ფილიპ როთი – ”პორტნოის სინდრომი”
მთარგმნელი ქეთი ქანთარია
დედაჩემი საკუთარ თავს ივიწყებდა
უფრო სწორად საკუთარ თავს თავფეხიანად მოყვასს უძღვნიდა.
მიცვალებულებს სანთელს ახლაც უნთებს ხოლმე,
(რაც სხვებს აზრად არ მოსდით).
დედაჩემს რელიგიური თარიღები ყოველთვის ახსენდება
და ამისთვის კალენდარი არ სჭირდება.
წესების გულმოდგინედ დაცვა სისხლში აქვს გამჯდარი.
როგორც ამბობს ხოლმე, სასაფლაოზე იმისთვის დადის,
რომ ”საღი აზრისა” და ”ღირსების გრძნობის” კარნახით,
ჩვენი ნათესავების საფლავები სარეველას არ დაანებოს.
გაზაფხულის პირველ დღეს დადგომას არ აცლის.
შალის ტანსაცმელს ამზეურებს,
ნოხებს თოფებად ახვევს, და შემოსასვლელში აბინავებს,
მამაჩემის სიგელ-მედლებით დაფარულ კედლებზე.
დედაჩემი ის ქალია,
სახლში უცხო ადამიანის შეშვებისა რომ არ შერცხვება.
რა დროც არ უნდა იყოს,
იმ უცხოს ნებისმიერ კარადაში ნებისმიერ უჯრაში ჩაახედებს
და მისი თვალი იქ ისეთს ვერაფერს დაინახავს, რომ დედაჩემს შერცხვეს.
სააბაზანო ისე აქვს დაწკრიალებული,
საჭირო რომ გახდეს იატაკის ფილებს ალოკავ.
მაჯონგის თამაშის დროს რომ აგებს,
ამ ამბავს სპორტსმენივით უყურებს,
აბა, თავს ხო არ მოიკლავს ზოგიერთებივით,
სახელს და გვარს არ დაასახელებს და არც ტიპი ჰოხმანს ახსენებს,
საერთოდაც ისეთი სისულელეა ეს ყველაფერი,
სათქმელადაც არ ღირს.
დედაჩემი ჭრის და კერავს,
ქსოვს და კემსავს,
უთოობით ხომ შვარცზე უკეთესად აუთოებს.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
გამოქვეყნებულია ლიტერატურულ ჟურნალში ”არილი”
2018 (ნოემბერი) 11 (277)