხარესაა
  • მახრჩობს ეს სევდა
  • ვცდილობ აღვიქვა როგორც ხელოვნება და დავივიწყო რომ ის ნამდვილად არსებობს.
  • ნეტავ დამახრჩოს.
  • დავივიწყო და მოვიხსნა პასუხისმგებლობა, იმისთვის რომ ვიყო ერთი ჩვეულებრივი დამთვალიერებელი და მეტი არაფერი.
  • ნეტავ
  • ტვირთად არ მექცეს, ნეტავ არ იყოს სევდა
  • ამდენი
  • მინდა დარჩეს ხელოვნებად.
  • ნეტავ
  • მინდა ვოლიერში დარჩეს.
  • ალბათ
  • ადგილს, სადაც ის ცხოვრობს, ვხედავ როგორც ვოლიერს.
  • ამდენი სევდა ალბათ დამახრჩობს.
  • ეთნოგრაფია არის ვოლიერი
  • ამდენი სევდა ალბათ დამახრჩობს.
  • ეთნოგრაფიას ვხვდებით საგამოფენო დარბაზებში.
  • ალბათ
  • ადგილი სადაც ცხოვრობ შეიძლება აღმოჩნდეს ეთნოგრაფიული ეგზოტიკა და შეიძლება აღმოჩნდეს საგამოფენო დარბაზში, თეატრში ან კინოში.
  • ამდენი სევდა ალბათ დამახრჩობს.
  • ადგილი სადაც ცხოვრობ არის ხელოვნება.
  • ამდენი სევდა ალბათ დამახრჩობს.
  • ადგილი სადაც ცხოვრობ არის ექსპონატი.
  • ალბათ.
  • ადგილი სადაც ცხოვრობ არის უცხო და საინტერესო.
  • ალბათ დამახრჩობს.
  • ადგილი სადაც ცხოვრობ არის ადგილი სადაც არავინ იცხოვრებდა და სიამოვნებით მივიდოდა გამოფენაზე რომ ეს ადგილი ენახა.
  • ალბათ
  • ადგილი სადაც ცხოვრობ, არის ადგილი სადა თვითონაც არ იცხოვრებდი რომ შეგძლებოდა და მიხვიდოდი გამოფენაზე ამ ადგილის სანახავად.
  • სევდა დამახრჩობს.
  • ადგილი სადაც შენ ცხოვრობ არავინ იციოდა აქამდე, ახლა იციან და მალე ისევ ყველას დაავიწყდება.
  • ამდენი სევდა ალბათ დამახრჩობს.
  • ადგილს რომელსაც შენ ყოველდღე ხედავ, ჩემთვის უფრო მარტივი სანახავია ფოტოზე, ისეთი დაღლილი ვარ არ შემიძლია დავიჯერო რომ შენ მაგ კადრს მიღმა მართლა არსებობ.
  • დამახრჩობს
  • შენ ვიდეოთვალის მეორე მხარეს ზიხარ და საკუთარ დამთვალიერებელს ელოდები, ღელავ, ხომ მოეწონები დამთვალიერებელს და ხომ მოეწონება ადგილი სადაც ცხოვრობ? და მთელი ტანით კანკალებ და ალბათ უკვე მეორმოცედ პასუხობ კითხვას „რამდენი წლის ხარ?“
  • ამდენი სევდა.
  • და შენს ასაკს არ განსაზღვრავს შენი წლოვანება არამედ ის ადგილი სადაც შენ ცხოვრობ.
  • სევდა დაგახრჩობს
  • თუ ადგილი სადაც ცხოვრობ არის ერთადერთი არჩევანი რომელიც გაქვს და რომელიც შენ არ გაგიკეთებია.
  • სევდა დაგახრჩობს თუ
  • შენი სახლის გასათბობად ჩეხავენ ხეხილს რადგან ტყე საიდანაც შეშა მოგქონდა საზღვარმა მოიყოლა.
  • თუ
  • შენი სახლის ონკანიდან შავი წყალი მოდის და წყარო სამი სოფლის გადაღმა დარჩა.
  • ან
  • თუ ამ საზღვარმა მოიყოლა შენი მეგობრები, ახლობლები, ნათესავები, სკოლა, საავადმყოფო, მუნიციპალური ოლქის შენობა, ფეხბურთის მოედანი, საძოვრები, ყანები, სოფლის წისქვილი, სახლები, ეზოები, ხეხილის ბაღები, ძველი ეკლესია, სასაფლაო, ისე თითქოს არც არსებობდა.
  • თუ
  • გეძინება და შენი და-ძმის ტირილი რულს არ გაკარებს.
  • თუ
  • გშია, გცივა და არაფერი შეგიძლია მოიმოქმედო, რადგან დასმულ შეკითხვაზე „რამდენი წლის ხარ?“ შენ უპასუხე „ცხრის“
  • თუკი
  • იმედიც საზღვარმა მოიყოლა
  • თუკი
  • არასდროს შეგიყვარდა რადგან აღარ გჯერა სიყვარულის.
  • ან
  • თანაგრძნობის
  • არც
  • სიკეთის
  • და
  • არც არაფრის რაც არ გინახავს.
  • თუ
  • ხვდები რომ ხარ ექსპონატი რომელიმე გალერეის კედელზე.
  • თუ
  • შენს ფოტოებს სინანულით უყურებენ, ეტირებათ, და კათარზისს განიცდიან.
  • სევდა დაგახრჩობს
  • თუ ამ ყველაფრის მიუხედავად შეგიძლია მიესალმო ვიდეოთვალის მიღმა მჯდომ გოგოს და უთხრა რომ ისიც ლამაზია.
  • სევდა დაგახრჩობს
  • თუ გეშინია, მაგრამ მაინც თავაზიანად იღიმი და მზად ხარ გიყურონ.
  • თუ
  • ჩამავალი მზის სხივები გიმშვენებს შუბლს, ლეჩაქს და ხელოვნურ ნაწნავებს.
  • სევდა დაგახრჩობს
  • თუ მიხვდები
  • დაფიქრდები
  • ჩაუღრმავდები
  • გაიზრდები
  • და გაგახსენდება
  • რომ
  • ადგილი სადაც შენ ცხოვრობ არის ეგზოტიკა მათთვის ვინც ამ ადგილას არ ცხოვრობს და წარმოდგენა არა აქვს რომ არსებობს ასეთი ადგილი და წარმოდგენა არა აქვს შენზე, ისევე როგორც შენ არა გაქვს წარმოდგენა მათ შესახებ და იმ ადგილების შესახებ სადაც ისინი ცხოვრობენ.
  • ამდენი სევდა ალბათ დამახრჩობს.. 
  •  

