სუსტი შუქი ცაზე, ისიც გარდაუვალი აუცილებლობით
ქინძისთავებით დაჩხვლეტილი ლექსები
ნახვრეტები ფარდას -
მე დაგინახავ, შენ ვერა.
ბრმა მამა მიჰყავს ქალიშვილს კლინიკაში კბილების ამოსაღებად და ამშვიდებს, – შენი შიში ჩავლილ დაღმართებს მამავ!
შენი შიში დაღმართებს!
შენი შიში კი დახვრეტილ ფარდებს!
ფუფუნებაა ახლა საკუთარ ძილში ჩაწოლა
სიზმარში ახსნილი სიზმარიდან, –
უნდა ვიყო და ვდგავარ აქ.
გაყინული მუხლების გალობით,
შენთვის დამბალი ლუკმებით ხელში,
გამონაყარი გამორწყულია სახიდან
და საყელოც დასწორებული
მოლოდინები მისვია თვალებზე.
>როგორც მიწაში აღმოჩენილი ძვირფასი ლითონი აწკრიალდება ხოლმე სინათლით, აწკრიალდება მთელი თავისი ტრაგიზმით, ამქვეყვიური შეხედულებების ზუსტი შუქით, ასე, ზუსტად ასე, წყალნი გატკბებიან კოკაში და კარიბჭენი განიხვნებიან ყურთამდე იდუმალ ცათა, ოღონდ აქ გაიარე…
გინდა ღამე გატეხე და გინდ დღე გაამთელე,
გინდ გამოაკელი და გინდ მიუმატე,
უკან არ მიიხედო, – თავს ვეუბნები,
-
სახლი კუბოა,
კუბო კუბოა რაც გინდა ცარიელი იყოს,
კუბო ბებუთია,
გენეტიკური ესტაფეტაა და
შუქურასავით მშვიდობაა ქალაქის ბოლოს…
ამას წინა ერთ ამერიკულ რომანს ვკითხულობდი, – „სამმაგი ელვა არიზონაში“, და იქ წერია , – „სამყარო არასრულყოფილი ღვთაების ქმნილებაა,
ვისი ღვთაებრიობაც ნულის ტოლია“
მე ისევ აქ ვარ, ფარდის უკან,
გადაღლილობა სულის ყაყაჩოა