მკვდრის მონოლოგი

ხელით ვარ სათრევი.
წართმეული მაქვს ორი ხელი და ორივე ფეხი.
ორი მუხლი.
ორი ფეხის ორივე ტერფი და ორივე ხელის ორივე მტევანი.
აღარც გული მაქვს და აღარც ღვიძლი,
არც თირკმელი და არც კუჭი.

რაღაც საოცარ ყოფაში ვარ…
ხელით ვარ სათრევი,
ნეკნიდან ბოქვენამდე ვარ გადაჩეხილი
ხელით ვარ სათრევი, ხელით…

აღარ მაქვს ყურთასმენა და 
თვალებზე მაქვს ლიბრი გადაკრული,

მეტყველება წამერთვა,
ხელით ვარ სათრევი!
როდის ვწოვე სიკვდილის ძუძუ როდის? როდის?

ხელით ვარ სათრევი
რაღამ უნდა მიშველოს,
აღარაფერია რაც მიშველის,
აღარაფერი აღარ მშველის
არაფერი აღარ მიშველის.

ხელით ვარ სათრევი
აღარაფერი გაამჟღავნებს ჩემი სიკვდილის იდუმალ მიზეზს
ხელით ვარ სათრევი
ხელს ვერ მომკიდებ ხელზე,
ხელში ჩაგეფშვნები,
არადა ხელით ვარ სათრევი

სისხლი მდის ყურიდან და ვფიქრობ:

ეჰ, ჩემო ადრე მოწამლულო ახალგაზრდობავ!
მარჯვე ხელებო და ძლიერო მუხლებო
გაშლილო მხრებო ჩემო!

ეჰ, სისხლო ცხელო და სუნთქვავ ხშირო!
დაკარგულო დღეებო და წლებო,
ტკბილო სიყმაწვილევ ჩემო!

ეჰ, გულისწორო არ შეხვედრილო,
უიმედო მოლოდინო და იმედებო,
გამწარებულო ოჯახო  ჩემო!

ეჰ, სწავლავ ჩემო დაუზარელო,
ღამისთევავ და გარჯავ,
სულ ფუჭო შრომავ ჩემო!

ეჰ, ძლივს წამომდგარო ფეხზე,
გახარებულო და გამარჯვებულო,
ახლა ხელით სათრევო თავო ჩემო!

*

მათრიეთ ხელით!
დაგლეჯილი მაქვს ორივე ხელი!
მიკერებული მარცხენა ყური.
არყოფნისაკენ გადავარცხნილი ადრეული ჭაღარა თმები

ეს არაა ჩემი ცხვირი,
სხვანაირია, 
შეიძლება უფრო ლამაზი ვიდრე მქონდა მაგრამ ჩემი არაა. 
ვეღარ მიფარავს მაკიაჟი შუბლზე იარას.
რაღაც საოცარ ყოფაში ვარ
ეს მე არა ვარ!
მე მე არა ვარ!
ეს მე არა ვარ!
მე მე არა ვარ!
ეს მე არა ვარ!

სუყელა წყევლა შემწეოდა და 
არ გავჩენოდი დედას საერთოდ
ან უფრო ადრე გავცლოდი აქაურობას

მე მე არა ვარ!

რაღაც საოცარ ყოფაში ვარ,
მოდით წაიღეთ რაც გინდათ, როგორც…
უცხო კაცი ვარ,
სულ სხვა კაცი ვარ და
იქნებ არა მაქვს ამის უფლება,
მაგრამ წაიღეთ რაც კი რამ გინდათ
ეს მე არა ვარ!
მიწა ვარ, მიწა!
მე მე არა ვარ!

ჩემს თავს ვერა ვცნობ,
ჩემს თავს არ ვგავარ.

არა ვარ კაცი,
კაცი არ ვარ,
მიწა ვარ მიწა
ეს ვარ ქვეყანა!

რატომ დამტოვე? 
ღმერთო, ღმერთო რად მიმატოვე? 
ჯერაც არ ვიცი მე მე ვარ თუ მე მე არა ვარ
რაღაც საოცარ ყოფაში ვარ, მე მე არა ვარ!
ვერაფერს ვგრძნობ, ვერაფერს
ვერაფერს ვგრძნობ, ვერაფერს
ვერაფერს ვგრძნობ, ვერაფერს
ვერაფერს ვგრძნობ…

ხელითა ვარ სათრევი.

აღარ ვარ და არასოდეს აღარ ვიქნები.
არარა ვარ და არც აქამდე ვყოფილვარ რამ,
აღარა ვარ და არც აქამდე  არა ვყოფილვარ.
გადამხმარია შორისდებულები თავის გლოვისთს

არა ვარ კაცი,
კაცი არ ვარ,
მიწა ვარ მიწა
მე ვარ ქვეყანა!

ეჰ ჩემო თავი, გიყვარდეს, 
გიყვარდეს შენი სიმპტომები,
ეს ლპობაც გიყვარდეს,
ეს მე არა ვარ!
მე მე არა ვარ!

ხელით ვარ სათრევი, კაცი აღარ ვარ
ბალზამისა და დამპალი ყვავილების სუნი მახრჩობს,
საკუთარ გამოშიგნულ, დამპალ სხეულში ვწევარ,
ეჰ ჩემო თავო, როგორ გექცა შენი ჩრდილი გზაზე კუბოს ჩრდილად!

არა ვარ კაცი,
კაცი არ ვარ,
მიწა ვარ, მიწა,
მე ვარ ქვეყანა!

მეცნობა მაგრამ ჩემი არ არის
ეს მე არა ვარ, ეს სხეული ჩემი არ არის,
ჩემსას გავს და ჩემი არ არის.

არა ვარ კაცი
კაცი არ ვარ
მიწა ვარ მიწა,
მე ვარ ქვეყანა!

ცარიელი ვარ და მძიმე
მძიმე ვარ და უფრო  ვმძიმდები.
სათრევი ვარ ხელით
იმედი აღარ არის,
იმედი ჩენს კუბოშია,
ცინკის კუბოში და ყარს ჩემს გვერდით.

არა ვარ კაცი
კაცი არ ვარ
მიწა ვარ მიწა!
მიწით სავსე ჩემი თავი ვარ!
მე ვარ ქვეყანა!

წაიღეთ ჩემი სხეულს ნაწილები
მოდით, მოდით, მოდით წაიღეთ!
ნაწილ-ნაწილ გაიტანეთ ჩემი გაძარცვული სხეული
დალურსმული ხელები,
მოპარული გულის ობიანი კაპილარები
დაკარგული ღვიძლის ნაფლეთები

ყველას დაღლის ჩემი თრევა,
მიწა ვარ მიწა,
გვამი ვარ გვამი
მიწა ვარ მიწა!
მე ვარ ქვეყანა!

წაიღეთ ჩემი ნაწილები და დროზე დამმალეთ,
გადამმალეთ მიწა მიწაში,
თავს ვეღარა ვცნობ, მე მე არა ვარ,
დამმარხეთ დროზე, ეს მე არა ვარ

მე მე არა ვარ,
ეს მე არ ავარ,
მე მე არა ვარ
ეს მე არა ვარ

ოჰ, ნეტავ მალე გადაუაროს დავიწყების შავმა მდინარემ ჩემს სახელს
მიწა ვარ, მიწა…
ნეტავ მალე დავივიწყო ჩემი თავი
გვამი ვარ გვამი…
ნეტავ მალე დამივიწყოთ…
კაცი არა ვარ…
ოჰ, ნეტავ მალე დაიღალოთ ჩემი ტარებით
მე ვარ ქვეყანა…
და სადმე  აყროლებული ნაგავივით გზაში დამტოვოთ

ოჰ, ნეტავ მალე,
ნეტავი მალე დამივიწყოს მთელმა ქვეყანამ.
არ წეროთ ჩემზე,
არ დაარქვათ ქუჩებს ჩემი სახელი, 
არ გამიხსენოთ,
მე მე არა ვარ
გვამი ვარ გვამი
მე ვარ ქვეყანა!

ვერ ვიხსენებ და რად ვერ ვიხსენებ?
რად ვერ ვიხსენებ?
რად ვერ ვიხსენებ როდის დადო ჩემი კანის ქვეშ სიკვდილმა კვერცხები?!
მე ქვეყანა ვარ, მე მე არა ვარ, ეს მე არა ვარ, მე მე არა ვარ, ეს მე არა ვარ, მე მე არა ვარ, ეს მე არა ვარ, მე მე არა ვარ, ეს მე არა ვარ, მე მე არა ვარ, ეს მე არა ვარ, მე მე არა ვარ, ეს მე არა ვარ, მე მე არა ვარ, ეს მე არა ვარ, მე მე არა ვარ, ეს მე არა ვარ, მე მე არა ვარ, ეს მე არა ვარ, რაღაც საოცარ ყოფაში ვარ, მე მე არა ვარ…
ოჰ, ნეტავი მალე,
ნეტავი მალე გადამივიწყოთ
დამანაწილეთ, გამინაწილეთ
გადამივიწყეთ, ნაწილ-ნაწილად გადამივიწყეთ
გვამი ვარ, გვამი
კაცი კი არა მე ვარ ქვეყანა!
მე მე არა ვარ
არ გამიხსენოთ
გადამივიწყეთ
გვამი ვარ გვამი
მე მე არა ვარ
გადამივიწყეთ მე ვარ ქვეყანა
მე მე არა ვარ.

სამუცნობიანი განტოლება

შერცხვენილს არაფერი ამშვიდებს ისე, როგორც სახეში ფურთხი. ეს ზუსტად ვიცი.

ბუნდოვნად მახსოვს, პატარა ვარ, ალბათ ექვსი წლის და დედაჩემთან ერთად ქუჩაში მივდივარ. დიდი თოვლია, ცივა, საშინელი სუსხია, თავს ვაიძულებ შარდი შევიკავო, სახლამდე ორი კვარტალი დარჩა, ვითმენ რადგან ვიცი რომ მოთმენა მმართებს, ბოლოს თავს ვეღარ ვიკავებ და ვიფსამ, ჯერ ფეხები მითბება მერე მეყინება და უცებ დედაჩემს ვეუბნები

„დედა, ფეხებში წყალი შემივიდა“

ვატყუებ, მრცხვენია, ვიცი რომ უნდა გამეძლო, ვიცი რომ უნდა მომეთმინა. დედაჩემი სასწრაფოდ დამავლებს ხელს და გზას სირბილით ვაგრძელებთ. თოვს.

სახლში მივდივართ, დედაჩემს აბაზანაში შევყავარ, ტანზე მხდის, ყველაფერს ხვდება და საშინლად მცემს, მაგრამ არ მტკივა, პირიქით, მსიამოვნებს და მიხარია რომ ის მივიღე რაც დავიმსახურე, იმისთვის რომ სახლამდე ვერ მოვითმინე, იმისთვის რომ თავი შევირცხვინე. და თითო დარტყმა მგონია, რომ დანაშაულის შეგრძნებას მაცლის. მგონია რომ მხოლოდ ასე განვიწმინდები.

მას მერე კარგად დავიმახსოვრე, რომ მოთმენა მმართებს სიკვდილამდე, თუმცა ცხადია ეს ვერასდროს ვერ მოვახერხე, მაგრამ სულ მახსოვს რომ ასე უნდა მოვიქცე, სიკვდილამდე უნდა მოვითმინო, რადგან ხალხს უყვარს მკვდრები. ხალხს უყვარს ფატალური, უკანმოუბრუნებელი შემთხვევები, რომლებსაც გამოსწორება არ უწერია.

2013 წელს , დიცში, საოკუპაციო საზღვართან, ილია ბერუაშვილმა ოკუპანტები საკუთარი ეზოდან გაყარა შიშველი ხელებით და დაკარგვას გადაარჩინა ოთხი კომლი, სოფლის სასაფლაო, ეკლესია და ოცდაათ ჰექტრამდე მიწა. ამ ამბავზე ბევრს ლაპარაკობდნენ ქართული და საერთაშორისო ტელევიზიები. სცემეს, ფულსაც სთავაზობდნენ, აშინებდნენ, მაგრამ არ დათმო, ამბობს, სხვასაც რო არ შეშინებოდა იქნებ უკეთ ყოფილიყო საქმეო.

ილია ბერუაშვილი ახლა ცდილობს დაიკანონოს თავისი მიწა, რომელიც თვითონვე გადაარჩინა ოკუპაციას.

წარდგენილი დოკუმენტაციის და ფოტომასალის საფუძველზე, ბერუაშვილმა მოიგო საქმე, გორის მუნიციპალურ სასამართლოში შიდა ქართლის საჯარო რეესტრის წინააღმდეგ, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მიწა საქართველოს და ბერუაშვილის საკუთრებაა.

ალბათ სახელმწიფოსთვის 30 ჰექტარი მიწა არაა საკმარისად მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ ჯგუფი შეკრას და რეგიონში გაუშვას რუკის გადასაწერად, ამიტომაც ახლა საჯარო რეესტრი უჩივის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს მოქალაქეს და ელის განხილვას, დაუკანონებენ მიწას ბერუაშვილს თუ გადასცემენ ტერიტორიას ოკუპანტ რეჟიმს.

ილია ბერუაშვილი ითმენს, ითმენს როგორც ასწავლეს, ჩემი ქვეყნის იმედი არ მაქვსო, თუ ოკუპანტებს ჩემს ეზოში ვნახავ, თავს ავიფეთქებ და იმათაც გავიყოლებო.

მაშინ ალბათ ყველა გაიგებს მის შესახებ. მაშინ როცა მისი მდგომარეობა ფატალური იქნება, როცა მოკვდება.

ჰოდა ვიჯდები და დაველოდები თავს როდის აიფეთქებს, ჰო აი ასე  ვიჯდები და დაველოდები.

მერე ვიტირებ.

იქამდე

მოვითმენ

განხორციელებული პროექტი 

პასპორტი – PASSPORT

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *